ბლიცინტერვიუ სალომე ბაკურაძესთან 👇
სახელი: სალომე.
გვარი: ბაკურაძე.
პროფესია: მომღერალი.
– მოგონება ბავშვობიდან…
– მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბავშვობა რთულ პერიოდს, 90-იან წლებს დაემთხვა, მაშინ მაინც ყველაფერი ძალიან ლაღი და სიმღერით, მუსიკით, მეგობრებით სავსე იყო. რაც კი ლამაზად მახსენდება, ბავშვობიდანაა. ჩემი ყველაზე კარგი მოგონება არის კონცერტები, ის სტუდია, სადაც ვმღეროდი, ბორჯომის ფესტივალზე სიარული…
– მშობლების როლი…
– უდიდესია დედის როლი, რადგან სამწუხაროდ, მამა რომ გარდაიცვალა 9 წლის ვიყავი. 90-იანების რთულ პერიოდს ჩემი ოჯახის ტრაგედია დაემატა, მაგრამ დედამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამას ჩემზე ცუდი კვალი არ დაეტოვებინა. მატარებდა იმ დროისთვის საუკეთესო მუსიკის მასწავლებელთან, მიშვებდა ყველა გასტროლზე და მოკლედ, მაქსიმალურად მიწყობდა ხელს განვითარებაში. მამას სახელი კი დღემდე საამაყოდ მომყვება.
– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი…
– დაწყებითი კლასებში ფანტასტიკური პედაგოგი მყავდა, რომელთან კონტაქტი დღემდე მაქვს და უდიდეს პატივს ვცემ. წერა რომ ვისწავლეთ, შეგვავსებინა კითხვარი, რომელიც სკოლის დამთავრების შემდეგ გადმოგვცა. იქ მიწერია: „მინდა გამოვიდე მასწავლებელი ან ექიმი“. ექიმი არ გავხდი, მაგრამ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ვმუშაობ და რაც შეეხება პედაგოგობას, ძალიან პატარა ასაკში დავიწყე მუსიკის განხრით. გამოვიდა, რომ ჩემი ცხოვრება ორივე პროფესიას დავუკავშირე.
– ჩემი მეტსახელი…
– ცხოვრების რაღაც ეტაპზე, ჩემი თმის გამო, „ბუჩქის“ მეძახდნენ.
– ადამიანში ვაფასებ…
– სიმართლესა და თავისუფლებას. ზოგადად, ადამიანში ბევრ რამეს ვაფასებ და ძალიან მიყვარს, როცა იუმორის გრძნობა აქვს, მაგრამ ნებისმიერი ჯანსაღი ურთიერთობის გასაგრძელებლად ყველაფერი სამართლიანობაზეა დამოკიდებული. მიყვარს ხალისიანი ადამიანები და ქედს ვიხრი ნიჭიერების წინაშე. ნიჭიერებას ტირილამდე მივყავარ, რაც ყველაზე მეტად გულს მიჩუყებს, ნიჭიერი ადამიანია, განურჩევლად სფეროსი.
– წარმატებული ადამიანი არის…
– ყველა, ვინც საყვარელ საქმეს აკეთებს და ის, ვისაც შესაძლოა, არ უყვარდეს ის საქმე, რომელსაც აკეთებს, მაგრამ მუშაობის პროცესში იყვარებს და ის აუცილებლად გულით გააკეთებს მას. წარმატებული ადამიანი კეთილია და კარგი ხასიათი აქვს, რადგან ეს წარმატების უმნიშვნელოვანესი ნაწილია – მას არ სცალია სხვაზე დასაბოღმად,
– მწამს…
– ბევრი რამის. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს. მწამს ადამიანური ურთიერთობების, სიყვარულის, მეგობრობის…
– მეშინია…
– არ მიყვარს მარტო ყოფნა, მაგრამ არა იმიტომ, რომ მეშინია. უბრალოდ, არასასიამოვნოა, როცა ვიცი, შეიძლება, სახლში მარტო დავრჩე. დაბერების მეშინია-მეთქი არა, მაგრამ ერთი-ორი ჭაღარა აღმოვაჩინე და ძალიან არ მომეწონა, თუმცა ამ ჩემს აბურდულ თმაში ისე დაიმალა დღემდე არ ჩანს. მეშინია ბოროტი ადამიანების, რადგან ყველაფერზე წამსვლელები არიან.
