“გულმხურვალედ დამპატიჟა მისას – ერთი მართლა უნდა ვესტუმრო, ინტერესი მკლავს”

“გარდენიას” მფლობელი, ზურა შევარდნაძე რუსის ქალზე წერს, რომელიც რუსეთიდან საქართველოში ოჯახთან ერთად ჩამოსახლდა:

“ოზურგეთის ბაზარში ვიყავი წინა კვირას. ქუთაისელი, მემწვანილე ვარლამას დახლთან იქაურობისთვის შეუფერებლად ჩაცმული, შუახნის რუსის ქალი დავინახე მწვანილს არჩევდა. მიცნო და ჩემკენ გამოემართა, ინსტაგრამ გვერდის გამომწერი აღმოჩნდა. არ დაიშურა საქებარი სიტყვები, ჩემს ბაღშიც მოუსწრია სტუმრობა და ვარდის ნერგები შეუძენია. მე ყველაფერი ნაყიდი მქონდა და ბაზრის უკანა ჭიშკრისკენ ვიწევდი, თან გამომყა. ვარლამას დახლიდან მანქანამდე მისვლამდე მოასწრო მოეყოლა, რომ მეორე თვე სრულდება რაც ბრიანსკიდან გურიაში გადმოსახლდა ქმართან და უმცროს ქალიშვილთან ერთად, რომ სონიას უკვე ჰყავს გურული მეგობრები, რომ ოზურგეთში იყიდა სახლი რომელიც მოაწყო, რომ ეზო უკვე მოაწესრიგა, ბოსტანი დარგა და დათესა, რომ 35 წიწილი იყიდა მეზობელი დოდოიესგან და რომ ბაზარში ღერღილის საყიდლად იყო მოსული, რომ გურულები სასწაული ხალხია, რომ ყველას უყვარს, ყველა უყვარს და რომ თავის სამშობლოში და თავის მშობლიურ ქალაქში ცხოვრება და სუნთქვაც კი შეუძლებელია უკვე, რომ თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს, რომ მისი ძმა ოჯახით და რამდენიმე მეგობარიც აპირებს ჩამოსვლას სამუდამოდ, ჯერ მასთან იცხოვრებენ და მერე იპოვნიან რამეს ისინიც, რომ არსად წასვლას არ აპირებს, ან სად უნდა წავიდეს უკეთეს ადგილას. წინადადებებს შორის ურთავს “ეტა ჟე რაი..”
რომ ქართულ საჭმელებზე გიჟდება, მარტო ჭადი არ უყვარს ბავშვობიდან.
ძვლივს ჩავაკვეხე და ტარომ ოზურგეთი?

თურმე ბავშვობაში დედას დაყავდა მეგობარი გივის ოჯახში ანასეულზე დასავენებლად და ბავშვობიდან უყვარს გურია და ირევა გურულებიზა. გატაცებით მიხსნიდა მე ზურიკო შევარდნაძეს რომ “გურია ეტა ჟე რაი, ნასტაიაში რაი.” დავეთანხმე მორიდებულად, მთლად გადელდა და დამიწყო მტკიცება რომ სამოთხეცაა და სამოთხეზე მეტიც. რომ ტახუნა ღობის ძირებში იზრდება ველურად. (ვეჭვბ ომბალოში აერია, ტარხუნა გურიაში და მითუმეტეს ღობის ძირას არასდროს მინახავს.)

იმ რამდენიმე ქართულ სიტყვას რომლის დასწავლა მოუსწრია, გურული აქცენტით მოხერხებულად იყენებდა საუბრისას, მთაი გინდა აგერაა,ზგვაი გინდა აგერაა, ხელი მაქ, ფეხი მაქ, აფერი არ გამიჩირდებაო. კაი ბატონო მეთქი..

ძვლივს დავეხსენი, ვუთხარი სტუმრებს ველოდები და ვჩქარობ მეთქი. გულმხურვალედ დამპატიჟა მისას.
ერთი მართლა უნდა ვესტუმრო, ინტერესი მკლავს.

წავედი ბახვში, მანქანის ფანჯრიდან ვუყურებ ამ ჩემს გადაბახჩათებულ გურიას, აღარ ვიცი ვიტირო თუ ვიცინო და ვფიქრობ, ვაი შენ ჩემო საწყალო ქვეყანავ?!
“ეტა ჟე რაი..” დასტურ რომ რაი..” – წერს შევარდნაძე.