“ყოველდღე 8-ზე ვდგები ვამზადებ, მიმყავს ბაღში, მერე ვრეცხავ სარეცხს… ბაღში თუ არ წავიდნენ იმ დღეს დაღუპული ვარ… სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ჩემი გაზრდილები არიან”

44

მსახიობი გიორგი ყიფშიძე გვანცა დარასელიას სტუმრობდა პოდკასტში და მარტოხელა მამობაზე ისაუბრა:

– სადღაც 8 საათზე ვიღვიძებ ყოველ დილას, ვამზადებ გარემოს ბავშვების გასაღვიძებლად, მოვწესრიგდები და ვიწყებ ნახევრად გაღვიძებული ბავშვების ჩაცმას, რომ ბაღში წავიყვანო. ასე იწყება სტანდარტული დილა. ადრე რომ ეთქვა ვინმეს, დილის რვა საათზე გაიღვიძებ ყოველდღეო, გამორიცხული თემა იყო. 3-4-ზე ვიძინებდი და 11-ზე ვიღვიძებდი. ბავშვებმა კი ასე შემცვალეს და გამზარდეს, რაღაც შეცვალეს ჩემში რადიკალურად.

საუზმესაც მე ვუმზადებ, ყველაფერს მე ვაკეთებ, არ გჯერათ თქვენ (იცინის). დედაჩემი და მამაჩემიც ასაკში არიან და იქით ვუვლი. სახლში ვცხოვრობთ მე, ორი ბავშვი, დედაჩემი, მამაჩემი და ძაღლი. ძაღლიც პატარაა და ის რომ “კუკებს” აკეთებს, გიორგიმ უნდა აიღოს, ჯერ პატარაა. არ იცი, რა დღეში ვარ.

ბაღში რომ მივიყვან, მერე ვრეცხავ ბავშვების სარეცხს. ძალიან ბევრი მიგროვდება, 2-3 ჩართვა სარეცხის მანქანის ყოველდღე. სულ ისვრებიან და სამჯერ-ოთხჯერ მთლიანად უნდა გამოუცვალო და ბევრი გროვდება. მერე გაფინე, მერე დააბინავე ბიჭის და გოგოს ცალკე… მერე მოიყვანე ბაღიდან. მთელი დღე მიდის ამაში… უთო ამოღებული მაქვს ცხოვრებიდან, უთო მეზიზღება, ყველაფერი მომწონს უთოს გარდა.

კვებას რაც შეეხება, ყველაფერს ჭამენ. გოგო, რომელიც 4 წლისაა, დამოუკიდებლად ჭამს, არ უყვარს, რომ მე ვაჭამო. ბიჭი პირიქით, ცოტა ზარმაცია, უნდა დაუდო რაღაცა, უყუროს და მე ხელით ვაჭამო. მაგრამ ჭამს ყველაფერს. არ მიწევს ხვეწნა, პირიქით, ვთხოვ, მამა, არ გამისუქდე.

ეკრანებზე დამოკიდებულებას ვერ ვებრძვი. თვითონვე იბეზრებენ და მერე სხვა სათამაშოებით თამაშობენ. მე არ ვართმევ, თვითონ ბეზრდებათ. უფრო ჭამის დროს და ძილის წინ აქვთ გაჯეტები.

ბაღში თუ არ წავიდნენ, იმ დღეს დაღუპული ვარ, ვერ ხარჯავენ ენერგიებს. ხოცავენ ერთმანეთს, ორი ვიკინგი დარბის ერთმანეთის მოსაკლავად. თუ ბაღიდან მოდიან 6 საათზე, 7-ზე უკვე ეძინებათ და არ მჯერა ხოლმე. უფროსი დილამდე აბამს ძილს, პატარა მალე იღვიძებს.

ახლა აუზზე მინდა ვატარო ორი დღე და იმედია, ცოტა კიდევ შეიცვლება რამე, რომ გაჯეტებს მოშორდნენ. თან ვერ ვაკონტროლებ რაღაცებს, ისეთ რაღაცებს უყურებენ, ისეთი სიტყვების მარაგი დაუგროვდათ, ჩვენ სახლში ასე არ ვლაპარაკობთ. სასწაულებს ამბობენ, ვერ ვიტყვი აქ.

როცა იძინებენ და სიჩუმე დაისადგურებს, სიმშვიდით ვტკბები და ბედნიერი ვარ.

მარტოხელა მამა ვარ. 4 შვილი მყავს, პირველ ორთან არ მიწევდა ამ ყველაფრის კეთება და ეს სირთულეები არ გამივლია. ყოველთვის მინდოდა ბავშვის დაბანა, მაგრამ ქალები არ მაკარებდნენ ხოლმე – არ გაგივარდესო. არ მენდობოდნენ, ამ დროს ყველაფერი ვიცოდე. აქ კი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ჩემი გაზრდილები არიან, ერთი ძუძუ არ მიწოვებია. დანარჩენი, 2-საათიანი კვებიდნა 3-საათიანზე გადასვლა და მერე 4-საათიანზე, ყველაფერი ჩემს ხელში მოხდა. ღამე ერთი იღვიძებდა, დააძინებდი და მერე მეორე… ჯოჯოხეთი გავიარე. დეკრეტული ავიღე თეატრში კაცმა, ორი ბავშვის გამო. თან მეც თავად მკურნალობის პერიოდი მქონდა, ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა და ძალიან რთული პერიოდი გავიარე. თითქოს განგებამ დამფერთხა, აი, ცხოვრება ასეთი რთულია და აბა, თუ გაუძლებო. გამოვიწრთე, როგორც ლითონს გამოაწრთობ… ძაან ძნელი ყოფილა. თუმცა ამას ბონუსები მოჰყვება. ისეთი უპირობო სიყვარული მოდის მათგან, ვერ წარმოიდგენ, რა მემართება, სახლში რომ მოვდივარ და ძაღლი და ორი ბავშვი მეხუტებიან.

