“ხაშურში პირველი კომბინიზონი მე მეცვა, პირველად შორტი მე ჩავიცვი, გრძელ თმას ვატარებდი, ჩემი ხელით შევკერე წელის ჩანთა და მას ვატარებდი”

52

ახლახან სოციალურ ქსელში პაატა თედიაშვილის ორი ახალი სიმღერა გამოჩნდა, რომლის ტექსტიცა და მუსიკაც მას ეკუთვნის.

პაატა თედიაშვილი: ხაშურში დავიბადე, იქ ვსწავლობდი და სკოლა რომ დავამთავრე, მერე წამოვედი დედაქალაქში საცხოვრებლად. მამა პატიმარი იყო, მე და ჩემი და დედასთან ვიზრდებოდით და მუდმივად მისი მეთვალყურეობისა და კონტროლის ქვეშ ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან თბილი და ყურადღებიანი ადამიანია, იმავდროულად, ჩვენ მიმართ მკაცრიც იყო და ძალიან მომთხოვნიც. მომთხოვნი იყო იმაში, რომ მე და ჩემს დას გაკვეთილები ყოველთვის მომზადებული უნდა გვქონოდა, პედანტურ აჟურში უნდა ვყოფილიყავით, რამეს რომ მივირთმევდით, თეფშები უნდა გაგვერეცხა. მე და ჩემი და დამოუკიდებლად დავდიოდით სკოლაში, ქორეოგრაფიულ რეპეტიციებზე და ერთმანეთის მიმართ მეთვალყურეობას ვიჩენდით. ჩვენს შორის განსხვავება 4 წელია, ჩემი და ჩემზე დიდია. სხვათა შორის, ფრიადოსანი ვიყავი, სხვაგვარად ვერც წარმომედგინა და ჩემი ფოტო სკოლაში ფრიადოსანთა დაფაზეც ეკიდა. სწავლა, წესრიგი, სისუფთავე, მხატვრული ლიტერატურა მიყვარდა, რომელსაც დედა გვაწვდიდა კლასგარეშე საკითხავად. ამიტომ, პროგრამასაც ვუსწრებდით და ჩვენს ასაკთან შედარებით საკმაოდ გონებაგახსნილებიც ვიყავით. თუმცა, როცა მამის სოფელში მივდიოდი, გომში, ბებია-ბაბუასთან, იქ რადიკალურად ვიცვლებოდი. სოფელში ჩასულს მავიწყდებოდა, რა იყო პედანტიზმი, ვალდებულებები და რომ გავიდოდი ეზოდან, ღამის ოთხ საათამდე, ხან მტკვარზე ვიყავი, ხან მინდორში, ხან ტყეში და ხან ღრეში. ჩუმ-ჩუმად სიგარეტსაც ვეწეოდი (იცინის). არ დამავიწყდება, ჩემმა დამ „გამომიჭირა“ და რომ არ გავეთქვი, მასაც მოვაწევინე (იცინის).

– ამბობენ, საკმაოდ განსხვავებული ჩაცმის სტილი გქონდა და ამის გამო, ხაშურში ხშირად ბულინგის მსხვერპლიც იყავი…

– მაშინ ისეთი წყობა და მენტალური სიტუაცია იყო, ბევრი ჩემი თანატოლი ქუჩაში იდგა. მე კი არასდროს ვმდგარვარ ქუჩაში და არ ვერეოდი მათ მარაქაში. სტილისტურადაც ყოველთვის განსახვავებული ვიყავი. ხაშურში პირველი კომბინიზონი მე მეცვა, პირველად შორტი მე ჩავიცვი, გრძელ თმას ვატარებდი, ჩემი ხელით შევკერე წელის ჩანთა და მას ვატარებდი. ამის გამო ბულინგის მსხვერპლიც ვიყავი, მიჩხუბია კიდეც და დაჭრის მცდელობაც იყო. მე არ ვიყავი მათი ცხოვრების ნაწილი, მათი განრიგი და ეს პროტესტს იწვევდა მათში. ჩემი ჩაცმის სტილითა და აზროვნებით პროტესტს ვიწვევდი მათში, რადგან არ ვეთანხმებოდი მათ კოლექტიურ აზროვნებას. არასდროს მიმაჩნდა, რომ ადამიანს თავისი ინდივიდუალური შეხედულებები, ვიღაცის ან რაღაცის გამო უნდა გადაესწორებინდა. ჯოგური სისტემით ცხოვრება მაშინ „მოსული“ იყო, ძალაუნებურად, ბევრი ცხოვრობდა ასე, რომ ეგრეთ წოდებული, „ძლიერების“ გავლენით ყოფილიყვნენ დაცულები და არ შეგქმნოდათ პრობლემა სკოლაში თუ ქუჩაში. მე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ბერკეტი მქონდა მამაჩემის ცხოვრებიდან გამომდინარე, შემეძლო, დამერეგულირებინა ესა თუ ის საკითხი, მაგრამ ამ კომფორტის ზონაში არ შევდიოდი, რადგან ის, რაც ჩემს თავს უნდა მომხდარიყო, უნდა მომხდარიყო. ასე ვიზრდებით პიროვნებებად და ადამიანებად და მუდმივად ვიღაცის ფრთის ქვეშ ვერ ვიქნებით. ვისაც დაპირისპირება გვქონდა, რომ გავიზარდეთ და მერე სუფრზე შევხვდით ერთმანეთს, უთქვამთ: ბავშვური ამბავი იყო, გულში არ ჩაიდო, დამკვიდრების კრიზი გვქონდა და გვაპატიე, არასწორად თუ მოგექეცითო. ბოდიშიც მოუხდიათ ხაშურელ მაგარ ბიჭებს და დღემდე ურთიერთობა გვაქვს. ბევრს ისიც უთქვამს: ახლა რომ გიყურებთ, სწორად და საინტერესოდ წაიყვანე შენი ცხოვრება, ჩვენგან განსხვავებითო.

