“რა მჭირს, რატომ ვიხრჩობიო, მეკითხებიან… პალატიდან გამოსვლას ვერ ვასწრებ, რომ სატურაცია ნახევრდება”

ახალგაზრდა ექიმი გივიკო გიორგაძე იმ კოშმარზე წერს, რასაც კლინიკაში ყოველდღე უყურებს.

,,დღეს, როგორც ყოველთვის, კოვიდ თერაპიაში ვმორიგეობ, 10 ერთმანეთზე მძიმე პაციენტი მყავს, პალატიდან გამოსვლას ვერ ვასწრებ, რომ სატურაცია ნახევრდება, სუნთქვა უხშირდებათ და ერთიანად ფითრდებიან: ,,რა მჭირს? რატომ ვიხრჩობი?” –  ამ კითხვაზე პასუხი ყოველთვის ერთია: ,,თქვენ კოვიდი გაქვთ!”. თუმცა ცხადია, ამას პაციენტს ვერ ეტყვი: ,,არაფერია, კარგად იქნებით!”- და ვცდილობ, საკმაოდ მძიმე წონის ბებოები და პაპები მუცელზე ამოვატრიალო, ზურგზე ხელი იმ იმედით და იქამდე ვურტყა, სანამ კარდიომონიტორზე სატურაციის მაჩვენებელი თუნდაც ერთი, უმნიშვმელო რიცხვით მაინც არ მოიმატებს და დღის განმავლობაში ალბათ ათასჯერ ან ათიათასჯერ მაინც არ გავიმარჯვებთ სიკვდილზე, თუმცა ხანდახან ვმარცხდებით… აი, მაგალითად, როგორც დღეს…

მხოლოდ ერთი დღე იცხოვრეთ ჩვენი ცხოვრებით, მხოლოდ ერთი დღე ადევნეთ თვალი ამ ქაოსსა და გაუგებრობას და შემდეგ აქედან წასულებმა გააგრძელეთ ცხოვერება ჩვეულებრივ, ისევ ჩვეულებრივ გაუღიმეთ ოჯახის წევრებს და გაიხსენეთ ის უკანასკნელი შეხვედრა, სადაც ნიღბის გარეშე, აუცრელები არღვევდით წესებს და ვიღაცის ქორწილს ან დაბადების დღეს ყოველი წესის დარღვევით აღნიშნავდით.

ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ ჩვენ კი – გამძლეობა, რომ დიდხანს ვიდგეთ თქვენი სიცოცხლის სადარაჯოზე!” – წერს გივიკო გიორგაძე.