ლაურა რეხვიაშვილი 76 წლის გახდა. 20 მაისს პირველად შეხვდა ბებიის ამპლუაში. უბედნიერესია. “ზმნასთან” ინტერვიუში ამბობს, სახელი ვერაფრით შეურჩია იმ მდგომარებასა და განწყობას, რაც ახლა აქვს დაუფლებული. პატარა თომამ სრულიად სხვა განზომილებაში გადაიყვანა და ახლად გაჩენილ შვილთან დაკავშირებულ ემოციებში დააბრუნა.
არაჩვეულებრივ ფორმაშია. მიიჩნევს, რომ ეს მისი თვისებების დამსახურებაა. შურს და ავს, გულის კარი დაუკეტა. მხოლოდ დახმარების ხელის გაწვდენით შეუძლია იბედნიეროს. გული წყდება, რომ მისი ნიჭისა და პოტენციალის ნახევრის ნახევარიც ვერ დახარჯა. უფალს უმადლის ოჯახსა და იმ სიყვარულს, რომელსაც დამსახურებულად იმკის აგერ უკვე 50 წელია.
ლაურა რეხვიაშვილი: ჩემი შვილიშვილი მოევლინა ამ ქვეყანას და მე ვარ ბებულიკი. აი, ეს მინდა გავაგებინო ქვეყნიერებას. მეტი არაფერი აღარ მინდა. ჩემს ახლანდელ განწყობას სახელი არ ჰქვია. აი, საკრალიდან ჩამომესმა ხმა: ქალბატონო ლაურა, დედამიწას გაბარებთ, თქვენ უნდა მართოთ დედამიწა, ჩვენ გეტყვით როგორ, ოღონდ თომა გვათხოვეთ ცოტა ხანს. არ არსებობს!
რა ჰქვია ამ გრძნობას, რა სახელი აქვს, ეს რა არის? რა საიდუმლოა?!
შეგრძნებები და ემოციები შემომიბრუნდა. დაპატარავებული მათე მიჭირავს ხელში. სუნი, მკლავი, თავი, ტირილი, სიცილი ყველაფერი იგივე.
მაგარი რამაა გამჩენი! არაფერი ამას არ შეედრება. სიკვდილიც ამიტომ მოუგონია, რომ შენი სიცოცხლე ნაშიერში გადადის. დამთავრდა. ვითომ შენ არ ხარ, მაგრამ შენ ხარ. მე ხომ ვიცი, ამ ბავშვში ჩემი სისხლი დარბის. ჩემი ტვინის ნაწილი, ხასიათის ნაწილი. უკან რომ მოვტრიალდები, უკვე ნაშიერი მყავს, რომელსაც მარიამ ღვთისმშობელი და უფალი გამიზრდის. შემდეგ ის კიდევ გააჩენს და ნოდარ დუმბაძის არ იყოს, მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით…

– ბებიობა რა ყოფილა?
– სახელს ვერ ვარქმევ ჩემს ემოციას. სახელი ჯერ ვერ გამოვიგონე. ჩემი მდგომარეობა იმაზე აღმატებულია, რასაც ვსაუბრობ. არ არსებობს შესაბამისი სიტყვები და იმიტომ. სიგიჟე არ არის, აბა, რა არის – სათვალეს ვიღებ, ბავშვს დავხედავ, ვაუთოვებ, ბავშვს ვხედავ, გრიმს ვიკეთებ, ბავშვს ვხედავ. სულ ვუყურებ და ყოველ წამს მენატრება. მივალ დავხედავ, გამოვიქცევი. აბა, დაარქვით ამას სახელი.
– 76 წლის გახდით. რა განცდით ცხოვრობთ დღეს, ეს რა ასაკია თქვენთვის?
– როგორც მიცნობ, ისეთი ვარ, ფოტოზეც ასეთი ვარ და მკვდარიც ასეთი ვიქნები!

მე ვარ ადამიანი, როგორიც დედ-მამამ ჩამნასკვა. თავისუფალი ადამიანი ვარ. ამ სიტყვის არსი მერე და მერე გავაანალიზე და მივხვდი, რომ თავის უფალი ვარ. მთელი ცხოვრება, ორღობიდან დაწყებული თავისუფალი ვიყავი. ვარ წესიერი და ადამიანის მოყვარული. ეს თვისებები მაქვს და უზომოდ ბედნიერი და მადლობელი ვარ გამჩენის, ამით რომ გამომარჩია.
მე მიყვარს და მეცოდება ადამიანი, რადგან ადამიანზე უსუსური და საბრალო არავინ და არაფერია. ფულიანია თუ უფულო, მე ადამიანს არ ვტოვებ, ვიცი, რა საბრალო რამეა ადამიანი.
მადლობა უფალს, რომ ვარ ნიჭიერი. ჩემს ქვეყანას კი საყვედური, რომ ჩემი რეალიზაცია ნახევრის ნახევრადაც არ მომხდარა. რას დავაბრალო, ვის დავაბრალო, ასეთ ეპოქაში ვიყავი. რეჟისორს გავყევი ცოლად, ტარკოვსკის ფრიადოსან სტუდენტს და მეგონა, კამერის ყველა ჩართვაზე დაიძახებდა – “Action! ლაო, დაიწყე”. ისე ვკვდები, რომ გენიალური რეჟისორის ხელში, რომელიც სახლში მყავს, ეს არ მომხდარა. დათო კახეთშია, ჩვენს სახლში, ხატავს, უკრავს, პიესებს წერს, მუსიკას უსმენს, თავისი მიკრო სამყარო აქვს. ჩავდივართ, ჩამოდის, მიდის…

