ტელეწამყვანი ნინო ბარათაშვილი, რომელსაც შაინინას სახელით ვიცნობთ, ახლა ნინო მიშელი გახდა – ეს გვარი მის ამერიკულ და ერთი შეხედვით, რთულად დასაჯერებელ ისტორიას ჰყვება, რომელიც ფილმის სიუჟეტს ჰგავს.
შაინინა: უცხო ქვეყანაში მუნჯი და დაბნეული ჩამოვედი. ტრავმირებული და იმედგაცრუებული ვიყავი. ყველა ადამიანი, ვინც ამერიკაში ჩამოდის, ფიქრობს, რომ მისი ცხოვრება აუცილებლად „ჰეფი ენდით“ დასრულდება და გულის სიღრმეში მეც ამის იმედი მქონდა. არ მინდა, ვისაუბრო საქართველოდან წამოსვლის მიზეზებზე, ეს ძალიან დიდ ტკივილს მაყენებს. აქ ჩამოსვლის შემდეგ ბევრი ვიმუშავე საკუთარ ტრავმებზე და მთლიანად შევიცვალე ცხოვრება, პროფესიაც კი ახალი შევისწავლე. ჩემს ქვეყანაში თავს უსაზღვროდ დაუცველად ვგრძნობდი, დღემდე არ ვიცი, რის გამო დავისაჯე. 13 დეკემბერს აღმოვაჩინე, რომ ჩემი სახლი დაარბიეს და 26 დეკემბერს უკვე ამ ქვეყანაში ვიყავი. ეს მოხდა 2019 წელს და ეს იყო გაქცევა საკუთარი ქვეყნიდან. აქ, აეროპორტში, ერთი ქალბატონი დამხვდა, ჩემი ოჯახის ახლობელი – ნარგიზა მეფარიშვილი. დღეს ის ჩემი მეგობარია, ჩემთვის დედის ტოლფასი, მაგრამ მაშინ არც კი მიცნობდა და ამის მიუხედავად, სახლში შემიფარა, დამამშვიდა, გზა მაჩვენა. აქ ჩამოსული, დაბნეული, გაურკვევლობაში მყოფი, უიმედო ადამიანისთვის ეს სიცოცხლის ჩუქების ტოლფასია. მისი ოჯახისგან გავიცანი რუმინული წარმოშობის ებრაული ოჯახი და მათთან გადავედი საცხოვრებლად. ქალი, ვისთანაც ვცხოვრობდი, ჰოლოკოსტის მსხვერპლი იყო. რაბინის შვილი გახლდათ და როგორღაც გადაურჩა საკონცენტრაციო ბანაკს და რეპრესიებს. ის ძალიან ცნობილი და დაფასებული იყო ებრაული საზოგადოებისა თუ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. მას ერთი მეგობარი ჰყავდა. ქალბატონი 95 წლის იყო და ეს მამაკაცი კი, დაახლოებით, 60 წლის იქნებოდა. 18 წლით იყო ჩემზე უფროსი და ჩემი ასაკიდან და ქართული სტანდარტიდან გამომდინარე, მამად მეკუთვნოდა. როცა შეხება მქონდა ძალიან დიდი რიდითა და პატივისცემით ვეპყრობოდი. 13 მარტს პანდემიის გამო მთელი ნიუ-იორკი მოკვდა, ყველაფერი დაიკეტა. ამ დღეს რეიჩელი საავადმყოფოში მოხვდა – ტვინში სისხლჩაქცევა განუვითარდა და გარდაიცვალა. რეკავს ეს მეგობარი ტელეფონზე და მეკითხება, რას შვრებით, ნინოო. მე ჩემი ასსიტყვიანი ინგლისურით და მთელი სხეულის ენით, ვცდილობ, გავაგებინო, რომ რეიჩელი გარდაიცვალა. მცირე პაუზის შემდეგ მეკითხება, რას აპირებო. იმ წუთას გავაცნობიერე, რომ ამ სახლიდან უნდა წავსულიყავი, რადგან მასპინძელი გარდაიცვალა და ტირილი ვეღარ შევიკავე. მივხვდი, რომ ჰაერში ვიყავი. უცებ, ეს ადამიანი მეუბნება: ნინო, შენ რეიჩელს ისე უყვარდი, მე მისი პატივისცემის გამო, გთავაზობ, სანამ ყველაფერი დალაგდება, ჩემთან გადმოხვიდე საცხოვრებლადო. მაშინ ხომ არ ვიცოდით, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა პანდემიური ჩაკეტილობა და გავიფიქრე, რომ ერთი კვირა მასთან გავჩერდებოდი და შემდეგ ისევ იმ ოჯახში წავიდოდი, რომელმაც რეიჩელთან დამაკავშირა. მე ჩამოვედი თუ არა მაშინვე შევიტანე განაცხადი დევნილის სტატუსის მოსაპოვებლად და ყველაფერი ლეგალურად ხდებოდა. ადრე თუ გვიან ყველაფერი მოგვარდებოდა, მაგრამ მანამდე სადმე უნდა მეცხოვრა. ეს კაცი მეუბნება, შეკარი ბარგი და დღეს გამოგივლიო. მივხვდი, რომ გამოსავალი არ მქონდა. ამაზე ბევრი რომ მეფიქრა, შეიძლება, არც მიმეღო მისი წინადადება. ბევრი რისკია, რა იცი, ვინ არის, იქნებ მანიაკია?! თან, ენაც კი არ გესმის მისი და რა უსაფრთხოებაზეა საუბარი?! მაგრამ ფიქრის დრო არ მქონდა და თავქუდმოგლეჯილი გავვარდი. მითხრა: იცოდე, შენ გაქვს პური, წყალი და ჭერი თავზე,
– თვითონ არ ჰქონდა თქვენი შიში?