– მაბედნიერებს…
– ბედნიერებისთვის განსაკუთრებული მიზეზი არ მჭირდება, რადგან ის დეტალებშია. შეიძლება, ახალმა ნივთმა გამაბედნიეროს, ვიღაცის წარმატებამ, ახალმა სიმღერამ. მაბედნიერებს მოგზაურობა, შოპინგი და კიდევ ბევრი რამ. ვცდილობ, ეს ბედნიერებები არ მოვიკლო, მით უმეტეს, ამ სტრესულ გარემოში და ორიენტირებული ვიყო ცხოვრების გაფერადებაზე.
– ვრისკავ…
– ხანდახან. არის შემთხვევა, როცა საკუთარ თავს ვეჯიკავები: ეს უნდა გამერისკა და გამეკეთებია-მეთქი, რადგან გარისკვისას არასოდეს წამიგია. ზოგჯერ ბევრს ვფიქრობ შედეგზე, რეალისტი ვარ და სწორი გადაწყვეტილების მისაღებად დრო მჭირდება. ურთიერთგამომრიცხავია, მაგრამ ზომიერად ვრისკავ ხოლმე და თუ რისკი არ ამართლებს, ამაზეც დიდად არ ვდარდობ.
– მაკვირვებს…
– კარგად რომ მღერის, ცეკვავს არ მაკვირვებს, რადგან ვფიქრობ, ეს ის ნიჭია, რომელიც თავად გირჩევს, აი, ტექნიკურ საგნებს რომ ძალიან კარგად სწავლობენ, ეს სასიამოვნოდ მაკვირვებს და უდიდეს პატივს ვცემ მათ. ბანკის თანამშრომლებს ხშირად ვაქებ ხოლმე, ისინი კიდევ მეუბნებიან: აქ შენც რომ დაჯდე, ისწავლიო… წარმოუდგენლად მიმაჩნია!
– ვერიდები…
– ყოველთვის ვერიდები ზედმეტ რაღაცებს, მათ შორის ურთიერთობებშიც. ვცდილობ, ზომიერი ვიყო, ვინმეს ზედმეტად არ მოვხვდე თვალში, თავი არ მოვაბეზრო და ასე შემდეგ. ასევე, ვერიდები 6 საათის მერე ჭამასაც (იცინის).
– დღევანდელ საზოგადოებაში მაკლია…
– ჩახუტება. ძალიან მიყვარს თბილი ურთიერთობები და ეს ორი წელია, ამის დანაკლისი მაქვს.
– ბედისწერა…
– მჯერა მისი არსებობის. როცა რაღაცები გამოგვდის ან არ გამოგვდის, მერე ვარქმევთ ამ ამბავს ბედისწერას. იმასაც ვეთანხმები, რომ თავადაც შეგვიძლია, ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები შევცვალოთ, მაგრამ ვფიქრობ, რაც ძირითადია, იმას ვერ შევცვლით. ის კი, რასაც ვერ ვცვლით, ბედისწერა მგონია.
– სიცოცხლე არ ღირს…
– ბანალური ვიქნები – უსიყვარულოდ. მართლა ასეა, რადგან ყველაფერშია სიყვარული. შვილის გარეშე არ ღირს ცხოვრება, სანამ არ გყავს, ამ დანაკლისს დიდად ვერ გრძნობ, მაგრამ როცა მშობელი ხდები, ფიქრობ, რომ მის დაბადებამდე რაც იცხოვრე, არაფერი იყო.
– რთული პერიოდი…
– ისეთი პერიოდი, რომ ვთქვა, დეპრესიაში ვიყავი და ძლივს გამოვედი-მეთქი, არ მქონია, მიუხედავად იმისა, რომ ვიავადმყოფე კიდეც. აქეთ ვაწყნარებდი ჩემ ირგვლივ ყველას, რომ საგანგაშო არაფერი მჭირდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა. თვითონ ჩემი ხასიათი არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ დიდხანს ვიყო ცუდად – მწყინდება და მაშინვე ვიწყებ გამოსავალზე ფიქრს.
