“ციხის პერიოდი, ალბათ, ყველაზე რთული იყო”

ბლიცინტერვიუ ლევან სუხიტაშვილთან  

ბავშვობა

– ჩემი ბავშვობის მოგონება არის ჩემი სოფელი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, მთელი ბავშვობა იქ გავატარე და 13-14 წლის ვიქნებოდი, როცა თბილისში წამოვედი. ბავშვობიდან ერთი ამბავი მახსენდება, რომელიც სკოლას უკავშირდება. ვიდრე და მეყოლებოდა, იქამდე ჩემთვის გოგო და ბიჭი ერთი იყო, როგორც ჩემს კლასელ ბიჭებს ვეხუმრებოდი და ვეთამაშებოდი, ასე ვიყავი გოგოებთანაც. ერთხელაც, მუსიკის გაკვეთილზე სამი გოგო გავაბრაზე. გამომეკიდნენ, მეც გავიქეცი და შრომის კაბინეტში ჩავედი, სადაც სულ ღია იყო ხოლმე რკინის გისოსები. ჩემდა საუბედუროდ, ეს გისოსები დაკეტილი დამხვდა და ერთი, რაც მახსოვს, წიხლი მომხვდა დიაფრაგმის მიდამოში, ისეთი ძლიერი დარტყმა იყო, გავითიშე. მოკლედ, მაგრად მცემეს კლასელმა გოგოებმა. ამის მერე, სულ სხვა თვალით ვუყურებდი გოგოებს, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ჩემი და დაიბადა.

მშობლების როლი

– როგორც ყველა ადამიანის ცხოვრებაში, ჩემთთვისაც მშობლებს უდიდესი როლი აქვთ, იქიდან გამომდინარე, რომ სულ მათ გვერდით ვიყავი, თუმცა უფრო ხშირად – დედასთან, რადგან მაშინ გაჭირვებული ცხოვრება იყო, რთული პერიოდი და როგორც ყველა ოჯახში, მამა საშოვარზე იყო ხოლმე გასული. მშობლებმა ბევრი რამ მასწავლეს და ბევრი კარგი ცხოვრებისეული მაგალითი მომცეს. ის, რომ ყველა ადამიანის მიმართ მაქვს მადლიერების გრძნობა და არაფერს გავაკეთებ ისეთს, რამაც შეიძლება, ჩემში ოდნავ სინდისის ქენჯნა გამოიწვიოს, მათი დამსახურებაა, მათგან ვისწავლე ეს ყოველივე. ბავშვობიდან ყოველთვის ვცდილობდი, ისე მოვქცეულიყავი, სხვისთვის ზიანი არ მიმეყენებინა და დღემდე ასე მოვდივარ.

ჩემი პროფესია განაპირობა

– არასდროს ამომირჩევია, რა პროფესიის შეიძლება, ვყოფილიყავი, რადგან მაშინ ისეთი არეული დრო იყო, კონკრეტულ რამეზე ვერც კი იოცნებებდი – არც ერთ სფეროში არ ჩანდა პერსპექტივა. მაშინ, ძირითადად, ასე ხდებოდა – სადაც მოხვდებოდი ან ოჯახში რასაც გირჩევდნენ, იმ გზას მიჰყვებოდი. სკოლის დამთავრების შემდეგ არ ვიცოდი, სად წავსულიყავი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე. თავიდანვე ვიცოდი, ეს პროფესია ჩემი არ იყო, სწავლის დროს კიდევ უფრო მივხვდი ამას, თუმცა 5 წელი ვისწავლე ამ ფაკულტეტზე. მერე სრულიად შემთხვევით წავედი ჟურნალისტიკის მიმართულებით და ასე მოულოდნელად ჩავაბარე თეატრალურშიც.

ადამიანში ვაფასებ

– გულწრფელობას. თუ დავინახავ, ადამიანს გულწრფელობის ნატამალი არ აქვს, მიჭირს მასთან ურთიერთობა. გულწრფელობა არის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული თვისება ადამიანში.