– როცა ენა ვისწავლე და როგორღაც საუბარი დავიწყეთ, მითხრა, როგორ ფიქრობ, ეს პერიოდი, მარტო შენთვის იყო რთულიო?! კი, მე ვენდე რეიჩელს, მაგრამ სრულიად უცხო ადამიანი შემოუშვა სახლში, რთულიაო. საყვარელი ხუჭუჭა გოგო იყავი გარეგნულად, მაგრამ დემონები იბადებიან ფახულათვალებიან ადამიანებს მიღმაო. ფულს მიმალავდი, რომ არ მომეპარა-მეთქი? ვკითხე და ამ კითხვის გამო ძალიან შეურაცხყოფილი იყო. ამ ქვეყანაში მე თვითონაც ემიგრანტი ვარ და პირველ ეტაპზე ძალიან ბევრი ადამიანი დამეხმარა, ასე რომ, ,მე არაფერს ვმალავდი, ყველაფერი შენს სინდისზე იყოო.
– უკვე ოფიციალურად დაქორწინდით, არა?
– სიმართლე რომ გითხრათ, ამერიკაში ქორწინებას სერიოზულად არავინ უყურებს. გერლფრენდ-ბოიფრენდის ინსტიტუტებია და ჩემი მენტალობისთვის ეს რა იყო, ხომ წარმოგიდგენიათ, მაგრამ „შეყვარებული ვარ“ – ასე დავარქვი ამ მდგომარეობას და ჩვეულებრივად მივიღე. მოვერგე აქაურ ყაიდას. ერთ დღესაც, 31 მარტს, მაღვიძებს, სხვა ქალაქში მივდივართ, დღეს მე შენზე უნდა ვიქორწინოო. შოკი მქონდა, რატომ-მეთქი, ვეკითხები. როგორ თუ რატომ, არ გინდა ჩემი ცოლი იყოო? ჩემს გვარს – ბარათაშვილს რომ ვამბობდი, ხალხი იღლებოდა, უამრავი სასაცილო მომენტი მქონდა, მას ძალიან მოკლე და ლამაზი გვარი აქვს და ჩემთვის მისი გვარის მიღებაც დიდი პლუსი იყო, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, რაც ქორწინებას მოჰყვება.
– რატომ გადაწყვიტა დაქორწინება?
– იმიტომ რომ ვუყვარვარ. რეალურად, მე ორი წელი ვიყავი დაკვირვების რეჟიმში. ის აკვირდებოდა, როგორი კარგი ან ცუდი გოგო ვიყავი. კაცებს და მით უმეტეს, ამ ასაკში, ნაკლებად უყვართ საუბარი, მაგრამ „საქმენმან შენმან გამოგაჩინოსო“ და მისი ქცევა ყველაფერზე მეტყველებს. ქალისთვის ქორწინება მაინც სხვა არის. თეთრი კაბა, პატარძლობის შეგრძნება – რატომაც არა? ძალიან ბედნიერი ვიყავი. თვითონ ამბობს ხოლმე, შენ ჩემთან 31 მარტს კი არ იქორწინე, ორი წლით ადრე, 13 მარტს რომ შემოაღე ამ სახლის კარი, უკვე ცოლი იყავი, ნდობით აღჭურვილი პირი და მე ასე მარტივად კარს არავის ვუღებო.
– მას არ ჰქონდა შიში, რომ შეიძლებოდა, ამ ხუჭუჭთმიან, ლამაზ გოგოს, მასთან ურთიერთობა ამერიკაში ცხოვრების გასამარტივებლად გამოეყენებინა?
