“გამოგვიძახეს ბავშვთან, რომელსაც პიროტექნიკა აუფეთქდა, მივდივართ, წამებს ვითვლით და…”

359

სასწრაფოს ექიმი, ფიქრია შიომღვდლიშვილი საზოგადოებას სთხოვს, რომ  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილს გზა აუცილებლად დაუთმონ, რადგან პაციენტის გადასარჩენად თითოეული წამი მნიშვნელოვანია.

ექიმი კონკრეტულ შემთხვევას იხსენებს, რა დროსაც სასწრაფოს ბრიგადას პაციენტამდე მისაღწევად არაერთი ხელოვნური ბარიერის გადალახვა მოუწია.

„ერთი შემთხვევა მინდა დავწერო და რატომ, მიხვდებით… გამოგვიძახეს ბავშვთან, რომელსაც პიროტექნიკა აუფეთქდა ხელში.

მივდივართ, წამებს ვითვლით რომ დროული რეაგირება მოვახდინოთ. ჯერ „გემრიელი“ კილომეტრიანი საცობი გვხვდება, ხმოვან ჩაძახილზე და სირენაზე გულგრილი რეაქციებით, შემდგომ მივადექით კორპუსს, რომლის გავლით უნდა მივიდეთ პაციენტთან.

კორპუსის წინ, სადარბაზოსთან მოქალაქე ცდილობს ფარეხში შეაყენოს ავტომობილი, მაგრამ მანამდე საბარგულიდან იღებს სურსათს მისი მეუღლე. ვუხსნით, რომ ძალიან გვეჩქარება, ვუსიგნალებთ, პასუხად ვიღებთ ისევ სრულ იგნორს, არც გატოკდნენ, სანამ ბოლომდე არ ამოცალეს მანქანა.(ალბათ ფიქრობდნენ, რა უჭირს, ესენი სულ ასე სირენებით დარბიანო…)

ამდენი ხელოვნური ბარიერის დაძლევის შემდეგ მივაღწიეთ გამოძახების ადგილას, მოვათავსეთ პაციენტი მანქანაში კლინიკაში გადასაყვანად, გზად ბავშვის დედამ შეგვაჩერა, რათა ბინის გასაღები მიეწოდებინა ოჯახის წევრად შეფასებულ მეზობლისთვის, ხოდა არც მეტი, არც ნაკლები, ეს მეზობლები სწორედ ის მძღოლი და მისი მეუღლე აღმოჩნდნენ, რომლებიც დიდი სიმშვიდითა და გულგრილობით იდგნენ გზაზე ჩახერგილები მანამ, სანამ საქმე არ მოილიეს.

კარის მეზობლის ბავშვი პაციენტის ამპლუაში რომ დაინახეს, აი მაშინ შეიცხადეს და გამოხატეს აღმატებული რეაქციები, თან არსებითად მნიშვნელოვანი ჭკუის დარიგება მოგვაყოლეს საგზლად „კარგად მიხედეთო“
ეს ამბავი თქვენამდე მხოლოდ იმ მიზნით მოვიტანე, რომ ყოველთვის შეეცადოთ გზა დაუთმოთ სასწრაფოს, არავინ იცის ვისთან მივდივართ იმ წუთას, რის გამო გთხოვთ გზის დათმობას, რატომ ვრთავთ სირენას, რომელზეც ჩხუბობთ „ამათ რა გული გააწყალესო“…

პ.ს. მოარიდეთ ბავშვები პიროტექნიკას! ჯანმრთელობას და ბედნიერ დღეებს გისურვებთ“, – წერს ფიქრია შიომღვდლიშვილი სოციალურ ქსელში.