“სკოლა ჩემთვის მიუღებელი ინსტიტუტი იყო”

ბლიცინტერვიუ მაკა ჩიჩუასთან 

სახელი: მაკა.

გვარი: ჩიჩუა.

პროფესია: მხატვარი, მსახიობი, მუსიკოსი.

– მოგონება ბავშვობიდან…

– ძალიან ბედნიერად მახსენდება ბავშვობა, სიხარულითა და თავგადასავლებით სავსე დღეები გვქონდა, ეზოში ბევრი ბავშვი ვცხოვრობდით და სულ ერთად ვატარებდით დროს. ლამაზი ეზო გვქონდა იპოდრომთან ახლოს და მაშინ, ჯერ კიდევ ტარდებოდა დოღი… სკოლა არ მიყვარდა და იქ აბსოლუტურად ასოციალური ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებთან კომუნიკაცია არ მიჭირს. სკოლა ჩემთვის მიუღებელი ინსტიტუტი იყო, რომელსაც დღემდე ისე ვიხსენებ, როგორც არასასურველ დაწესებულებას. ალბათ, დღეს არსებობს ისეთი სკოლები, სადაც ბავშვებს აყვარებენ იქ ყოფნას, თან საგანმანათლებლო, მეგობრული და შემეცნებითი დანიშნულება აქვს. ჩემთვის სკოლა ასეთი დაწესებულება არ ყოფილა და ყოველთვის მინდოდა, სწრაფად გამოვქცეულიყავი იქიდან (იცინის).

– მშობლების როლი…

– არ ვარ კარიერისტი, რომელიც ცდილობს, მიზნების მიღწევას და მწვერვალების დაპყრობას. ცხოვრებაში არ მქონია მიზანი, ისე გამეკეთებინა რამე, რომ ყველასთვის მეჯობა. კონკურენცია ჩემთვის ძალიან უცხო იყო. შეიძლება, ეს იქიდან გამომდინარე, რომ დედას არასოდეს უთქვამს: გადი კონკურსზე და აუცილებლად გაიმარჯვე, ვიღაცას მოუგე, პირველი გახდიო… ყოველთვის მინდოდა ბალანსი და ჰარმონია. მოგება, დამარცხება არასოდეს მაინტერესებდა, რადგან ამის ბიძგი მშობლებისგან არ მქონია. მათი მხრიდან სულ იყო დამოკიდებულება: შენ რაც გიყვარს, რაც ყველაზე მეტად მოგწონს აკეთე უფრო ხარისხიანად, უფრო მეტი იმუშავე და დიდი დრო დაუთმე საყვარელ საქმეს. მათგან ყოველთვის ეს განწყობა მოდიოდა და არა ის, რომ აუცილებლად კარიერა უნდა გამეკეთებინა.

– ჩემი პროფესია განაპირობა…

– ზუსტად მიბმულია მშობლებთან. იმ პერიოდში, როცა გავჩნდი, დედა სამხატვრო აკადემიაში ჩაირიცხა. პერიოდულად მეც მივყავდი ხოლმე იქ და კარგად მახსოვს ის გარემო, იმ საღებავების სუნი, ის თუ, როგორ ემზადებოდნენ… აკადემია ხომ სახელოვნებო უმაღლესი სკოლაა, სადაც თავისუფალი, არაორდინარულად მოაზროვნე, ორიგინალური ადამიანები არიან თავმოყრილი, რომლებიც თითქოს მასისგან ამოვარდნილებიც არიან. აი, ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ახლობელი იყო. დედაჩემმა მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის, რომ როცა პროფესიას ვირჩევდი, ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში და გავხდი სტუდენტი.

– ჩემი მეტსახელი…

– არ მქონია დამკვიდრებული მეტსახელი. ბავშვობაში უფროსები ამბობდნენ ხოლმე, რომ მაკა სახელი არ არსებობდა და მეკითხებოდნენ, დაბადების მოწმობით რა მერქვა. როცა ვიკითხე, რატომ იყო ასეთი განწყობა, მითხრეს: ადრე, მაკა სახელს არ აღიარებდნენ და დაბადების მოწმობაში არ წერდნენო. მერე აღმოვაჩინე, რომ თურმე, დედაჩემმა დიდი ბრძოლის ფასად მოიპოვა იმის უფლება, რომ დოკუმენტშიც მაკა მრქმეოდა. სულ მაკა ვიყავი და არ მახსენდება, რაიმე მეტსახელი მქონოდა, თუ არ ჩავთვლით სახელისა და გვარის კნინობით ფორმებს, თუმცა არც ერთი არ დამკვიდრებულა.

