როგორ უწყობდა ქალებს ცხოვრებას გივი სიხარულიძე და რატომ არ იღებს ის არასდროს ვალს

ფული რომ არსებობისთვის აუცილებელი რამ არის, ამას ვერავინ უარყოფს, თუმცა მისდამი დამოკიდებულება მაინც სხვადასხვაგვარია. ამჯერად გივი სიხარულიძის მოსაზრებას გაგაცნობთ.

გივი სიხარულიძე: ვინმე თუ გეტყვით, ფული ხელის ჭუჭყიაო, სილა გააწანით. ესე იგი, იდიოტი ყოფილა. მე დავრწმუნდი, რომ ამ სამყაროში ფულით იწყება ყველაფერი და ფულით გრძელდება. მათ შორის ადამიანებს შორის დამოკიდებულებებსაც ფული განსაზღვრავს. გაიხრწნა და გათახსირდა მთელი სამყარო. ადრე, მე რომ პატარა ბავშვი ვიყავი კაცობას სინდისი და ნამუსი, პატიოსნება განსაზღვრავდა. უფრო ადრე, კაცი კაცს ულვაშს რომ ჩააბარებდა, ეს იყო ყველაფერი. დღეს ულვაში კი არა, ტრუსიკიც რომ გაიხადოს და მისცეს, მაინც მოატყუებს. ისე, რომ ფულმა გახრწნა სამყარო. ეს არის ეშმაკისგან მოგონილი საშინელება, რომელიც მსოფლიოს მართავს.

– ახალგაზრდობაში ფულს დაუფიქრებლად ვფლანგავთ, მერე ყაირათიანად გამოყენებას ვსწავლობთ. ალბათ, თქვენც გაიარეთ ეს გზა. შეცვალა ასაკმა მისდამი თქვენი დამოკიდებულება?

– კი, მაგრამ მე ძალიან გაჭირვებაში გავიზარდე. მამა გადასახლებული მყავდა. ვიცოდი, რა იყო ფული და როგორ ძნელად იშოვებოდა. ვხედავდი, როგორ წვალობდა დედაჩემი. განა ბევრისთვის, მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემთვის ლუკმაპური ეჭმია. ყველას ჰყავდა სანტა-კლაუსი – მშობელი ღამე რომ გიდებს საჩუქარს ჩუმად და დილით გეუბნება, ეს სანტა კლაუსმა მოგიტანაო, ხომ იცით?! მე ისე გავიზარდე, სანტა კლაუსი არ მყოლია. ვინ იქნებოდა ჩემი სანტა კლაუსი? შიმშილსა და გაჭირვებაში გავიზარდე. მერე როცა დიდი გავხდი, ღმერთმა გამომიგზავნა უზბეკი კაცი, რომელიც ცხრა წელი საბჭოთა კავშირის ელჩი იყო იაპონიაში. პროფესორი, აკადემიკოსი, უდიდესი მეცნიერი და დიდი ბიზნესმენი – ფათახ შადოევი, რომელსაც ვუთხარი: ალბათ, მთელი ცხოვრება იმიტომ არ მყოლია სანტა კლაუსი, რომ ღმერთი მამზადებდა ყველაზე დიდი სანტა კლაუსისთვის, რაც კი ამქვეყნად არსებობს-მეთქი. ეს კაცი ყველანაირად გვერდით დამიდგა. თუ მე ამხელა წოდებები მაქვს – საქართველოს ხელოვნების და კულტურის ქურუმი ვარ, ღირსების ორდერის კავალერი, რაინდის წოდება მაქვს, დამსახურებული არტისტი, ნიკო ლორთქიფანიძის პრემიის ლაურეატი. უამრავი პრემია მაქვს მიღებული და სამას ლარს რომ მაძლევ პენსიას, შევაფურთხე ყველა მთავრობას და მის მოცემულ ყველაფერს. ერთადერთი, ვის მიმართაც დიდი სიყვარულით ვარ განწყობილი, რადგან ეროვნული კაცია და ჩემი ქალაქი გამილამაზა, ეს არის კახი კალაძე. ეს კაცი ძალიან მომწონს, ამას გულით ვამბობ. დანარჩენი – არა. მე ოპოზიციონერი არ ვარ და ვერც ვიქნები. როცა ოპოზიციონერი ხარ და რაღაცას ყვირი, მაშინ უნდა შეგეძლოს, შენ რომ მოხვალ, უკეთესად გააკეთო და ამაზე ხელი უნდა მოაწერო. მაგრამ სინამდვილეში, ისინი ყველანაირ გოთვერნობებს და მამაძაღლობებს აწყობენ, რომ მთავრობაში მოვიდნენ და მერე ხალხი ფეხებზე დაიკიდონ.

