“ბევრი პრემიერი და პრეზიდენტი ჩამიწერია და უფრო მეტი მონდომება დამჭირდა სანტა კლაუსთან მოსახვედრად”

59

როგორია ჟურნალისტ ქეთევან ქარდავას ახალი წელი, რატომ აღმოჩნდა მისთვის სანტა კლაუსთან შეხვედრა პრეზიდენტებთან და პრემიერებთან შეხვედრაზე უფრო რთული და სად იყო ნამდვილ ზღაპარში, ამას მისგან შევიტყობთ.

ქეთევან ქარდავა: ახალი წელი ერთადერთი დღესასწაულია, რომელიც ძალიან მიყვარს. ამ დღესთან, უპირველესად ჯადოსნური განწყობა ასოცირდება და სურვილები, რომელიც გგონია, რომ აუცილებლად აგისრულდება, რადგან ახალ წელს ჩაიფიქრე. ეს შეიძლება, ასე სულაც არ მოხდეს, მაგრამ ამ დღეებში სასწაულების არსებობას იჯერებ, რომ გამორჩეულ განწყობაზე იყო.

პროფესიული თვალსაზრისით, ჩემთვის ახალი წელი ყოველთვის ექსტრემს და ადრენალინს უკავშირდება. რაც ჟურნალისტი ვარ, ამ დღეს სახლში არცერთხელ არ ვყოფილვარ (იცინის). მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია, არასდროს მითქვამს უარი ამ დღეს გადაღებაზე წასვლაზე. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, 2 იქნება თუ 3, როცა გადაღებიდან სახლში დავბრუნდები, მერე დგება ახალი წელი (იცინის).

– წესით, ამ დღესთან დაკავშირებით განსაკუთრებული ისტორიებიც უნდა გქონდეს…

– რამდენიმე წლის წინ, კოვიდი რომ ახალი დამთავრებული იყო და სხვა ქვეყანაში წასვლა, ფაქტობრივად, ჯერ კიდევ არ შეიძლებოდა, გადავწყვიტე, „იმედის კვირისთვის“ განსაკუთრებული საახალწლო მასალა მომემზადებინა, ისეთი, როგორიც მანამდე სატელევიზიო სივრცეში არ ყოფილა. მე, პირადად, მეზიზღება საახალწლო კურიოზები, რომელიც ეთერში გადის, ეს ჩემთვის სრული კატასტროფაა (იცინის). ჟურნალისტების მოდების ჩვენება და მსგავსი აქტივობები კი სრულიად მიუღებელია ჩემთვის. ამიტომ რაღაც განსხვავებულის გაკეთება გადავწყვიტე და მოვიფიქრე, რომ ლაპლანდიიდან გამეკეთებინა ჩართვა პირდაპირ ეთერში. ლაპლანდიიდან პირდაპირი ეთერი მანამდე არასდროს ყოფილა. დიდ სიამოვნებას მანიჭებს, როცა რაღაცას პირველი ვაკეთებ. ვაღიარებ, ის ფაქტიც ძალიან მსიამოვნებდა, რომ ამისთვის ლაპლანდიაში დამჭირდებოდა წასვლა და სანტა კლაუსს ვნახავდი (იცინის). რადგან უკვე დეკემბერი იყო, გადავწყვიტე, ჯერ ყველაფერი გამერკვია, ანუ, რამდენად გამოვიდოდა ეს ამბავი და ტელევიზიისთვის მერე მეთქვა, როცა უკვე მივხვდებოდი, რომ შესაძლებელი იყო, რადგან არ მინდოდა, ტყუილად გახარებოდათ. აღმოჩნდა, რომ ამ საკითხის ორგანიზება ძალიან რთული იყო – დაწყებული აკრედიტაციით, გაგრძელებული ბილეთების შოვნითა და ასე შემდეგ. თან უბრალო სიუჟეტის გადაღება არ მინდოდა, გადაწყვეტილი მქონდა, რომ სანტა კლაუსთან შევსულიყავი და გადამეღო, ისე მოყოლილი ამბავი არ დამაკმაყოფილებდა. ცოტა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ავდექი და ლაპლანდიაში, სანტა კლასუსის ოფისში დავრეკე. ის წელი ისეთი დატვირთული იყო პოლიტიკურად, იმდენი რამ გამოვიარე, როგორც ჟურნალისტმა და ცოტა არ მჯეროდა, რომ იმ ყველაფრის შემდეგ, მე სანტა კლაუსთან ვრეკავდი (იცინის). უამრავი საბუთის გაგზავნა ყოფილა საჭირო აკრედიტაციის მისაღებად, რომ მასთან მოვხვედრილიყავი. რა თქმა უნდა, უფასოც არ იყო და ის ფაქტი, რომ გადაღება მინდოდა, კიდევ უფრო ართულებდა საქმეს, მაგრამ მე უკან დახევას არ ვაპირებდი (იცინის). მოკლედ, ძალიან მოვინდომე. ერთი კვირის შემდეგ მირეკავს ტელეფონი და მეუბნებიან, სანტა კლაუსის მენეჯერი ვარო – ეს ყველაზე უხერხული ზარი იყო ჩემს ცხოვრებაში (იცინის). ველოდი, რომ მეტყოდა, რაც გაგიხარდება, თოვლის ბაბუა იმ საჩუქარს მოგიტანს, რადგან მთელი წელი კარგად იქცეოდიო (იცინის). თუმცა, რაც მითხრა, იმითაც ძალიან გამახარა – საბედნიეროდ, აკრედიტაცია მივიღე და ამაზე მეტი საჩუქარი რა უნდა ყოფილიყო (იცინის). ბევრი პრემიერი და პრეზიდენტი ჩამიწერია და მათზე მეტი მონდომება დამჭირდა სანტა კლაუსთან მოსახვედრად (იცინის). სცენარიც წინასწარ მომცეს, ყველა ნაბიჯი გაწერილი იყო. წუთ-ნახევარი მქონდა, კითხვის დასმა მე კი არ შემეძლო, მას უნდა დაესვა (იცინის). საბედნიეროდ, გადაღებაც შეგვეძლო და თვითონაც გიღებდნენ. მოკლედ, რადგან თანხმობა მივიღე, დავრეკე ირაკლი ჩიხლაძესთან, რომელიც გაგიჟდა სიხარულისგან, ყველაფერი შევათანხმეთ ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან და ჩვენთვის იმ დღეს დადგა ახალი წელი, რადგან ვიცოდით, რომ მსგავსი რამ არავის ექნებოდა (იცინის). მოკლედ, წავედი და ყველაფერი გრანდიოზული გამოვიდა.

