“სამოცდაათის გავხდით და სიყვარული ჯერ კიდევ არ აუხსნია ჩემთვის”
"სამოცდაათის გავხდით და სიყვარული ჯერ კიდევ არ აუხსნია ჩემთვის"
ფოლკლორტისტების ეს ძვირფასი წყვილი და ნამდვილი საგანძურნი – ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული 70 წლის გახდნენ. ორივე მარტის ადამიანია. 46 წელია ერთად მოდიან, ჩუმად შრომაში და ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის კეთებაში.
შვილებმა იუბილარი მშობლები რესტორანში მოტყუებით მიიყვანეს და სიურპრიზი მოუწყეს.

ეთერ თათარაიძე “ზმნას” მკითხველს ემოციებს უზიარებს.
ეთერ თათარაიძე: მთელი დღე უარით ვისტუმრებდით, მაგრამ მაინც, რაღაც მიზეზით, მოტყუებით აგვიყვანეს მთაწმინდაზე და იქ სულ ახლობლები დაგვხვდნენ. ატყდა ტაში, გუგუნი. უკან მივიხედე, ვის უკრავენ ტაშს-მეთქი – თურმე, ჩვენ. აზრზე არ ვიყავით, ისე ამოვყავით თავი საკუთარ დაბადების დღეზე.


ტორტზე ჩვენი ფიგურები ისეთი საყვარლები იყო. რანაირად გააკეთებინეთ-მეთქი? შევინახეთ და გავყინეთ. დამენანა, რომ რამე დამართნოდა.
– როგორი ასაკია 70 წელი?
– თან გულდასაწყვეტი და თან უცნაური რაღაც ხდება. მთელმა საქართველომ მოგვილოცა. ასაკის გამო ხვდები, რომ დიდი პასუხისმგებლობაა. თურმე როგორ უყვარხარ მთელ ქვეყანას. მთელი გულით მოლოცვისთვის ყველას უდიდეს მადლობას ვუხდით და სიყვარულს ვუბრუნებთ მე და ამირანი.
– შეგცვალათ ასაკმა?
– დავხანხალებთ, მივიფლახვებით სიბერით😊 ადამიანის სული და გული არ იცვლება, ვერ ხვდება, რომ ასაკია. გამიგია, იმდენი წლის ხარ, როგორც გამოიყურები და როგორც ფიქრობო. ეს სიმართლეა. თავი არ უნდა დაიბერო, როცა უფალი არ გაბერებს. საქმეები როცა გაქვს, ამით ცოცხლობ. ოცნებები როცა გაქვს, კიდევ უფრო მაგრად ცოცხლობ. ულევია ოცნება და თან გაგვეცინება იმიტომ, რომ ენერგია ნელ-ნელა იკლებს, მაგრამ სიბრძნე მატულობს. მეხსიერება გაიძულებს ყველაზე კარგი გაიხსენო და კარგზე იფიქრო. ერთხელ მოდიხარ ამ სამზეოში და ცუდზე არ უნდა იფიქრო არც სხვაზე და არც საკუთარ თავზე.
– მალე გაირბინა ამ წლებმა?
– რაც ასაკი მემატება, თითქოს უფრო სწრაფად გადის დრო. წლები გვაკლდება და მენანება. გულისწყვეტა, ალბათ, ყველას აქვს. ჩქარობ, ყველაფერი მოასწრო. წინათ, ამაზე, არც ერთი ვფიქრობდით. მთელი ცხოვრება ჩვენს დარგში შეუწყვეტლად ვმუშაობდით, დღე არ გვაქვს გაცდენილი. ახლა ექვსი წიგნი მაქვს გადაშლილი და ყველას გამოცემა მეჩქარება. ბევრი რამის მოსწრების ოცნებები მაქვს. ერთს ძალიან მალე გამოვცემ – თუშური ხმით ტირილი. გამოსაშვები მაქვს ბიოგრაფიული წიგნიც. ყველაზე მთავარი კი, რაზეც ბევრი ხანია ვფიქრობ და ვწერ, ეს არის წიგნი თენგიზ მირზაშვილზე. საფრთხილო და სათუთად საკეთებელი წიგნია. ფორმას ვცვლი, ვამატებ, რაღცას ვაკლებ, ამიტომაც არის, რომ რამდენიმე წელია ვმუშაობ მასზე. ახლა უკვე ავჩქარდები, უკვე 70 წლის ვარ. მაქსიმუმ ერთ წელში მინდა გამოვიდეს. თვითონ ძალიან მრავალმხრივი, სხვანაირი ადამიანი იყო და არ მინდა, მასზე დაწერილ წიგნს რამე დავაკლო და როცა იქ შევხვდები, არ მინდა მრცხვენოდეს.