– ბატონო გივი, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრს უყვარხართ და მათ შორის ძალიან შეძლებულებიც არიან, მათგან დიდი თანხა ან განსაკუთრებული საჩუქარი არ მიგიღიათ?

– როგორ არ მიმიღია, ყველაფერი მიმიღია. არის ასეთი კაცი გერონტი კობალაძე. მე ამ კაცმა ცხოვრება გამილამაზა. ისეთი სიკეთეები გამიკეთა, ვერ აღგიწერთ. ლადო კვარაცხელია, ვანო ჩხარტიშვილი, ანტონ ინგოროყვა, ბადრი წილოსანი, ვახტანგ ვეფხვაძე – ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ძალიან ბევრჯერ დამიდგენენ გვერდში. კიდევ ბევრნი არიან. და რომ არა ისინი, ჩემი 300 ლარით მშიერი მოვკვდებოდი. ეს ადამიანები ფინანსურად ყველანაირად დამიდგენენ გვერდში იმისთვის, რომ მშიერს ფეხები არ გამეფშიკა.

– ისე, გეხერხებათ ფულის დაზოგვა და ძალიან გამოთვლილად ხარჯვა?

– არა, არა. შეგიძლიათ, პირდაპირ დაწეროთ, მაგის ტრ..ი არც არასდროს მქონია და არც ახლა მაქვს. როცა მაქვს, ვხარჯავ. თან, ერთი რამ ვიცი, თუ კი მაქვს, აუცილებლად უნდა დავეხმარო ჩემზე გაჭირვებულებს. მე ვიცი გაჭირვების ფასი, ვიცი, როგორია, როცა კაპიკი არ გიდევს ჯიბეში.

– ვალები…

– არა, ვალი ცხოვრებაში არ ამიღია. სადამდეც მყოფნის საბანი, იქამდე ვშლი ფეხებს. ვალის ძალიან მეშინია. მე სიტყვის კაცი ვარ, სიტყვა თუ გავტეხე, თავს პატივს ვეღარ ვცემ. ვალი რომ ავიღო, ვიცი, რომ შეიძლება, ვეღარ დავუბრუნო, ამიტომ ჯობს, არასდროს ავიღო და არც ვიღებ.

– თვითონ თუ გისესხებიათ სხვისთვის?

– არ მისესხებია, რომ მოსულან, პირდაპირ მითქვამს, ბოდიში და ამდენის ტრ..ი მაქვს და გაჩუქებ, შენ გენაცვალოს ჩემი თავი და ღმერთმა ხელი მოგიმართოს. რამდენითაც შემიძლია ადამიანის დახმარება, იმდენით ვეხმარები.

– ყველაზე სარფიანად რაში დაგიბანდებიათ ფული?

– მე მაგისი ტვინი არ მაქვს. ხუთი ათასზე მეტი ლექსი ვიცი, 32 წიგნის ავტორი ვარ, მაგრამ ბიზნესში უტვინო ვარ. ორჯერ ორის იქით, ანგარიში არ ვიცი. ფული არაფერში არ ჩამიდია, გარდა იმისა, რომ რაღაცები შემიძენია. მოგებაზე არასდროს მიფიქრია. ამას ძალიან დიდი ტვინი უნდა, რომელიც მე არ გამაჩნია.

– მაშინ სახალისო ამბები გავიხსენოთ – რაში „გადაგიყრიათ“ ფული?

– ფულს მხოლოდ რესტორანაში ვყრიდი. განსაკუთრებით რუსეთში რომ ვიყავი. ბოშათა ანსამბლიდან ყველა მიცნობდა, ყველას ძალიან ვუყვარდი. ისინი რომ შემოვიდოდნენ რესტორანში, უკანასკნელ კაპიკამდე ვყრიდი ჯიბიდან ფულს. მომწონდა ის ამბავი, ის ხალხი. პატარა გემი ჰქონდათ, იქ ცხოვრობდნენ და იქვე მუშაობდნენ. იქ ხშირად მიქეიფია, დავმთვრალვარ და მათთან დამიძინია. მე ძალიან მაგრად ვცეკვავდი ბოშურ ცეკვებს, ესპანურ ცეკვებს, ქართულებს – თავისთავად და ვუყვარდი ამ ხალხს, უხაროდათ ჩემი დანახვა და ამიტომ, მათთან ვყრიდი იმდენს, რამდენიც მქონდა.

– ქალბატონებისთვის გაკეთებული საჩუქრებიც გავიხსენოთ.

