აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი ზურაბ გურული ხორავას ქუჩის მკვლელობასა და შაქარაშვილის საქმეს შორის ბევრ საერთოს ხედავს.
„ხორავას ქუჩის ისტორიას და შაქარაშვილის მკვლელობას აერთიანებს ერთი მთავარი ნიშანი – ანგარიშსწორება კლასიკური კრიმინალური რიტუალის მიხედვით.
მკვლელობა ხდება ჯგუფურად, რომ შეუძლებელი იყოს კონკრეტული მკვლელის ამოცნობა; ასევე პასუხისმგებლობის იმგვარი გადანაწილება, რომ განაჩენის მაქსიმალური ზომა ვერავინ მიიღოს.
კრიმინალური მენტალიტეტი და რიტუალები ყველა ქვეყანაში გვხვდება. ამერიკისა და ევროპის გეტოებში ამ მოდელით აზროვნებენ და იქცევიან, რადგან სწორედ ეს იძლევა გადარჩენის ყველაზე დიდ შანსს.
მაგრამ სხვა საქმეა, როცა პატარა ქვეყნის მოსახლეობის ე.წ. “საკონტროლო პაკეტი” კრიმინალურ მენტალიტეტს ემორჩილება. ასეთ საზოგადოებაში ახალგაზრდა მამაკაცს ორი არჩევანი აქვს, ან იქნება ჩაგრული, ან მჩაგვრელი. ადამიანი ბუნებითაც რომ არ იყოს სასტიკი, ეს სოციალურ-კრიმინალური წნეხი მას აიძულებს რომ დაუნდობელი გახდეს. ბოლოსდაბოლოს, ასეთები მოსწონთ ახალგაზრდა ქალებსაც;
ასეთი შვილები სურთ მამების უმრავლესობას; ასეთებს განადიდებენ და პატივს სცემენ კულტურის, სპორტისა და სოციალურ ელიტებში; და ბოლოს, ასეთები სჭირდება მაფიოზურ ბიზნესს კონტროლიორებად და აღმსრულებლებად.
ასე იქმნება მკვეთრად განსაზღვრული და ჩამოყალიბებული კრიმინალური აზროვნება, რომელიც მომავალს უსპობს იმ საზოგადოებას, სადაც გაიფურჩქნება. საქართველო – სსრკ-ს ერთერთი ყველაზე ქურდული სახელმწიფოც ამიტომ ვერ შედგა. საქართველო სამწუხაროდ მხოლოდ ილუზორული ფსევდო-სახელმწიფოა, ასევე ილუზორული დემოკრატიით.
პოლიტიკურია ის, რომ ქვეყნის ყველაზე გახმაურებულ საქმეს პრაქტიკულად ჟურნალისტები ხსნიან;
ის, რომ პოლიციის ნდობა შეუძლებელია, რადგან ისინი კრიმინალიტეტის მკაცრი წნეხის ქვეშ არიან; ისიც, რომ სასამართლო და პროკურატურა მხოლოდ მოსაჩვენებლად არსებობს; უბრალოდ ქმნიან ილუზიას, იმით, რომ სინდიკატისათვის უმნიშვნელო და არასაინტერესო შემთხვევების მოგება შესაძლებელია; და რაც მთავარია ის, რომ ქვეყანაში გაბატონებულია ისეთი შიში, რომ მტანჯველი სიმართლის ამოთქმისაც ეშინია ადამიანს.
ჩრდილოვანი ერთპიროვნული მმართველობა კრიმინალური იმიტომ არის, რომ აქ მთავარი “ქურდის” ხელშია გაერთიანებული ხელისუფლების სამივე შტო- საკანონმდებლოც, სასამართლოც და აღმასრულებელიც და ამას ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ ყოველდღე. თუ შინაგანი პროტესტი გაგიჩნდებათ ამის წაკითხვისას, უცებ ჰკითხეთ თქვენს თავს, ვინ წყვეტს ქვეყნის ნებისმიერი დონის პოლიტიკოსის ბედს, “ის კაცი” თუ ხალხი.
სწორედ ამიტომ არის ეს საზარელი შემთხვევა პოლიტიკური. მას არ სჭირდება ძალით გაპოლიტიკურება. ის თვალსაჩინოებაა ერის და სახელმწიფოს დეგრადაციისა“, – წერს ზურაბ გურული სოციალურ ქსელში.