”ცხოვრება ყოველთვის მახვედრებდა მნიშვნელოვან ადამიანებს” – როგორ აუხდინა ოცნება რობერტ სტურუამ აფხაზეთიდან დევნილ გოგონას

რუსთაველის თეატრის ახალგაზრდა მსახიობი, ქეთი სვანიძე, სულ პატარა, 3 წლის იყო, როცა დედასთან ერთად ცეცხლში გახვეული სოხუმი დატოვა. მამა იქ დარჩა, აფახაზეთის მიწაზე, ბრძოლაში დაიღუპა. პატარა გოგონას გზა ხელოვნების სამყაროში დედის, ესმა მიქელაძის, ყურადღებითა და ხელშეწყობით დაიწყო…

ცხოვრებამ უდიდესი საჩუქარი გაუკეთა – თავად დიდმა მაესტრომ, რობერტ სტურუამ, ამოარჩია სტუდენტური სპექტაკლის ნახვის შემდეგ და რუსთაველის თეატრში მუშაობა შესთავაზა. ქეთის თავი სიზმარში ეგონა. ახდენილ ოცნებაზე და ამ ოცნებამდე განვლილ გზაზე ახალგაზრდა მსახიობი ქალი “სარკეს” უამბობს.

– ქეთი, ადამიანისთვის, მისი მომავალი ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადრეულ ასაკში მისი ნიჭის აღმოჩენა და განვითარება. როგორც ვიცი, თქვენთვის გეზის მომცემი დედა იყო. გვიამბეთ ამაზე.

– დიახ, დედა იყო და არის ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანი, საყრდენი. ჩვენ აფხაზეთიდან ლტოლვილები ვართ, მამა ბრძოლაში დაიღუპა. როცა ჩამოვედით, 3 წლის ვიყავი. დედამ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩემთვის შესაბამისი განათლება მოეცა და ხელოვნების სფეროში გადამედგა ნაბიჯები…

ცხოვრება ყოველთვის მახვედრებდა მნიშვნელოვან ადამიანებს, ვინც გარკვეულ როლს თამაშობდნენ ჩემს განვითარებაში. ასეთი დიდი გამართლება თეატრალურში ბატონ შალვა გაწერელიასთან სწავლა იყო. ბატონმა შალვამ გვაზიარა ნამდვილ ხელოვნებას, კულტურას, ჩვენი პროფესიის ავ-კარგს. ბედნიერი 4 წელი გავატარე იქ.

– როგორ აღმოგაჩინათ მაესტრომ?

– ეს იყო დაუჯერებელი ზღაპარი ჩემი ცხოვრებისა! ბატონმა რობერტმა აიყვანა თეატრალური ინსტიტუტის დამამთავრებელი კურსის რეჟისორები, რომლებსაც შემდეგ დაევალათ პატარ-პატარა სპექტაკლების დადგმა რუსთაველის თეატრში, რეჟისორმა რეზო შატაკიშვილმა დამირეკა, მსახიობი მჭირდება, ხომ არ მოხვალო. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ გამიხარდებოდა, რომ გამიჩნდა შანსი, თუნდაც ცოტა ხნით მეთამაშა საოცნებო თეატრში.

ბატონი რობერტი დაესწრო რეპეტიციას, შემდეგ ორჯერ ნახა სპექტაკლი. ამით რუსთაველის თეატრში ჩემი ყოფნაც დასრულდა. სამ დღეში დამირეკეს და მითხრეს, რომ ბატონი რობერტი მიბარებდა. მღელვარებისგან სიცხემაც კი ამიწია. როცა მას შევხვდი და მამცნო თეატრში ჩემი აყვანის შესახებ, საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი!

– ,,ერისიონში” ცეკვა, ოპერაში სიმღერა – ბავშვობიდან გქონდათ შესაძლებლობა, დიდ ხელოვანთა გვერდით გეტრიალათ.

– დიახ, ასე იყო. ბატონ ჯანსუღ კახიძეს ვხვდებოდი ძალიან ხშირად. მაშინ არ ვიცოდი, რომ გენიოსს ვუყურებდი. უფრო მოგვიანებით გავაცნობიერე. სხვათა შორის 8 წლის ვიყავი, როცა რობერტ სტურუამ ,,კარმენი” დადგა ოპერაში, სადაც მეც ვმონაწილეობდი. დღევანდელი ჩემი კოლეგა, უნიჭიერესი, ულამაზესი, გასაგიჟებელი ლელა ალიბეგაშვილი იყო კარმენი. იმდენად მომწონდა, მე, ცელქი გოგო, რომელიც ოპერის უზარმაზარ სივრცეებში ვიკარგებოდი ხოლმე, მოჯადოებული, გაყუჩებული ვიჯექი და ვუყურებდი მის გამოსვლას.

