როგორ დაიკლო დიმიტრი კობეშავიძემ 45 კილოგრამი და რატომ ჩამოშორდა ის შოუ-ბიზნესს

68

მუსიკოს დიმიტრი კობეშავიძის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეებია. დიმამ რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტა, ჭარბ წონაზე უარი ეთქვა და ცხოვრება რადიკალურად შეეცვალა, ახალხან კი პლასტიკური ოპერაციაც გაიკეთა. დეტალებს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

დიმიტრი კობეშავიძე: ვისაც „X-ფაქტორიდან“ ჩემი ძველი ვიზუალი ახსოვს, ეცოდინება, რომ ძალიან დიდი წონა მქონდა. დაახლოებით, 150 კილოგრამი ვიყავი. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ წონის ადამიანისთვის ელემენტარული სამოსის შეძენაც კი პრობლემაა და რამდენიმე წლის წინ – მით უმეტეს. თან უკვე ისეთ ასაკში ვიყავი, როცა თავის მოვლის სურვილი გიჩნდება. არადა, ამ დროს ტანსაცმელიც კი არ იშოვება შენი ზომა. პირველ რიგში, საკუთარი თავის პატივისცემის გამო გადავწყვიტე, რომ ჩემი დიეტა ერთხელ და სამუდამოდ ბოლომდე მიმეყვანა და რეალური შედეგი მქონოდა. ასეც მოვიქეცი და სრულიად დამოუკიდებლად დავიკელი. ქირურგიული ჩარევისთვის არ მიმიმართავს. რვა თვე ვიყავი დიეტაზე, 45 კილოგრამი დავიკელი და მას შემდეგ უკვე შენარჩუნებაზე ვზრუნავ. სპეციალისტისთვის არ მიმიმართავს და არავის ვურჩევ ასე მოიქცეს. სულ ვფიქრობდი, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებდი. თან, მაშინ შედარებით პატარა ვიყავი. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და სწორად კვებაც ვისწავლე. მთავარია, ადამიანმა კვება ისწავლოს, მერე ყველაფერი თავის ადგილას ლაგდება.

– ალბათ, ყველაზე რთული ნებისყოფის გამომუშავება იყო. ალბათ, მანამდეც არაერთხელ გიცდია.

– კი, ძალიან ბევრჯერ დავიწყე და მივატოვე წამოწყებული საქმე. ნებისყოფის გამომუშავება და კვების სწავლა მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარია, ნორმალურად ვიკვებოთ, მაგრამ იმავდროულად კალორიულ დეფიციტში ვიყოთ. ეს იქნება ჩემი რჩევა. მე დღეს ასე ვცხოვრობ.

– ნებისყოფისთვის რა აღმოჩნდა გარდამტეხი?

– სარკეში რომ ვიყურებოდი, ჩემი თავი არ მომწონდა. ვგრძნობდი, რომ ამის გამო საკუთარი თავის პატივისცემა არ მქონდა. თუ შენ არ მოგწონს საკუთარი თავი, თუ შენ არ სცემ თავს პატივს და წინ არ აყენებ, შენ მიმართ არც სხვისი დამოკიდებულება იქნება სერიოზული. სამწუხაროდ, ამაზე არ საუბრობენ, მაგრამ ზოგადად, ძალიან განსხვავდება დამოკიდებულებები ჭარბწონიანი და გამხდარი ადამიანების მიმართ. როცა კარგ ფორმაში ხარ, უფრო სერიოზულად აღგიქვამენ, უფრო მეტი ფასი აქვს შენს სიტყვას… არავის უჩნდება სურვილი ლოყაზე გიჩქმიტოს და გითხრას, რა საყვარელი ხარო. „საყვარელის“ სტატუსი რაღაც ასაკიდან უკვე შენთვისაც მიუღებელი ხდება. ჩემს შემთხვევაში ესეც იყო მიზეზი და მინდა ვთქვა, რომ როცა გავხდი, აბსოლუტურად შეიცვალა ჩემ მიმართ დამოკიდებულება. „საყვარელი და ბუნჩულას“ იარლიყი მომშორდა და უფრო სერიოზული მიდგომა გაჩნდა. როგორც კი თვითონ ვისწავლე საკუთარი თავის დაფასება, სხვასაც იგივეს ვთხოვდი.

– შედეგის შენარჩუნებისთვის ბრძოლა რთულია?

– რვა თვეში 45 კილოგრამი დავიკელი. თუმცა, გზა რომელიც მე ავირჩიე, არ იყო ჯანმრთელი – ასეთ მოკლე დროში ამდენი არ უნდა დაიკლო. რადგან სწრაფი კლება მქონდა, შენარჩუნება რთული აღმოჩნდა. წონა ხშირად გამირბოდა, მაგრამ ნელ-ნელა სწორი გზები ვისწავლე და ბალანსს მივაღწიე. 4-5 წელია, სტაბილური წონა მაქვს.