ყველაფერი შეცვალეს ჩემში, გადამარჩინეს. მომიწია ბევრი რამის გადაფასება. აღარ იყო დრო სისულელეების ჩემს ცხოვრებაში, ეს გახდა მთავარი. სასწრაფოდ უნდა მივხედო ჩემს თავს, რადგან ეს ადამიანები ჩემ გარეშე დაიღუპებიან. რაღაც ასეთი მობილიზაცია მოხდა. მადლობელი ვარ ამ ყველაფრის, რადგან სულ სხვა ადამიანი ვარ ახლა.

giorgi-1765037726.png

ბავშვების დამსახურებაა და იმ ადამიანის, ვინც ჩემს რთულ პერიოდში დამეხმარა, ბიშკეკში წამიყვანა სამკურნალოდ, რომ ცოცხალი ვარ. უკვე ფსკერზე ვიყავი…

ისეთ ასაკში გამიჩნდა ისინი, უფრო ბაბუას ასაკი მაქვს და ვათამამებ. უფრო რბილი ვარ, ვიდრე პირველ და მეორე შვილთან. შემომეთამამნენ. უფრო ბაბუურად თბილი ვარ, ვიდრე მამასავით მკაცრი. არ ვიცი, ასაკის გამოა ეს თუ მარტოობის გამო. არაფერს არ ვუკრძალავ, ვცდილობ, მე მოვიქცე სწორად და ამათ დაინახონ. ამ რაკურსით თუ შევხედავთ, მშობლობა ძალიან საპასუხისმგებლოა. შენი ბრალი იქნება, რას აიღებს შენგან, კარგიც და ცუდიც.

მე ჩემს თავში რაც არ მომწონს, მაქსიმალურად ვცდილობ, მათ არ დაინახონ. მაგალითად, ფეთქებადი ვარ, მალე ვბრაზდები და ვიგინები…

მამაჩემი გადაღებიდან გადაღებამდე შემოირბენდა სახლში, პატარა რომ ვიყავი, მოლანდებასავით იყო. 5-6 წლის ასაკში თითქმის არ მახსოვს და არ მინდოდა, ეს ჩემს ბავშვებთანაც ყოფილიყო. მაშინებდნენ ხოლმე ზურათი, მოვა და ნახე რას გიზამს. მე არ მინდა, რომ ბავშვებს მამის ეშინოდეთ. ვცდილობ მთელი დრო ბავშვებს დავუთმო, ვცდილობ კი არა, სხვა გამოსავალიც არ მაქვს. მაგას ვერ იტყვიან ბავშვები, მამა არ გვყავდა გვერდზეო.

დედასთან ურთიერთობა სულ უნდათ, მაგრამ უფრო იშვიათად ახერხებენ.

giorgi.jpg

ბოლო პერიოდში ცოტა ხანს წაიყვანა, მაგრამ უჭირთ იქ დიდხანს. დედასაც უჭირს, ორი ერთად რთულია.

gorgi5-1765037979.png

ცალ-ცალკე ძაან ადვილი მოსავლელები არიან, მაგრამ ერთად სასწაულია. “ოსკარი” უნდა გადასცე ადამიანს, ვინც ამ ორს ერთად მიხედავს. ხოცავენ ერთმანეთს. ახლა ვუყიდე ორსართულიანი საწოლი, მანამდე სამს გვეძინა ერთად. ახლა იმაზე ჩხუბობენ, ვინ სად დაწვეს. ვერ წყნარდებიან, არ ვიცი რა გავაკეთო.

ლენუკა მეხმარება ხანდახან, გოგო მიჰყავს თავისთან.

ოთხივე შვილს მე დავარქვი სახელი. ვირჩევ იმ პრინციპით, რომ იყოს ინტერნაციონალური, კარგად ჟღერდეს, იყოს ახლოს რელიგიურ სახელთან და არ ერქვას ყველას. კოსმო იტალიური სახელია. კოსმოსთან არ აქვს კავშირი. კარგად დასაძახებელია და გიორგის რომ იძახიან, ყველა ტრიალდება. ლუნა უფრო კოსმოდან გამომდინარე დავარქვი, საერთო რომ ჰქონოდათ.

 

 

წყარო: https://mshoblebi.ge/article/33515-qoveldge-8-ze-vdgebi-vamzadeb-mimqavs-bagshi-mere-vrecxav-sarecxs-bagshi-tu-ar-cavidnen-im-dges-dagupuli-var-sruli-am-sitqvis-mnishvnelobit-chemi-gazrdilebi-arian-giorgi-qipshize-martoxela-mamobaze/