ჟურნალისტი, მარი ჩიტაია სოციალურ ქსელში მდინარე ენგურში ტრაგიკულად დაღუპული ცოლ-ქმრის, ჯონი გვალიასა და მაყვალა გამისონიას უმცროს ვაჟზე, 7 წლის ილია გვალიას შესახებ სტატუსს აქვეყნებს.
„7 წლის ილია გვალია, რამდენიმე დღის წინ მდინარე ენგურში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაღუპული ჯონი გვალიასა და მაყვალა გამისონიას უმცროსი შვილია. ეს ის ბიჭია, დედიკოსგან კანფეტებს რომ ელოდა, კიდევ ალბათ, პატარა-პატარა ნობათს, მაგრამ მისი ოცნება „ენგურმა” წაიღო, საყვარელ დედ-მამასთან ერთად! ეს ფოტო ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ წარჩედანაა, მშობლების სურათთან დარჩენილი, დაობლებული ბიჭის ფოტოა!
ვინ მოსთვლის, რამდენი სიცოცხლე წაიღო ,,ენგურმა” აფხაზეთის დაცემიდან დღემდე… უფრო ადრე, მდინარის მღვრიე მორევმა 65 წლამდე კაცი იმსხვერპლა, ისიც დევნილთა 45-ლარიანი შემწეობის ასაღებად აპირებდა ზუგდიდში გადასვლას. კიდევ უფრო ადრე 5 წლის ბიჭი გადაუვარდა ენგურზე ურმით მიმავალ ბაბუას და ისიც – ოტობაიელი პატარა ბიჭი, მდინარის მორევმა ჩაითრია.
მაშინაც გაიგო ეს თავზარდამცემი ამბავი მთელმა საქართველომ, ერთი-ორი სატელევიზიო რეპორტაჟის, საგაზეთო მასალის თემად იქცა ეს ტრაგედია, მაგრამ, აბა, რამდენს გახსოვთ დღეს?! ვერც მაშინ გააკეთა მთავრობამ ვერაფერი, ისევე როგორც ახლა, როცა ქვეყანა ენგურგადაულახავ, 4 ახალგაზრდა ქართველს გლოვობს!
დროშებსაც დავუშვებთ, სევდიან სატელევიზიო სიუჟეტებზე კურცხალი ჩამოგვივარდება (ზოგს ესეც არ შეუძლია) და რა, ამით დამთავრდეს ჩვენი გლოვა და არაფერი გავაკეთოთ?! ხალხი თავის წილ ომს იგებს დამარცხებულ ომშიც, ჩვენი დროის ორმა სასტიკმა ომმა გვაჩვენა გმირობის არნახული მაგალითები, მაგრამ მთავრობა ამ ომებიდან, სამწუხაროდ, დამარცხებული გამოვიდა! ვერც ვერაფერი ისწავლა!
ასევე დამარცხდა ის ორიოდე დღის წინ, როცა ადიდებულმა ,,ენგურმა” საკუთარი შვილები წაართვა! ვერც ახლა აკეთებს რამეს, როცა არ შეუძლია პასუხი გასცეს პატარა ბიჭს, რომელიც დედ-მამის ფოტოებს მისჩერებია და ბავშვობა დაუკარგავს… ჰო, წარჩედან გამოგზავნილ ამ ფოტოზე აღბეჭდილი ბიჭის სევდიან მზერაში მისი დაკარგული ბავშვობაა… ბავშვობა, რომელიც გაქრა და დაუნდობლად გაიტაცა ,,ენგურის” მორევმა… ხოლო ბიჭი ერთ დღეში კაცად აქცია!
დიახ, ჩვენ გვტკივა დევნილი ბიჭის დაკარგული ბავშვობა იმ ტრაგედიასთან ერთად, რომელიც მას და ჩემს ქვეყანას, აფხაზეთს დაატყდა თავს ზუსტად ხარების დღეს…
და არის ერთი დეტალიც, რომელიც არ მინდა გამომრჩეს: როცა ჩვენ სოციალურ ქსელში ერთმანეთს ხარებას ვულოცავდით, რაღაც გვიხაროდა კიდეც, მაშველები 4 ქართველის ცხედარს დაეძებდნენ ,,ენგურის” მორევში, იქაურობას კი ექოდ ასკდებოდა ახალგაზრდა დის უმწეო ამოძახილი: ,,სორე ჩქიმ დაია (სად არის ჩემი დაიკო) ?!!
ჩვენ ვხარობდით ხარებას!” – წერს ჟურნალისტი.