ჩოხატაურელ ბლოგერ გივიკო დიდიას საზოგადოება კარგად იცნობს, განსაკუთრებით ის ნაწილი, ვინც საქართველოს ლამაზ, კოლორიტულ კუთხეზე – გურიაზე – შეყვარებულია. ამ სიყვარულში გივიკოსაც მიუძღვის წვლილი მისი თბილი, მხიარული ვიდეოებით. თავისი ნათელა ბებო, რომლის მიმართაც განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, სხვებსაც შეაყვარა. ამით იმის თქმა უნდა, ,,რა თბილი, გემრიელი და შეუცვლელია ბებიეს კალთა”. ეს ყველაფერი 33 წლის გივიკოსთვის ზოგადად გურიისა და მთელი საქართველოს სიყვარულის გამოხატულებაა, რის შესახებაც ,,სარკის” მკითხველს თავად გვიამბობს.
– გივიკო, დავიწყოთ იმით, რომ თქვენ შესახებ გვიამბოთ.
– დავიბადე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. დავამთავრე ჩოხატაურის ნიკო მარის სახელობის N1 საჯარო სკოლა. შექმნილი ოჯახური პრობლემების გამო ვერ გავაგრძელე სწავლა, თეატრალური იყო ჩემი ოცნება მაშინ. ბებიაზე და სიცოცხლზე უსაზღვროდ შეყვარებული, უდიპლომო გურული ბიჭი ვარ. მყავს ძალიან თბილი, უსაყვარლესი დედა. აქვს საოცარი იუმორი და არაჩვეულებრივი მზარეულია.
სამწუხაროდ 2020 წლის 31 დეკემბერს, ახალ წლამდე რამდენიმე საათით ადრე, გარდამეცვალა მამა. ჩემი ძმა კი ფეხბურთელი გახლავთ.
– თქვენს მრავალრიცხოვან მიმდევრებს ფოტოებით თუ ვიდეოებით ამოგზაურებთ გურიაში. საიდან გაჩნდა ეს იდეა, რით დაიწყეთ?
– ჩემი ბლოგი ჯერ სიმღერით გახდა პოპულარული, მაგრამ ბებიას და შვილიშვილის ურთიერთობამ სრულიად საქართველო მოიცვა. ამის შემდეგ გადავწყვიტე, ჩემი თვალით დანახული გურია გამეცნო მაყურებლისთვის. ნამდვილად არ ველოდი საზოგადოებისგან ამხელა ინტერესს.
ყოველთვის გულწრფელი ვარ და ვფიქრობ, შედეგი ამიტომ არის საუკეთესო. ვცდილობ, ყველაფერში დავინახო კარგი და ლამაზი. ყოველდღე ვეუბნები ადამიანებს, რომ, სირთულეების მიუხედავად, ცხოვრება მშვენიერია, რომ ბედნიერება ყველაფერშია. მთავარია, მისი დანახვა და შეგრძნება შეძლო.
– მოგვიყევით, როგორია თქვენი ერთი დღე.
– დილა აუცილებლად ყავით იწყება. მერე ბებიას ვუმზადებ საუზმეს. ვაკონტროლებ, მიიღო თუ არა ექიმის დანიშნული წამლები, ვკოცნი ბევრს და გავრბივარ სამსახურში. ჩემი საქმიანობა მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს მოიცავს და სხვადასხვა ღონისძიებების წამყვანი ვარ. პარალელურად ვმღერი კიდეც.
საღამოს მეგობრებთან ერთად ვატარებ და გემრიელ გურულ ჩაის გეახლებით. ვზრუნავ ჩემს საყვარელ კატაზე და ძაღლზე. ძილის წინ მიყვარს წერა, კითხვა და ფილმების ყურება.
– თქვენი და ნათელა ბებოს ურთიერთდამოკიდებულება მართლაც განსაკუთრებულია. როგორც ჩანს, მისი ამაგი თქვენზე დიდია. გვიამბეთ ამ ურთიერთობაზე. ბავშვობიდანვე ასე ახლოს იყავით მასთან?
– მთელი ბაღნობა ნათიეს ლოგინში გავატარე. სახეზე მივადებდი ლოყას და ასე ვიძინებდი. როცა არ მეძინებოდა, მის ხელებს ვეფერებოდი და ბევრჯერ ნაამბობ ზღაპარს ისე მიყვებოდა, თითქოს პირველად ვისმენდი. მეც გავიტრუნებოდი. ბოლოს გამოვუტყდებოდი, მაი ზღაპარი ვიცოდი-მეთქი და მებუტებოდა, აბა, რას მაქაქანე ამდენ ხანსო. ვეუბნებოდი, შენნაირი სიბერე მინდა, მქონდეს, შენ რომ მიყვარხარ, ისე მინდა ვუყვარდე ჩემს შვილიშვილებს-მეთქი. გეიცინებდა და მეტყოდა: ,,ჩემს ასაკამდე ბედნიერად გაგეტარებინოს ცხოვრება, ნენა”.
თუ ვინმე მკითხავს, რა არის სიყვარული, აუცილებლად მოვუყვები ამ ამბავს და მჯერა, რომ ის მიხვდება პასუხს. კიდევ იმასაც მიხვდება, რა თბილი, გემრიელი და შეუცვლელია ბებიეს კალთა. სანამ გყავთ, გაუფრთხილდით ბებიას და ბაბუას, ისინი ჩვენით ცოცხლობენ. ჩვენც დავბერდებით.
