მსახიობმა ასმათ ტყამბლაძემ ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, სადაც თავი მოუყარა ცხოვრების ყველაზე საინტერესო მოვლენებს, მოგონებებს დიდ მსახიობებთან მეგობრობაზე, ოჯახზე, დედაზე, გულწრფელად და დაუფარავად ყვება პირად ცხოვრებაზე, სიხარულსა და ტკივილზე, ბედნიერებაზე, რასაც სახელად ბარბარე ჰქვია… ,,სარკესაც” სწორედ ამ თემებზე ესაუბრა.
– თქვენს ახალგაზრდობაში იყო ლამაზი სიყვარულის ამბავი, რომლის გაგრძელება გარკვეულ მიზეზთა გამო თავად არ ისურვეთ. შემდეგ რატომ აღარ შექმენით ოჯახი?
– დიდი დრო დავუთმე თეატრს და პირადს დავაკელი. ზოგჯერ ამას ვნანობ. ყველაფერი, რაც ცხოვრებისთვის მჭირდებოდა, თვითონ მოვიპოვე. არ ვიყავი სუსტი ქალი, რომელსაც სარჩენად მამაკაცი სჭირდება. არც მე დავისვამდი ისეთ კაცს, რომელიც ქალის კმაყოფაზე იქნებოდა. ხშირად მაცნობდნენ, მირიგებდნენ ვიღაცებს. ეტყობა, ჩემი ბედი და სწორი არც ერთი აღმოჩნდა.
– მიუხედავად ამისა, ბედნიერი დედა და ბებია ხართ.
– ჩემი ქალიშვილი, თამარი, ნიჭიერი არქიტექტორია, ოთხი უცხო ენა იცის. კარგი შვილია, კარგი მეუღლე და კარგი დედა. ჩემი სიძე იურისტია, რამდენიმე წელია, პროფესია შეიცვალა და კახეთში ერთ-ერთ ღვინის ქარხანას ხელმძღვანელობს. ჩემი მთავარი ბედნიერება არის შვილიშვილი, ბარბარე. ყველაფერი, რაც მაქვს – სახლი, ბარი, ბარბარეს საკუთრებაა…
საინტერესო ცხოვრება გავიარე. ყველაზე მთავარი, რაც შევძელი, ეს არის უღალატო მეგობრობა. ყოველთვის მზად ვიყავი ყველას დასახმარებლად. ხშირად სხვის გასაკეთებელსაც ვაკეთებდი. ზოგჯერ ზედმეტადაც ვიხარჯებოდი, რადგან ისეთი ადამიანები შემხვდნენ, ვინც არ იყვნენ ზრუნვისა და სიყვარულის ღირსი, მაგრამ არა უშავს.
ვფიქრობ, ვგავარ რუსთაველის ასმათს, მეგობარი ვიყავი ქალების და უფრო მეტად – მამაკაცების. უფლის მადლობელი ვარ იმისთვის, რაც ცხოვრებაში ვნახე და რაც მომეცა. ყველას ვურჩევ, არასოდეს დაივიწყოთ ისინი, ვინც სიკეთე გაგიკეთათ, რადგან მადლიერება ერთ-ერთი საუკეთესო გრძნობაა.