რატომ დასჭირდათ გიორგი გასვიანსა და მარიტა მელიქიშვილს ათდღიანი განშორება

გიორგი გასვიანსა და მარიტა მელიქიშვილს წელს პირველი საერთო ზაფხული ჰქონდათ, რომელსაც ცოლ-ქმრის ამპლუაში შეხვდნენ, თუმცა მათი არდადეგები დასვენების ნაცვლად, საკმაოდ დატვირთული და საქმიანი გამოვიდა.

გიორგი გასვიანი: ზაფხული უკვე დასრულდა, მაგრამ მრავალი მიზეზის გამო მე და მარიტამ დავენება ვერ მოვახერხეთ. პირველი ის, რომ სახლში რემონტი დავიწყეთ, რამაც ჩემგან დიდი ძალისხმევა მოითხოვა და მარიტას ცოტა ხნით ბებიასთან მოუწია ყოფნა. „სთორებს“ ვეღარ ვდებდით ხოლმე და გვწერდნენ, სად დაიკარგეთ, რა ხდება თქვენს თავსო (იცინის). რემონტი 30 აგვისტოს დავამთავრე და როგორც იქნა, დავლაგდით. გარდა ამისა, პანდემიის გამოც არ გვინდოდა ზღვაზე წავსულიყავით დასასვენებლად. სურამში ვიყავით მარიტას დიდ ბებიასთან ჩასული ორი დღით, მანამდე ბათუმშიც ვიყავით ორი დღე, სანამ აქტიური სეზონი დაიწყებოდა. ახლა მარიტას სწავლა, მე კი გადაცემები მეწყება, მაგრამ მგონია, რომ შემოდგომას უფრო „შევირგებთ“. მთაში გვინდა წასვლა. სვანეთში მესტიის საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნა და დახურვა უნდა წამეყვანა და შესაბამისად, იქაც უნდა წავსულიყავით, მაგრამ კოვიდრეგულაციების გამო ეგეც ჩაიშალა.

– მარიტა, ცოტა გული არ დაგწყდა ამის გამო?

მარიტა მელიქიშვილი: არა, იმიტომ, რომ კოვიდის გამო ძალიან მეშინოდა. წელს ვერ დავისვენეთ, მაგრამ ამის გამო არ დამიწუწუნია. სამაგიეროდ, ახლა გალამაზებულ სახლში ვსხედვართ (იცინის). რემონტი დიდწილად გიორგიმ აიღო თავის თავზე, მაგრამ ერთად ვარჩევდით ბევრ რამეს. ბოლოს ფარდების ფერიც მე შევარჩიე. გიორგის მუქი ფერები უყვარს, მე ღია ვურჩიე და გაითვალისწინა. ახლა ორივე ძალიან კმაყოფილები ვართ.

– თუმცა რემონტის გამო ცოტა ხნით განშორებაც მოგიწიათ.

– კი, ათ დღეზე მეტი ცალ-ცალკე ვიყავით, მაგრამ გიორგი თითქმის ყოველდღე მოდიოდა ხოლმე ჩემთან. ეს იყო ჩვენი ყველაზე ხანგრძლივი განშორება. შეყვარებულობის პერიოდი გაგვახსენდა, 24 საათი ტელეფონზე ვიყავით ჩამოკიდებული და კიდევ ერთხელ მივხვდით, რომ ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია და არც გვინდა.

გიორგი: შევეცადე მარიტა მტვერს და არეულობას მომერიდებინა. თავიდან არ მიდიოდა, მაგრამ მერე, რომ მიხვდა, ასი ტომარა ნანგრევები იყო გასატანი, დამიჯერა (იცინის). მიუხედავად იმისა, რომ რემონტის გამო მე თვითონ მინდოდა წასულიყო, რომ წავიდა განვიცადე, სახლი დაცარიელდა. აბაზანა რომ გავაკეთეთ, მაშინვე დაბრუნდა.

– მარიტა, როგორც ჩანს, ძალიან მზრუნველი ქმარი გყავს. სხვა დროსაც ასეთია?

მარიტა: ძალიან მზრუნველია. რა პრობლემაც არ უნდა შემექმნას, ცდილობს, ისე მომაგვარებინოს, რომ მე ნაკლებად შემეხოს და მეტწილად თვითონ აიღოს საკუთარ თავზე.

