სიზმრების სამყარო, ალბათ, თითოეული ჩვენგანისთვის ნაცნობი, თუმცა რთულად გასაგები და ხშირად რთულად მისაღებიც არის.
ნატუკა გულისაშვილი: ძალიან ხშირად წამოვმდგარვარ და სიზმარი წყლისთვის გამიტანებია, რადგან არასასიამოვნო რაღაც დამსიზმრებია. ვერ ვიტყვი, რომ სიზმრები მიყვარს, უფრო მეშინია. ეს იმის ბრალია, რომ ორი ისეთი სიზმარი მაქვს ცხოვრებაში ნანახი, რომელიც ძალიან ცუდად ამიხდა და მთელი სიზუსტით მექცა რეალობად. ალბათ, ამის შემდეგ ჩამრჩა სიზმრების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება. ერთი ერთში დამესიზმრა მამაჩემის გარდაცვალება. მეორე დღეს ზუსტად ის მოხდა, რაც მე ღამით სიზმარში ვნახე. კახეთში ვიყავით. დამესიზმრა, რომ უცებ ჩვენი ალაყაფის კარი გაიღო და ძალიან ბევრი ხალხი შემოვიდა. ჩვენ სახლში ვიყავით. ხალხმა, რომელიც ჩვენთან შემოვიდა, სახლს წრე დაარტყეს, გავიდნენ და მათ გაჰყვა მამაჩემიც. მეორე დღეს, მე, მამაჩემი, დედაჩემი ყველანი სახლში ვიყავით და მოულოდნელად მამა გარდაიცვალა. მთელი თბილისი ჩამოვიდა ჩვენთან და მერე ჩვენ წამოვედით თბილისში, მამა გადმოვასვენეთ. ხომ არის სიზმარი, რომელიც შეიძლება, ან საერთოდ ვერ გაიხსენო, ან ნაწილობრივ, მაგრამ მე ეს სიზმარი უკვე ორმოცი წელია, ძალიან დეტალურად მახსოვს. მაშინ მხოლოდ ათი წლის ვიყავი, მაგრამ იმხელა განცდები მქონდა იმის გამო, რომ ყველაფერი ასეთი სიზუსტით ამიხდა, ჩემი გონებიდან არ ამოიშალა.
საოცრება იყო ჩემი მეორე სიზმარიც – მამაჩემის გარდაცვალებიდან ორმოცი დღე სრულდებოდა. სიზმარში ისევ მამა ვნახე. მოვიდა. ძალიან მინდოდა ჩავხუტებოდი, მაგრამ არ მეხუტებოდა. სადღაც მიდიოდა და ჩუმად უკან მივყვებოდი. გზა, რომელზეც მივდიოდით, უდაბნოსას ჰგავდა – ქვიშით და გვერდებზე ეკლის ბარდებით, რომლებსაც დროდადრო ვეფარებოდი, მამას რომ არ დავენახე. უცებ ხიდს მიადგა. ხიდის მეორე მხარეს დიდი ვერცხლისფერი კარი და სიმწვანე ჩანდა. სანამ ხიდზე გადავიდოდა, გამომხედა, ცალი წარბი ამიწია და მითხრა, ახლავე წადი აქედანო. თვითონ კი ხიდზე გადავიდა და მეც გამომეღვიძა. ეს სიზმარი რომ მოვყევი, ყველა მიხვდა, რომ ჩემი სიზმარი გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს სულის სხვა სამყაროში გადასვლას უკავშირდებოდა. ეს ჩემთვის ნამდვილი საოცრება იყო.
მე ძმაც გარდაცვლილი მყავს, რომელიც არასდროს დამსიზმრებია. სიზმარში პირველად სულ რამდენიმე თვის წინ ვნახე. ამ სიზმრიდან ძალიან მოკლე დროში, ძალიან სერიოზულ ავადმყოფობას გადავურჩი. ჩავთვალე, რომ ეს სიზმარი მისი მფარველობა იყო. თითქოს, თავის თავზე აიღო ჩემი გადარჩენა – მე ასე გავიგე. ეს სიზმარი 19 ნოემბერს, მისი გარდაცვალების დღეს, დამესიზმრა. ამ გამოცდილების შემდეგ, ვერ ვიტყვი, რომ სიზმრების არ მჯერა და ვფიქრობ, რომ სიზმრების მიმართ ჩემს შიშს ლოგიკური მიზეზი აქვს, ისევ და ისევ ამ მაგალითებიდან გამომდინარე.
პრემიერისა და გადაღების წინ არაერთხელ დამსიზმრებია, რომ სცენაზე ვდგავარ და ტექსტი მავიწყდება. ასეთი სიზმარი რეალობასთან კავშირშია, ვხედავთ იმას, რასაც ჩვენი გონება დასტრიალებს, მაგრამ ეს კიდევ სხვა არის.
– გარდაცვლილ ახლობელთან კონტაქტი გიგრძნიათ?