– 46 წელია ერთად ხართ. როგორ აფასებთ ახლა ამ ურთიერთობას?
– ასაკში, ადამიანს, ერთგული ადამიანი ძალიან სჭირდება. ჩვენ ძალიან უხმოდ გავიარეთ ეს წლები. ერთ ახლობელ წყვილზე ვსაუბრობდით, რომლებიც სულ ლაპარაკობენ ერთმანეთში, გრძლად და დიდხანს, მთელი თვეები. ერთხელ ამირანს ვუთხარი, რასაც ესენი ერთ დღეში ლაპარაკობენ, ჩვენ 46 წელში არ გვაქვს იმდენი ნალაპარაკები-მეთქი. ჩვენ ოროსნებივით სულ წიგნებთან ვსხედვართ, სულ საწერ-საჯღაბნი გვაქვს. სხვა რამისთვის, მართლა არ გვრჩება დრო. ბევრი მნიშვნელოვანი საზიარო წიგნიც ერთად გაგვიკეთებია, ერთად ვმუშაობთ. სულ იმას ვუტრიალებთ. გვინდა ღირსეული გამოვიდეს. მაგაზე კარგი სასაუბრო რა არის?

– ერთი მიმართულებით ყურება, საერთო ინტერესი წყვილის ურთიერთობას უფრო კრავს?
– თუ თანაბრად გიყვართ საქმე და პროფესია, მაშინ პრობლემა არ გაქვს. საქმეზე, მოსაზრებებზე, ზეპირსიტყვიერების ფორმებზე გვიკამათია. ეს მშვიდი კამათია და ჩხუბით არ მთავრდება. პატარები ხომ არ ვართ?! ერთი ტვინი ხომ არ გვიდევს? ხან მე ვარ არასწორი, ხან – ის. ამას ვერევით, რომ თადარიგში იყოს ყველაფერი. ჩვენი პროფესია ისეთია, როცა გიყვარს, ვერ წყდები. ვერ იმეტებ ვერაფრისთვის. ამ ფერებ-ფერებაში კი დავბერდით.

არ არსებობს ოჯახი ყოფით თემებზე რომ არ იკამათო. მაგრამ ამირანი სულ სიმშვიდით ამთავრებს კამათს. ეგეთია. უმშვიდესი ადამიანია, მე ჩქარ-ჩქურა ვარ; რაღაც სულ მეჩაქრება. გულწრფელად გეუბნებით, ჩვენ ჩხუბით – არ გვიჩხუბია. ეს დაგვანგრევდა.
– ადრე მითხარით, სიყვარული არ აუხსნიაო.
– არ აუხსნია. უკვე სამოცდაათის გავხდით და სიყვარული ჯერ კიდევ არ აუხსნია ჩემთვის😊 ალბათ, ასი წლის ასაკში მეტყვის.
ეგეთ თემებს არ უნდა ლაპარაკი. არ სჭირდება – მიყვარხარ, ძახილი. ამას საქმით უნდა ადასტურებდე.
– და ასე საქმეზე და ერთმანეთზე შეყვარებულები მოდიხართ; რამდენი რამ გაქვთ გაკეთებული, მაგრამ არაფერს ყვირით, ფოლკლორზე შეწირული, ჩუმად მუშაობთ…
– მართლა ასეა. თავს ვერ დავიმდაბლებ და სხვა რამეს ვერ გამოვიგონებ. ამ დარგისადმი შეწირულებივით გამოვჩნდით. ვინმე კი არ გვაიძულებს. ჩაგვებღაუჭა და ჩავებღაუჭეთ. ვერც ის გვანებებს თავს და არც ჩვენ შეგვიძლია ფოლკლორის გარეშე. მიუხედავად ბოლო წლებში ამირანის ავადობისა, დღე არ გავა ჩვენ ფოლკლორს, ზეპირსიტყვიერებას არ შევეხოთ. ახლა უკვე კაჟდება, თავის ფორმაში დგება და თუ ავადმყოფობის დროს ამის ღონე არსაიდან ჰქონდა, ახლა სულ მუშაობს.