უხერხულობის განცდა მქონდა, რადგან სანტა კლაუსი ჩემს შვილს არ ჰყავდა ნანახი და მასთან მე მივდიოდი (იცინის). სანამ სანტა კლაუსამდე მივიდოდით, ყველაზე მთავარი და შთამბეჭდავი, რაც კი ჩემს თვალს დაუნახავს და ჩემი პროფესიის წყალობით, ბევრი რამ მინახავს, იყო ჩრდილოეთის ნათება, ციალი, რომელიც ლაპლანდიიდან ჩანს. ეს მართლა ისეთი საოცრებაა, რომ ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ აუცილებლად უნდა ნახოს. მე და ჩემი ოპერატორი ერთი კვირით ვიყავით წასული და ერთი დღე გვქონდა მის სანახავად, სხვა დროს შანსი აღარ მექნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ არანორმალური სიცივე იყო, ძვალსა და რბილში ატანდა, ორი საათი ველოდეთ სანაპიროზე ამ სანახაობას. მე და ჩემი ოპერატორი უკვე აღარ ველაპარაკობიდით ერთმანეთს, ვჩხუბობდით, ის მეუბნებოდა, ტყუილად მომიყვანე, არ იქნებაო, მე ვუმტკიცებდი, იქნება-მეთქი და მართლაც დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო, ეს ისეთი სილამაზე იყო, რომ სიტყვებით ვერაფრით გადმოვცემ, უბრალოდ, სასწაული იყო. რა თქმა უნდა, ესეც მოხვდა ჩვენს სიუჟეტში. ამის შემდეგ იყო სანტა კლაუსთან შეხვედრის დღე, სადაც იმხელა რიგი იყო, თვალს ვერ გააწვდენდი, მაგრამ გამოვიდა მისი მენეჯერი, რიგი გააჩერა, „ტელევიზია საქართვლოდანო“, განაცხადა და ასე თავაწეული შემიყვანა (იცინის). შიგნით ჩვეულებრივი სამი წლის ბავშვი ვიყავი. იქიდან რომ გამოვედი პირი მტკიოდა, ვეღარ ვხურავდი, რადგან მთელი ის დრო, რაც იქ გავატარე, სულ ვიცინოდი (იცინის). აბსოლუტურად სხვა სამყაროში მოვხვდი, პროფესიულადაც ხომ საინტერესო იყო და მიხაროდა, რომ ეს სილამაზე ტელევიზიით უნდა მეჩვენებინა ჩვენი მაყურებლისთვის, მაგრამ თან მართლა ჯადოსნურ სამყაროში, საერთოდ სხვა პლანეტაზე ვიყავი, რეალობაში დაბრუნება აღარ მინდოდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თუ სასწაულების გჯერა, ბავშვობაც საოცრებაა და დიდობაც. სანტა კლაუსმა ისე თბილად მიგვიღო, რომ ყველა კბილი მიჩანდა, ისე ვიცინოდი (იცინის). დიდი წვერით, ფუმფულა, კეთილი სახის სანტა კლაუსი ჰყავდათ შერჩეული, რომელსაც მაშინვე ვეცი და გადავკოცნე (იცინის). ვეცადე, ბევრი ფოტო გადაგვეღო და მაქსიმალურად შემეგრძნო ბედნიერება. ჩვენი გადაღების პიკი იყო ჩართვა პირდაპირ ეთერში. სანტა კლაუსის ოფისის წინ ვიდექით და სიბნელის მიუხედავად მაინც ჩანდა სილამაზე, რომელიც იქ იყო. ამ სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, იმდენი დადებითი გამოხმაურება მივიღე, ვერ აღგიწერთ.