– ადამიანში ვაფასებ…

– თავისუფლებას, რადგან ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი, ჰქონდეს საკუთარი პრინციპული არჩევანი, რომლის ერთგულიც იქნება. ყველაზე მეტად არ მიყვარს კონფორმისტი ტიპები, რომლებიც ერგებიან ნებისმიერ დროს და სიტუაციას, ოღონდ თვითონ რაღაც იხეირონ. მიყვარს გამბედავი ადამიანები და ზოგადად, გამბედაობა მიყვარს. ძალიან კარგად მახსოვს ჩემი თავი სკოლაში, როცა მჩაგვრელებს ვებრძოდი და ყოველთვის ვიცავდი ჩაგრულებს. სამართლიანობის განცდა ყველაზე მაღალ ხარისხში მქონდა, ამიტომ ღირსეული ადამიანების თვისებებს ვაფასებ: იყო მჩაგვრელთა დამცველი, სამართლიანი, დამოუკიდებელი და თავისუფლად მოაზროვნე, რადგან თავისუფალი აზროვნება გხდის ბევრად საინტერესოს, ღრმას და მეტად გაძლევს ზედაპირის მიღმა რაღაცების დანახვის შესაძლებლობას.

არ მიყვარს ჩარჩოში მოქცეული, დოგმატურად შეზღუდული ტიპები. მირჩევნია, ხოლმე ისეთ ადამიანებთან უფრო ვიახლობლო, რომელთათვისაც ჩარჩოს მიღმა სიცოცხლე და ყოფა საშიში არაა. ისინი, ვინც ჩარჩოში ექცევიან, საბოლოოდ ყველაზე საშიშები ხდებიან – ჩაკეტილი ტიპები, რომლებსაც რაღაცის მიღმა ხედვისა და აღქმის უნარი არ აქვთ, სწორედ, ამიტომ დამსჯელებად გვევლინებიან. რადგან შენ არ ჯდები მის სტანდარტებში, ასეთი მიდგომა აქვთ: მე გავილაშქრებ შენ წინააღმდეგ და დაგსჯი, იმიტომ, რომ მე ვერ ვხედავ შენს როლს ამ ცხოვრებაში. ადამიანი უნდა იყოს მრავალმხრივი, ფერადი, ორიგინალური, ეს გვაძლევს იმის კონსპირაციას, რომ ცხოვრებაში ბევრი საინტერესო რამეები შევქმნათ.

– წარმატებული ადამიანი არის…

– არ მიყვარს სიტყვა წარმატებული, რადგან ამ წარმატებამ ისეთი მნიშვნელობა შეიძინა, თითქოს ნებისმიერ ფასად უნდა მიაღწიო მას. მისი გაგება დამახინჯდა, თორემ ზოგადად წარმატება კარგია. წარმატებული არის ის ტიპი, რომელსაც უყვარს თავისი საქმე და აქვს წინსვლა, მისი ნაშრომი ან ნებისმიერი რამ, მისთვის საინტერესო კატეგორიას აქვს შეფასებული, როგორც საუკეთესო. მაგალითად, შემოქმედებაში ქმნი ქანდაკებას და ამ ქანდაკებით ყველასთვის საინეტრესო ხდები, რადგან შექმენი ის, რაც სხვების გულებს ახარებს. აი, ეს არის ჩემთვის წარმატება. მწვერვალების დაპყრობა ჩემთვის მუშა მდგომარეობაა, მიზნისთვის ბრძოლაა. ეს ბრძოლა ძალიან მომწონს და ჩემთვის წარმატებას ნიშნავს-მეთქი, რომ გითხრათ – არა. თუმცა, ბევრი მუშაობა საჭიროა იმისთვის, რომ შექმნა საინტერესო, ეს კი წარმატებაა, რომელიც უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავშია.

– ვრისკავ…

– რისკის გარეშე, პირველ რიგში კი, საკუთარ თავზე, თუნდაც, ამ წარმატებას ვერასოდეს მოიპოვებ. შენს თავს უნდა უმტკიცო, რომ არ არსებობს დაუძლეველი რამ და თუ რისკს გაწევ, შრომას ჩადებ, ნებისმიერ რამეს მოიპოვებ. თუ იმას გადალახავ, რაც ხელს გიშლის და რასაც ბევრი ადამიანი უფრთხის, ყველაფერს შეძლებ. მაგრამ, ყველაფერი რისკის ფასად დანაშაულია. წითელი ხაზები არსებობს და ეს უნდა იცოდე. რისკი შეგიძლია გასწიო, მხოლოდ სიკეთისთვის, სიყვარულისთვის და ახლის შექნისთვის.