– რა მაგარია, რომ მძიმე სენი დაამარცხა!
– ეს საშინელი დაავადება დაამარცხა! იყოჩაღა. დაბადების დღის მოლოცვებში, ბატონი თორნიკე კოპალეიშვილი წერს: გავიგე, რომ დაამარცხე, მე ამის მჯეროდაო.
ის საშინელება დამთავრდა… ამ ბრძოლაში ყველა ვიყავით. დავრბოდით და მისი მსახური გავხდით. უფრო სწორად, არავის გვემეტებოდა. სხვა რამეზე ფიქრიც კი არ გვინდოდა. საშინელი საფიქრალია.
როცა გავიგეთ, შვილებს ვუთხარი, მოდით და უთხარით, ხომ უნდა იცოდეს, სად და რატომ უნდა წავიდეს, რა დიაგნოზი აქვს-მეთქი. დაიწყო ერთმა თქმა, დაიწყო მეორემ, აჰყვა მესამე, ვერაფერს ეუბნებიან, აიბურდებიან ლაპარაკში. მივხვდი, რომ მე უნდა მეთქვა.
ჩვენ ხველებას ვიკვლევდით. გვეუბნებოდნენ, რომ ქაღალდის მტვერზე აქვს ალერგიაო. მერე მოვიდა პასუხი, რომ კუჭის სიმსივნე იყო, მეორე სტადიის. არც ერთი მეტასტაზი გასული არ იყო და ჩქარა უნდა გვეშველა.
იმ ორ კვირაში სრულიად გავთეთრდი. მეგონა, რომ სიცოცხლის ეტაპი დამთავრდა.
მაგის ავადობა მე არ მახსოვს, ალერგიული ხველების გარდა, არაფერს შეუწუხებია. სიცხეც არ ჰქონია და უცებ ეს დიაგნოზი! არც მახსოვს, როგორ ვუთხარი, გავაგებინე, რომ სიმსივნეა. არ არის მეტასტაზები გავრცელებული, ჩქარა უნდა დავხვდეთ ამ ყველაფერს-მეთქი. ქალიშვილებს ეტირებოდათ, მაგრამ ორივე მაგრად იდგნენ.
ამირანი ტახტზე იჯდა და თავი ჰქონდა ჩარგული. ეს რომ ვუთხარი, უცებ აწია თავი და თქვა, მერე რაო? ასე მშვიდად შეხვდა. მერე ჩემი ვაჟი და ამირანი მიდიოდნე და მოდიოდნენ სტამბულში; იქ დარტყმით ქიმიებს უკეთებდნენ.
რვა ქიმია გაიკეთა. ბოლოს, სტამბულში აჯიბადენის კლინიკაში, 9 საათიანი ოპერაცია რობოტმა გაუკეთა.
ერთი თვის წინ რადიოლოგიური კვლევა ჩაიტარა და მოგვილოცეს – უჯრედიც კი არ არსებობს გადაგვარებულიო.
რომ იბრძვი და ხედავ წინ მიდის მკურნალობა, დიდი ბედნიერებაა…
ამირანს უკვე ვატყობ, მოდის თავის ფორმაში. სულ გადაშლილია მისი საწერ-საკითხავი. თავაუღებლად დაიწყო შრომა.
ამ გზა-კვალზე სიარული, არც არავის დააჭირვოს უფალმა.
– მრავალჟამიერი თქვენ და ქვეყნისთვის ფასდაუდებელი საქმის კეთებაში კიდევ დიდხანს იყავით…
– მადლობა მოლოცვისთვის ყველა ჩვენს ერთგულ ადამიანს და ასჯერ მეტი სიყვარული ჩვენგან. ბედნიერება თქვენ…