– ყოველთვის ვგრძნობ. ცოტა ხნის წინ, აღდგომის პერიოდში, მამიდები დამესიზმრნენ. მაშინ სიზმარში მხოლოდ მიცვალებულები ვნახე. ჩემს მამიდაშვილთან ვიყავი და ვუყვები ჩემს სიზმარს. მეუბნება, ახლა გაჩერდი, ნუ მაშაყირებ, ალბათ, მე მოგიყევი უკვე ჩემი სიზმარიო. აღმოჩნდა, რომ მასაც ანალოგიური სიზმარი უნახავს – ერთი და იგივე ადამიანები და თქვენ წარმოიდგინეთ, ერთნაირად ჩაცმულებიც კი. მამიდაშვილმა მითხრა: დილით რომ გავიღვიძე, მეზობელი შემოვიდა, მოხარშული ხორბალი მომაწოდა – დღეს მიცვალებულების დღე არისო.
მწამს, როცა ჩვენგან წასული, ჩვენი საყვარელი ადამიანები გენატრებიან ან მათ ვენატრებით, როდესაც გვიჭირს, როცა მათი მფარველობა განსაკუთრებულად გვჭირდება, ისინი ჩვენს განზომილებაში ხვდებიან და რაღაცას გვანიშნებენ – მე ამის მჯერა.
– როგორი ალღო გაქვთ?
– რაც მე მიყვარს და მაინტერესებს, იმისთვის ყველაფერს გავაკეთებ და აუცილებლად ავუღებ ალღოს. შეიძლება, არ გიყვარდეს რამე, მაგრამ ფულისთვის გააკეთო – მე ასე ვერ მოვიქცევი და ამის გამო ვბრაზდები ხოლმე ჩემს თავზე. მაგრამ როცა საქმე პირადულს ეხება, აქ არანაირი ალღო არ მაქვს და ძალიან ფრთხილად ვარ. საქმეს რომ ვიწყებ, ვცდილობ, ყველას არ ვუთხრა, რათა იქიდან არ წამოვიდეს უარყოფითი ენერგეტიკა. თუ მჯერა, რომ გამოვა, აუცილებლად გამოვა. ეს ჩემთვის საქმეში დადებითი მუხტის ჩადებას ნიშნავს.
– ადამიანების ამოცნობა მარტივად შეგიძლიათ?
– ადრე ძალიან ვენდობოდი ადამიანებს, მეგონა, რომ ყველა ალალი იყო. წლები დამჭირდა და ორმოცს რომ გადავაბიჯე, მერე მივხვდი, რომ ასე არ არის. ვეცადე და მსახიობის პროფესია დამეხმარა ადამიანების ამოცნობაში – მიმიკით, საუბრის მანერით და ასე შემდეგ. არაჩვეულებრივი გამონათქვამია – რაც უფრო ახლოს ვიცნობ ადამიანებს, მით უფრო მეტად მიყვარდება ცხოველები. ნელ-ნელა ამ მდგომარეობამდე მივდივარ.
– მკითხავთან თუ ყოფილხართ?
– ვაიმე, როგორ არა. ეს ჩემთვის ჰობი იყო. თუ კი ვინმე მკითხავი არსებობს, მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი ყველასთან დავდიოდით. ფრჩხილზე მკითხაობა და უარესი მარაზმიც რომ ყოფილიყო, გასართობად მაინც წავიდოდით. თუმცა, არასდროს დამმახსოვრებია, ის რას მეუბნებოდა. ამას იმდენად გართობის მიზნით ვაკეთებ, რომ ალბათ, ამიტომაც არ მამახსოვრდება. შეიძლება, მეშინია კიდეც და ძალიან სერიოზულთან არც მივსულვარ. გართობის მიზნით – კი ბატონო, მაგრამ თუ დავასერიოზულებთ, აუცილებლად სიფრთხილით მივუდგები ამ საკითხს.
– საბედოს დასანახად სარკეში თუ ჩაგიხედავთ?
– ეს რიტუალი ძალიან დიდი ხნის წინ სოფელში გავაკეთეთ გოგონებმა. წყალში ქორწინების ბეჭედი უნდა ჩაგეგდო და მერე სარკეში უნდა დაგენახა საბედო – თუ არ ვცდები, დეტალურად არ მახსოვს, მაგრამ კარგად მახსოვს, რაც დავინახე და ეს იყო ზღვის ლომი (იცინის). ძალიან არასერიოზული გამოვდექი, როცა ვთქვი, ზღვის ლომს ვხედავ-მეთქი, მაშინვე მითხრეს, გადი ახლა აქედანო. ბავშვობაში სულებიც გამოგვიძახებია თეფშით. თან ცოტა გვეშინოდა. მახსოვს, „ბირჟიდან“ წავედით გოგონები. შევედით ერთ-ერთის სახლში, მოვამზადეთ ყველაფერი და ვიძახებთ სტალინის სულს. ამ დროს ფანჯარასთან ატყდა ფაჩიფუჩი, მერე კაკუნის ხმა გავიგონეთ და ვინ ვის ვასწრებდით, აღარ ვიცოდით. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთის ძმა და მისი მეგობრები მოსულან ჩვენს შესაშინებლად. ასე დაგვრჩა სტალინი უყურადღებოდ (იცინის). კიდევ საფლავებზე დავრბოდით ღამით… ბავშვობა ასეთია, ახლა რა უნდა მომცე, რომ ღამე სასაფლაოზე წავიდე?! მაშინ შიშის გრძნობა არ გვქონდა, მით უმეტეს, ბევრი დავდიოდით ერთად.