– ლეგენდები დადის მის სიმკაცრეზე. როგორია თქვენი თვალით დანახული რეჟისორი რობერტ სტურუა?

– ბოლომდე შეუცნობელი, განსაცვიფრებელი, მართლაც გენიოსი. ძნელია მასთან მუშაობა. როგორ შეიძლება ადვილი იყოს, ის ხომ განსხვავებულად აზროვნებს?! ბოლომდე შეიძლება ვერც ჩასწვდე მის ჩანაფიქრს, მაგრამ აუცილებლად უნდა ენდო, მიჰყვე და შედეგი იქნება გასაოცარი. არ მოგცემს მოდუნების უფლებას, არ გაპატიებს სიზარმაცეს, ბოლომდე უნდა დაიხარჯო, გრამი ენერგია არ დაიტოვო.

ძალიან მიყვარს, უზომოდ მადლობელი ვარ, მისი წყალობით ამიხდა ოცნება, მომიწია მის სპექტაკლებში მონაწილეობა. მთელი ჩემი შესაძლებლობები ამოსწია ზედაპირზე. მე ხომ ვერ ვიტყოდი, რომ შემიძლია სიმღერა, ცეკვა. მან დაინახა, გამათამამა, გამაძლიერა.

– როცა შეუძლოდ ხართ ან რაიმე პრობლემის გამო დაძაბული ხართ, ამ დროს როგორ ახერხებთ როლში შესვლას, ბოლომდე დახარჯვას სცენაზე?

– არა მარტო მე, ალბათ ყველა მსახიობს ჰქონია რთული სიტუაცია, მაგრამ ზუსტად ეს არის მსახიობის ოსტატობა და თეატრის ჯადოქრობა, რომ არ გაქვს უფლება, შენი განწყობა სცენაზე გადაიტანო. ამის მაგალითები ჩვენი უფროსი თაობაა.

ქალბატონი მარინა ჯანაშია, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა, ხანგრძლივი მკურნალობის და ოპერაციების შემდეგ დადგა სცენაზე და შეუდარებელი იყო. ერთი არ დაუჩივლია, პირიქით, გვიღიმოდა და გვამხნევებდა. ჩემი სათაყვანო ქალბატონი ნანა ფაჩუაშვილი, თავის უდიდეს ტკივილს როგორ ღირსეულად გაუმკლავდა და როგორ მსახურობს თეატრში. ასეთია ჩვენი უამრავი კოლეგა, ისინი არასდროს უღალატებენ თავიანთ მაყურებელს.

– მეუღლე, შვილი და სიყვარული…

– ამაში ძალიან გამიმართლა, ისეთი მეუღლე მყავს, როგორზეც ვოცნებობდი, პედიატრი, ბავშვთა ქირურგი ზურაბ ქიქავა, თიანეთის რაიონში, სიონში გავიცანი, სადაც ჩემი შრომით აშენებული პატარა სახლი მაქვს. ჩვენი ურთიერთობა მიწერ-მოწერით გაგრძელდა, მერე იყო შეხვედრები, სიყვარული, რაც ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა.

ყოველთვის პატივს ვცემდი ექიმის პროფესიას და მიხარია, რომ ჩემი მეუღლე ამ პროფესიის არის. მუშაობს, ძალიან დატვირთულია, მეც ჩემი საქმე მაქვს. მას ძალიან უყვარს თეატრი, პატივს სცემს ჩემს პროფესიას.

ჩვენს პატარა ოჯახში დანიელი იზრდება. მეუღლე ძალიან ჩართულია ბავშვის გაზრდაში. ჭამა, ბანაობა, გამოცვლა – ყველაფერში მონაწილეობს. დანიელი უპრობლემო ბიჭია, დიდად არ გვაწუხებს. მეუღლის დედაც სოხუმიდან არის, ასე რომ, ბევრი საერთო გვაქვს.

მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, რასაც მივაღწიე, რაც ჯერჯერობით შევქმენი. მომავალიც ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ვიცხოვრებთ, რამდენ სიყვარულს გავცემთ. ყველაფერი ბრუნდება უკან ამ სამყაროში. სიყვარულს სიყვარული მოაქვს, ამიტომ გვიყვარდეს ერთმანეთი და ბედნიერები ვიქნებით.