“ხშირად ვიკეტები და საკვების გარეშე შეიძლება დავიძინო და დღე და ღამე გადავაბა”

90

იღბალი და შრომისმოყვარეობა, რომელს რა წვლილი მიუძღვის მადონა კოიძის ცხოვრებაში და რაში გაუმართლა განსაკუთრებით – ამაზე თავად მოგვიყვება.

მადონა კოიძე: ადამიანი, რომელსაც ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ორი შვილიშვილი, იღბლიანია. უნდა დაკმაყოფილდე იმით, რასაც უფალი გაძლევს. იღბალია, როდესაც სასმელ-საჭმელი და ჭერი გაქვს და ირგვლივ მყოფი საყვარელი ადამიანები ჯანმრთელები არიან. ეს არის ამ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი.

– რამდენად შრომისმოყვარე ხართ?

– ძალიან შრომისმოყვარე ვარ. ზედაპირულად არაფრის კეთება არ მიყვარს. ნებისმიერ საქმეს, რომელსაც ხელს ვკიდებ, ძირფესვიანად ვუდგები.

– ის, რაც გაქვთ, მეტწილად იღბლის დამსახურებაა თუ შრომისმოყვარეობის?

– მე მიმაჩნია, რომ ორივე პარალელურად ახდენს გავლენას. ძალიან ბევრი გონიერი და ჩემზე ბევრად მაგარი ადამიანია დღეს უმუშევარი, რატომღაც თავისი თავი რომ ვერ იპოვეს. ალბათ, შრომისუნარიანობასთან ერთად, იღბალიც არის საჭირო იმისთვის, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდე და წარმატების კარი შეაღო. ეს შრომისუნარიანობის გარეშე გამორიცხულია. წამოწოლილი თუ იღბალს დაელოდები, არაფერი გამოგივა, მაგრამ მარტო შრომისმოყვარეობითაც ვერაფერს მიაღწევ. ამ ორის ტანდემია ადამიანის წარმატების გარანტი. უფლის წყალობა და იღბალი უნდა სდევდეს შრომისმოყვარეობას. მე რაც დღეს გამაჩნია, ამ ყველაფრის დამსახურებაა.

– რისთვის გიშრომიათ ყველაზე მეტი?

– საკუთარი განათლებისთვის, ამის შემდეგ კი – შვილების აღზრდისა და მათთვის კარგი განათლების მისაცემად. ჩემთვის ეს ორი რამ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მართალია, ჩემი შვილები განათლების მისაღებად თავად სწავლობდნენ, ამისთვის ბევრს შრომობდნენ, მათ გამო ვინმესთვის რამე არასდროს მითხოვია. 90-იან წლებში, უშუქობაში, სიცივეში, ჩემი გოგონა, დილის ხუთ საათზე მინახავს სავარძელში პლედშემოხვეული რომ კითხულობდა. თვითონ იყო შრომისმოყვარე, მაგრამ მე სხვა ტიპის შრომისმოყვარეობა მჭირდებოდა. იმ პერიოდში განსაკუთრებით რთული იყო იმ კუთხით, რომ ყველაფერი ფასიანი გახლდათ და იმისთვის, რომ საუკეთესო განათლება მიეღოთ და საუკეთესო უნივესიტეტებში ესწავლათ, გარკვეული საფასური იყო გადასახდელი. მე ამ პროცესში ჩემი ფუნქცია მქონდა, მათ კი – თავიანთი მოვალეობები.

– ყველაზე მეტი მონდომება თუ წვალება, თუ შეიძლება, ასე ვუწოდოთ, რისთვის დაგჭირდათ?

– ჩემი აბსოლუტურად ყოველი ნაბიჯი არის ბრძოლა, რაც ნიშნავს დიდი ენერგიის ხარჯვას. შეიძლება, შრომისუნარიანიც ვიყო და იღბალიც მწყალობდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცხოვრებაში მე რაღაც მაინც მარტივად, ლანგარზე მორთმეული მაქვს. ჩემი თითოეული ნაბიჯი უდიდეს ემოციებს, შრომასა და განცდებს უკავშირდება. ნებისმიერი ჩემი სურვილი ძალიან დიდ ნებისყოფას მოითხოვს.