– როგორც წესი, წონის კლება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, მაგრამ რადგან არც ისე ჯანსაღი გზა აირჩიე, როგორ იმოქმედა?

– მინდა ვთქვა, რომ ძალიან პოზიტიურად. იმის მიუხედავად, რომ სწრაფად დავიკელი, ყველა პრობლემა, რაც მქონდა, მათ შორის ფარისებრი ჯირკვალთან დაკავშირებით, მოგვარდა. მანამდე თუ რამე მედიკამენტის მიღება მჭირდებოდა, წონის კლებასთან ერთად ამის საჭიროებაც გაქრა. საერთოდ, ბავშვობაში ფარისებრი ჯირკვლით დაიწყო ჩემი წონის პრობლემა, მერე კვებითი აშლილობა დაემატა, ჩემი მშობებლების ცხოვრებიდან გამომდინარე, ქვეყნიდან ქვეყანაში გადასვლა, სადაც ჩემი გასართობი ჭამა იყო და ამ ყველაფერმა გამოიწვია პრობლემები.

ჩემი კვებითი ქვევა მთლიანად დარღვეული იყო, მაგრამ წონის კლებასთან ერთად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა მოგვარდა. საბედნიეროდ, ძალიან კარგი იმუნიტეტი მაქვს და ესეც დამეხმარა.

– და სულ ახალი ამბავი – ახლახან ოპერაცია გაიკეთე, მოგვიყევი, როგორ მიიღე ეს გადაწყვეტილება.

– კი, აბდომინოპლასტიკა გავიკეთე. წონის კლებამ მუცლის არის დეფორმაცია გამოიწვია, ზედმეტი კანი მქონდა, რაც ჩემთვის დიდი დისკომფორტი იყო და ეს წლების განმავლობაში მაწუხებდა. ეს გადაწყვეტილება ერთ დღეში არ მიმიღია. ამაზე ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი. ვცადე ვარჯიში, მასაჟები და ასე შემდეგ, მაგრამ არაფერი ეშველა. ვინც ვარჯიშობს ან მწვრთნელია, ალბათ, იტყვიან, რომ ამ პრობლემას ვარჯიშითაც მოვაგვარებდი, ოპერაციის გარეშე, მაგრამ მოდი, ამ ადამიანებმა იცხოვრონ ჩვენს სხეულში და მერე ისაუბრონ. ვისაც ჭარბი წონის პრობლემა არ ჰქონია, რატომღაც ფიქრობს, რომ მსგავს თემებზე კომენტარი უნდა გააკეთოს, რაც არასწორი მგონია. წლები ვფიქრობდი ოპერაციაზე, რადგან სხვა მცდელობებმა არ გაამართლა. არ ვამბობ, რომ იმ სხეულით ვერ გავაგრძელებდი ცხოვრებას, შეიძლება, სხვა საერთოდ ვერ ხედავდა ჩემს პრობლემას და რა თქმა უნდა, არც აწუხებდა, მაგრამ მე ხომ ვიცოდი, რომ მაწუხებდა და დისკომფორტს მიქმნიდა. რატომ უნდა ვისწორებდე მაისურს ყოველ წამში, რატომ უნდა ვგრძნობდე უხერხულობას? არის რაღაც დეტალები, რაც ადამიანების ფიქიკაზე მოქმედებს. მე კი უკვე ისეთ ასაკში ვარ, როცა მინდა, თავს ჰარმონიულად ვგრძნობდე და თუ საამისოდ გარკვეული პრობლემების მოგვარებაა საჭირო, ასეც ვიქცევი. ვერ ვიტყვი, რომ ფინანსურად მარტივად ხელმისაწვდომი ან სხვა თვალსაზრისით მარტივი პროცედურაა, შესაბამისად, ვერავის ვერაფერს ვურჩევ, მსგავსი გადაწყვეტილებები ყველამ დამოუკიდებლად უნდა მიიღოს, ადამიანს თავად უნდა უნდოდეს, ეს არავის რჩევით არ უნდა გააკეთოს, მაგრამ თუ საშუალება და სურვილი გაქვს, მგონია, რომ აუცილებლად უნდა გადადგა ეს ნაბიჯი.

– ჯერ სულ რამდენიმე დღეა გასული ოპერაციიდან. როგორ გრძნობ თავს?

– ჯერ შეშუპებული ვარ. სამ თვეში მექნება პირველადი შედეგი და ერთ წელიწადში – საბოლოო. ძირითად მასას, რომელიც მაწუხებდა, უკვე ვეღარ ვხედავ, რაც ძალიან სასიამოვნოა, თუმცა საბოლოო შედეგი ჯერ კიდევ წინ არის.

