მანანა ჩიტიშვილი ქართული პოეზიის განსაკუთრებული, გამორჩეული სახეა. მას თამამად შეიძლება ეწოდოს თანამედროვე კლასიკოსი პოეტი ქალი. მისი ლექსები თაობებს შემორჩება, ლოცვასავით არის არა მხოლოდ თავად ავტორისთვის. ,,შენს ლექსთან, როგორც ხატის წინ, ქედდადრეკილი ჩავივლი”, – კრძალვით მიმართავს ტარიელ ხარხელაური.
– ქალბატონო მანანა, თქვენი ბავშვობის მძაფრ შთაბეჭდილებებზე გვესაუბრეთ – გარემოზე, სადაც გაიზარდეთ, რა ფასეულობები გამოგყვათ ოჯახიდან…
– ქსნის ხეობის ერთ პაწია, ულამაზეს სოფელ კორინთაში დავიბადე და გავიზარდე. ამ პატარა სოფელს გამორჩეული მდებარეობა და დიდი ისტორია ჰქონდა. არაერთი თქმულება და ლეგენდა იყო დაკავშირებული მის სახელწოდებასთან, თუ ახლომახლო მდებარე ციხე-ტაძრებთან. სოფლის შუაგულში მდგარა მაღალი გალავნით შემოზღუდული გიორგი ერისთავის საზაფხულო სასახლე თავისი კარის ეკლესიით და თევზის აუზით. აქ ხშირად სტუმრობდნენ ქართული ინტელიგენციის გამორჩეული წარმომადგენლები, უცხოელები. ადგილობრივი ძალებით გიორგი ერისთავს აქ დაუდგამს კომედია “გაყრა”.
ფეხის ადგმისთანავე სულ ტყე-ღრესა და ჭალებში დავხეტიალობდი და სხვადასხვა ფერისა და ფორმის ტოტებს, ფესვებს და ქვებს ვაგროვებდი. მადლიერი ბებიაჩემი ამ “ჩინჩხვარით” მერე რძეს ადუღებდა, ან იმ ქვებითა და ნაცრით პირუტყვისგან დაზიანებულ ეზო-კარს აწესრიგებდა.
ბებიამ კარგი ხელსაქმე იცოდა და ქალისთვის ეს აუცილებელ თვისებად მიაჩნდა. ბევრჯერ სცადა, ამით დავეინტერესებინე, მაგრამ არც ნიჭი მეყო და არც სურვილი მისი ოცნების აღსასრულებლად. ბებია გულწრფელად წუხდა და დარწმუნებულიც იყო, რომ ასეთ ქალს ოჯახში არავინ ინდომებდა და შინაბერობა გარდაუვლად მელოდა. ბებია ჩემს პირველ პუბლიკაციებს მოესწრო, მაგრამ ეს სერიოზულ საქმედ არასდროს მიუჩნევია და არც მოწონება გამოუხატავს.
4 წლისამ ჟურნალ-გაზეთებიდან ვისწავლე კითხვა და მას შემდეგ გამუდმებით სახლიდან ორიოდე ნაბიჯზე მდებარე სკოლის ან ბიბლიოთეკის კართან ვიყავი ატუზული, მაგრამ ისე პატარისთვის არც ერთის კარი იყო ღია და არც მეორის. ძალიან იოლად ვიმახსოვრებდი ლექსებს.
სკოლაში პედაგოგი მშობლების დახმარებით ნაადრევად მიმიყვანეს. პირველივე გაკვეთილზე შემოვიდა სკოლის დირექტორი ქალი, ჩამკიდა ხელი და მერვეკლასელებთან ამიყვანა. იქ ერთი მოსწავლე ააყენა, მისცა წიგნი და სთხოვა, წაეკითხა. გოგონამ წვალებ-წვალებით ჩაიკითხა ორიოდე აბზაცი. დირექტორმა წიგნი გამოართვა და მე გადმომცა. წლების წაკითხვა არ ვიცოდი, დანარჩენი სხაპასხუპით ჩავაბულბულე. შედეგი კი ის იყო, რომ შესვენებაზე იმ კლასის გოგონებმა კარგა გვარიანად მიმტყიპეს.