– ფიქრობ, რომ არასწორ დროს და არასწორ ადგილას დაიბადე?

– ჩემი დრო, ალბათ, შუა საუკუნეები იყო, მაშინ უნდა დავბადებულიყავი. მიუხედავად იმისა, რომ პროვოკაციული ვარ, სულ მივისწრაფვი, გავარღვიო სივრცეები და გავიდე, ადამიანებთან და სამყაროსთან კონსერვატიული დამოკიდებულებებიც მაქვს. სავარაუდოდ, ესეც დედაჩემის დამსახურებაა – სუბორდინაცია ადამიანებთან. არასდროს ვყოფილვარ უზრდელი და ყოველთვის ვიცოდი, ვისთვის როგორ მიმემართა. ასე რომ, რომ დავბადებულიყავი მეჩვიდმეტე ან მეთვრამეტე საუკუნეში იტალიაში ან საბერძნეთში, გაცილებით საინტერესო იქნებოდა ჩემი ცხოვრება. ზოგადად, ვფიქრობ, ძალიან ძლიერი ვარ, რადგან ბავშვობიდან ძალიან ბევრი რამ მინახავს და გადამიტანია.

– მართალია, რომ დაჭერას გადაურჩი, გირაოს სანაცვლოდ გაგათავისუფლეს, თუმცა ნასამართლეობა ჩაგეწერა?

– 2003 წელს, რევოლუციური ტალღა რომ დაიწყო, გამასამართლეს მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც და მადლობა ღმერთს, რომ მაშინ მთავრობა შეიცვალა და ციხეში ჯდომა არ მოგვიწია. მე რკინიგზის რელსები გადავკეთე, ჩემმა დამ – საავტომობილო გზა და დედას ხალხი ჰყავდა შეკრებილი მერიის წინ. რაიონში უკვე გვქონდა ქორეოგრაფიული ანსამბლი, ვაკეთებდით კონცერტებს, გვიცნობდნენ, მოგვენდო ხალხი და როცა დავიძახეთ, ყველა გარეთ გამოვიდა და გვერდით დაგვიდგა. ყველას ეგონა, დიდი თანხა გადაგვიხადეს და ამის სანაცვლოდ ვიყავით გამოსული, მაგრამ ერთი თეთრი არავის მოუცია. ჩვენი ქვეყნის წინაშე ჩვენს პოზიციას ვაფიქსირებდით. არ ვნანობ არაფერს, სწორად მოვიქეცი. ციხეს ავცდი, მაგრამ სასამართლო შედგა და საკმაოდ მძიმე პრიმა მუხლიც წამიყენეს – დაუმორჩილებლობა, ადამიანების გარეთ გამოყვანა, მატერიალური ზარალი ქვეყნისთვის – ვაგონების შეჩერების გამო და ასე შემდეგ. დამირეკა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, მაგინა, მლანძღა, სიცოცხლის ლიკვიდაციით დამემუქრა. რეალურად, მთავრობა რომ არ შეცვლილიყო, ჩემი ოჯახი ციხეში გაატარებდა წლებს. ახლა რომ უკან ვიყურები, ვფიქრობ, საინტერესო გზა გავიარე, სისხლსავსე იყო ეს ცხოვრება შემეცნების მიღებით, განვითარებით, თუმცა ბევრ რამეს ვნანობ, რადგან ბევრი რამ ვერ ვისწავლე, ვერ შევიმეცნე, რომლის შესაძლებლობაც პიროვნულად მქონდა, მაგრამ მატერიალური სახსარი არ მიწყობდა ხელს. არასოდეს მქონია ილუზია, რომ ჩემი ადგილი ამ ქვეყანაში არ არის და უიტნი ჰიუსტონთან, ბენსონთან ან მერაია ქერისთან უნდა მემღერა დუეტში (იცინის).

შემეძლო, წავსულიყავი უცხოეთში, მემღერა ქართულ რესტორანში, ჩამებარებინა, მემართა ქორეოგრაფიული ქართული ანსამბლი, მაგრამ უარი ვთქვი. სად არ ვყოფილვარ, მაგრამ საქართველოში ცხოვრება ყველაზე მეტად მომწონს და მიყვარს.