– გაწეული შრომა წყალში ჩაგყრიათ?

– რა თქმა უნდა, იმედგაცრუება ყველა ადამიანის ცხოვრებაშია. ყველაფრის მიღწევას ვერავინ ახერხებს. მე ასე მქონია. იმედგაცრუებაც ყოფილა, ღალატიც, სასოწარკვეთაშიც ვყოფილვარ, ჩამუხლულიც, მაგრამ მაინც წამოვმდგარვარ და გზა გამიგრძელებია, ანუ საბოლოოდ ჩემი გამიტანია.

– ასეთ დროს ფეხზე წამოდგომაში რა გეხმარებათ?

– ძალას მაკრებინებს ვალდებულება და პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, ოჯახისა და საზოგადოების მიმართ, ვდგები და წინ მივდივარ.

– ცხოვრებისეული სირთულეები რამდენად არის ხელისშემშლელი პროფესიაში და თუ ახერხებთ გამიჯვნას?

– უფრო პროფესიული სირთულეები შემომაქვს ოჯახში. გინდა არ გინდა, ასეა. ემოციურად რომ იფიტები, ამას ვერც ოჯახში დამალავ. ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდი სტრესის ქვეშ ვყოფილვარ, სახლში მივსულვარ და ოჯახის წევრებისთვის მითქვამს, გთხოვთ, დღეს არ დამელაპარაკოთ-მეთქი. ეს ხშირად პროტესტს იწვევს ჩემს შვილებში და შვილიშვილებში. ვერ გეტყვით, რომ ისინი ძალიან აღფრთოვანებულები არიან იმით, რასაც მე ვაკეთებ. იმიტომ რომ მათ დააკლდათ დედის სითბო და სიყვარული. თუ ადრე შეგვეძლო, საათობით დავმჯდარიყავით და გვესაუბრა მნიშვნელოვან საკითხებზე, დღეს ამას, ხშირ შემთხვევაში, მოკლებული ვარ. როცა ემოციურად და ფსიქოლოგიურად გამოფიტული ვარ, დასვენება მჭირდება. ასეთ დროს, უბრალოდ, ვიკეტები, ვკითხულობ ან ვცდილობ, გონება სხვა რამეზე გადავრთო, რომ ცოტა გონს მოვიდე. ჩემი შვილები ასეთ მდგომარეობაში რომ მხედავენ, ძალიან დიდ პროტესტს გამოთქვამენ. ძალიან ხშირად ისმის ჩემს სახლში ფრაზა: ჩვენ გვინდა დედა, ჩვენ არ გვინდა მადონა კოიძე. პროფესია კართან ვერ რჩება. ძალიან ვცდილობ, მაგრამ ვერ ვახერხებ.

– აქედან გამომდინარე, ალბათ, საკუთარ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობასაც არ უფრთხილდებით.