– მე ვიცი, რომ მარიუსი 2007 წელს განქორწინდა, ისევე, როგორც მე და მას შემდეგ, მას ოჯახის შექმნის სურვილი არ ჰქონია. მე ვარ ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც მან ასე სპონტანურად გადაწყვიტა დაქორწინება. მე მისთვის არასდროს მითქვამს მსგავსი რამ, არც კი მიფიქრია ამაზე. მე იმ ყველაფერს, რაც ამერიკაში ლეგალურად ცხოვრებისთვის იყო საჭირო, ნაბიჯ-ნაბიჯ ვაკეთებდი დამოუკიდებლად და ალბათ, ამის დანახვამაც იქონია მასზე გავლენა. მოდი, ასე ვიტყვი, ფურცელზე მასთან ერთად, ცოლად ვიქნებოდი რეგისტრირებული თუ საყვარლად, მართლა არ ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა. თუმცა, როგორც გოგოს, ყოველთვის მქონდა ქორწინებაში ყოფნის სურვილი და ეს იყო მისი საჩუქარი, რომელიც სიყვარულით გამიკეთა და არა ემიგრანტის გვერდში დგომა.
– თავიდან ასაკობრივი სხვაობა ახსენეთ, მერე ესეც, ალბათ, უმნიშვნელო ხდება.
– არასოდეს მომწონდა ჩემი ასაკის ადამიანები. არ მქონდა იოლი ცხოვრება და აქედან გამომდინარე, ყოველთვის დაცულობის დანაკლისს განვიცდიდი. ამ განცდას ჩემზე ასაკით უფროსი ადამიანები მაძლევდნენ, იქნებოდა ბიძა, მამა, ბებია… ჩემი ორივე ბებია 13 წლით უმცროსი იყო საკუთარ მეუღლეზე, ჩვენს შორის კი 18 წელია სხვაობა, ასე რომ, ცოტა გენეტიკური ამბავიც გამოდის. ქალები კაცებზე გაცილებით ადრე ვითარდებიან, ამიტომ ასეთი სხვაობა, პირიქით, უფრო საინტერესოს ხდის ურთიერთობას. მარიუსის იუმორის გრძნობა, ცხოვრებისადმი მსუბუქი დამოკიდებულება და მარტივი მიდგომები, მას ჩემზე გაცილებით ახალგაზრდას ხდის. მასთან ურთიერთობის დროს იმდენს ვიცინი, მუცლის კუნთები მტკივა.
– ვინ არის პროფესიით, რას საქმიანობს?
– 57 წლიდან არაფერს საქმიანობს. გადაწყვიტა, რომ საკმაოდ ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ მშვიდი ცხოვრება ჰქონდეს. პენსიონერს ვერ დავარქმევ, იმიტომ, რომ გუშინ გახდა 65 წლის, მაგრამ უკვე წლებია, ასე ცხოვრობს. კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი იყო და ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბანკში მუშაობდა დირექტორის თანაშემწედ უსაფრთხოების მიმართულებით. 57 წლის ასაკში კი გართობა და დასვენება გადაწყვიტა.
– ერთმანეთის ოჯახები გაიცანით?
– თვითონ, პირველ რიგში, ოჯახი და მეგობრები გამაცნო. ერთადერთი და ჰყავს, მასთან და მის ოჯახთან ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს. შვილი ფლორიდაში ცხოვრობს და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მარიუსს ყოველდღიური ურთიერთობა აქვს ჩემს შვილებთან საქართველოში. პირველი პერიოდი მათ იკისრეს ჩვენი თარჯიმნობა. ჩემს ყველა ბიძაშვილს, დეიდაშვილსა და მეგობარს იცნობს. ჩემს დებს აიძულებს, ინგლისური მათაც ისწავლონ. დაბადების დღეებს ყველას ქართულად ულოცავს (იცინის). ჩვენი ქორწინების შესახებ არავინ იცოდა. მეც არ ვიცოდი და სხვას როგორ შევატყობინებდი. ხელი რომ მოვაწერეთ, ჩემს შვილებს ურეკავს, ჩემო გერებო, გილოცავთო და ისინი გაოცებულები უსმენდნენ (იცინის). მერე უკვე ყველას გავაგებინეთ, რომ ვიქორწინეთ. ამერიკულ მელოდრამებს რომ ვუყურებდი, მეგონა, რომ მასში გადმოცემული ისტორიები რეალური ცხოვრებისგან ძალიან შორს იყო. თურმე, ძალიან ვცდებოდი და ერთი შეხედვით, ასეთივე არარეალური ისტორია მეც გადამხდა თავს, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვარ.