“საკუთარი თავისთვის ზედმეტი ფუფუნების უფლება არასდროს მიმიცია”

ფინანსების პრაგმატულად გამოყენება რომ მარტივი არ არის და საჭიროებებზე მის სწორად გადანაწილებას კარგად დაფიქრება და შეიძლება ითქვას, ნიჭიც სჭირდება, ამაში, ალბათ, დამეთანხმებით. მომღერალი ლაშა ღლონტი გაგვიზიარებს საკუთარ მიდგომებს ამ საკითხთან დაკავშირებით და საკუთარ წარმატების ფორმულაზეც მოგვიყვება.

ლაშა ღლონტი: ვფიქრობ, რომ ფული საჭირო აუცილებლობაა და არა ფუფუნებისა და განცხრომის საშუალება. პირველად მისი გამომუშავება სტუდენტობისას შევძელი. სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, სტაჟირებას გავდიოდი და პირველი ხელფასი იქ ავიღე, როგორც სანიტარმა. გადავწყვიტე, მშობლები გამეხარებინა, ბაზარში წავედი და საჭირო პროდუქტი შევიძინე. მინდოდა, მეჩვენებინა, რომ უკვე მეც შემეძლო ოჯახში დოვლათის შემოტანა.

– ფულის შოვნის მარიფათი გაქვთ?

– ეს უფრო იმ ადამიანებს უნდა ჰკითხოთ, ვინც მართლა შოულობს ფულს (იცინის). მე ვფიქრობ, რომ ბედნიერია ადამიანი, ვინც ფულს იმ საქმით შოულობს, რომელიც უყვარს. ეს ძალიან კარგია. ჩემთვის არ არის საინტერესო შემოსავალი, რომელიც შეიძლება, იმ საქმისგან მივიღო, რაც მე არ მიყვარს და სიამოვნებას არ მანიჭებს. როცა ფულს ვიღაცისთვის გარკვეული მომსახურების გაწევაში იღებ, ეს მომსახურება აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს, რადგან შენ ამაში ანაზღაურებას გაძლევენ. პატიოსანი შრომის ანაზღაურება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამას „ფულის შოვნას“ არ დავარქმევდი.

– გაქვთ იმის უნარი, რომ ბევრი გამოიმუშაოთ?

– მე შემიძლია, გამოვიმუშავო ბევრი ფული, ეს რთული არ არის, მაგრამ უნდა გსიამოვნებდეს საქმის კეთება, რომელიც შემოსავალს გაძლევს. ფულის შოვნის ბევრი მეთოდი არსებობს, მაგრამ მე ბევრ რამეს არ გავაკეთებ, არ მინდა. არსებობს პრინციპული საკითხები და წითელი ხაზები, რომელსაც არ გადავკვეთ. არ ვგულისხმობ ბანდიტიზმსა და არაკანონიერ გზებს, მაგრამ არსებობს გარკვეული კომპრომისები, რომლებზეც მე არასდროს წავალ.

– რაღაცებს უკადრისობთ თუ ყველა საქმის კეთება შეგიძლიათ?

– როცა სტუდენტი ვიყავი და გაგვიჭირდა, ჩემი პატარა ჯიხურიც გავაკეთე და გიტარის დაკვრასაც ვასწავლიდი ბავშვებს – მე არაფერი მითაკილია. შრომა არასდროსაა სათაკილო, მე ასე ვფიქრობ და მიხარია, რომ მომავალი თაობა ამ აზრზეა. პატარა ბიზნესი მაქვს და ჩემი სტაფი, რომელიც ახალგაზრდებისგან შედგება, ამ მენტალიტეტისაა, ეს ძალიან მიხარია. მე ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას შრომით მივაღწიე და თუ საჭიროა, ახლაც ვათრევ ტომარას.

– რაში გაგიფლანგავთ ფული?

– მე არასდროს მინანია ფულის დახარჯვა. საბედნიეროდ, მაქვს იმის ნიჭი, სწორად განვსაზღვრო, რაში უნდა დავხარჯო და რაში – არა. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს რაც გსიამოვნებს, რაც გიხარია და გიყვარს, ფული იმაში უნდა დახარჯო. ზოგჯერ მსიამოვნებს, გაჭირვებულს რომ ვეხმარები და როცა ამის საშუალება მაქვს, თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. ხანდახან დასასვენებლად მივდივარ. არასდროს გამიფლანგავს ფული, არ ვცხოვრობ ისე და არ მაქვს იმდენი, რომ ვფლანგო. ყოველთვის მიზანმიმართულად და ზომიერად ვხარჯავ.

– საკუთარი თავისთვის ზედმეტი ფუფუნების უფლება არ მიგიციათ?