– როგორც ვიცი, ადგილობრივები თავიდან თქვენს ლექსებს არ სწყალობდნენ, სერიოზულად არ აღქვამდნენ. რატომ?
– არც ქსნის ხეობას და არც ჩემს სოფელს ლექსის ტრადიცია არ ჰქონდა და ვერც ვერავის დააჯერებდი, რომ ლექსის ავტორი ჩვეულებრივი ადამიანი და, მით უფრო, მათ გვერდით გაზრდილი შეიძლებოდა ყოფილიყო. 13-14 წლის მოზარდის მცდელობა ამ მხრივ მათში მხოლოდ დაცინვას და ქილიკს, ზოგჯერ კი მწვავე შეფასებასაც იწვევდა.
ახლა ამის მიზეზი მესმის, მაგრამ მაშინ ძალიან განვიცდიდი, თანატოლებისგან განაპირებას ვარჩევდი, ზოგჯერ ჩუმად ვტიროდი კიდეც. ჩემი ლექსების მხოლოდ მაშინ ირწმუნეს, როცა პირველი წიგნი გამოიცა და პრესამ და რადიო-ტელევიზიამ მომაქციეს ყურადღება, როცა დადებითი გამოხმაურებები და შეფასებები გამოქვეყნდა.
– ამასთან, თქვენი პოეზიის მდიდარ და სიღრმისეულ ლექსიკას ქსნის ხეობას უმადლით…
– ჩემთვის, როგორც შემოქმედისთვის, ყველაზე ფასეული, რაც სოფელმა მომცა, გახლავთ ლექსიკა, უმდიდრესი ქართლური დიალექტი. ზამთრის გრძელ ღამეებში ჩვენს დედაბოძიან და დარბაზულ პირველ სართულზე იკრიბებოდნენ სოფლის ქალები, გვიანობამდე ხელსაქმობდნენ, ხმელ ხილსა და ბატიბუტს შეექცეოდნენ და თან ზღაპრებს, თქმულებებს, ფანტასტიკურ და დაუჯერებელ ამბებს ყვებოდნენ.
– ერთ ინტერვიუში ბრძანეთ: “ლექსებს ბედნიერები არ წერენ. ლექსებს ტკივილი გაწერინებს. ხანდახან ღმერთს მადლობა უნდა უთხრა ამ ტკივილების გამო”. თუ გქონდათ რაიმე უჩვეულო, სასწაულებრივი შემთხვევა ცხოვრებაში, რამაც ცხადად გაგრძნობინათ უფლის გვერდით დგომა?
– არის ტკივილი, რომელიც გაძლიერებს და არის ტკივილი, რომელიც თითქმის გკლავს. ამ უკანასკნელს მე ვერასოდეს ვაქცევ ლექსად. ყველაფრის ლექსად ქცევა არც შეიძლება. მგონია, რომ მარტოობასთან შეუგუებლობა და ადამიანებთან კონტაქტის სურვილი ყველაზე ხშირად აღებინებს შემოქმედს ხელში კალამს. თუ ტკივილის ლექსად ქცევა შეძელი, ეს ნიშნავს, რომ უკვე გადარჩენილხარ, უკვე მორევიხარ მას და გარკვეული დისტანციიდან შეხედვა შეგიძლია.
არა მარტო შემოქმედის, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების გზა უფლის განგებულებითაა განსაზღვრული. ამ გზას მდინარესავით ნაპირი აქვს – ნათელი და ბნელი. გააჩნია, რომელს აირჩევ, ვის გაამარჯვებინებ შენს სულზე – ანგელოზს თუ სატანას. ლექსებს რომ ვწერ, რომლის საფუძველი და ტრადიციაც არსაიდან მომდგამს, მე ეს უკვე უფლის თანადგომა, მისი წყალობა მგონია.