– რეაბილიტაციის პერიოდი როგორია?

– ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ოპერაცია არაფერია, რეაბილიტაციისთვის უნდა იყო მზად, რადგან საკმაოდ ბევრი დისკომფორტი ახლავს. საწოლში გადაბრუნება გეკრძალება და რადგან მთელი ჩემი ცხოვრება გვერდზე მძინავს, საკმაოდ მიჭირს (იცინის). მე აბდომინოპლასტიკასთან ერთად ლიპოსაქციაც გავიკეთე ზურგზე და მუცელზე, რაც ორგანიზმისთვის დამატებითი ტრავმაა, თუმცა ასე იყო საჭირო. ამიტომ ზურგზე წოლაც ძალიან მიჭირს. 2-3 კვირაა განსაკუთრებით რთული, ძალიან უნდა გინდოდეს ამის გაკეთება, რომ გაუძლო. რამდენიმე თვე სიფრთხილეა საჭირო. მერე ჩვეულ რიტმს უბრუნდები, მაგრამ იმაზე ფიქრი, რომ ეს ის არის, რაზეც ბევრი წელი ვოცნებობდი, ყველაფერს აბალანსებს. ერთი წამითაც არ მინანია ჩემი გადაწყვეტილება. ბედნიერი ვარ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი. სულ ცეკვა-სიმღერით შევედი საოპერაციოდ (იცინის).

– როცა წონას იკლებ, შეიძლება, მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე არ ფიქრობ. მით უმეტეს, როცა ადამიანი სცენაზე დგას, ვიზუალსაც მეტ ყურადღებას აქცევს, მაგრამ ეს ოპერაცია, როგორც ვხვდები, ცალსახად შინაგანი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის გაიკეთე.

– ზუსტად ასეა. მე დიდი ხანია, რაც შოუ-ბიზნესის სამყაროში აღარ ვაქტიურობ. ასე, რომ სხვისი სიამოვნება ნაკლებად იყო ამ ოპერაციის მიზანი. ეს საკუთარი თავისთვის გავაკეთე. ეს საჩუქარი ჩემს თავს მივუძღვენი, რადგან მე ამას ვიმსახურებდი და მიხარია, რომ საკუთარ თავს ასეთი პატივი დავდე.

– რა არის იმის მიზეზი, რომ ეკრანზე აღარ ჩანხარ?

– ჩვენი „შოუ-ბიზნესი“ ძალიან სუბიექტური გახდა. არ მინდა პოლიტიკას შევეხო, მაგრამ გავლენები ჩანს. მე ჩემი სიტყვის თავისუფლება მირჩევნია. არ მინდა, იმ სისტემის ნაწილი გავხდე, სადაც „ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს“. მირჩევნია, ჩემი სათქმელი თავისუფლად ვთქვა და სცენაზე დგომის სურვილის გამო საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება არ შემეზღუდოს. პროფესიაც შევიცვალე. ონლაინსივრცეში გადავინაცვლე, ახლა კონტენტის მოდერაცია არის ჩემი საქმიანობა. თუმცა, სიმღერა ისევ ისე მიყვარს, როგორც აქამდე. თუ მომინდება, ჩავწერ სიმღერას და გამოვაქვეყნებ კიდეც. მუსიკა არასდროს ყოფილა ჩემი შემოსავლის ძირითადი წყარო. პარალელურად, ყოველთვის მქონდა სხვა საქმეები. ჩემი „პრობლემა“ ყოველთვის პირდაპირობა იყო. თუ ვხედავდი, რომ რამე არასწორად ხდებოდა, პრეტენზიას ღიად გამოვხატავდი. ბევრს არ უყვარს ასეთი პირდაპირობა. თუმცა, მე ჩემი სიმართლე მაქვს და ასე მირჩევნია ცხოვრება. მე თვითონ ვთქვი მუსიკალურ ინდუსტრიაზე უარი და პრეტენზიები არ მაქვს, ახლა რომ მისი ნაწილი არ ვარ. თუ სურვილი მექნება, დამოუკიდებლადაც შემიძლია. ჩამიტარებია კიდეც დამოუკიდებელი საღამოები და ყველაფერს კარგად ჩაუვლია. ასე რომ, ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. იმასაც ვიტყვი, რომ პოპულარობა საერთოდ არ არის სასიამოვნო. ეს არ ყოფილა ჩემი და ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, ნაკლებად გამოვჩნდე საჯაროდ. სინანულით მეკითხებიან ხოლმე, რატომ აღარ ჩანხარო. სინამდვილეში ეს არ არის დასანანი, ეს ჩემი გააზრებული არჩევანია. მე ბედნიერი ვარ იქ, სადაც ვარ!