– სიყვარული…
– არის გრძნობა, რომელიც ყველგან და ყველაფერშია – საქმეში, ადამიანებში და მოქმედებაში… მთავარი მამოძრავებელია, ის, რაც საქმეს გაკეთებინებს, გაცოცხლებს, გაძლიერებს, გაძლევს სიხარულისა და ბედნიერების განცდას…
– დრო და სიყვარული…
– დროსთან ერთად რაღაცები სხვა ეტაპზე გადადის, მეტი საზრუნავი და საერთო საქმე ჩნდება, მაგრამ სიყვარული არ ქრება, არ ხუნდება. პირიქით, ციხესიმაგრესავით მყარი და ერთიანი ხდება ეს გრძნობა, ბევრად საიმედო. დროსთან ერთად იცვლება ბევრი რამე და ეს გრძნობაც ისეთივე აღარაა, როგორც პირველ ჯერზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გახუნებული და გასაცოდავებულია.
– ის, რაც უპატიებელია…
– არ ვიცი, გარკვეულ სიტუაციაში როგორ მოვიქცევი და რთულია ამ თემაზე წინასწარ საუბარი. ნებისმიერი რამე შეიძლება აპატიო ადამიანს, თუ კი ხედავ, რომ მისი მხრიდან სინანული არის ან არ აპატიო. გააჩნია, თავად რამდენად გინდა ეს. ნებისმიერ დროს შეგიძლია, წერტილი დასვა იმის გამო, რაც შენთვის მიუღებელია, მაგრამ თუ შენ გინდა, ეს მიუღებელი აპატიო, მაშინ რატომაც არა.
– შემშურებია…
– მე და ჩემი დაქალები რესტორნიდან ან კლუბიდან რომ წამოვიდოდით, მე სალათის ნაჭამი ვკვდებოდი და ისინი კიდევ „მაკდონალდსის“ „დრაივზე“ მაჩერებინებდნენ… მშურდა, როგორ არა! (იცინის) ბოროტი შურით არასოდეს შემშურებია, რადგან მიმაჩნია, რომ ცხოვრებაში ყველას თავისი წარმატების გზა აქვს, მისი კუთვნილი რაღაცები. ვცდილობ, ადამიანის წარმატება ისე გავითავისო, როგორც ჩემი და მერე ჩემკენაც მოვიზიდო.
– ბოდიშის მოხდა…
– ყველაზე ადვილი ჩემთვის ბოდიშის მოხდაა. თუ კი ვიგრძენი, დამნაშავე ვარ, მარტივად ვიხდი ბოდიშს.
– ვნანობ…
– იმას, რომ ბევრი უცხო ენა არ ვისწავლე და ამ საქმეს მეტი დრო არ დავუთმე. ეს მაქვს სანანებელი და თუმცა, მგონია, გვიანი არც ახლაა.
– ვაგროვებ…
– სანტის სათამაშოებს ვაგროვებ, მარველის ფიგურებს. ბავშვობაში ხან რას ვაგროვებდი, ხან – რას, მაგრამ დიდი კოლექციონერი არ ვარ. მწყინდება.
– არასოდეს დამავიწყდება…
– ყველა გამარჯვება და წარმატება, რომელიც ჩემს კარეირას უკავშირდება; სანტის დაბადება, ჩემს მეუღლესთან შეხვედრა… არის მომენტები, რომლებიც სულ მახსოვს და გაფიქრებაზე ახლაც სასიამოვნოდ მეღიმება.
– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს…
– დედაჩემმა მითხრა და სულ მახსოვს, რაც უნდა რთულ მდგომარეობაში იყო, არასოდეს მომატყუო. მირჩევნია, სიმართლით გული მატკინო, ვიდრე ტყუილით შემიმსუბუქოო. ამიტომ სულ ვცდილობ, სიმართლე ვთქვა და არ მიყვარს მატყუარა ადამიანები.