– არა, საკუთარი თავისთვის ზედმეტი ფუფუნების უფლება არასდროს მიმიცია. მაგალითად, ჩემთვის ფუფუნება არის კარგ კონცერტზე წასვლა და ბილეთში ძალიან ძვირის გადახდა. გააჩნია რა არის ფუფუნება სხვა ადამიანისთვის. მე თუ ავტომობილების ფანი არ ვარ, ზედმეტ ფუფუნებად მიმაჩნია საქართველოში ძალიან ძვირად ღირებული ავტომობილის ყიდვა. მაგრამ თუ ფანი ვარ, იცვლება მოცემულობა. მე სხვის დასანახავად ბოლო მოდელის „მერსედესს“ ნამდვილად არ ვიყიდი, მაგრამ არც დანგრეული მანქანით ვივლი. საშუალო ბრენდის კარგ მანქანას ავარჩევ, რომელიც კარგად მომემსახურება. როდესაც ქვეყანაში ამდენი გაჭირვებული ადამიანია, მორალი არ გაძლევს საშუალებას ზედმეტი გააკეთო საკუთარი თავისთვის. არასდროს უნდა იფიქრო მხოლოდ საკუთარ თავზე. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველას უნდა დაეხმარო, ვინც გთხოვს. სწორად გამიგეთ, ფული და დახმარება შეიძლება, ძალიან ბევრმა გთხოვოს, სრულიად უცნობმაც კი და ასეც ხდება ჩემთან, მაგრამ მილიონერი არავინაა და ჩვენს ქვეყანაში დღეს ასე თუ ისე, ყველა მოკრძალებულად ვცხოვრობთ.

– როცა ადამიანი ეკრანზე ჩანს, თან რამდენიმე პროფესიით იცნობენ და ისიც იციან, რომ ბიზნესი აქვს, ალბათ, ძალიან დიდია ფულის მთხოვნელთა რაოდენობა.

– ნამდვილად. ძალიან ბევრჯერ მიმიცია და მერე აღმოჩენილა, რომ მოვუტყუებივარ და ისე სულაც არ უჭირს, როგორც მითხრა. ბევრჯერ ჩემი სახელით ვიღაცისთვის გამოურთმევიათ ფული. როცა ტელევიზიით ჩანხარ, ადამიანებს ჰგონიათ, რომ ძალიან კარგად ცხოვრობ. მე ყოველთვის ვცდილობ, გავიგო, რეალურად უჭირს თუ არა ადამიანს, რომელიც დახმარებას მთხოვს და ამის მიხედვით მივიღო გადაწყვეტილება. თუმცა, დღეში ოცი კაცი რომ დაგირეკავს, რამდენი უნდა გქონდეს, რომ ყველას დაეხმარო?! როგორ გულითაც უნდა მინდოდეს, ყველას ნამდვილად ვერ დავეხმარები და ზოგს ვეუბნები, რომ მივალ და საქველმოქმედო კონცერტზე ვუმღერებ, ან ჩემთან დავაწყებინებ მუშაობას. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ითხოვს ფულს და მე მირჩევნია ის ადამიანი წავიყვანო და ჩემთან მიმტანად ან სხვა პოზიციაზე დავაწყებინო მუშაობა, თუ ამის საშუალება მაქვს, ან მეგობრებს ვთხოვო იგივე, ყოველთვის არ არის იმის საშუალება, რომ ადამიანებს ფინანსურად დაეხმარო. საერთოდ, დახმარება ნებაყოფლობითია. წარმოიდგინეთ, ოცმა მეგობარმა ერთ დღეს დაგირეკათ და დახმარება გთხოვეს, რას იზამდით? ადამიანმა ყოველთვის უნდა დააყენო საკუთარი თავი სხვის ადგილას და პირიქით. მხოლოდ საკუთარი პოზიციიდან არ უნდა აფასებდე. როცა ფულს აბსოლუტურად უცხო ადამიანი გთხოვს, ეს მე ცოტა უტაქტობად მიმაჩნია. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მართლა ძალიან უჭირთ, მაგრამ არასდროს არავის არაფერს სთხოვენ. როცა ასეთი ადამიანები გყავს გარშემო, თხოვნა არ გჭირდება ისე ეხმარები.

– ალბათ ფულის სასესხებლადაც ხშირად მოგმართავენ.

– მე ვიცი, რომ როცა ადამიანი ჩემთან მოდის ვალის ასაღებად, ის ფული უნდა ვაჩუქო. ფულის სესხება რომ უნდოდეს ამისთვის ბანკი არსებობს, თუმცა მეორე საკითხია ის, რომ ბანკში ყოველთვის ვერ აიღებს ვალს. ცოტა უხერხულია ჩემთვის ამაზე საუბარი, მაგრამ ერთმა მეგობარმა მაჩუქა ავტომობილი. მეორემ დაინახა, რომ კარგი ავტომობილი მყავს და ჰგონია, რომ ბევრი ფული მაქვს. მოვიდა და მთხოვა. როგორ ავუხსნა, რომ მე არ მაქვს ამდენი ფული. რეალურადაც ასე მოხდა და ძალიან ბევრს ვერ დავაჯერე, რომ ეს ავტომობილი მე არ შემიძენია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცნობადი ადამიანი ვარ, მე ამდენი ფული არ მაქვს. ცნობად ადამიანს საქართველოში საიდან უნდა ჰქონდეს დიდი ფული? ხომ უნდა დაუსვა ადამიანმა თავს ეს კითხვა?! მე ორი პატარა კაფე მაქვს და ვიღაცამ შეიძლება, იკითხოს – კაფე გაქვს და ფული როგორ არ გაქვსო? ამდენი ხანია, პანდემიაა და ყველაფერი რომ განადგურდა, მაშინ არ გახსოვდა, რომ კაფე მქონდა და არ ფიქრობ, რომ მეც შემეხო ეს პრობლემა?! კარგი იქნება, თუ საკუთარ თავებს სხვის ადგილას დავაყენებთ ხოლმე.

– თქვენ არ დაგჭირვებიათ დიდი ვალის აღება?

– არა, ასე არასდროს გამირისკავს. დიდ ვალს რომ იღებ, დიდი შესაძლებლობები უნდა გქონდეს, ეს მე არ მქონია. ჩვეულებრივი მცხოვრები ვარ, შეიძლება, ძალიან არ მიჭირდეს, თუმცა ეგ დროც იყო. ძალიან მიჭირდა და ყველაფერი ჩემი შრომითა და წვალებით გავაკეთე. გათენებული ღამეებით შევძელი, მიმეღწია იმისთვის, რომ დღეს მაქვს ის, რაც აუცილებელია ნორმალური ცხოვრებისთვის. ფულის სესხება საერთოდ არ მიყვარს. მირჩევნია, წავიდე და ფიზიკურად ვიმუშაო საჭირო თანხის გამოსამუშავებლად, ვიდრე ვინმეს ვთხოვო. არ მაქვს ყველი, კარაქიან პურს შევჭამ. არ მაქვს კარაქიანი პური? მარტო პურს შევჭამ. ასეთი რამ ადრე ბევრჯერ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში.

ჩემთან სამსახურში არაერთხელ, როცა სტაფის აყვანა მინდოდა, ძალიან ბევრი კადრის პოვნა გამიჭირდა. ვაკანსია მქონდა, მაგრამ კადრი არ ჩანდა. მაგიდის გადასაწმენდად ვერ ვნახე ადამიანი. ხომ ელემენტარულია, მაგრამ არ უნდათ, ეთაკილებათ. ძალიან რთული იყო მზარეულის პოვნაც. არადა, რომ იკითხოთ, სამსახურები არ არის. ბევრ რამეს უკადრისობენ, მაგრამ შემდეგ წავლენ ამერიკაში და იქ იმავეს გააკეთებენ. მართალია იქ მეტს უხდიან, მაგრამ დაიწყე აქედან და იქნებ წასვლა აღარ დაგჭირდეს?! შრომა არასდროს არის სათაკილო და ვინც შრომობს, იმან კიდეც უნდა მიიღოს ადეკვატური ანაზღაურება. როცა შესაბამისი კადრი ვერ ვიპოვე, მივედი და მე გადავწმინდე მაგიდა. ადამიანმა არაფერი არ უნდა ითაკილო. მე აქამდე მოსასვლელად ძალიან ბევრი ვიშრომე, მართლა ბევრი ტკივილი გადავიტანე და საერთოდ, მგონია, რომ უშრომელად არავის არაფერი მიუღია.

– რა თვისებები სჭირდება ადამიანს ნორმალურად ცხოვრებისთვის?

– შრომისმოყვარეობა და გულწრფელობა. აუცილებელია ობიექტურობაც. ადამიანის დახმარება, რომელსაც შრომა შეუძლია და არ შრომობს, როგორ არ შეიძლება, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ჯობს იმ ადამიანს დაეხმარო, ვისაც შრომა არ შეუძლია და მართლა უჭირს. ზოგს არც უჭირს და მაინც გთხოვს დახმარებას. ჯან-ღონით სავსე ადამიანს, რომელსაც მუშაობა შეუძლია, მაგრამ ამის ნაცვლად სხვას სთხოვს დახმარებას, მე ვერ ვცემ პატივს. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა იძინოს ადამიანმა ორ საათამდე, თუ ღამენათევი არ არის და მძიმე ფიზიკური შრომა არ უწევს. მე, მიუხედავად იმისა, რომ დიდი წონა მაქვს, ძალიან ბევრს ვშრომობ და ვმოძრაობ, მაგრამ გურმანი ვარ და ჩემი წონა ამის დამსახურებაა (იცინის). ასე რომ, შრომა – მე ეს მგონია, ყველაფერზე მნიშვნელოვანი.