დღეს იშვიათია წყვილი, რომელიც მრავალი წელი დიდი სიყვარულით მოდის და მყარი ოჯახი აქვს. ასეთ გამონაკლისთა შორის არიან ტელეჟურნალისტი გოდერძი შარაშია და მისი მეორე ნახევარი, ექიმი ცირა ჩქვანავა. 20 წელზე მეტია, რაც წყვილმა ერთმანეთს დაუკავშირა ცხოვრება. ყველაფერი კი თბილისში, პატარა იტალიურ ეზოში დაიწყო. თავის სიყვარულზე გოდერძიმ რამდენიმე წლის წინ “სარკეს” უამბო:
– იტალიურ ეზოში მეგობართან ვიყავი სტუმრად. კარი ღია იყო და გარეთ ვიყურებოდი. ამ დროს ორმა ქალმა ჩაიარა, ერთ-ერთი ცირა იყო. ვიკითხე, ვინ არის-მეთქი. მითხრეს, მეზობელთან მოდის სტუმრადო. მისი საკონტაქტო ვერაფერი რომ ვერ გავიგე, დედაჩემი ჩავრიე. ცირა ვისაც სტუმრობდა, მას დედა იცნობდა და ვთხოვე, იმ ქალისთვის ტელეფონის ნომერი გამოერთმია, მაგრამ დიდი ხანი მაწვალეს. ცირას ნომერი კი გავიგე, მაგრამ მერე დიდხანს მიჭირდა დარეკვა. მაშინ 29 წლის ვიყავი.
– ასე რამ მოგხიბლათ უცნობ გოგონაში?
– პირველად ცირას მოძრაობის მანერა მომეწონა და დღემდე ასე ვარ. ქალში ყველაზე დიდ ყურადღებას მის მანერებს ვაქცევ – როგორ მოძრაობს, როგორ ზის სუფრასთან, როგორ საუბრობს, როგორ იცინის…იმ პერიოდში ,,მოამბეში” ვმუშაობდი. ცირას დავურეკე და ვუთხარი, ტელევიზორში რომ ბიჭი ჩანს, ის ვარ-მეთქი. არ ვუყურებ შენს გადაცემასო, კი მითხრა, მაგრამ მერე დაიწყო ყურება…
ცხოვრების თანამგზავრად ზუსტად ისეთი ქალი მოვძებნე, როგორიც მინდოდა. არ მესმის იმ ადამიანების, ვისაც საკუთარ თავზე გადამეტებული წარმოდგენები აქვთ. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ვერც მოძებნა და ვერც იპოვა. ყველაზე დიდ უბედურებად ოჯახის დანგრევა მიმაჩნია. გადამეტებული წარმოდგენებით შექმნილი ოჯახები კი მალე ინგრევა. როგორც ზეთსა და წყალს ვერ გავაზავებთ, ასე შეიძლება ვერ ,,გაზავდეს” წყვილი და ამის მერე შორდებიან, რაც გულთან ძალიან ახლოს მიმაქვს.
– თქვენი ცოლი ექიმია. საკუთარ მაგალითზე რას გვეტყვით, ჟურნალისტისა და ექიმის ცხოვრება კარგად თავსებადია?
– ჩემი მეუღლე მეან-გინეკოლოგია, ახალ სიცოცხლესთან აქვს შეხება და ერთი შეცდომაც არ ეპატიება. მედიცინაში, მისი წყალობით, მეც ვისწავლე რაღაცები. პაციენტები რომ ურეკავენ, ქალური დაავადებების უმრავლესობის დასახელება უკვე ვიცი. ბევრჯერ ღამის 2 საათზე დაურეკავთ, ექიმო, წამალი მაქვს დასალევი და ლიმონათით რომ დავლიო, თუ შეიძლებაო. ალბათ ქმარსაც და ცოლსაც დაეზარათ ადგომა, გვერდით კი ლიმონათი ჰქონდა. ამის გამო არ ვბრაზდები და ცირაც უძლებს ასეთ ზარებს.
– რას უსურვებდით ქართველ ქალებს?
– ქართველ ქალებს სიმშვიდეს ვუსურვებდი. არ ეშინოდეთ იმის, რომ მეუღლე სამსახურის გარეშე დარჩებათ ან შეყვარებული კაფეში ვერ დაპატიჟებთ. ოღონდ, იცით, რა არ მომწონს? შევა წყვილი კაფეში, ერთი სავარძლის თავში დაჯდება, მეორე სავარძლის ბოლოში, ერთმანეთს ზურგს შეაქცევენ და ტელეფონებში არიან ჩამძვრალი. ეს არის 21-ე საუკუნის გოგოს და ბიჭის ურთიერთობა.