– საერთოდ არა. თუკი საქმეს სჭირდება, ბოლომდე ვიხარჯები. ამას ჩემი ორგანიზმიც აპროტესტებს. ხშირად ვიკეტები და საკვების გარეშე, მხოლოდ წყალზე შეიძლება, დავიძინო და დღე და ღამე გადავაბა. ჩემს გონებას ძალიან ხშირად სჭირდება რესტარტი. ძალიან ბევრჯერ, როდესაც ჩემი პრობლემების მიზეზებზე დავფიქრებულვარ, მივხვდარვარ, რომ მე ჩემი პირადი პრობლემები არ მაწუხებს. ვამბობ ხოლმე, მაშინ, რატომ ვარ ასეთი დაძაბული? ასეთ დროს ვხვდები, რომ ეს მდგომარეობა სხვისი პრობლემების საკუთარ ზურგზე აღებითაა გამოწვეული. რამდენჯერ მიფიქრია: მოდი, ამასაც გავაკეთებ და დანარჩენი პრობლემების მოგვარებაზე უარს ვიტყვი-მეთქი. ამ ბოლო დროს უარის თქმაც ძალიან კარგად ვისწავლე. ადამიანს ეს უნდა შეგეძლოს. არასწორია ყველაფრის საკუთარ თავზე აღება. საკუთარ თავსაც უნდა სცე პატივი. ადრე ვფიქრობდი, რომ ულევი იყო ჩემი ენერგია, რომ შემეძლო, ყველაფრისთვის გამეძლო და არავისთვის მეთქვა უარი პრობლემის მოგვარებაზე. დღეს ვხვდები, რომ ასე არ არის. 55 წლის ასაკში ჩემი ენერგიის აღდგენას დიდი რესურსი და დრო სჭირდება. ამიტომ ამ ენერგიის ფუჭად დახარჯვის ფუფუნება აღარ გამაჩნია.

რა თქმა უნდა, გვერდში მდგომ ადამიანს უნდა დაეხმარო, როცა სერიოზული პრობლემა აქვს და რასაც დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება, მაგრამ, როცა მხოლოდ იმიტომ გთხოვს დახმარებას, რომ შენი იმიჯისა და ავტორიტეტის ხარჯზე მარტივად „გაძვრეს“, ეს არასწორია, ასეთი პრობლემით არ უნდა გაწუხებდნენ და ასეთი პრობლემის მოგვარებაში დახმარებას შენც არ უნდა თანხმდებოდე. ეს ის არის, რისი მოგვარებაც თავადაც კარგად შეუძლიათ, თუ ოდნავ მეტ ენერგიას დახარჯავენ. აი, ბოლო პერიოდში მსგავს სიტუაციებში უარის თქმა ვისწავლე. ყველას პრობლემას საკუთარ თავზე ვერ აიღებ და თან ადამიანებს დათვური სამსახური არ უნდა გაუწიო.

– როგორი ინტუიცია გაქვთ და რამდენად გეხმარებათ ის წარმატების გზაზე?

– ძალიან ძლიერი ინტუიცია მაქვს, მთელი ცხოვრებაა ჩემი ინტუიცია მეხმარება. ძალიან ხშირად წინსწრებით ვიცი, რას რა მოყვება. ძალიან მიყვარს ციფრები, მათემატიკური აზროვნება მაქვს და ინტუიცია და ლოგიკური აზროვნება ერთად ძალიან კარგი ტანდემია.

– და ბოლოს, რამდენად იღბლიანი აღმოჩნდით მეორე ნახევარში?

– ჩემი მეორე ნახევარი არის ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს ცხოვრებაში. გარდა იმისა, რომ 36 წელია, მეუღლეები ვართ, ძალიან კარგი მეგობრობა გვაკავშირებს. ერთად ვზრდით შვილებსა და შვილიშვილებს, ერთად ვმართავთ ოჯახს. რომ ვთქვა, მასში არ გამიმართლა-მეთქი, ძალიან უმადური ადამიანი ვიქნები. ჩემს მეუღლეს შეიძლება, ზედმეტადაც კი ვუყვარვარ და მანებივრევბს. თვალებში შემომციცინებს, რამე ხომ არ მაწუხებს, რამით ხომ არ დამეხმაროს. იმის ფუფუნება რომ მაქვს, ძალების აღსადგენად ოთახში განვმარტოვდე, ესეც კი ძალიან ბევრს ნიშნავს და დიდი გამართლებაა. განმარტოების ფუფუნება მაშინ, როდესაც გადამწვარი ხარ და ენერგიის აღდგენა გჭირდება, ბევრ ქალბატონს არ გააჩნია. მე ჩემი მეუღლე ამის შესაძლებლობას მაძლევს. მისთვის პრიორიტეტი ჩემი კარგად ყოფნაა, ყველანაირად ხელს მიწყობს და ამისთვის მე ძალიან მადლიერი ვარ.