წარმატებული ადამიანი არის

– თავმდაბალი. წარმატება ადამიანის სახეს აჩენს, ალაგებს ფსიქოლოგიურად და ბევრად უღმავდება კონკრეტულ საკითხებს – ფართო სურათს ხედავს. თუ ადამიანი სრულყოფილია, წარმატების მიღწევის შემდეგ აუცილებლად გახდება შემწყნარებელი, თავმდაბალი და სხვის კეთილდღეობაზე ორიენტირებული.

მეშინია

– მხოლოდ ღმერთის!

მწამს

– ღმერთის მწამს. ღმერთი ბევრ რამეს მოიცავს, ისაა სიყვარული, სიკეთე, მადლიერების გრძნობა და კიდევ ბევრი რამ. ამ ყველაფრის ერთობლიობა დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე და საბოლოოდ მასში დადებითი თვისებების ერთობლიობას ვიღებთ.

მაბედნიერებს

– „წანწალი“. ძალიან მიყვარს მოგზაურობა, ხეტიალი აქეთ-იქით. ზოგადად, ბევრი რამ მანიჭებს ბედიერებას, მათ შორის, წვრილმანებიც კი. მაგალითად, როცა გადაღლილი ვარ და წყნარ, მშვიდ ადგილს ვიპოვი, ჩემთვის ესეც დიდი ბედნიერებაა.

– ვრისკავ…

– ჩემთვის რისკი ორგანზომილებიანია: ერთია, როცა გააზრებულად რისკავ და იცი, რა შედეგი მოჰყვება ამ ყოველივეს, მეორე – უტვინო, ანუ რისკი, რომელსაც გონიერება არ ახლავს. აქედან გამომდინარე, უტვინოდ რისკიანი არ ვარ. თუ რაღაცებს გავზომავ, ავწონ-დავწონი და ჩავთვლი, კონკრეტულ საქმეს ცუდი შედეგი მოჰყვება, მაშინ ნაბიჯსაც არ გადავდგამ.

მაკვირვებს

– საერთოდ არაფერი მაკვირვებს, არა მხოლოდ ახლა, არამედ ზოგადად ასეთი ვარ. სტუდენტობის დროს ვერ ვხვდებოდი, რატომ გიჟდებოდნენ რაღაცებზე, არასოდეს მქონია მსგავსი განცდა. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, აბსოლუტურად არაფერი მაკვირვებს.

ვერიდები

– უსიამოვნებას და კონფლიქტს, არ ვარ კონფლიქტური ადამიანი და კონფლიქტური გარემოც არ მომწონს.

დღევანდელ საზოგადოებაში დანაკლისია

– სამართლიანობის. პოლარიზებული ტიპები „გაიჩითნენ“, რომლებიც ერთმანეთის სიმართლეს ვერ ხედავენ. ასეთი დამოკიდებულება აქვთ: აუცილებლად ერთი მხარეა მართალი ან მეორე, ეს ძალიან ცუდია და ასე ორად გაყოფილი ჩვენი ქვეყანა ამ დრომდე არ მახსოვს.

ბედისწერა

– ბედისწერაა ის, თუ რამდენად ახლოს ხარ ღმერთთან.

მარტოობის განცდა

– არასოდეს მქონია, სადაც ყველაზე მარტოდ უნდა მეგრძნო თავი იქაც კი არ მქონია ეს განცდა. ვგულისხმობ იმ პერიოდს, როცა ციხეში გავატარე. წესით, გისოსებს მიღმა ადამიანმა ყველაზე მარტოდ უნდა იგრძნოს თავი, მაგრამ მე ბევრი კარგი ადამიანი მყავს ირგვლივ, რომელთა გვერდში დგომას ყოველთვის ყველგან ვგრძნობ. შესაბამისად, მარტოობის განცდა არასოდეს მაქვს.

სიცოცხლე არ ღირს

– სიკეთის გარეშე, უფრო მეტიც, სიკეთის გარეშე სიცოცხლეს კაპიკის ფასიც კი არ აქვს.

რთული პერიოდი

– ბევრი მქონდა ცხოვრებაში, როგორც ფინანსურად, ასევე ფიზიკურად, მაგრამ ციხის პერიოდი, ალბათ, ყველაზე რთული იყო.

სიყვარული არის

– არ ვიცი. ვგრძნობ, მაგრამ ვერ გადმოვცემ. არ ვიცი, სიტყვებით როგორ უნდა გადმოსცე ამ გრძნობის შესახებ, როგორ უნდა ისაუბრო მასზე. ძალიან რთულია.

