მედეა ვასაძე თავის მეგობარზე წერს, რომ კოვიდ-19-ით გარდაიცვალა და ის უკანასკნელ გზაზე ვერ გააცილეს.
,,შუაღამეზე დამირეკეს, კოვიდ-19 დამართნია, საავადმყოფოებში უადგილობის გამო ბათუმიდან ქობულეთში გადაუყვანიათ, 11-ში, საღამოს, 19 საათზე გარდაცვლილა, იმავე ღამეს საფლავი გაუთხრიათ და ზედამხედველობის ქვეშ დაუკრძალავთ.
ჩემი ცაცო-ნესტან ქუთათელაძე, ნიჭიერი და წარჩინებული ჩემი თანაკლასელი, უცხო ენის სპეციალისტი, საქმიანობით პედაგოგი, საუკეთესო მეუღლე, დედა და ბებია… შიში კი არ შემომეპარა, შემომასკდა… არა იმდენად სიკვდილის გამო, არამედ ამ აუცილებელი წესების გამო… სიკვდლიც არის და სიკვდილიც – გაეყარა სიცოცხლეს და ამასთან წაერთვა დატირების, მოფერების, ცრემლის, თანაცხოვრებისათვის მადლიერების, უკანასკნელ გზაზე გაცილების, შესანდობარის, წესის აგების არა საშუალება, არამედ უფლება…
რომ არ დამეწერა, გავგიჟდებოდი, არ ვიცი, როდისღა ვივარგებ ადამიანად, როდის გამოვალ მდგომარეობიდან, როდის მოვიცილებ ფიქრს ცხოვრების ამაოებაზე, როდის შევძლებ იმ ძალების მოკრებას, სათქმელს, დამაჯერებლობა რომ შევძინო.
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, დავიცვათ წესები და გადავირჩინოთ სიცოცხლე იმ პასუხისმგებლობით, რომ ჯერ კიდევ უსაშველოდ ვჭირდებით გარშემომყოფთ და ურთიერთს. ნათელი მის სულს, თანაგრძნობა და თანადგომა ოჯახს და კიდევ ჯანმრთელობა, სიყვარული და ბოდიში თქვენ, ამ მძიმე ამბისათვის”.