– ბევრმა არ იცის, რომ კარგად ხატავ და უამრავი საინტერესო ესკიზის ავტორი ხარ. არ გიფიქრია, შეგექმნა საკუთარი ტანსაცმლის ხაზი და ბრენდი, რომელიც შენს სახელს ატარებდა?

– ბავშვობიდან კარგად ვხატავდი, ჩემი მამიდაშვილი, ნანა ლაბაძე, პროფესიონალი მხატვარია და მან მასწავლა პროპორციების აგება. დღესაც შენახული მაქვს პირველი პროპორციები, როგორ ვხატავდი მოდელებს და ვაცმევდი ტანსაცმელს. ღამეებს ვათენებდი ხატვაში და ათასამდე ესკიზი დღემდე თაროზეა შემოდებული. თითქოს დროს უსწრებდა ჩემი შექმნილი ესკიზები, მერე მინახავს რომ ანალოგიური ვარცხნილობა, სამოსი თუ ფეხსაცმელი, მოდაში შემოვიდა. სკოლა რომ დავამთავრე, აკადემიაში, მოდელირების ფაკულტეტზე მინდოდა ჩაბარება. თუმცა, ბოლო წამს სამედიცინოზე შევიტანე საბუთები და მხატვრობა და ესკიზები გვერდით დამრჩა. შიგადაშიგ ვაკეთებდი ესკიზებს და ჩანახატებს, ძირითადად, ჩემი ქორეოგრაფიული ანსამბლისთვის. არ დაგიმალავთ, იმაზეც მიფიქრია, ჩემი ტანსაცმლის ხაზი და აქსესუარები გამეკეთებინა, მაგრამ ყველაფერი მატერიალურ სახსართან არის დაკავშირებული. გარდა ფინანსებისა, ჯერ მეც ვერ ჩამოვყალიბდი. ზოგადად, ისეთი ადამიანი ვარ, ვიღაცამ უნდა მკრას ხელი, მითხრას: ეს უნდა გააკეთოო და დამიდგეს გვერდით ან, ჩემთვის უნდა მომწიფდეს სიტუაცია, რომ დამოუკიდებლად რაღაც გავაკეთო.

– ჩააბარე, დაამთავრე სამედიცინო და მუშაობდი კიდეც სასწრაფო დახმარების ცენტრში. თუმცა, მალევე წამოხვედი. თუ საიდუმლო არ არის, რა იყო წამოსვლის რეალური მიზეზი და არ გიფიქრია, ისევ დაბრუნდე?

– სამი წელი ვიმუშავე სასწრაფო დახმარების ბრიგადაში, ექიმ-თერაპევტად. არასოდეს მინანია, თავი რომ დავანებე. მორიგეობის მეორე დღეს ჩავალაგე ჩემი ნივთები და წამოვედი სამსახურიდან. შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაც დიდი ტვრითი ჩამომეხსნა მხრებიდან. ეს არ იყო იმის გამო, რომ არ მომწონდა ადამიანებთან ურთიერთობა, არ მომწონდნენ ჩემი თანამშრომლები ან რამე ბარიერები მექმნებოდა. პირიქით, თითოეულ ჩემს თანამშრომელს მინდა, უდიდესი მადლობა ვუთხრა, ვინც გამზარდა, ბევრი რამ შემასწავლა. ჩემი წამოსვლის მიზეზი იყო ადმინისტრაციის არაჯანსაღი დამოკიდებულება პერსონალთან, ექიმებთან და გარემოსთან. ეს ჩემ მიმართ არ გაჟღერებულა, მაგრამ იყო შეურაცხმყოფელი ფრაზები და მუდმივად ვფიქრობდი: არ დადგეს ის დრო, როცა კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნება-მეთქი. ასე რომ, გამოვერიდე არაჯანსაღ გარემოს და თანამშრომლები მეუბნებოდნენ: ამდენი იშრომე, იწვალე და როგორ ტოვებ ყველაფერსო. მაგრამ, ის, რაც ტოქსიკურია, სჯობს, დროზე მიატოვო და წამოხვიდე, ვიდრე საქმე კონფლიქტამდე მივა. არ მოგატყუებთ, ხშირად დაბრუნებაც მიფიქრია. ჩემი ბევრი თანაკურსელი და თანამშრომელი, არაერთი ფილიალის მენეჯერია, განყოფილების გამგეები, არაერთხელ უთქვამთ და შემოუთავაზებით, მაგრამ დღესაც ბევრი ნიუანსი და არაჯანსაღი გარემოა სამედიცინო სფეროში, რომელსაც სჭირდება გადახედვა და კოორდინირება. რასაკვირველია, ეს არ ეხება ყველა საავადმყოფოს და ყველა ექიმს. ბევრჯერ, ქუჩაში გამიწევია დახმარება ადამიანებისთვის, ბევრს ვუცნივარ, ბევრს – ვერა.