– ერთ რამეს გეტყვით, გარდა იმისა, რომ საზღვარგარეთ ბორდელებში დავდიოდი, ექვსი თვე რომ მიდიხარ გასტროლზე, კაცი ხარ და სხვანაირად არ გამოვა. იქ გადამიხდია ფული, მაგრამ ისე არცერთ ქალთან ფული არ გადამიხდია. მაგრამ ცხოვრებაში ვისთანაც მქონია საქმე, ვისთანაც გამივლია, როგორც შემეძლო, ყველას დავხმარებივარ. ბევრს საერთოდ ცხოვრება ავუწყვე. იმიტომ, რომ თუ მამაკაცი ხარ, შენს თავს უნდა სცე პატივი. როცა ქალებს ეხმარები, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს სცემ პატივს. რომ ხედავ ქალს არ აცვია კარგად, არ ახურია, კაი სუნამო არ აქვს, კარგი სახლი არ აქვს, ბოდიში და თუ ტრ..ი გაქვს და არ უყიდე, ესე იგი, ძუნწკარაპეტა ხარ, შენი დედაც… შენი თავის პატივისცემა უნდა გქონდეს და მამაკაცი რომ ხარ და ხვდები, რომ ქალს რაღაც უჭირს, მასთან თუ რომანი გაქვს, როგორ უნდა იკადრო, რომ თუ შეგიძლია, იმას რამე არ უყიდო. თუ ეს შეგეშალა, კაცი არ ყოფილხარ, ტრ..ი ხარ სუფთა.

– რა ხდება, როცა ხვდებით, რომ ფული გიმთავრდებათ?

– აი ახლა, ზუსტად ეგ მომენტია. ამწუთას უკაპეიკოდ დავრჩი. მანქანა გზაში გამიჩერდა, გამიფუჭდა. ძმაკაცი მყავს გენოდი კაჟირაშვილი, რომელსაც თავისი პროფილაქტიკა აქვს. დავურეკე, ვუთხარი, გენოდი, ხომ იცი კაპიკი ფული არ მაქვს-მეთქი. ფული რად გინდა, მე აქ არ ვარო? 87 კაცი გამომიგზავნა, ახლა წავიდნენ, ნაწილები უნდა იყიდონ და მომიტანონ. გივიჯან, ერთი წუთით არ იფიქრო არაფერზეო. ფული ყველაფერს წყვეტს, მაგრამ მეგობრობა არის საოცარი რამ. საქართველო ერთადერთი ადგილია, სადაც შეიძლება, ფული მეორეხარისხოვანი იყოს. აქ მაინც ყველაფერი მეგობრობით იწყება და მთავრდება. ახლა წიგნს ვწერ ამაზე და იქ ბევრი თანადგომის ისტორიას ვყვები.

– შეიძლება, ვიღაც მართლა გულით ცდილობს ჩვენს გახარებას და თანადგომას, მაგრამ ჩვენი მხრიდან უხერხულობა არ ახლავს საჩუქრების თუ თანხის მიღებას?

– არ ახლავს უხერხულობა და გეტყვით რატომ – მე ისეთი კაცისგან ფულს არ ავიღებ, ვისთანაც უხერხულობას ვგრძნობ. როცა მე არ მითხოვია და იმას აქვს ხოში, რომ გამიკეთოს, უხერხულობა მოხსნილია. როცა შენ ეღრიჭები და მერე დაგეხმარება, ეგეთ დახმარებას და იმ კაცსაც… გააჩნია ვინ გიკეთებს ამას.

– გაუოცებიხართ საჩუქრებით?

– გავუოცებივარ კი არა, ჭკუიდან გადავსულვარ, ისეთი საჩუქრები მიმიღია. მართლა მეგონა, ჭკუიდან შევიშლებოდი. მაგრამ ეს ყველაფერი უფალმა გამიკეთა. ულამაზესი ბიჭი ვიყავი, მაგრამ სულ გაჭირვებული ვიყავი და არასდროს კარგად არ მეცვა. სხვებზე მომწონდა, მაგრამ მე არასდროს მქონდა საშუალება. მერე, იცით, რა გამიკეთა უფალმა? თუ რამე შეიძლებოდა, კარგი მქონოდა, ყველაფერი გამომიგზავნა. იცოდეთ, რომ ყველაფერი ღმერთის ძალით იწყება და მთავრდება. ნიჭიერება, კაცობა, სინდისი და ნამუსიც უფალმა გამომიგზავნა. ის ადამიანებიც იმ კონდიციამდე მიიყვანა, რომ სიკეთე გაეკეთებინათ ჩემთვის. „გმადლობთ, გმადლობთ ყველაფრისთვის, მეხმარები? არაფრისთვის“ – ეს სტრიქონი ღმერთს დავუწერე.