რატომ დაიწყო რთულად ლოლა წერეთლისთვის 2023 წელი და რის გამო გადაწყვიტა მან საცხოვრებლად ამერიკაში გადასვლა

ცნობილი მომღერლის, ლოლა წერეთლისთვის, სამწუხაროდ, 2023 წელი რთულად დაიწყო.

ლოლა წერეთელი: ეს წელი პირადად ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან ცუდად დაიწყო – უფროსი და გარდამეცვალა. ჩემი და ვლად არამოვის დედა იყო. ალბათ, იცით ვლადი, მომღერალი ბიჭია. ჩემს დას კიბო ჰქონდა. დაახლოებით, 25 წლის წინ დაუსვეს ეს დიაგნოზი და მას შემდეგ მკურნალობდა. ძალიან კარგი ექიმები ჰყავდა, ოპერაცია გაუკეთეს და ოცი წელიწადი ჩვეულებრივად ცხოვრობდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაიწყო პრობლემები. ცუდად იყო, მეტასტაზები ორგანიზმს მოედო და ხუთწლიანი ბრძოლის შემდეგ დავკარგეთ. მე ამ დროს ნიუ-იორკში ვიყავი. ვლადიც ამერიკაში ცხოვრობს და ორივე მაშინვე ჩამოვფრინდით საქართველოში. სხვანაირად როგორ შეიძლებოდა?! არც დავფიქრებულვართ, იმწუთას გამოვფრინდით. ჩემი და მიწას მივაბარეთ და ისევ დავბრუნდით. ასეთია ჩემი ახალი წლის დასაწყისი, სამწუხაროდ.

– რამდენი წლის იყო?

– 70 წლის ხდებოდა 5 თებერვალს. ძალიან დიდი დაბადების დღის გადახდას ვაპირებდით. იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. უხაროდა, 70 წლის ვხვდებიო. ჩვენი ყველა ნათესავი, დები, ძმები ლოს-ანჯელესში ცხოვრობენ და ისინიც აპირებდნენ ჩამოსვლას ჩემი დის დაბადების დღისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, ასე მოხდა.

– როგორი ადამიანი იყო?

– საერთოდ, ჩვენი ოჯახი ძალიან მუსიკალურია. სახლში ყველა მუსიკოსია. ჩვენ ძალიან კარგი დაძმობა გვაქვს, ასე გავიზარდეთ. დედას და მამას საკუთარ ოჯახებთან, დებთან-ძმებთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და ჩვენ ბიძის, მამიდის და დეიდის შვილებზე არასდროს გვითქვამს, მამიდაშვილი, დეიდაშვილი ან ბიძაშვილი, ჩვენი ძმა, ჩვენი და – ასე ვამბობდით. ეს შემთხვევითი არ იყო, ჩვენ მართლა ერთ ოჯახად ვცხოვრობდით. საცხოვრებელი ადგილი სხვადასხვა გვქონდა, მაგრამ ურთიერთობები – ძალიან ახლო. მამაჩემის ძმასთან რომ ჩავდიოდი, მამას მას ვეძახდი და დედას მის მეუღლეს. ძალიან თბილი ურთიერთობა გვქონდა. სამწუხაროდ, უკვე არცერთი მამა და არცერთი დედა აღარ მყავს.

ხომ ამბობენ, სანამ დედიკო და მამიკო ცოცხალია, ოჯახი ძალიან მყარი და ერთიანიაო. როცა მშობლები ამ ცხოვრებიდან მიდიან, უკვე დიდები ვართ და ყველას თავისი ოჯახი აქვს. ვერ ვიტყვი, რომ მთელი წელი ჩემს დასთან ვიჯექი, მაგრამ ურთიერთობა ძალიან კარგი გვქონდა და ერთი ძლიერი ოჯახი ვიყავით.

დედმამიშვილი პირველად დავკარგე და ეს ძალიან დიდი ტკივილია, დიდი დარტყმაა ჩემთვის. ბოლო ხუთი წელი სულ ქიმიებს იკეთებდა, მაგრამ ამ ტრაგედიას მაინც ვერ ავარიდეთ თავი.

