საინფორმაციო გადაცემა ,,ქრონიკის” წამყვანი, ჟურნალისტი ვარლამ, იგივე ვაკო, წიკლაური ახალბედა მამის ამპლუაშია. ის და ხატია კობერიძე ბიჭის, ნიკოლას, მშობლები გახდნენ. ბავშვი ბელგიაში დაიბადა. ვაკოს საქართველოში მალე მოუწია დაბრუნება და თვენახევარი ცოლ-შვილის მონატრებით გაატარა.
ნიკოლას დაბადებამ ვაკოს ცხოვრება თავდაყირა დააყენა. მანამდე კი ის და ხატია კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. პირველ ექოსკოპიაზე წყვილს გოგო მიულოცეს, მეორეზე კი – ბიჭი. ამ უცნაურ შემთხვევასა და ახალბედა მამობაზე ვაკო წიკლაური ,,სარკეს” უამბობს:
– ჩემი მეუღლე ხატია კობერიძე ბელგიის მოქალაქეა, ამიტომაც გადაწყვეტილი გვქონდა, ჩვენი შვილისთვისაც არ წაგვერთმია შანსი, ყოფილიყო ევროპის მოქალაქე, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად. ორსულობის ბოლოს ბელგიაში გავემგზავრეთ. მთელი ორსულობის განმავლობაში ჩართული ვიყავი ყველაფერში, ექიმთან არც ერთ ვიზიტს დავკლებივარ.
ექოსკოპიაზე გვითხრეს, რომ გოგონას მშობლები გავხდებოდით. სახელიც შევურჩიეთ, ტანსაცმელიც ვუყიდეთ, ხატიას დედამ ბელგიაშიც ყველაფერი გოგოსთვის იყიდა. მეორედ რომ წავედით ექსოკოპიაზე, სხვა ექიმმა გვითხრა, ალბათ სქესიც იცითო. გაუკვირდა, რომ გოგოს მოლოდინი გვქონდა, ბიჭი არისო. ასე დაგვრჩა გოგოს უამრავი ტანსაცმელი. თავიდან გავიარეთ ყველა ეტაპი, ერთად მოვიფიქრეთ სახელი ნიკოლა და თავიდან ვუყიდეთ ყველა ნივთი.
– ნიკოლას დაბადებას ესწრებოდით?
– კი. ისე განვიცადე, რომ მშობიარობის შემდეგ ყველა კუნთი მტკიოდა. დაახლოებით 18 საათი გაგრძელდა და მთელი ეს პერიოდი გვერდიდან არ მოვშორებივარ.
– მოგვიყევით თქვენი სიყვარულის ამბავიც.
– ჩემი თანამშრომელი თაკო მექვაბიშვილი ბელგიაში იყო გადაღებაზე, სადაც გაიცნო ხატია და მისი ოჯახი. ისინი 23 წელია წასულები არიან ბელგიაში და უკვე კარგად არიან ფეხმოკიდებული. თავიანთი პატარა სასტუმრო და კაფეც აქვთ. როდესაც ჩემი მეგობარი დაბრუნდა, რატომღაც მითხრა, ბელგიაში ისეთი გოგო ვიპოვე, რომელიც ზუსტად საშენოაო…
სამი თვის შემდეგ საბერძნეთში მომიწა მივლინებით წასვლა და გზაში შევეხმიანე ხატიას. აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ჩვენი პირველი კონტაქტიდან სამ თვეში ხატია საქართველოში ჩამოვიდა. როგორც კი აეროპორტში დავინახე და კაფეში დავსხედით, მივხვდი, რომ ამ გოგოს გვერდით მინდოდა ცხოვრება. გარკვეული პერიოდი დავდიოდით მე ბელგიაში და ის თბილისში.
ხელის თხოვნა ორიგინალური გამოვიდა. მესაზღვრის ფორმა ჩავიცვი, ისე ჩავაწყვე, რეისი როცა დაჯდებოდა, ხატია ჩემს საკონტროლო-გამშვებ ჯიხურთან მოხვედრილიყო. პირბადით ვერ მიცნო თავიდან და პასპორტში ბეჭდის ჩარტყმის შემდეგ ხელზეც გავუკეთე ბეჭედი.