“სანამ დედამისი დაიტირებს, მე ვტირი… ჩემო სევდიანთვალება ბიჭო”

ჟურნალისტი, ზაირა მიქატაძე უკრაინის ომის ამბებს სოციალურ ქსელში აზიარებს და აზერბაიჯანელ მებრძოლზე ემოციურად წერს, რმელიც ბრძოლის ველზე დაირუპა.

კიევიდან ზაპოროჟიეს მატარებელს გავყევი. ქალაქ დნეპროში დილის ხუთ საათზე ჩავედი. მარკი დამხვდა. მატარებლის სადგურზე ქართველ მებრძოლს შევხვდი. ხელი გავუწოდე და გამარჯობა ვუთხარი. ქართველი ხარო? გაოცებისა და სიხარულისგან თვალები გაუფართოვდა ლაშას. ქუთაისელ ლაშა აბუთიძეს. ერთი საათამდე ვიარეთ და ერთ_ერთ სოფელში შევედით. ეზოში რამდენიმე მანქანა აყენია ნიშნით, ”ქართველი პარტიზანები”. ბიჭები ყავას მთავაზობენ. გამიახლდა აფხაზეთი. მაშინაც სწორედ ასე იყო. მალე ოთახიდან რაზმის მეთაური, აფხაზეთის ომის ვეტერანი, დავით ქუქჩიშვილი გამოდის. მეორე დღეს აქაურობა უნდა დატოვონ და ფრონტის ხაზისკენ წავიდნენ. სანამ გავალთ, ბიჭებს ვწერ. აქ სულ ცხრანი არიან. მათ შორის ჩემი შორეული ნათესავი აღმოვაჩინე. სახელს და გვარს ვერ ვწერ. მეორე დღეს, წესისამებრ, გათენებამდე გავედით. თითქმის მთელი დღე ვიმგზავრეთ. ამ ხნის განმავლობაში გვერდით მეჯდა აზერბაიჯანელი ბიჭი, რომელმაც ნიღბით ისურვა ჩაწერა. სახე რომ ვაჩვენო, უკან როცა დავბრუნდები, აზერბაიჯანის ხელისუფლება დევნას დამიწყებსო. სხვა ვიდეოებშიც ვერიდებოდი მის გამოჩენას, მაგრამ აქა-იქ გაკვრით მაინც ჩანს. გზაში წამდაუწუმ ურეკავდნენ, ხან დედა, ხან უმცროსი ძმა. მხოლოდ ჩემმა ძმამ იცის აქ რომ ვარ, ჩემებს პოლონეთში ვგონივარ სამუშაოდო. როცა გავდიოდით, ვიღაცას ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა, მაპატიე, ჩამეძინა და ვერ დაგემშვიდობე, უკვე გავდივართო. გულში გამეცინა, გოგოს გაცნობა მოუსწრია-მეთქი.

ნიკალაევში ერთ-ერთ ბაზაზე სარდაფში ჩაგვიყვანეს. მე ცალკე ოთახი გამომიყვეს. დანარჩენები ერთად მოთავსდნენ. ჩემი ნათესავი ჩემთან გახმოვიყვანე. დაღვრემილი თვალებით მიყურებდა საიდი. შენც ჩვენთან დაწექი_მეთქი. არაო, მოერიდა. ახლოს ვიყავით რუსების კონტროლირებადი ტერიტორიიდან. ოპერაცია დაიგეგმა. დათო ხანმპირდებოდა შეყვანას, ხანაც _ ვერ შეგიყვანო. ჩემი საქმე მოთავებული მქონდა და ბარემ წავალ-მრთქი. ერთი უკრაინელი მეომარი მოდიოდა და ოდესამდე გამოვყევი. სულ სამი დღე დავყავი ბიჭებთან. ამ ხნის განმავლობაში თითქმის სულ საიდის გვერდით ვიყავი. მესამე დღეა, რაც მათ დავშორდი, დღეს საშინელი ამბავი გავიგე. ქართველ პარტიზანებს ერთი მოუკლეს და ხუთი დაუჭრესო. ოღონდ შენ არა-მეჹქი, ჩემს ნათესავს მივწერე. პასუხი ჯერაც არ ჩანს. ქართველი მეომრებიდან გავიგე, რომოკლული სევდიანთვალება აზერბაიჯანელი ბიჭი, საიდია. და ახლა პირველი, სანამ დედამისი დაიტირებს, მე ვტირი. ისე, როგორც 30 წლის წინ ნიკუშა თურმანაულს ვტიროდი, სანამ მის სივდილს დედა გაიგებდა.
საიდ, ჩემო მამაცო აზერბაიჯანელო, რომელიც რუსეთის სიძულვილმა ჩამოგიყვანა უკრაინაში, ამ პოსტს არ დაგჯერდები. ისტორიას დავუტოვებ შენს სახელს.
იმ ქვეყნად შეხვედრამდე, ჩემო სევდიანთვალება ბიჭო!!!”, – წერს მიქატაძე.