ნინო სურგულაძე, ფეისბუქზე, მშობლების და წინაპრების ფოტოებს ხშირად აქვეყნებს. ამჯერად ოპერის მომღერალმა, ხელოვნური ინტელექტის წყალობით ამოძრავებული მამის ფოტო გამოაქვეყნა და თან მისი ბიოგრაფია დაურთო.
ნინო სურგულაძე: დიდი მადლობა მინდა გითხრათ ასეთი თბილი გამოხმაურებისთვის. რადგან ასეთი ინტერესი გაჩნდა, ვფიქრობ, მოკლედ უნდა მოგითხროთ მამის – დავით სურგულაძის ისტორია.
დაიბადა 1935 წელს ქალაქ ბათუმში. სამი წლის ასაკში დაობლდა. მამა, თეთრი გვარდიის ოფიცერი დაუხვრიტეს და ელენემ მარტომ გაზარდა. შემდგომ მოუვიდათ საბუთი, სადაც ამბობდნენ, რომ შეცდომა მოხდა და რომ ის არ იყო ხალხის მტერი… თუმცა გვიან იყო, ადამიანი დახვრიტეს… საფლავიც უცნობია დღემდე.
დედა ექიმი, გინეკოლოგი იყო, დედის ძმა ასევე ცნობილი ქირურგი ვალერიან მაქაცარია. ბებო, ელენა ცხენზე იჯდა ხშირად და შარვალიც ეცვა, მიდიოდა ასევე სახლებშიც პაციენტებთან და ამშობიარებდა. პატარა მამაც თან დაჰყავდა. აბორტს თითქმის არასოდეს აკეთებდა. პრინციპი ჰქონდა ასეთი, თუ სიცოცხლესთან შეუთავსებელი შემთხვევა არ იყო.

მამა 17 წლის ასაკში გაემგზავრა პეტერბურგში და იქ დაამთავრა უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე. იქ მუშაობდა კარალიოვის მოსწავლე პილიუგინთან, აკეთებდა მიკროსქემებს კოსმოსისთვის. დღემდე მთელ მსოფლიოში მისი მიკროსქემები გამოიყენება კოსმოსში სხვადასხვა აპარატებზე. ელენემ (დედამ) სთხოვა (როგორც მამა ამბობდა), რომ ქართული ოჯახი შეექმნა და არ დარჩენილიყო რუსეთში, ასეც მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ იქ მამას აფასებდნენ, როგორც დიდ მეცნიერს, დაბრუნდა საქართველოში და ათწლეულები, ცხოვრების მთელი აქტიური წლები მიუძღვნა საქართველოში მეცნიერების განვითარებას. მუშაობდა მიონში, სადაც 3000-მდე ადამიანს ხელმძღვანელობდა, ასევე ტექნიკურ უნივერსიტეტში წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს. იყო მრავალი პატენტის ავტორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. უყვარდა ქეიფი და ლამაზი ხმაც ჰქონდა, ხატავდა არც ისე ურიგოდ. მანრიკოს არიას მღეროდა ხშირად და ოცნებობდა საოპერო პროფესიონალურ სცენაზე. ეს ოცნება ნამდვილად არ აუხდა, თუმცა ჩემში განხორციელდა მისი დიდი სიყვარული და ნატვრა.

გარდაიცვალა 85 წლის ასაკში… ალცჰაიმერი ჰქონდა.
უყვარდა საქართველო, ადამიანები და კოსმოსი…
კარგი მამა იყო და ძალიან თბილი, კეთილი ადამიანი… წელს 90 წელი შეუსრულდებოდა.