საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას, მეუღლე, ანა ჯაბაური ორი წლის განმავლობაში ერთი წუთითაც არ მოშორებია მეუღლეს, მასთან ერთად იბრძოდა სიცოცხლის თითოეული წამისთვის. გერმანიაში შესთავაზეს, კლინიკასთან ახლომდებარე სასტუმროში ღამით მაინც გადასულიყო, რომ რამდენიმე საათით ადამიანურად დაესვენა და დაეძინა, მაგრამ კატეგორიულ უარს აცხადებდა, რადგან თვლიდა, რომ მისი ყოფნა ცოტნეს პალატაში მის ქმარს მოტივაციას უჩენდა სიკვდილ-სიცოცხლის დაუნდობელ ომში.
სამშობლოში დაბრუნებულ წყვილს ბევრი პრობლემა დახვდა. ქალბატონმა ანამ ,,სარკეს” ამ ორწლიან ბრძოლაზე უამბო.
-აღფრთოვანებული ვარ თქვენი სიძლიერით. ბევრი ქალი ამას ვერ შეძლებდა.
– როცა მეუბნებიან ან მწერენ, რომ განსაკუთრებულად ვიქცევი და გმირობას ჩავდივარ, მიკვირს. მე მიყვარს ცოტნე, ახლა უფრო განსაკუთრებულად. ჩვენ აბსოლუტურად ჰარმონიულად ვიყავით ერთმანეთთან. იმ დილით ცოტნეს ჩავეხუტე და კოცნით გავაცილე. როგორ შემეძლო, საყვარელი ადამიანის გვერდით უკიდურესად მძიმე ჟამს არ ვყოფილიყავი?! როგორ შემეძლო, ჩემი მზრუნველობის გარეშე დამეტოვებინა თუნდაც ერთი საათით?! მას ხომ ძალას ჩემი სიახლოვე აძლევდა.
ძალიან მძიმედ როცა იყო და დახუჭული თვალებიდან ცრემლი ჩამოსდიოდა, ჩემი ხელის შეხებაზე მშვიდდებოდა და იღიმებოდა. სიყვარულს უდიდესი ძალა აქვს, ჩვენ ვიცით, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ. სწორედ ჩვენი სიყვარულია ამის საწინდარი.
-როგორც ამბობენ, ხალხი ჭრელია, ხომ არ გამოჩენილან ავისმთქმელი ადამიანებიც?
– არის ერთი გუნდი, 20-25 ადამიანი, რომლებიც მუდმივ ბულინგში მამყოფებენ. მათი ლოზუნგია – ,,თავისუფლება ცოტნეს!”. თვლიან, რომ მე დავატყვევე და მერკანტილური ზრახვები მაქვს გამსახურდიების ქონების მიმართ. არც ერთ ვითარებაში მათთვის პასუხი არ გამიცია. მე ვდგავარ ცოტნეს გვერდით, ჩემ გვერდით კი არიან კონსტანტინე და გიორგი გამსახურდიები,ძმები არიან ყველაზე ერთგული, მოსიყვარულე, საიმედო ადამიანები. ყველა საკითხის საქმის კურსში არიან და ყველაფერს აგვარებენ. მათ თანადგომას ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.