სამყაროში 21-ე საუკუნის შემობრძანებას თბილისში, რესტორან “არაგვში” შევხვდი. გაჩახჩახებული დარბაზი მოზეიმე ხალხით სავსე იყო, როდესაც კარი გაიღო და ულამაზესი კაბით შემოსილი მშვენიერი ქალი შემოშრიალდა, თან ისეთი სხივი შემოიყოლა, ბროლის ჭაღების ბორწყინვალება დაჩრდილა. ,,ინგა, ინგა!” – გაისმა ხმამაღალი ჩურჩული. ეს იყო მსახიობი ლიკა ქობულაძე, საოცრად პოპულარული სატელევიზიო სპექტაკლიდან ,,კუკარაჩა”.
ბავშვობა ლაღი და უზრუნველი ჰქონდა. მედიკოსების ოჯახში სამი გოგონა იზრდებოდა. ლიკა მათ შორის ყველაზე პატარა იყო, შესაბამისად, ყველაზე განებივრებული.
მშობლებს სურვილი ჰქონდათ, ქალიშვილი ექიმი გამოსულიყო. მან კი მალულად საბუთები თეატრალურ ინსტიტუტში შეიტანა. ბედმა განსაზღვრა, რომ თემურ ჩხეიძის სტუდენტი ყოფილიყო. სტუდენტის და რეჟისორის ურთიერთობა ხანგრძლივი აღმოჩნდა. ბატონმა თემურმა სტუდენტობიდანვე წაიყვანა რუსთაველის თეატრში, შემდეგ კი მარჯანიშვილის თეატრშიც მიიწვია. სატელევიზიო სპექტაკლმა “,,უკარაჩამ” მოუტანა სწორედ ის ვარსკვლავური ინგას როლი, საეტაპო აღმოჩნდა ლიკა ქობულაძის შემოქმედებაში. მას შემდეგ უამრავი სახე შექმნა, მაგრამ საზოგადოებისთვის დღემდე ინგად რჩება. ვარსკვლავური როლი კი ასე შეიქმნა:
– 40 წლის წინ, ახალ წელს, ჩემს საყვარელ ჩხეიძეების ოჯახში დავრეკე. ჯერ ქალბატონ ნანის მივულოცე, შემდეგ ბატონ თემურს. ბატონი თემური მეკითხება: ,,ლიკა, ნოდარ დუმბაძის ,,კუკარაჩა” წაიკითხე?”. მოთხრობა ახალი დაბეჭდილი იყო ჟურნალ ,,ცისკარში”. არა, ბატონო თემურ, სახლში მაქვს, მაგრამ ჯერ არ წამიკითხავს-მეთქი, ვუპასუხე. ჰოდა, წაიკითხე, სატელევიზიო სპექტაკლს ვაკეთებ, იცოდე, ინგა შენ ხარო. არც დავფიქრებულვარ, ისე ვუპასუხე: ,,კი, მაგრამ მე რომ ფეხმძიმედ ვარ?”. ,,რამდენი თვის ხარ, მუცელი გეტყობა?” – მკითხა. არა-მეთქი, ვუპასუხე და მითხრა, აბა, ყველაფერი რიგზე ყოფილაო.
გადაღებების პროცესი ძალიან სწრაფად მიდიოდა ჩემი ფეხმძიმობის გამო და რეკორდულ დროში დასრულდა. დღემდე ინგას მეძახიან. ხდება ხოლმე ასე მსახიობის ცხოვრებაში, როცა ერთი როლი გადაწონის ყველა სხვა როლს.
– თქვენს ქალიშვილს შეუძლია თამამად თქვას, რომ ამ ლეგენდარულ სპექტაკლში მონაწილეობდა. როგორ შეიქმნა თქვენი ოჯახი, როგორ ცხოვრობთ დღემდე?
– ყველაფერს ბედი განსაზღვრავს, ჩემი და ჩემი მეუღლის შეხვედრაც ალბათ ზეცაში გადაწყდა. დამინახა თუ არა, თურმე ჩაიფიქრა, ეს გოგო ჩემი ცოლი უნდა გახდესო და ყველაფერი გააკეთა ამისთვის. ჩემს რთულ ხასიათსაც გაუძლო. ის მშენებელია, მუდამ საქმით არის დაკავებული, ეფერება თავის ქალაქს, თავის ოჯახს, შვილებს.
ჩვენ ერთნაირი უფლებები გვაქვს, ერთ დონეზე ვდგავართ. არ არსებობს წყვილი, რომელიც ქვეცნობიერად მაინც არ ეპაექრება ერთმანეთს. ძნელია ბალანსის დაცვა. მე არანაკლებ მშველოდა ის, რომ არასდროს ვიყავი ეჭვიანი. ბევრი წარმატებული და ლამაზი ქალი ვიცი, ეჭვიანობით თავს რომ იტანჯავს. რატომ უნდა ვიეჭვიანო, ვისაც არ უნდა ჩემთან ყოფნა, გზა დამილოცია!
– ქმარიც არ იყო ეჭვიანი?
– იყო. მის ნებისმიერ შეკითხვაზე მქონდა არგუმენტირებული პასუხები, რომლებსაც იჯერებდა, რადგან მართლა ასე იყო.