არ ვლაპარაკობ ჩემი ნაკალმარის განსაკუთრებულობაზე, რაც არის და როგორც არის, ეს ჩემი ცხოვრების უდიდესი სიხარული და ბედნიერება, ჩემი სიცოცხლეა. ვერც წარმომიდგენია, ამის გარეშე რა იქნებოდა ჩემი არსებობა. ბევრი ტკივილი მაქვს გადატანილი. არაერთხელ ვმდგარვარ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვართან და ჩემი ყოველი გამობრუნება უფლის თანადგომად მიმაჩნია.
2011 წელს დამისვეს უმძიმესი დიაგნოზი. თანამდევი დაავადებებიდან გამომდინარე, სიცოცხლის იმედს თითქმის ვერავინ მაძლევდა. შეერთებული შტატების კლინიკებში სულ რამდენიმე თვის დანერგილი იყო წამალი ჩემთვის მიუწვდომელი ფასით. ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ეს წამალი ჯერ არ გააჩნდათ.
განა უფლის სასწაული არ იყო, რომ სწორედ ამ დროს აღმოჩნდა საქართველოში ისრაელიდან ჩამოსული ბელინსონის სამედიცინო ცენტრის პროფესორი, ჩვენი ოჯახის ახლობელი ნინო ონიაშვილი, რომელმაც უყოყმანოდ იდო თავს ჩემი პატრონობა. გამოჩნდნენ მეგობრებიც, საწყისი ეტაპის თანხით რომ უზრუნველმყვეს.
ისრაელში ჩასვლიდან რამდენიმე დღეში, როცა მაცხოვრის აღდგომის ტაძარში იესოს გარდამოხსნის ქვას შუბლი შევახე, როგორ განქარდა ყველა დარდი და სიმძიმილი. ან მოულოდნელად უსახსროდ დარჩენილს, დაბრუნებას რომ ვაპირებდი, იქაურმა ექიმმა მარიუს ბრაუნმა როგორ მაჩუქა 9 ათასი დოლარის წამალი. ეს ზღაპარი არ არის, რეალობა გახლავთ. ან იმ დღეს, როცა ქიმიოთერაპიის კურსი დამეწყო და გამაფრთხილეს, რომ ძლიერი ტკივილები მექნებოდა, როგორ აღმოვჩნდი ნინოსთან ერთად ხულონში (ქალაქი ისრაელში) ჩვენს პატრიარქთან შეხვედრაზე, როგორ ამარიდა უფალმა მოსალოდნელი ტკივილები და პატრიარქის დალოცვის ღირსი გამხადა.
– ლექსი “გადაძახილი” აგვისტოს ომამდე შექმენით წინასწარმეტყველებასავით… წინასწარხედვის სხვა შემთხვევები თუ გქონდათ?
– “აღარ ვიცი, ვინ ან როგორ შევაჩვენო, ქსანს და არაგვს უცხო მუმლი მისევია, ქართლი, როგორც გაროზგილი დედაჩემი, გადატყაულ მუხლისთავზე მისვენია” – ასე იწყება ჩემი ლექსი “გადაძახილი”. ბევრს იგი 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძახილი ჰგონია. ლექსი კი 2008 წლის მაისში დაიბეჭდა. წინასწარმეტყველებას როგორ დავიბრალებ, მაგრამ ლექსში აღწერილი რომ სამიოდე თვეში ზუსტად განმეორდა, ეს ფაქტია.
ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, როცა ამბების ამგვარი განვითარება სიზმრადაც არავის მოეჩვენებოდა, სულ მქონდა რაღაც გაურკვევლობის შიში და ავის მოლოდინი. 1979 წელს გამოცემულ ჩემს პირველ წიგნში არის ასეთი სტრიქონები: “გამაწალდვინე მეც ჩემი ტევრი, ამანთებინე ჩემი კერია, თორემ ეგ არი, მოვიდა მტერი, მოვიდა მტერი და მომერია”.
