31 წლის ასაკში, 30 სექტემბერს, რადიოწამყვანი და ჟურნალისტი ნანკა ქოქიაშვილი ულამაზესი პატარა ნანეს დედა გახდა. როგორც თავად ამბობს, ბავშვის დაბადებამ მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება. მისი ქმრის, არჩილ ცანკაშვილის გადაწყვეტილებით, ახლა სახლში სამი მოსახელე, სამი ნანა არიან, რადგან სწორედ მამიკომ შეურჩია პატარას სახელი.
– ნანკა, გილოცავ ულამაზესი ქალიშვილის დედობას! რა შეცვალა ბავშვის დაბადებამ შენს ცხოვრებაში?
– თავიდან რომ გავიგე ორსულობის შესახებ, ძალიან ვინერვიულე. კორონას პერიოდი იყო და თვე-ნახევრის ორსულს ომიკრონი შემხვდა, კოშმარი იყო, იმხელა სტრესი მივიღე. გინეკოლოგმა ლიკა ლუაშვილმა გადამატანინა შიში და სტრესი. 29-ში შემიყვანეს ბლოკში და ღამის პირველ საათზე გავაჩინე ჩემი გოგონა იმედის კლინიკაში. 30 სექტემბერი ჩემს ცხოვრებაში აღმოჩნდა თარიღი, როცა ყველაზე ბედნიერი წამები განვიცადე. მინდა, ვისარგებლო თქვენი ჟურნალით და მთელ მედპერსონალს გადავუხადო დიდი მადლობა, განსაკუთრებით კი გინეკოლოგ ლიკა ლუაშვილს. თავად მეუბნება, შენ ხარ მაგარი გოგოო, მაგრამ მე მგონია, ჩემ მაგივრად ყველაფერი მან გააკეთა. მეგონა, მარტივად ვიმშობიარებდი, მაგრამ გართულება დამეწყო და სწორედ ლიკას დამსახურებაა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. რომ მეგონა, მარტივად გავაჩენდი, თან პირველი მშობიარობაა – ბუნებრივად გაჩენა რთული ყოფილა, თუმცა ამის მსურველი თავად ვიყავი. ამ პროცესს სულ ვადარებდი მანქანის მართვის მოწმობის აღებას, როცა არჩევანის წინაშე დგახარ – მექანიკა თუ ავტომატიკა (იცინის). იქაც მექანიკა ჩავაბარე და მშობიარობის დროსაც ბუნებრივად გაჩენა მოვინდომე, საკეისროთი ბავშვის გაჩენა მარტივი მეგონა. ცხოვრებაში უწვალებლად არაფერი მქონია და სირთულეებზე იმუნიტეტი მაქვს გამომუშავებული (იცინის). ბევრს შეიძლება გაეცინოს, მაგრამ მართლა მაინტერესებდა, რას ნიშნავდა და რა განცდა იყო, როცა მშობიარობ და ახალი სიცოცხლე უნდა მოევლინოს სამყაროს. მოკლედ, ჩავდე ჩემი შრომა მშობიარობაში და ულამაზესი გოგონა გავაჩინე. 3, 500 კილოგრამი და 52 სანტიმეტრი დაიბადა. სამშობიაროს ეზო სავსე იყო ჩემი და ჩემი მეუღლის მეგობრებით. კლინიკის ეზო გადაკეტეს და მედპერსონალი ამბობდა: მიტინგი მოგვიწყვესო (იცინის). სამშობიარო ბლოკში მესმოდა ხმები: გაუმარჯოს პატარასო.
– რა დაარქვი პატარას?
– ბავშვს ნანე დავარქვი. ჩემს დედამთილს ჰქვია ნანა, მეც ვარ ნანა და ბავშვიც ნანა გამოდის (იცინის).
– ანუ, სახლში სამი ნანა ხართ?
– სხვათა შორის, პირველი შვილი ბიჭი მინდოდა და ჩემს ქმარს ვეუბნებოდი: თუ ბიჭი გაჩნდა, სახელს მე დავარქმევ, გოგოს კი შენ შეურჩიე, მე არ ჩავერევი-მეთქი. სიგიჟემდე უნდოდა გოგო და ნატვრა აუხდა. მეცხრე თვეში ვიყავი და ჩემმა ქმარმა თქვა: სახლში ყველა ქალს ნანა რომ არ ერქვას, მოდი ნანე დავარქვათო და დავარქვით ნანე. მაგრამ, ბავშვი ნანას სახელით მოინათლება და გამოდის, მაინც სამი ნანა ვართ ოჯახში (იცინის).
– მშობიარობას მამიკო დაესწრო?
– ვინც გიცნობს, იცის რომ ძალიან აქტიური ხარ და მთელი ცხრა თვის განმავლობაში არ გაჩერებულხარ, სულ მუშაობდი. ახლა ბავშვმა რომ ცხოვრების რეჟიმი შეგიცვალა და სახლში დაგსვა, როგორ ეგუები?
– მთელი ცხრა თვე ყველა სამსახურში აქტიურად ვმუშაობდი. ვმუშაობდი სხვადასხვა ობიექტზე, ერთ-ერთ რესტორანში სოციალური მედიის მენეჯერი ვარ, რადიო „ფორტუნაში“ – ჟურნალისტი და სიუჟეტებს ვაკეთებდი, პატარებს ჟურნალისტიკის ლექციებსაც ვუკითხავდი, რადიო „არ დაიდარდოში“ დავდიოდი და მიმყავდა ეთერი, არ ვაცდენდი არცერთ სამსახურს. საჭესთანაც ვიჯექი და არ მოვშვებულვარ. ახლა, რაც ბავშვი გაჩნდა და სახლში ჩავჯექი, მიუხედავად იმისა, რომ შინაგანადაც ვემზადებოდი მთელი ცხრა თვე, მაინც რთული ყოფილა.
– გარდა იმისა, რომ დღის რეჟიმი შეგიცვალა და სახლში გამოგკეტა, კიდევ რა შეცვალა პატარამ შენს ცხოვრებაში?
– მივხვდი, რომ მანამდე არაფერი მიკეთებია. გამიგია ბევრისგან: დედა რომ გახდები, მერე მიხვდები, რა არის ცხოვრებაო. ჰოდა, რაც დედა გავხდი, ახლა გავაანალიზე, რას ვაკეთებდი აქამდე. თავიდან იმის გააზრება გამიჭირდა, რომ ჩემში ცოცხალი არსება ცოცხლობდა. მერე კი, რომ დაიბადა და ვუყურებ, ვაკვირდები – ვფიქრობ, ეს რა საოცრებაა-მეთქი. ბევრ რამეზე დავფიქრდი და საკუთარ თავზე გავბრაზდი – თუკი ოდესმე დედისთვის მიწყენინებია. მოკლედ, ამ ბავშვმა ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა, გააფერადა და ამოატრიალა სამყარო.
– აჩიკოს პირველ ცოლთან ბიჭი ჰყავს. თუ გაიცნო დაიკო და მასთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?
– აჩიკოს ბიჭი, ლუკა 18 წლისაა, სტუდენტი გახდა წელს. რასაკვირველია, მოვიდა და საჩუქრებიც მოუტანა დაიკოს. მე და ლუკასაც კარგი ურთიერთობა გვაქვს. მოდის ჩვენთან, რჩება და ზუსტად ვიცი, მისი სახით ჩემს ნანეს კარგი ძმა და დამცველი ჰყავს.