– შვილს როგორ ხედავთ მამის ამპლუაში?
– თომა საკეისრო კვეთით გაჩნდა და მათეს დააწვინეს გულზე. სამი საათი შეუძლია ამ სუნის და კანის შეგრძნებით, მამამისის გულზე იძინოს. მათე მუშაობს, თომას ძინავს. სასწაული მამაა. ბანს, უცვლის, აბურთავს. საქმის გამო სახლში თუ არ მოდიოდა, ახლა საქმე სახლში მოაქვს, რომ შვილთან ახლოს იყოს.
– რჩევა ქალბატონებს, რომ ასე შესანიშნავად გამოიყურებოდნენ 70 წლის ზევით…
– რჩევას ვერ გეტყვით. მე როგორიც ვარ, ისევ იმას გავყვები. მე არ ვიცი, რა არის ტყუილი, არ ვიცი შური. პირიქით, თუ რაღაც კარგს გავიგებ, მიხარია. ვარ უსაშველოდ კეთილი და არ მყოფნის საშუალება, რომ გავცე. გაცემით ვბედნიერდები და ვმდიდრდები, ისე მიყვარს ადამიანის დახმარება. მიყვარს ხალხი, რომელმაც იმით, რაც გავაკეთე, ასე შემიყვარა. თითქოს უჩემოდ იგებენ იმას, რომ არაფერი მიგროვებია ტაშის გარდა. ტაში და სიყვარული. ეს დავაგროვე. მე მგონი, ეს გამომივიდა. ქვეყანას რომ მეტი შეძლებოდა და ისეთ დღეში არ იყოს, როგორშიც არის და კინო არ გაუქმებულიყო, შეიძლებოდა მართლა შემექმნა დაუვიწყარი სახეები. ეს მიხეილ თუმანიშვილის დიაგნოზია და ამიტომავ ვიმეორებ თამამად. ეს კინოსტუდიის ხელმძღვანელების შეფასებებია და სულაც არ მრცხვენია ამის გამეორება. სპორსტმენებს ხომ აჯიბრებენ. ჰოლივუდის არტისტები შემაჯიბრონ…

– რა გეამაყებათ?
– შვილი, ოჯახი და ის, რაც დავიმსახურე – სიყვარული.
– უკან რომ იხედებით, რას ხედავთ?
– უკან ბევრ რამეს ვხედავ, პირველ რიგში დიდ გაჭირვებას, განსაცდელს. ყველაფერი ვნახე, ყველაფერი მოხდა ჩემი სიცოცხლის მანძილზე, მაგრამ ვერ მომერია. შური ვერ მომერია და ჩემში ვერ დაისადგურა. გულმა და ტვინმა არაფერ არაღირებულს კარი არ გაუღო. და ასე შემოვრჩი ქვეყანას ერთი მშვენიერი, ნიჭიერი ქალი.
– წინ რას ხედავთ, რას ელით?
– მინდა ჩემმა თომამ სიამაყით თქვას, რომ ქართველია. გამთლიანებულ საქართველოში კარგად გაცუროს გაგრის პლაჟზე.
პოლიტიკოსებმა ამ სიტყვებს ძალა გამოაცალეს, მნიშვნელობა დაუკარგეს, თითქოს გეხამუშება გიყვარდეს შენი ქვეყანა თავდადებამდე. სამშობლო უნდა გამთლიანდეს, რადგან თუ არ გამთლიანდა, ქვეყანა ქვეყანას არ დაემსგავსება. არ ვიცი, მე მოვესწრები თუ არა, მაგრამ ჯანდაბას, თომა მოესწროს და ვინც დაიბადება ჩვენს ქვეყანაში, ყველა ის თაობა. ამას გულწრფელად ვამბობ.
არ მინდა გავიგო, რომ ქვეყანას ტოვებენ ადამიანები. არ დაიცალოს ეს ქვეყანა ნიჭისგან. კარგი თაობა უნდა დაეპატრონოს ჩვენს სამშობლოს. საამაყო იყოს იმის თქმა, რომ მე საქართველოდან ვარ, ქართველი ვარ!
მინდა გაგრაში გაცუროს თომამ. მე ხომ სოხუმში დაბადებული ქალი ვარ. ნახევრად იქ გავიზარდე. ჩემთვის ეს ძალზედ სენტიმენტალურია.
