მუსიკალურ ჯგუფ „ლეონის“ წევრებისთვის – ლევან წვერავასა და ნინი კენჭიაშვილისთვის წლევანდელი ახალი წელი განსაკუთრებულია. მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ წყვილს შვილი შეეძინა და წელს პირველად, ახალ წელს პატარასთან ერთად იზეიმებენ.
ნინი: წლევანდელ ახალ წელს განსაკუთრებულად ამაღლებული განწყობით ვხვდებით. ნოეს სიურპრიზებს ვუმზადებთ, თოვლის ბაბუაც მოუტანს საჩუქრებს და ძალიან მაინტერესებს, როგორი რეაქცია ექნება (იცინის). ძალიან მინდა, ახალ წელს ოჯახურ გარემოში შევხვდეთ, მაგრამ „ლეონს“ კონცერტი აქვს და 12 საათზე სცენაზე ვიქნებით.
ლევანი: ახლა უკვე ნინიც ჩაერთო იმ ფერხულში, რომელშიც წლებია, „სეიშენის“ ბიჭები ვართ. რაც თავი მახსოვს, ასეა – ახალ წელს სულ გზაში ვხვდებით.
– ამ დროს პატარა ვისთან იქნება?
ნინი: პატარა ბებიასთან არის, დედაჩემთან.
ლევანი: თუმცა, ძირითადად, ჩვენთან ერთად არის ჩართული ყველაფერში. იმიტომ რომ ჯერჯერობით ძიძა არ გვყავს. მე და ნინის არანორმალური გრაფიკი გვაქვს და რამდენადაც არ უნდა გვინდოდეს, საბოლოოდ, ალბათ, მაინც მოგვიწევს ძიძის აყვანა. თუმცა გვინდა, ერთ წლამდე მაინც „გავქაჩოთ“ მის გარეშე. ახლა ყველა გვეხმარება, როგორც შეუძლიათ.
– ვის ჰგავს საოცრად სიმპათიური ნოე?
– ძირითადად, დედას ამსგავსებენ (იცინის). მამასაც ჰგავს, მაგრამ უფრო – დედას. სანატრელი ხასიათი აქვს. იმიტომ არა, რომ ჩვენი შვილია, მართლა ასეა.
ნინი: ამაზე ჭკვიანი ბავშვი არ მეგულება. რაც ნოე გაჩნდა, ერთი ღამე არ გამითენებია. თვალი არ ეცეს (იცინის). საერთოდ არ გვაწვალებს.
ლევანი: ნოეს ასეთი კარგი ხასიათი რომ არ ჰქონდეს, გამორიცხულია, ეს რთული წელიწადი ასე გაგვეტარებინა, რეიტინგიც მოწოდების სიმაღლეზე გვქონოდა, ახალი სიმღერები გაგვეკეთებინა, ვიდეოები გადაგვეღო, ამაშიც კი ხელს გვიწყობს მშობლებს.
– რა შეცვალა მისმა დაბადებამ თქვენს ცხოვრებაში?
ნინი: ამაზე პასუხის გაცემა მიჭირს, რადგან ბანალურად ჩამითვლით. მგონია, რომ რამდენიც უნდა ვილაპარაკო, ჩემს გრძნობებს მაინც ვერ გადმოვცემ. მხოლოდ ერთს ვიტყვი, ყველა ქალი უნდა გახდეს დედა და ეს გრძნობა ყველამ უნდა გამოცადოს. ღმერთმა ყველას მისცეს პატარა. რაც დრო გადის, უფრო და უფრო სწავლობ მის სიყვარულს.
ლევანი: ყოველი დღე სხვადასხვანაირია. უკვე ზედა ორი კიჭიც ამოუვიდა, ქვედა ჰქონდა. გვახალისებს, პატარა ღიმილას ვეძახი ხოლმე. ტელეფონზე ვინმეს რომ ვესაუბრები, თუ დამინახა, გამორიცხულია, არ გაუცინოს.
– თქვენს ურთიერთობაზე როგორ აისახა შვილის დაბადება?
– შვილის დაბადების შემდეგ სულ სხვა ცხოვრება გვაქვს. ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ, დროის ათვლაც აქედან დაიწყო. ჩვენს ცხოვრებას სულ სხვა ფერები მიეცა, სხვა ფიქრები გვაქვს. ჩვენს სიყვარულს თუ რამე აკლდა, ეს შვილი იყო და მისმა დაბადებამ ყველაფერი შეცვალა. ეს ათწლიანი ლოდინი ნოესთვის ნამდვილად ღირდა.
ნინი: ახლა ყველაფერი ნოეს ირგვლივ ხდება. ყველა ახალი დღის, ჩვენი ყველა ნაბიჯის მიზეზი შვილია. ნოე და მერე ყველაფერი სხვა.
– გამორჩეული სიყვარულის ისტორია გაქვთ. როგორ გახსენდებათ დასაწყისი?
ლევანი: სპონტანურად მოხდა ჩვენი გაცნობა ჩემი ძმაკაცის დის ქორწილში, რომელიც ნინის ბიძაშვილია. ნაპერწკალი პირველივე შეხვედრისას გაჩნდა. სხვანაირად შვიდ თვეში ვერ დავქორწინდებოდით. მალევე ვიგრძენით, რომ ორივე მზად ვიყავით ამ ნაბიჯისთვის. მე – განსაკუთრებით. ასაკიც ისეთი მქონდა, ყველაფერი მოლეული რომ გაქვს და ჩემი გადაწყვეტილება ძალიან მყარი იყო, რაც დრომაც დაამტკიცა.