– ვერიდები…

– უხამსობას, სიბოროტეს. ზედაპირულობას ვერიდები ძალიან – უინტერესოა ჩემთვის. კიდევ, მდარე გარემოს ვერიდები, სადაც არც სიხალისეა და არც სიკეთის მომტანი. დანარჩენი ყველაფერი მისაღებია, რადგან სიცოცხლე ძალიან მრავალფეროვანია.

– მაკვირვებს…

– ის, რომ ადამიანებს არ აქვთ მეტად დაფიქრების, სულგრძელობის, სიღრმეში ჩასვლის უნარი. მათი ზედაპირულობა მაკვირვებს. როგორ შეიძლება, ასეთ სამყაროში, სადაც უსასრულობაა, ამდენი პლასტია, დაუმთავრებელია, ამოუწურავია, ზედაპირზე დარჩე.

– მეშინია…

– სისასტიკის, სიბოროტისა და ფულის. როცა ადამიანში მამონა მეფდება, ამის მეშინია. ზოგადად, შიში რისგან გიპყრობს, ამას ხომ თავისი საფუძველი აქვს. შიში ზედაპირზე კი არ არის, არამედ შიგნით ეძებ მას. იცით, ფული რატომ არის საშიში? ვინც ბევრი იშოვა, გამონაკლისების გარდა, ფულმა დაიპყრო. ნებისმიერ ადამიანს რომ ჰკითხო: ყველაზე მეტად რა გინდა, გიპასუხებს – ფული. რისთვის უნდათ ფული, პასუხი არ აქვთ, იგონებენ ხოლმე რაღაცებს და ხშირად ამბობენ, მოგზაურობისთვისო. მოგზაურობა სწორედ ის არის, რომ ფულის გარეშე მიდიხარ. ნუ, თუ კომფორტულ სასტუმროში არ გინდა განთავსება, რაც მოგზაურობა არაა. მოგზაურობაა, ერთ ჩანთას რომ მოიკიდებ და წახვალ, ეს არის მისი აზრი და არსი. ამიტომ ფული იმიტომ გინდოდეს, რომ იმოგზაურო – ტყუილია. ვიღაც გეუბნება, ფული სჭირდება, რათა სხვებს გაუნაწილოს, არადა იმათ არ სჭირდებათ ეს განაწილება. შენ შეიძლება, ფული გინდოდეს, რათა ააშენო ქარხანა, დაასაქმო ეს ხალხი და ფული კი არ ჩაუკუჭო ჯიბეში, არამედ ღირსეულად შესთავაზო დახმარება – თავისი შესაძლებლობები ჩადოს და გამოიმუშაოს. ამიტომ ფული საშიშია, რადგან ადამიანებს ცუდ დღეში აგდებს, ჩემთვის მძიმეა ასეთებთან ყოფნა, მერე შიშები და ეჭვები უჩნდებათ – რატომ მეგობრობენ ჩემთან? ჩემი ფული უნდათ? ასეთი ადამიანი ძალიან უბედურია.

– დღევანდელ საზოგადოებაში დანაკლისია…

– ძალიან ზედაპირულად ფასდება რაღაცები. მირჩევნია, საზოგადოებას მეტი განათლება ჰქონდეს და მეტად გულისხმიერად და სიღრმისეულად შეხედონ ყველაფერს. ზედაპირზე რაც ჩანს, ის არის მხოლოდ შედეგი, მიზეზები სიღრმეში უნდა ვეძებოთ.

– რთული პერიოდი…

– ჩვენ სულ რთული პერიოდი გვაქვს, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ… როცა გიორგი პრეზიდენტი იყო და ძალიან ბევრი კეთილი მიზნები გვქონდა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისთვის, გაგვიცრუვდა იმედები. როცა ადამიანი პასუხისმგებლობას იღებს, რომ პრეზიდენტია, ცდილობს ქვეყანა გააჯანსაღოს და წინ წაიყვანოს, ამაში რომ ხელი შეგეშლება და ამდენ სიცრუეს, სიყალბეს ნახავ იმ გუნდისგან, რომელთან ერთადაც გეგმავდი კარგი საქმეების კეთებას, დიდი იმედგაცრუებაა. სწორედ მაშინ გვქონდა რთული პერიოდი, გვლანძღავდნენ, ჩვენ ვიყავით კიდევ ცუდები, მაგრამ რატომ – არ ვიცი. პოლიტიკაში რატომ უნდა წახვიდე, თუ არ გინდა ფული, ესე იგი, სხვა მიზნები გამოძრავებს, ესე იგი, კარგი გინდა შენი ქვეყნისთვის… მე დღეს ვერ ვხედავ პატრიოტიზმს პოლიტიკაში. ეს იყო მძიმე პერიოდი, როცა დავინახე, ადამიანებს ქვეყნის გაჯანსაღება კი არ უნდოდათ, არამედ სხვა მიზნები ამოძრავებდათ, ეს იყო დიდი იმედგაცრუება, იმედგაცრუება კი ჩემთვის რთული პერიოდია.

– სიყვარული არის…

– სიყვარულს ყველაზე კარგად ხსნის პავლე მოციქული, რომელიც კორინთელებს მიმართავს, საოცარი სიტყვებია, მათ შორისაა: „წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არ მაქვს, არარა ვარ“…

– დრო და სიყვარული…

– სიყვარულს არაფერი ემართება, სამყარო სიყვარულის ფუძეზეა აღმოცენებული. ძალიან კარგად ვხედავთ უსიყვარულობა რასაც აკეთებს – ანგრევს და აჩანაგებს. სიყვარული სულ ცდილობს, დანგრეული ააშენოს, დაჩაგრული წამოაყენოს. სიყვარული პოზიტივია.

– სამაგიეროს გადახდა…

– ხანდახან ძალიან მომნდომებია და მიფიქრია: უჰ, ამას ახლა რას ვუზამ (იცინის), მაგრამ არ ვიცი, როგორ ხდება. ეს არ ვიცი ჩემი სისუსტეა თუ სიძლიერე, მაგრამ რამდენადაც ჩემს თავს ვიცნობ, შურისძიება არ მახასიათებს.

– ბოდიშის მოხდა…

– არ მიჭირს, პირიქით, მათავისუფლებს. ჩემთვის ეს კარგია. მე ვხვდები უკეთ, როცა დანაშაულს, თუნდაც, სიტყვიერად გამოვისყიდი. სიტყვებს დიდი ძალა აქვს, ლოცვაც სიტყვებია და ესაა მთელი ამბავი აქ. შენიდან რომ გამოდის სინანული, თავისუფლდები და ბედნიერდები. ამიტომ ეს არასდროს გამჭირვებია.

– მოვლენა, რომელმაც შემცვალა…

– არაფერს შევუცვლივარ. მოვლენები კი არ ცვლიან ადამიანს, არამედ აყალიბებენ, როგორც პიროვნებას. მოვლენები გარეგნობასაც ცვლის, ის კი არა, რომ ბერდები, ეგრე ყველა ბერდება, მაგრამ როგორ ბერდები, რა ჩანს შენს თვალებში, ეგაა ყველაზე მნიშვნელოვანი. 30-40 წელს რომ გადააბიჯებ, მაშინ ხვდები, კონკრეტული მოვლენები, თავგადასავლები როგორ გადალახე, როგორ დაეცი და წამოდექი. მეკითხებიან ხოლმე, პირველი ლედი რომ იყავით, რა შეიცვალა მაშინ და ახლა როგორ გრძნობთ თავსო, რაღაცები შეიცვალა, როგორც ყველა ეტაპზე, მაგრამ ის, რომ მე წარმომედგინა, პირველი ლედი ვიყავი და ამით მორჩა ყველაფერი, მსგავსი განცდა არ მქონია. სულ ვცდილობდი, მეტი წონასწორობა და მოთმინება მქონოდა, მაინტერესებდა, როგორ ვუპასუხებდი იმ მოვლენას, რომელიც ჩემ წინაშე იდგა. რაღაცები გადავლახე, რაღაცები – ვერ… დღეს შემიძლია, ვთქვა, ამ მოვლენებმა ჩამომაყალიბა იმ ადამიანად, რომელსაც ახლა წარმოვადგენ. როგორი ვარ, ეს უკვე საზოგადოებისა და იმ ადამიანების განსასჯელია, ვინც მიცნობს.

– თავისუფლება არის…

– ძალიან მომწონს ეს ქართული სიტყვა, შენი თავის უფალი ხარ. ამ დროს თავად განსაზღვრავ შენს საჭიროებებს, ურთიერთობებს, ღირებულებებს. თავისუფლება არის, როცა შეგიძლია, შენს თავს უფლებები მისცე, საკუთარ თავში უნდა იპოვო თავისუფლება. ეს არ არის ზოგადი ცნება, ის შენში გამოწვეული ემოციაა. ჩემთვის თავისუფლება ლაღი მდგომარეობაა.