თბილი და უბოროტო ბაღანე ვიყავი, დღესაც ამფერი ვარ. რაც შეეხება იმას, რაფერი შვილიშვილი ვარ, მეც მინდა, მყავდეს ერთი გივიკო სიბერეში.
– საჩუქრებით ხშირად ანებივრებთ? ბოლოს რა მიართვით ან რა დაამახსოვრდა განსაკუთრებით?
– ზოგადად, ძალიან მიყვარს სხვების გახარება ან საჩუქრების მირთმევა. ნათის განსაკუთრებით უხარია, ფულს როცა ვჩუქნი და აუცილებლად უნდა დავამატო ხურდა, ისევ ჩემთვის აქვს “პორტმანში” მოყუჩებული.
– რჩევებს, ჭკუა-დარიგებას ხშირად გაძლევთ ნათელა ბებო?
– ყოველდღე მაძლევს რჩევებს. ყოველდღე ვსწავლობ მისგან, თუ როგორი უნდა იყოს კარგი ადამიანი. იმაზე მეტად იღბლიანი ვარ, ვიდრე მეგონა. ღმერთის მადლიერი ვარ, ნათი რომ არის ჩემს ცხოვრებაში. შეიძლება ჩემი ესმოდეთ ან არ ესმოდეთ, შეიძლება ვუყვარდე ან არ ვუყვარდე, მაგრამ არის რაღაც, რაც სულში უნდა გქონდეს, ვერ ითამაშებ. ვერ ვიტევ ამ გულწრფელ სიყვარულს მისდამი. საოცარი შეგრძნებაა, უამრავ იმედგაცრუებას გამოვლილს რომ გყავს ადამიანი, რომელსაც ისეთი უყვარხარ, როგორიც ხარ და გულწრფელად იქნება შენ გვერდით, არ იფიქრებს იმაზე, რაში გამოგიყენოს. გასცემს იმიტომ კი არა, რომ ორმაგი მიიღოს, უბრალოდ, გულწრფელად, უპირობოდ უყვარხარ.
პატარაობიდან მეიმედება ბებია. ჩემს სისუსტეებს ხშირად ძლიერ მხარედ გადააქცევს. მადლიერი ვარ ასეთი სუფთა მეგობრობისთვის. ეს ის ადამიანია, ვისთან ერთადაც, უბრალოდ, ჩუმად ჯდომაც კი მაბედნიერებს, რომელთანაც შემიძლია ბევრი ვიცინო და ვიწუწუნო კიდეც, თუ მინდა. ვიცი, რომ ყველგან და ყოველთვის, ანგელოზის ფრთა მიფარავს, რადგან ის მყავს.
ბევრი მეგობარი მყოლია, ბევრი ურთიერთობა მინახავს, მაგრამ ღმერთმა იცის, ჩვენი დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი მეგობრობა. ჩემი ცხოვრების არც ერთი დღე არ და ვერ წარმომიდგენია მის გარეშე. ყველაზე ძვირფასი გოგოა. არ მომერიდება, სიყვარულს საჯაროდ ყოველთვის ავუხსნი. გამოუხატავი გრძნობები მერეც მეყოფა.
– ერთ-ერთ ბოლო ვიდეოჩანაწერში გაგიბრაზდათ. რატომ, რა მოხდა?
– ვერ მაპატია, მეგობრის გამოგზავნილი საჩუქარი მის გარეშე რომ გავხსენი და არ ვანახე.
– უძვირფასეს ბებოსთან, მეგობრებთან ურთიერთობის, ვიდეოების ჩაწერის მიღმა სიყვარულის, რომანტიკის ადგილი არის თქვენს ცხოვრებაში?
– მოსაყოლი ბევრი არაფერია. ჩემთვის დავიტოვებ
– ბოლოს როდის იყავით შეყვარებული?
– დიდხანს გაგრძელდა ჩემი პირველი სიყვარული. უბრალოდ, ვერ შედგა. ახლა მარტო ვარ და მზად ვარ, ისევ მიყვარდეს.
– თქვენთვის საყვარელ ადამიანს პირველად ვის გააცნობთ?
– ნათელას გავაცნობ აუცილებლად.
– რა გეგმები გაქვთ, როგორ ხედავთ თქვენს მომავალს?
– ჩემი გეგმები მთას, ბახმაროს უკავშირდება. აუცილებლად მექნება ჩემი სახლი, გარემო, სადაც ერთხელ მოსული სტუმარი აუცილებლად დაბრუნდება. გურია ის ადგილია, რომლის სრულყოფილად სანახავად მხოლოდ ერთი სტუმრობა არ გეყოფა. ყოველ ჩამოსვლაზე იგრძნობ, რომ კიდევ ბევრი დაგრჩა სანახავი. ყოველ ჩამოსვლაზე იგრძნობ, რომ “მოწამლული” ხარ აქაურობით, რომ აქედან წასვლა აღარ გინდა, რომ “რაცხა” აქამდე არ გინახავს. ყოველ ჩამოსვლაზე ახვალ ბახმაროში. ჩოხატაურში დააგემოვნებ გემრიელობებს და “ბედნიერების გურულ ღვეზელს”… ყოველ ჩამოსვლაზე მიხვდებით, რომ გურია საქართველოს გულია. მიყვარხარ, საქართველო.