– გიორგი, მარიტა როგორი ცოლია? იმის გამო, რომ ასაკით პატარაა, ალბათ, ბევრს ჰქონდა კითხვა, რამდენად გაუმკლავდებოდა ოჯახურ ცხოვრებას…

გიორგი: ძალიან კარგი მეუღლეა. ასაკობრივ სხვაობას სირთულეები არ გამოუწვევია და ეს რომ გაცნობიერებული არ გვქონოდა, არც დავქორწინდებოდით. მარიტა თუ პატარაა, მე ხომ დიდი ვარ და ორივე ერთად მივხვდებოდით, შევძლებდით თუ არა ერთად ცხოვრებას. ხაზგასასმელი ყველაფერი შორიდან ეჩვენებათ. თვითონ როცა აკეთებენ რამეს, ის არ უკვირთ. სხვა თუ აკეთებს რამე ისეთს, რასაც უმრავლესობა არა, ისე არჩევენ, როგორც ნებისმიერ გაპიარებულ საკითხს. რეალურად მგონია, რომ ეს არავის უკვირს, უბრალოდ, არიან ადამიანები, ვისაც გარკვეული თემებით მანიპულირება უყვართ. ჩვენ არ გვაწუხებს ეს თემა, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. ის, რომ მარიტას გარკვეული „გამოცდილებები“ არ აქვს, ჩემთვის გასაგებია, რადგან 19 წლის არის და ისე ვექცევი, როგორც ამ ასაკის ადამიანს და არა, მაგალითად როგორც 48 წლისას. არც მარიტა მომთხოვს ისეთ რამეს, რაც 19 წლის ბიჭისთვისაა აქტუალური. ეს ყველაფერი ძალიან ადეკვატურად ხდება და იდეალური ურთიერთობა გამოგვდის. სხვათა შორის, წყვილები, რომელთა შორისაც დიდი ასაკობრივი სხვაობა არის, ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ.

– მარიტა, როგორი აღმოჩნდა უცებ ყურადღების ცენტრში ყოფნა?

მარიტა: ძალიან კარგია, ქუჩაში რომ გავდივართ, ყველა სითბოთი და სიყვარულით გვხვდება და დღემდე გვილოცავენ გაბედნიერებას. მათი დადებითი განწყობა ძალიან კარგად მოქმედებს ჩემზე. ემოციური ვარ და კარგთან ერთად უარყოფითი დამოკიდებულებაც მაშინვე აისახება ჩემზე. სოციალურ ქსელშიც უფრო მეტად ფრთხილი გავხდი. პოსტის დადებამდე გიორგის უამრავჯერ ვეკითხები აზრს. არ მიყვარს „სთორების“ დადება და ხშირად მწერენ ხოლმე, იაქტიურეო. არ ვარ მიჩვეული აქტიურობას და ყოველთვის არც გამომდის, მაგრამ რადგან მწერენ, ვცდილობ, გავითვალისწინო და მოკლედ, სწავლის პროცესში ვარ (იცინის). თუმცა, ის ფაქტი, რომ გარეთ გასულები ადამიანებისგან დიდ სითბოს ვიღებთ, ძალიან მავსებს და მახარებს.

– გიორგი რომანტიკული ბიჭია? შეიცვალა დაქორწინების შემდეგ?

– შეიცვალა ის, რომ კიდევ უფრო მეტად თბილი და მოსიყვარულე გახდა. ორივე ძალიან რომანტიკული ვართ, მაგრამ სხვადასხვანაირად გამოვხატავთ. მე ძალიან მიყვარს გიორგისთვის სიურპრიზების მოწყობა. შეიძლება, ჩემთვის არაფერი ვიყიდო, მაგრამ გიორგის ყოველთვის უნდა ვუყიდო რაღაც. მას კი შეუძლია, დეტალებით გაგიფერადოს და გაგილამაზოს დღე – უცებ სურნელოვან სანთლებს აანთებს, ვარდის ფურცლებით გაალამაზებს გარემოს, აბაზანას მომიმზადებს ან გემრიელ საჭმელს. განსხვავებულად რომანტიკულია და მისეული გამოხატვის ფორმები ძალიან მომწონს.

– სახლის ამბებიც გამოსდის, არა?

– კი. ყველაფერი იცის, ძალიან მოწესრიგებულია, გემრიელ კერძებს ამზადებს. სახლში ყველა ძალიან მოწესრიგებული ვართ, მეც, რუსიკოც, რაჟიკოც და გიორგიც. დალაგება ყველას ძალიან გვიყვარს. გვსიამოვნებს, როცა ყველაფერი სუფთადაა.

– ძირითადად, რძალ-დედამთილს დაძაბული ურთიერთობა აქვთ ხოლმე. თქვენ თავიდანვე კარგად აეწყვეთ?

– ვერც გათხოვებამდე წარმომედგინა მსგავსი რამ და ვერც ახლა. ხალხი წერდა, ახალი ცოცხი კარგად გვის. ვნახოთ, ცოტა ხანში რას იტყვისო და ძალიან ბევრი ვიცინე ამაზე. მე და რუსიკოს არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, დედასავით ვუყურებ და სხვანაირად ვერც წარმომიდგენია.

გიორგი: ღმერთმა არც წარმოგადგენინოს (იცინის).

