ეკა კვესიტაძე სალომე სამადაშვილს თანადგომას უცხადებს

ჟურნალისტი, “მთავარი არხის” წამყვანი ეკა კვესიტაძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, სალომე სამადაშვილს სოლიდარობას და თანადგომას უცხადებს. 

მისი შეფასებით, სამადაშვილი ყოველთვის უშიშრად იცავდა თავის პოზიციას არასოდეს უღალატია მისთვის.

“თავზარდამცემია ის კომენტარები, რომელსაც სალომე სამადაშვილის მისამართით ვკითხულობ. რა მნიშვნელობა აქვს ზიზღი საიდან მოდის, ნაცურია ის თუ ქოცური. ზიზღი ზიზღია, ის გვანადგურებს, გვკლავს, ადამიანურ სახეს გვიკარგავს, ბარბაროსებად გვაქცევს და ნორმალურ საზოგადოებად ჩამოყალიბების შანს გვართმევს. ჩვენ კი სწორედ იმისთვის ვიბრძვით, რომ ნორმალური საზოგადოება გავხდეთ, სადაც ერთმანეთთან ცივილურ დისკუსიას შევძლებთ, სადაც არ შეგვზიზღდება ერთმანეთი მხოლოდ იმის გამო, რომ განსხვავებული პოლიტიკური თუ იდეოლოგიური პოზიცია გვაქვს და რაც მთავარია, სადაც თავისუფლად შევძლებთ საკუთარი აზრის გამოხატვას და იმის შიში არ გვექნება, რომ ამ აზრის გამო ვირტუალური ქვებით ჩავიქოლებით. წლებია ამ სივრცეში ამ უკიდურესად საშიში ტენდენციას ვაკვირდებით, შეშინებულ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამ ზიზღის შიშმა მძევლებად აქცია. მე მძულს ეს შიში, რადგან ის გაიძულებს საკუთარ თავს უღალატო. ამიტომ თანადგომა ყველას, ვინც ამ შიშის დაძლევას ახერხებს და პირველ რიგში, ჩემი თანადგომა Salome Samadashvili -ს, რომელიც ყოველთვის უშიშრად იცავდა თავის პოზიციას და არასდროს არ უღალატია თავის თავისთვის” – წერს კვესიტაძე სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებას ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა. “ნაციონალურმა მოძრაობამ”, “ევროპულმა საქართველომ” და “ლეიბორისტულმა პარტიამ ხელმოწერაზე უარი თქვეს.

სალომე სამადაშვილმა, პარტიის გადაწყვეტილების მიუხედავად, შეთანხმებას ხელი ინდივიდუალურად მოაწერა, რასაც მისი თანაგუნდელების მხრიდან კრიტიკა მოჰყვარის შემდეგაც სამადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “ამ გაუგებრობაში მისი ადგილი აღარ არის”.