2021 წელი ანსამბლ “ალილოს” და “ქუჩის მუსიკოსების” გამორჩეული მომღერლის, გია დავითიანისთვის ახალი ცხოვრების დასაწყისი აღმოჩნდა. მან და მშვენიერმა ქალბატონმა, გინეკოლოგმა ეკა არჩვაძემ, ოჯახი შექმნეს. ორივეს ცხოვრებაში იყო პირველი ქორწინება და ზრდასრული შვილებიც ჰყავთ, რომლებმაც მშობლებს გადაწყვეტილება მოუწონეს და ერთად სავალი გზა დაულოცეს. ახალდაწყებულ ოჯახურ ცხოვრებაზე ეკა “სარკეს” ესაუბრა:
– მე დიდი ხანი მიჩვეული ვიყავი მარტო ცხოვრებას, საკუთარი პრობლემების თავად მოგვარებას. მაქვს სახლი, სამსახური, მყავს შვილები, რძლები, შვილიშვილები და მათზე ზრუნვაში გადიოდა დრო. რომ არა ნამდვილი, გულწრფელი სიყვარული, სუფთა გრძნობა და არა ანგარება, არანაირად არ ვიფიქრებდი ცხოვრების შეცვლას.
– როგორი მეუღლეა გია?
– ხალხი იცნობს მას, როგორც კარგ მომღერალს, მეგობრების, სამშობლოს მოყვარულს. მე დავამატებდი, რომ საუკეთესო მეუღლეა, თბილი, მოსიყვარულე, მზრუნველი. ქალისთვის მთავარია გრძნობდეს, რომ მისი მეუღლე, მისი მამაკაცი ყოველთვის გვერდით არის. მე ამას ყველგან და ყოველთვის ვგრძნობ. ეს არ არის მხოლოდ ფიზიკურად ერთად ყოფნა. ორივეს ჩვენი საქმე გვაქვს, მაგრამ გია დღის განმავლობაში რამდენჯერმე მირეკავს, მკითხულობს.
ზოგს კითხვა უჩნდება: “ეჭვიანია?” არა, არ არის ეჭვიანი, ყურადღებიანია. აინტერესებს, თავს როგორ ვგრძნობ, რამე ხომ არ მჭირდება. კარგი იუმორი აქვს, ასეთ ადამიანთან ადვილია ურთიერთობა. ყოველ მეორე დღეს ბროწეულაში დადის, იქ საყვარელი ძაღლი ჰყავს, მეცხვარე, ქოფაკის ჯიშის, ამიტომ მუდმივად გარბის ხოლმე იქითკენ. იქიდან კი ფოტოებს მიგზავნის, თუ რომელიმე ყვავილი აყვავდა, ან ჯერ კიდევ შემორჩა, ყველაფერს სურათს უღებს.
– როგორი დედამთილი ხართ, რამდენად ახლო ურთიერთობა გაქვთ რძლებთან?
– ორი ბიჭის დედა ვარ. ყოველთვის მინდოდა, გოგო მყოლოდა, მეტიჩარა, გაპრანჭული, მაგრამ სურვილი არ ამისრულდა და ეს სიყვარული რძლებზე გადავიტანე. გულწრფელად გეუბნებით, ასე მგონია, ნანატრი გოგონები შემომივიდნენ სახლში. ჩემი განწყობა ასეთი იყო, რომ მე არ ვარ შენთვის დედამთილი, ვარ დედა.
– თქვენი მეუღლისთვის ნამდვილი საჩუქარი ხართ, გარეგნულად მომხიბლავი, ხასიათით მშვიდი, გაწონასწორებული, თბილი, პროფესიით ექიმი. მოკლედ, თქვენი სახით ჯეკპოტი მოიგო!
– რა გითხრათ, შეიძლება გადამეტებული შეფასებაა. ჩვენ ერთმანეთით ნამდვილად ბედნიერები ვართ. კიდევ ვიმეორებ, გადაწყვეტილებას ყოველთვის მარტო ვიღებდი. ზოგჯერ ახლაც მავიწყდება და ვინმე სადმე რომ დამპატიჟებს, ვპასუხობ, მოვდივარ-მეთქი. “მოვდივართ”, – მისწორებს გია. მოკლედ, ვსწავლობ მრავლობითში ცხოვრებას. გიას უნდა, ყოველთვის ვიყო მის კონცერტებზე, მის მეგობრებთან. მეც ვცდილობ, მისი სურვილები ჩემს სურვილებად ვაქციო.