დრო და სიყვარული

– დროსთან ერთად გრძნობა უფრო ჭკვიანდება, მეტ ინტელექტს იძენს და ბევრად გონიერი ხდება. რაც დრო გადის, მეტად გეძვირფასება და უფრთხილდები იმ გრძნობას, რომელიც შენში არსებობს.

ის, რაც ჩემთვის უპატიებელია

– ბევრი რამ არის ისეთი, რისი პატიებაც მართლა რთულია, მაგრამ უტიფრობა ყველაზე მეტად მაღიზიანებს. არ შემიძლია უტიფარი ადამიანის ატანა. როცა ტიპი ხვდება დანაშაულს, არ აღიარებს და სინანულის გრძნობა არ აქვს, საშინლად მაბრაზებს.

ბოდიშის მოხდა

– საერთოდ არ მიჭირს და ზოგადად, ვფიქრობ, როცა დამნაშავე ხარ, საჭიროც არის მობოდიშება.

შემშურებია

– კი, როგორ არა, მქონია მსგავსი მომენტი და ალბათ, არა მარტო მე – ყველას. ვფიქრობ, თითოეულ ჩვენგანშია ეს გრძნობა, უბრალოდ, დროულად უნდა მოვიშოროთ. თუმცა, არ შემშურებია ბოროტულად, სხვისი კარგად ყოფნის, წარმატებისა და ასე შემდეგ, უფრო სურვილი გამჩენია, მეც მქონოდა მის მსგავსად.

სამაგიეროს გადახდა

– ყოფილა შემთხვევა, როცა გადამიხდია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს თვისება მახასიათებს. მიპატიებია კიდეც, როცა რაღაც დაუშავებიათ ჩემთვის. სამაგიეროს გადახდას ყოველთვის პატიებას ვარჩევ, ამ დროს ბევრად ძლიერი ვხდები და კმაყოფილების განცდაც მეუფლება.

ვიტყუები

– როცა საჭიროა, მხოლოდ მაშინ. მაგალითად, მნიშვნელოვანი რაღაცის გასაქარწყლებლად და სხვისი კეთილდღეობისთვის, როცა ვიცი, რომ ეს ტყუილი მას კი არ ავნებს, არამედ, პირიქით, კარგს მოუტანს.

ვნანობ

– კონკრეტულს არაფერს, თუმცა, საერთო ჯამში, ბევრ რამეს. საშუალება რომ მქონდეს და შემეძლოს გამოსწორება, რამდენიმე რამეს აუცილებლად შევცვლიდი.

თავისუფლება არის

– პირველ რიგში, საკუთარ თავთან გარკვევა, რადგან თუ ჯერ შენს თავს არ გაესაუბრე და არ გაარკვიე, რა გინდა, ისე ვერ იქნები თავისუფალი. უნდა ჩამოყალიბდე და მერე მოსთხოვო საკუთარ თავს თავისუფლება, ბოლოს კი – მიიღო. ჩემთვის ამ ეტაპზე თავისუფლებაა ისეთ ადგილზე ყოფნა, სადაც მაქვს ყველაფრის უფლება, არის სიმშვიდე, სიწყნარე და პოზიტიური გარემო. ქაოსს თავისუფლებად ვერ აღვიქვამ.

არასოდეს დამავიწყდება

– „ამტანების“ შოუ რომ მოვიგე, ის მომენტი. იმდენად არ ველოდებოდი, გავოგნდი და როცა ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადეს, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ტანზე მეცვა რამდენიმე საცვალი, გავიხადე ერთი „ტრუსიკი“ ვისროლე და თან გავრბოდი.

მოვლენა, რომელმაც შემცვალა

– ყოველდღე ვიცვლები უკეთესობისკენ, მაგრამ კონკრეტული მოვლენა არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც შეეძლო, რადიკალურად შევეცვალე, თუმცა წლებთან ერთად ბევრი რამ შეიცვალა ჩემში.

რჩევა, რომელიც სულ მახსოვს

– მამამ მითხრა ბავშვობაში: ყოველთვის ეცადე, იყო მართალი ჯერ საკუთარ თავთან და მერე სხვასთანო.