– ნინი, ნათქვამი გაქვს, ვინმეს რომ ეთქვა, ამხელა გათხოვდები, ვეჩხუბებოდიო. როგორ შეგიცვალა ლევანმა წარმოდგენები?
ნინი: ურთიერთობაში ხვდები, რამდენად მყარი და ძლიერია სიყვარული. ჩვენმა ურთიერთობამ მიმიყვანა იმ აზრამდე, რომ უკვე ოჯახი უნდა შეგვექმნა. ვხვდებოდით, რომ სხვანაირად, გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა.
ლევანი: ცალ-ცალკე ყოფნას აზრი აღარ ჰქონდა. ჩვენი სიყვარული ძალიან დიდი იყო და იმის იქით რაღა უნდა მომხდარიყო?! ვიგრძენით, რომ დრო იყო.
ნინი: მიუხედავად იმისა, რომ 17 წლის ვიყავი.
ლევანი: მგონი, არ დამიჭრენ ამის გამო. 17–ის იყო, რომ დავქორწინდით, 18-ის ჩემთან გახდა (იცინის). სკოლა იმ წელს დაამთავრა და ჩააბარა. ძალიან რთული იყო ერთმანეთის გარეშე, გვიტირია კიდეც ტელეფონზე საუბრისას. ღამეებს ვათენებდით. რომ დავწვებოდით, ლაპარაკს დავიწყებდით და ერთად ვიძინებდით. ტელეფონი მთელი ღამე ჩართული გვქონდა და თუ რომელიმეს გაგვეღვიძებოდა, იწყებოდა – აქ ხარ? (იცინის)
– ნინი, ლევანს სიურპრიზების გაკეთება უყვარს?
ნინი: საჩუქრები, ყავავილები და სუნამოები დიდად არ მიზიდავს და ლევანმა ეს იცოდა. არც სერენადები მომწონს, მაგრამ მთავარი ეს არ არის, ურთიერთობა, ქცევა უფრო მნიშვნელოვანია. როცა უსიტყვოდ ხვდები, რომ ადამიანისთვის განსაკუთრებული ხარ, ეს ყველაზე სასიამოვნოა. სერენადაც იყო და ყვავილებიც, მაგრამ მე უფრო ქმედება მამახსოვრდება და მიხარია, ვიდრე ასეთი საჩუქრები.
– ოჯახური ცხოვრება როგორი აღმოჩნდა?
ლევანი: თავის ქებას არ დავიწყებ, საწყის ეტაპზე სირთულეებიც იყო. ფრთიანი ანგელოზები არ ვართ, მაგრამ ეს ეტაპიც გასავლელია. გამოცდებიც უნდა ჩააბარო, შეცდომები დაუშვა და აღიარო, მაგრამ არა ისეთი დოზით, რომ ერთმანეთი დახოცოთ.
ნინი: ცოტ-ცოტა ყველაფერი გამოვიარეთ, თუმცა რასაც ჰქვია კრიზისი, არ მახსენდება, მიუხედავად იმისა, რომ ათი წელი შვილი არ გვყავდა. ამ მიზეზით ძალიან ბევრი წრფელი სიყვარული დანგრეულა.
ლევანი: ამ შემთხვევაში ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა ერთმანეთის გაძლიერება იყო. შვილი ორივეს გვინოდოდა. ცალ-ცალკე რომ გვეფიქრა და გვედარდა, უფრო გაგვიჭირდებოდა. ერთად ვიყავით, ერთმანეთს ვამხნევებდით, რომ ერთად აუცილებლად გამოგვივიდოდა, შვილი აუცილებლად გვეყოლებოდა და ამისთვის უნდა გვებრძოლა. ვიღაცას შეიძლება არ უწევს ამისთვის ბრძოლა, მაგრამ ჩვენ ეს განსაცდელი შეგხვდა და ერთად უნდა დაგვეძლია.
ნინი: ამან დიდი გამოცდილება მოგვცა. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ დღეს ნებისმიერ სირთულეს უფრო მარტივად ვუყურებ. არასდროს მიფიქრია, რომ შვილი არ მეყოლებოდა. ყოველთვის მჯეროდა, რომ დედა გავხდებოდი და ეს ის ასაკია, როცა მართლა მთელი გულით მინდოდა, ეს მომხდარიყო. რა თქმა უნდა, აქამდეც მინდოდა, მაგრამ ასაკი რომ გემატება, უფრო მეტს იგებ, სხვანაირად გრძნობ და ახლა ამისთვის საუკეთესო დროა.
ლევანი: ძალიან ბევრი გვეკითხებოდა, შვილი როდის გეყოლებათო და მე იმ ადამიანებისაც მესმის – გულწრფელად უნდოდათ, ჩვენს ოჯახში პატარა დაენახათ. ამას ბულინგს არ დავარქმევ და ამის გამო თავი ცუდად არ გვიგრძნია. პირიქით, ერთმანეთს ვედექით გვერდით.
– სახლის საქმეებში ვინ როგორია?
– მე ვარ არაჩვეულებრივი მზარეული. საჭმელების კეთება ჩემი ჰობია, ეს საქმე მართლა მსიამოვნებს.
ნინი: რომ არა მომღერალი, ლევანი მზარეული იქნებოდა. ძალიან უყვარს საჭმელების მომზადება და თან ძალიან გემრიელი ხელი აქვს. ასე რომ, ვანდობ ხოლმე სამზარეულოს. ბავშვის საჭმელს მე ვაკეთებ და უფროსებისას – ლევანი (იცინის).