ეს განწყობა და სიფხიზლისკენ მოწოდება წიგნიდან წიგნში გადადიოდა და სულ უფრო მძაფრდებოდა: “ჯერ არცრა მოკლედ დააბა ძაღლი, არც სატევარი ჩააგო ქარქაშს”, “შეხე, ქართლისკენ მიმავალ გზაზე ისევ ავარდა სვეტებად მტვერი, მახვილი, თორემ მარტოდენ სიტყვით გაბრუნებული ვინ ნახა მტერი”.
თითქო რაღაც უხილავი ძალა მაფხიზლებდა და მკითხველის შეფხიზლებასაც მავალდებულებდა, მაგრამ ვერც ეს და ვერც შემდგომი პერიოდის ტკივილიანი სათქმელი ვერ მივაწვდინე, ვისაც უნდა მისწვდენოდა.
– “ვინ გაყო ორად სიცოცხლე ჩემი – საზღვარს გადმოღმა და საზღვარს იქით…” თქვენს დიდ ტკივილზე, საზღვარს მიღმა დარჩენილ მამაპაპეულ სახლ–კარზე, დედაზე გვიამბეთ, რა გზით უკავშირდებით, რა მდგომარეობაშია ოკუპირებული ქსნის ხეობა?
– 13 წელია “იძულებით გადაადგილებული პირები” გვქვია ჩვენივე სამშობლოში. გადაადგილებაც არის და გადაადგილებაც. ღირსებას რომ აგყრიან, შენს სახლ-კარს და სალოცავ-საფლავებს ფეხით რომ გადაუვლიან, იძულება ეგა ყოფილა… დამხმარე და ნამდვილი მშველელი რომ არსაით გამოგიჩნდება, იძულება ეგა ყოფილა… შენივე მოძმენი რომ გლეჯენ და უღრენენ ერთმანეთს და კარს მომდგარი მგელი არავის ახსოვს, იძულება ეგა ყოფილა…
13 წელია ჩვენი სული, ფიქრი და ცხოვრება ორადაა გაყოფილი. ყველაფერი კარგი მავთულხლართებს იქით დარჩა – ჩვენი ბავშვობაც, ფესვებიც, ახალგაზრდობაც, სალოცავებიც და საფლავებიც. აქეთ არაფერია დარდის და ფიქრის გარდა. ვერც ვერავის ვეთავისებით და არც არავინ გვთავისობს. საქართველოს ყველა კუთხე გვიყვარს, მაგრამ მაინც ვერ ვეშვილეთ, ვერავინ ვიმშობლეთ სამკვიდროდაკარგულებმა…
მესამე წელია მისასვლელი გზაც კი ისეა ჩაკეტილი, ჩიტი ვერ გადაფრინდება. უპატრონოდ, უნათესაოდ, უმეგობრ-უმეზობლოდ იხოცებიან ჩვენი ხეობელები. ნაირ-ნაირი ჯურის და რანგის ხალხი ამოვა, მავთულხლართებს დახედავს, იქითაც გადააპარებს მზერას და წავა… ხან მგონია, ამ მავთულხლართების სანახავად ამოდიან.
მამა პედაგოგი იყო და 1989 წლის აპრილში გარდაიცვალა. დედა 93 წლისაა, უსინათლო. ადრე ,,მაგთი ფიქსისძძ საშუალებით ვუკავშირდებოდით. ამ ქსელით კიდევ შეიძლებოდა ქსნის ხეობაში უმწეოდ დარჩენილ ადამიანებთან კონტაქტი. მოსახლეობის დიდი თხოვნის მიუხედავად, ეს ქსელი დაიხურა და გაუქმდა. ჩვენმა ახალმა “პატრონებმა” ქართული მობილური ქსელების ანტენები დაამტვრიეს და ცხინვალისა და რუსეთის მობილური ქსელები დაამკვიდრეს. ქართული ნომრით რომ სიგნალი მიიღო, სოფლის გარეთ მაღალ ქედზე უნდა გადადგე, რომელიც კასპის რაიონის სოფელ ლამისყანიდან ასე თუ ისე იღებს სიგნალს. მხოლოდ ჩემი ძმა ამყარებს ჩვენთან კონტაქტს. ჩვენ აქედან დაკავშირება არ შეგვიძლია.
ჩემი ძმა დედის სანახავად იყო ჩასული და საზღვარი რომ დაიკეტა, იქ ჩარჩა, მისი ოჯახი თბილისში ცხოვრობს. დედასთან იყო ჩემი და, რომელიც სოფლის ბიბლიოთეკაში მუშაობდა. სოფელი მთლიანად დაცლილია. სამიოდე ოჯახის უფროსი თაობაღა შემორჩა რამდენიმე ადამიანით. შეიძლება დღეები გავიდეს და სახლთან ახლომახლო ადამიანს თვალიც ვერ მოჰკრა. ან რა ჭკუაზეღა არიან იქ მყოფნი, არ ვიცი. არც ექიმი, არც წამალი… საავადმყოფო ახალგორში უპატრონოდაა მიგდებული, კარდიოგრამის აპარატიც კი არ აქვთ.
– უმძიმესი ვითარებაა, სამწუხაროდ!.. ახალგორში სახლ–კარიც დაგრჩათ, ნათელი მოგონებები მოუშუშებელ ტკივილად გექცათ.
– ახალგორში ვცხოვრობდით მეუღლის ძმასთან ერთად, რომელიც რაიონის მთავარი ექიმი და ჩინებული თერაპევტი გახლდათ. ჩემი მეუღლეც ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა და ჩვენს რეგიონში ჩამოსული თითქმის ყველა სტუმრის მასპინძლები გახლდით.
ჩვენს ძველებურ აივანს ახსოვს აკაკი ვასაძე, ანდრია ბალანჩივაძე, რევაზ მარგიანი, იოსებ ნონეშვილი, მერაბ ელიოზიშვილი, ვახტანგ ჭელიძე და სხვანი და სხვანი… სტუმართა სიმრავლე აძლევდა ჩვენს მამაპაპისეულ სახლს ეშხსა და ხალისს. ჩვენი სახლის კარგი არასოდეს იკეტებოდა, თუ ვინმეს ჯანმრთელობის, ყოფითი ან სხვა ხასიათის პრობლემა აწუხებდა, იმედით აღებდა ჩვენი სახლის კარს. არ მახსოვს, დაუხმარებლად ან უარით წასულიყო ვინმე ჩვენგან.
ერთხელ ბატონმა აკაკი ბაქრაძემ მითხრა, თქვენ შეწირულებივით ცხოვრობთ ამ ხეობაშიო და მართლაც ასე იყო. ჩვენთვის არ არსებობდა განსაზღვრული სამუშაო დრო ან რაიმე დაბრკოლება, ვიყავით იქ, სადაც ადამიანებს ვჭირდებოდით.
ახლა ჩვენი სახლიც ცარიელია ახალგორში, ინგრევა თანდათან. ულამაზესი ბაღი გვქონდა. მთელ ჩვენს ქუჩაზე ერთი ოჯახიღა ცხოვრობს. გვითხრეს, ყველა ხე გახმა, ვაზებიც, ყველაფერს ბალახმა გადაუარაო. ამ მუდმივმა სადარდელმა გაგვანადგურა. ან როდემდე, რამდენი ხანი? გაყიდეთო… რა გავყიდოთ, ჩვენი მოგონებები, ჩვენი კუთხე და ჩვენი შვილის ბავშვობა? ვინატრე, ნეტა, ერთ დღეს ჩაინგრეს და დაგვასვენოს. დაიქცეს და დაიშალოს, როგორც მთლიანად იქაურობა გაცამტვერდა და დაინგრა ჩვენთვის.