ქართული ეროვნული ბალეტის – “სუხიშვილების” ხელმძღვანელმა ნინო სუხიშვილმა ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში, გადაცემაში “მხოლოდ ლელასთან”, გაიხსენა, თუ რამხელა შრომა დასჭირდა, რათა ოჯახისთვის დაემტკიცებინა, რომ “სუხიშვილებში” მოხვედრას იმსახურებდა.
“არასდროს დაუძალებიათ, – უნდა იცეკვო, გააგრძელო ჩვენი საქმეო… თვლიდნენ, რომ ეს ჩვენ უნდა გვდომებოდა და ჩვენში ამის მონაცემი დაენახათ. ბევრს ჰგონია, რომ მე და ილიკომ ეს საქმე ლანგრით მივიღეთ. ჩვენ მართლა ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ამის მტკიცება პირველ რიგში მშობლებისთვის გვიწევდა და მერე დანარჩენი ქვეყნისთვის, რომ ჩვენ ეს შეგვიძლო.
ჩვენთან ანსამბლში მიღებაზე ხომ არის სტანდარტი, გარკვეული სტერეოტიპი არსებობს – სიმაღლე და მონაცემი უნდა გქონდეს, ვიზუალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ცოტა სიმაღლე მაკლდა. იმ დროს, როდესაც მე ცეკვა მინდოდა, ანსამბლში ძალიან მაღალი გოგონები იყვნენ. სხვა სტანდარტი იყო და ვერ ვბედავდი, მათ გვერდზე მე როგორ უნდა დავმდგარიყავი. ცეკვის დაუოკებელ სურვილს ისე ვიკმაყოფილებდი, რომ ქეიფების მოცეკვავე ვიყავი. ყველაფერს ვცეკვავდი. ოღონდ ხომ იცი, რომ ერიდებათ საცეკვაოდ ადგომა, მე არ მერიდებოდა, ოღონდ მუსიკის ხმა გამეგონა, ეგრევე ვდგებოდი და ვცეკვავდი ხოლმე. მამაჩემი სულ დამცინოდა, – ქეიფების მოცეკვავეს მეძახდა.
სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ ანსამბლში მხატვრად მივედი, სოლიკო ვირსალაძის ასისტენტად. ძალიან მრცხვენია, მაგრამ ვოცნებობდი, ანსამბლში ვინმეს ფეხი ეტკინოს ან სიცხემ მისცეს, რომ ვერ იცეკვოს-მეთქი… მე ყველა პარტია ვიცოდი და ვინ შეცვლიდა, თუ არა მე…
მე არ მყავს ჩემი ბიოლოგიური შვილი, თუმცა ვთვლი, რომ რაც ცხოვრებაში ხდება, ასე უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ჩემი საქმეებიდან გამომდინარე, ალბათ ამისთვის ვერ მოვიცლიდი. თუმცა, უნდა გითხრა, რომ მე ილიკოს შვილებმა შემიცვალეს ჩემი შვილები. მე და ილიკოს გვყავს ორი გოგო. ილიკოს შვილები ჩემი შვილები არიან.