კიდევ ერთი განსაკუთრებული ამბავი მახსენდება ახალ წელთან დაკავშირებით, პროფესიულ ჭრილში. უკრაინის ომის პირველ წელს, როდესაც ახალი წელი დგებოდა, პროდიუსერმა მითხრა, კიევიდან გვინდა რეპორტაჟი და ჩართვა გავაკეთოთო, რასაც რა თქმა უნდა, დავთანხმდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს შვილთან უკვე შეთანხმებული ვიყავი, რომ იმ ახალ წელს ერთად უნდა შევხვედროდით. მანამდე ორი თვის განმავლობაში უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ვიყავი და კარგად ვხედავდი, როგორ მდგომარეობაში იყვნენ ადამიანები, ამიტომ მათთან ერთად ახალი წლის შეხვედრა ჩემთვის ამ ისტორიის გაგრძელება იქნებოდა. შვილს რომ ვუთხარი, რამდენიმე დღე უნდა დამელოდო, კიევში მივდივარ-მეთქი, ნერვიულობით გაგიჟდა, ეს ხომ უსაფრთხო არ არის. აი, ამიტომაცაა, რომ მე ჟურნალისტი არასდროს გამოვიდოდიო, მითხრა. მოკლედ, ყველანაირად მომზადებული ვიყავი; ჩემთვის ამას დიდი დატვირთვა ჰქონდა, მაგრამ წინა დღეს გეგმა შეიცვალა. ჩართვას ვერ გავაკეთებდით, გამოშვება ჩაწერილი უნდა ყოფილიყო. მთელი ხიბლი და სინამდვილის შეგრძნება კი ლაივს ჰქონდა, რაც არ გამოვიდა და ასე ავცდი კიევში ახალი წლის შეხვედრას, რაზეც ძალიან დამწყდა გული. თუმცა, მე ველოდები რეპორტაჟის გაკეთებას კიევიდან არა მარტო ახალ წელზე, არამედ ომის დასრულებაზე. საკუთარი თავისთვის მაქვს ამის პირობა მიცემული და აუცილებლად გავაკეთებ. კიდევ ერთი პირობა ჩვენს ქვეყანაზე არაერთი სასიამოვნო სიახლის შესახებ სიუჟეტის მომზადებას ეხება, რაც ასევე, აუცილებლად მოხდება.

– ახალ წელს თუ ასაჩუქრებ ხოლმე საკუთარ თავს იმისთვის, რომ მთელი წელი კარგად იქცეოდი, ბევრს მუშაობდი და ასე შემდეგ?

– არამხოლოდ ახალ წელს, ჩემს თავს სხვა დროსაც ვასაჩუქრებ. „ჩვენ მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ“ – ეს არის ჩემი ცხოვრების პრინციპი და შესაბამისადაც ვიქცევი. ზოგადად, საჩუქრები ძალიან მიყვარს და ამიტომ ჩემს თავსაც და სხვებსაც სიამოვნებით ვაჯილდოებ, ასევე, საკუთარ თავსაც და აბსოლუტურად ყველას საუკეთესო ახალ წელს ვუსურვებ!