– თვითონ საუბრობდა თავის მდგომარეობაზე?

– თვითონ არასდროს ამბობდა, რომ რამე სტკივა. პოზიტიური იყო, ძალიან ძლიერი, ხალისიანი და სახეზე სულ ღიმილი ჰქონდა. არასდროს დაუწუწუნია თავის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ჩვენი ბუბა კიკაბიძე რომ გარდაიცვალა, მთელი გულით და სულით მინდოდა მის პანაშვიდზე მისვლა. ბევრ ხალხთან ერთად არა, როცა მარტო იქნებოდა, მაშინ მინდოდა მივსულიყავი, მოვფერებოდი და წამოვსულიყავი. მე სხვანაირად არ შემიძლია. ჩემი და რომ გარდაიცვალა, მეზობლები იყვნენ, ხმამაღლა ტიროდნენ, კიოდნენ, ემოციებს ასე გამოხატავდნენ. მე თავჩაღუნული ვიჯექი და ლაპარაკიც არ შემეძლო. სასაფლაოზე რომ წავიყვანეთ და გამომშვიდობების დრო მოვიდა, მუხლებზე ჩავიჩოქე, ჩავეხუტე და ვაკოცე – ასე დავემშვიდობე ჩემს დას. მე არ შემიძლია ყვირილი, ხმამაღლა ტირილი. თავდახრილი ცრემლებში ვიხრჩობოდი, მაგრამ თავი ვერ ავწიე და ხმა ვერ ამოვიღე. ეს ძალიან ცუდია, მერე უფრო ცუდად ხდები, მაგრამ რა ვქნა, ასეთი ვარ. დაკრძალვებზე სიარულიც კი არ შემიძლია. დედაჩემისა და მამაჩემის გარდაცვალების მერე არსად არ დავდიოდი, იმიტომ, რომ მინდა, ის ადამიანი ჩემს მეხსიერებაში როგორც ცოცალი, ისე დარჩეს.

– როგორი დეიდაა ლოლა ვლადისთვის?

– ეს ვლადიკამ უნდა თქვას. მე მგონია, რომ გიჟი დეიდა ვარ, რომელიც გიჟდება თავის დისშვილსა და ძმისშვილზე. მე მათით ვცხოვრობ. მე შვილი არ მყავს და ესენი არიან ჩემი შვილები.

– ვლადი ამერიკაში ცხოვრობს და საქმიანობს. უკვე თქვენც ხშირად ჩადიხართ იქ.

– შემიძლია ვთქვა, რომ უკვე ამერიკაში ვცხოვრობ. რუსეთში ახლა მაშინ ჩავდივარ, თუ რამე ღონისძიებაზე დამიძახებენ. მაგალითად, ახლა მოსკოვში ვარ, აქედან ერევანში მივდივარ, სადაც კონცერტი მაქვს და იქიდან ამერიკაში დავბრუნდები. სულ ასე დავდივარ, მაგრამ ძირითადად, უკვე ამერიკაში ვარ. ახლა საბუთებსაც ვაკეთებ და მალე მწვანე ბარათს ავიღებ.

– ამერიკა ძალიან შორსაა, რთული არ არის?

– აბსოლუტურად არა. ჩემთვის მანძილი არ არსებობს, როგორც პრობლემა. შემიძლია, 18 საათი უპრობლემოდ ვიფრინო. სად აღარ მივდივარ. ამერიკაში საცხოვრებლად გადმოსვლა ბოლო დროს გადავწყვიტე, თუმცა კონცერტებისთვის მანამდეც ჩამოვდიოდი. მე რუსეთში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებაც მაქვს, ახლა ამერიკაში მინდა მოქალაქეობის აღება, საქართველოსი მაქვს და რომ დავბერდები, მერე ვიფიქრებ, სად დავრჩე. იქ ვიქნები, სადაც უკეთ ვიგრძნობ თავს, ანუ, სადაც დაფასებული და დაცული ვიქნები. თითქმის ყველა ჩემს ნათესავს აქვს ამერიკის მწვანე ბარათი. ზოგი ნიუ-იორკში ცხოვრობს, ზოგი ლოს-ანჯელესში, რაც იმას ნიშნავს, რომ მე აქ თავს უცხოდ და მარტოდ არ ვგრძნობ. ნათესავების გარდა, აქ ბევრი ჩემი მეგობარიცაა. ნიუ-იორკში რომ ჩავდივარ, იმდენი ჩვენიანია – ემიგრანტები საქართველოდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, რომ მარტო როგორ უნდა ვიგრძნო თავი?! ასე არის რუსეთშიც, ამ მხრივ, ეს ორი ქვეყანა ძალიან ჰგავს ერთმანეთს.