– „სთორებში“ ხშირად გეკითხებიან, რას ფიქრობთ შვილთან დაკავშირებითო…

მარიტა: ძალიან ხშირად მეკითხებიან და მართლა ვერ ვხვდები, რატომ ასეთი დოზით. ლაივში გასვლა საერთოდ შემაზიზღეს, სულ ერთი და იგივე კითხვა აქვთ. მე ამოჩემებული მაქვს, რომ ოთხი შვილი უნდა მყავდეს. რომ ამბობენ ხოლმე, „ამ მომენტისთვის ჯერ არ გვინდა და თავს ვიკავებთ“ – ჩვენ ეს მომენტი არ გვაქვს. როცა ღმერთი გვაჩუქებს, შვილი მაშინ გვეყოლება. მე ვფიქრობ, რომ ღმერთი მაშინ გჩუქნის შვილს, როცა მზად ხარ ამისთვის. არ მეშინია ამ სიახლის, ჩემი აზრით, გათხოვება და ცოლის მოყვანა უნდა მოიცავდეს შვილის გაჩენას და თავის შეკავება და ჯერ გართობაზე ფიქრი არსწორად მიმაჩნია. ქალსა და მამაკაცს უნდა შეეძლოს ნებისმიერ შემთხვევაში გამოყონ საჭირო დრო ბავშვისთვის, თუმცა ეს ჩემი აზრია და თავს არავის ვახვევ.

– გიორგი, გამომდინარე იქიდან, რომ დედისერთა ხარ, შენც უნდა გინდოდეს ბევრი შვილი.

გიორგი: მინიმუმ, ორი რომ მინდა, ამას წყალი არ გაუვა. მეტი თუ იქნება, ძალიან კარგი. წინასწარ არ ვამბობ ოთხი ან ექვსი მინდა-მეთქი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამდენი არ მეყოლება. ყველაფერი ბუნებრივი მიყვარს. დღეს მსახიობი და ტელეწამყვანი ვარ, მაგრამ ჩემი თვითმიზანი არასდროს ყოფილა პოპულარობა, ეს თავისთავად მოხდა. ამას ძალიან გულწრფელად ვამბობ. როცა რამეს თვითმიზნად ვისახავ, იმას უფრო ვერ ვაღწევ. მაგრამ, როცა ამის გარეშე, თავისუფლად ვაკეთებ საყვარელ საქმეს, მაშინ უფრო მოდის წარმატება. მგონია, რომ ოჯახურ ცხოვრებაშიც ასე იქნება.

მარიტა: ჩვენს ურთიერთობაშიც ასე მოხდა. არც კი გვიფიქრია, რომ დავოჯახდებოდით და ასე უფრო კარგად, უფრო მარტივად, სწრაფად და თავისუფლად აეწყო ყველაფერი. გიორგიმ შემივსო შინაგანი სამყარო, მასთან სითბოსა და სიყვარულის გამოხტვა ვისწავლე, შიშის გრძნობა გამიქრო. მე ძალიან მშიშარა ვარ, ყველაფრის მეშინია, მათ შორის მომავლის, საოცრად სენსიტიური ვარ. გიორგი სულ იმაზე ზრუნავს, რომ ეს დამაძლევინოს, რომ უფრო ლაღად და ბედნიერად ვიცხოვრო. ცოტა რთულად, მაგრამ ნელ-ნელა აღწევს მიზანს (იცინის). ეს ძალიან მახარებს, რადგან შიშმა შესაძლოა, უკან დამხიოს. გიორგისთან გამოღვიძების მომენტი მაქვს, ის არის ზუსტად ის ადამიანი, ვინც ბევრი რამის გაკეთების სურვილს გაგიღვიძებს.

– რას ფიქრობ მომავალზე?

– თეატრალურში ვსწავლობ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და ძალიან მომწონს. ზუსტად დღეს გამომიგზავნეს მეორე კურსის ცხრილი. მომავალზე რომ ვფიქრობ, ცოტა მეშინია, თან, არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო. გადაწყვეტილებებს დროდადრო ბუნებრივად მივიღებ. მირჩევნია, ასე მოვიქცე, ვიდრე წინასწარ დავგეგმო ათასჯერ და საჭირო დროს შემეშინდეს ნაბიჯის გადადგმის. ჟურნალისტობა მინდა, მაგრამ ტელევიზია ნაკლებად მიზიდავს. ძალიან მიყვარს წერა. წერა და ხატვა არის ჩემთვის განცდების გადმოცემის საუკეთესო საშუალება. განსაკუთრებული მუზა მჭირდება. შეიძლება, ერთი წელი არაფერი დავხატო, მაგრამ ერთ დღეს ძალიან მომინდეს და იმ დღემ საოცრად ნაყოფიერად ჩაიაროს. ეს ემოციებისგან დაცლაში მეხმარება. ასეა წერის დროსაც, ამიტომ ვფიქრობ, რომ ტელევიზიაზე მეტად ეს მინდა, თუმცა ჯერ ბოლომდე ვერ ჩამოვყალიბდი. რაც შეეხება თემას, პოლიტიკისგან ძალიან შორს ვარ, ჩემი თავი უფრო კულტურის სფეროში წარმომიდგენია. ხატვას რაც შეეხება, ეს ჩემი ჩუმი სამყაროა, ამის პროფესიად ქცევას არ ვაპირებ. ლექსებსაც ვწერდი და ამასაც განსაკუთრებული მუზა სჭირდება. ერთხელ ღამე გავათენე და სამი ლექსი დავწერე (იცინის).