– მაგრამ, ამერიკა მენტალურადაც და ცხოვრების სწრაფი ტემპითაც განსხვავდება ჩვენგან.

– მაგარია. ყველაზე მეტად ამერიკული ცხოვრების სწრაფი ტემპი მომწონს. ზუსტად ეს არის ჩემთვის ზედგამოჭრილი. კი არ გამიჭირდა, აქ როგორც თევზი წყალში, ისე ვარ. სხვათა შორის, იგივეა მოსკოვშიც. როგორც ყოველთვის ნიუ-იორკშიც ვიმუშავებ ახალ სიმღერებზე. თუმცა, ისრაელშიც გავფრინდები, იქაც მეძახიან სიმღერისთვის და რატომაც არა?! ყველგან დავდივარ, სადაც მეძახიან. საბედნიეროდ, ჯერჯერობით ხმაც მაქვს, სიმღერის სურვილიც და ენერგიაც. სიმართლე რომ გითხრათ, სიამოვნებით ვიცხოვრებდი ისრაელში, მაგრამ იქ საბუთების გაკეთება ძალიან ძნელია.

– ცხოვრების გზაზე სირთულე უფრო ხშირად შეგხვედრიათ თუ გამართლება მეტია?

– ალბათ, 50/50-ზეა. იცი, როდის ვგრძნობ ყველაზე დიდ გამართლებას? როცა ვხვდები, რომ ჩემს მსმენელს ვჭირდები. სანამ ეს ასე იქნება, სანამ მე ახალ სიმღერებს ვიმღერებ, სანამ ქვეყნიდან ქვეყანაში ვიფრენ ჩემს მსმენელთან შესახვედრად, ჩავთვლი, რომ ძალიან მიმართლებს. მომღერალი უნდა უყვარდეს თავის მსმენელს, მთავარი ხომ ეს არის!?

– ამდენი ქვეყანა ჩამოვთვალეთ. როგორ ახერხებთ, ამდენ ერთმანეთისგან განსხვავებულ ადამიანს შეაყვაროთ თავი?

– ჩემი პლუსი, ალბათ, ჩემი ხასიათია. ხომ ამბობენ, სადაც ხარ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო და ასეც ვიქცევი. იქ, სადაც ვიმყოფები, ყველას პატივს ვცემ.

ბოლოს მინდა, მთელ მსოფლიოს და განსაკუთრებით ჩემს საქართველოს ყველაფერი კარგი ვუსურვო. ერთი დიდი სურვილიც მაქვს, ვუყურებ ხოლმე, როგორ ლანძღავენ სოციალურ ქსელში, კომენტარებში ჩემს კოლეგებს. მინდა, ყველას ვთხოვო, კეთილები იყვნენ. არავინ გალანძღონ. არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი ცუდად მღერის თუ კარგად, ის ხომ ხალხს ემსახურება. ყველას თავისი მსმენელი ჰყავს, ვიღაცას მოეწონები, ვიღაცას – არა, მაგრამ თუ არ მოგწონს ვინმე, აუცილებელი ხომ არ არის, ლანძღო?! ცუდი რატომ უნდა ეძებო ადამიანში?! ძალიან ბევრი მომღერალი გვყავს და მინდა, ყველას პატივი სცენ, ეს არის ჩემი დიდი თხოვნა და სურვილი. ამასთან ერთად, ყველას ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებ!