– ვინ არის დიმიტრი ტატიშვილი?
დიმიტრი ტატიშვილი: მოქალაქე.
– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?
– ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე და სანაცვლოდ მივიღო ანაზღაურება, რომელიც წყნარი, მატერიალურად უზრუნველყოფილი ცხოვრებისა და საკუთარი ოჯახის დიდი გაჭირვების გარეშე რჩენის საშუალებას მომცემს.
– ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?
– ხშირად არ ვტირი. ემოციური ვარ, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მგრძნობიარეც, მაგრამ ბოლოს როდის ვიტირე, არ მახსოვს. შეიძლება, უფრო სიხარულის ცრემლები წამომივიდა. ჩემთვის საამაყო ადამიანი რომ თავის საქმეს კარგად აკეთებს, მაშინ შეიძლება, ცრემლები ვერ შევიკავო. მაგალითად, ჩემი შვილები, მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელია. კვარაცხელია ძალიან მაგრად რომ თამაშობს და გოლი გააქვს, არ ვზივარ და ვტირი, მაგრამ სიხარულის ცრემლები ნამდვილად წამომსვლია.
– თუ გინდათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ცნობილი და გავლენიანი ადამიანი იყოთ?
– კი, იმისთვის, რომ უფრო გულწრფელი და სამართლიანი გავხადო ეს ქვეყნიერება. გავაკრიტიკებდი უსამართლო ადამიანებს და წინ წამოვწევდი სამართლიანებს. ჩემი აზრით და არა მხოლოდ ჩემით, ქრისტიანობაში მთავარი სამართლიანობა და სიყვარულია. მიმაჩნია, რომ მსოფლიო სამართლიანი უნდა იყოს. ეს იქნება ჩემთვის იდეალური. ამიტომ მსოფლიო გავლენა რომ მქონდეს, ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ჩვენი ცხოვრება სამართლიანი ყოფილიყო.
– თქვენი ყველაზე ცუდი საქციელი?
– ისეთი არაფერი გამიკეთებია, რის გამოც ადამიანმა ხელი არ უნდა ჩამომართვას. რას ვნანობ? – იმას, რომ მშობლებთან ვჯიუტობდი. მე მშობლები ადრე დავკარგე. მახსენდება ხოლმე, დედას რომ ვაბრაზებდი, არ ვუჯერებდი – ცელქი ბავშვი ვიყავი. მამასაც ვეჯიუტებოდი და ჩემით უკმაყოფილო იყო. ვნანობ, ჯობდა, ისე მოვქცეულიყავი, როგორც მეუბნებოდნენ. თურმე, ძალიან ცოტა ხანი უნდა ვყოფილიყავით ერთად. ზრდასრული ასაკიდან კი უფრო მეტად აქტიური უნდა ვყოფილიყავი ჩემს პროფესიაში და ნაკლები დრო მეხარჯა ფუჭ ნაცნობობასა და ფსევდობოჰემაზე. ძალიან ვნანობ იმასაც, რომ უცხო ენა არ ვისწავლე.
– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ?
– ოდესმე რამე მოგიპარავთ?
– არა, არასდროს არაფერი მომიპარავს. ბავშვობაში ხილი დამიკრეფია მეზობელთან, ამას თუ ქურდობა ჰქვია, კი ბატონო (იცინის). თავს ვდებ სამართლიანი კაცი ვარ-მეთქი და რამეს როგორ მოვიპარავდი?! (იცინის)
– ბოლოს როდის მოიტყუეთ და რა?
– არ მახსენდება, მაგრამ თუ მოვიტყუე, მხოლოდ „კეთილი ტყუილით“. მაგალითად, ორი წლის წინ ჩემი ახლობელი გარდაიცვალა. ბოლო სამი თვე ვიცოდი, რა დაავადებაც ჰქონდა, ვიცოდი, რომ ვერ გადარჩებოდა, მაგრამ არ მითქვამს სიმართლე. პირიქით, ვეუბნებოდი, რომ გამოჯანმრთელდებოდა, რომ მალე კარგად იქნებოდა. ეს ტყუილია? ერთია, როცა ადამიანს ატყუებ, მეორე – როცა სიმართლეს არ ეუბნები. საერთოდ, არ ვიტყუები. სხვებსაც ვეუბნები, რომ მირჩევნია, ნებისმიერი სიმწვავის, მაგრამ სიმართლე მითხრან. რაც არ უნდა მწარე და არასასურველი იყოს, ტყუილს სიმართლე მირჩევნია.
– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?
– არ არის ადვილი ჩემი წყობიდან გამოყვანა და საერთოდ, სისასტიკე არ არის კარგი თვისება. ადამიანი შეიძლება, მკაცრი იყო, მაგრამ არა სასტიკი. სისასტიკე დაუნდობლობასთან ასოცირდება და დაუნდობლად არავის უნდა მოექცე, თუ ვიღაც არ გკლავს. ჯერ ჩემი მოკვლა არავის მოუნდომებია, ამიტომ, არც მე ვყოფილვარ სასტიკი (იცინის). მგონია, რომ ადამიანი არ უნდა გაწირო, თუ ის არ გწირავს. მკაცრად ჩემს შვილებსაც ვექცევი და საკუთარ თავსაც. საერთოდ, ვცდილობ, სხვას არ მოვთხოვო ის, რასაც თვითონ არ ვაკეთებ.
– ბოლოს რა მოისმინეთ საკუთარ თავზე კარგი, რაც გესიამოვნათ და ცუდი, რამაც გული გატკინათ?
– კარგი სულ რამდენიმე დღის წინ – ერთმა კაცმა მითხრა, ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაგრამ ჩემს შვილთან გქონდათ ხშირი შეხება გადაღებებზეო. როცა გავიგე ვინ იყო მისი შვილი, გულწრფელად ვუქე და მიპასუხა, ისიც ზუსტად ასე გაქებდათ თქვენ, ასეთი ადამიანი იშვიათიაო და ეს მართლა ძალიან გამიხარდა. რაც შეეხება ცუდს, არ მახსენდება. შეიძლება, ჩემს გასაგონად არ ამბობენ (იცინის). სოციალურ ქსელში ყოფილა რაღაც სისულელეები, მაგრამ არარაციონალურ ჭორებზე გული არ მტკივა. წერდნენ, ტატიშვილი დადიოდა სხვადასხვა ტელევიზიაში, ყველაზე იაფად სთავაზობდა გახმოვანებას და კოლეგებს პურის ფულს ართმევდაო (იცინის). „რუსთავი 2-ის“ გარდა არცერთ ტელევიზიაში არაფერი გამიხმოვანებია, ახლა უკვე „მთავარში“ ვახმოვანებ და ამას რომ ადამიანი წაიკითხავს და დაიჯერებს, იმისგან რა უნდა გეწყინოს?! ეგ იგივეა, ვირისგან წიხლი რომ არ უნდა გეწყინოს. ცოდოები არიან ადამიანები, რომლებიც ასეთ რამეებს იჯერებენ, ესე იგი, საღად ვერ უყურებენ მოვლენებს. ვიღაცები მაკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ 2011 წელს ბიძინა ივანიშვილის დახმარებაზე უარი ვთქვი. 320 ლარს ვიღებდი მისგან მე პირადად მანამდე, მაგრამ როცა ეს კაცი პირველად გამოჩნდა საჯაროდ და მე მისი ინტერვიუ მოვისმინე, მეორე დღეს თეატრში მივედი და ვთქვი, რომ ამ ფულს აღარ ავიღებდი. აღარც ამიღია. ეს რომ გაიგეს, როგორი ინტერპრეტაცია მისცეს იცით? რით ვერ გაძღა ამ ღორის მუცელიო?! (იცინის). ამიტომ ვამბობ, რომ მათზე გაბრაზება, ვინც მოვლენებს რეალურად ვერ აღიქვამს, სისულელეა.
– რომ გაიგოთ, მეგობარს მეორე ნახევარი ღალატობს, ეტყოდით თუ არა სიმართლეს?
– აქამდე ეგეთი შემთხვევა არ მქონია, ამიტომ იმას ვიტყვი, რასაც ვფიქრობ. მე ბევრი მეგობარი არ მყავს, მაგრამ ვინც მყავს, თუ გავიგებ, რომ მას მეუღლე ღალატობს, აუცილებლად ვეტყვი. მარტო ღალატის შემთხვევაში არა, მეგობარს ყოველთვის სიმართლე უნდა უთხრა. აბა, რატომ არის ეს ადამიანი შენი მეგობარი?! მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო – ადამიანი, ვინც შენთვის ძვირფასია, აუცილებლად სიმართლეს იმსახურებს შენგან. შეიძლება, გული ეტკინოს, მაგრამ შენ ხომ არ ტკენ გულს?! შეიძლება გაბრაზდეს კიდეც, მაგრამ თუ ნამდვილი მეგობარია, გაბრაზება გადაუვლის. მე ჭკვიან ადამიანებზე ვლაპარაკობ. სიმართლეს ვერაფერი შეცვლის.
– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?
– როდესაც გავიგე, რომ ერთი ჩემი მეგობარი ცუდად გახდა, კომაში ჩავარდა, მაშინ ძალიან შემეშინდა. სამწუხაროდ, ყველაფერი ფატალურად დამთავრდა. ეს ერთხელ არ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში. ერთი ჩემი ბავშვობის მეგობარი გულში დაჭრეს და გარდაიცვალა. მეორე ფსიქიკურად დაავადებულმა ადამიანმა კეფაში სროლით მოკლა. თან, ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. მქონია შემთხვევები, როცა გრძნობ, რომ ძალიან უწმეო ხარ, ვერაფერს გააკეთებ. მიუხედავად იმისა, რომ ხვდები, რაღაც გარდაუვალია, გეშინია. არარაციონალური შიშია, მაგრამ ის ერთი დღე, როცა ჩემი კომაში მყოფი მეგობარი აპარატზე იყო შეერთებული, იმედიც მქონდა და დიდი შიშიც. ყველაზე რთული ის უსუსურობის განცდაა, რომელიც ამ დროს გიპყრობს – ამ დროს ვხევდები, ადგილზე ვშეშდები.
– ყველაზე დიდ უსამართლობას როდის შეჯახებიხართ?
– ჯარში იყო რაღაცები, რაც უსამართლობად მეჩვენებოდა, მაგრამ ამაზე ხმამაღლაც ვამბობდი და ვისჯებოდი კიდეც იმათი საზომით (იცინის). თავი არასდროს არაფერზე დამიხრია. მათგან დასჯილი, მაგრამ სამაგიეროდ, ამაყი და ღირსებაშენარჩუნებული ვიყავი. ახლა ხდება დიდი უსამართლობა ჩვენს თავს, ეს ჩვენს სამშობლოს ეხება. ის სიმახინჯე, რომელსაც ჯარში ვებრძოდი, დაინგრა, აღმოჩნდა, რომ მართალი ვიყავი, არ იყო შესაგუებელი და არ ვეგუებოდი, ახლა თუ ისევ საბჭოთა კავშირის მაგვარ სისტემაში შეგვათრევენ, ეგ ძალიან დიდი უსამართლობა იქნება და ეს ძალიან მაღელვებს.
– ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?
– ვამაყობ იმით, რომ ჩემი პროფესიით ვარჩენ ოჯახს და გავზარდე შვილები, რომლებიც საამაყოები არიან. ჩემს ქვეყანაში, სამწუხაროდ, საამაყო ამბავია საკუთარი პროფესიით ოჯახის რჩენა. ვამაყობ იმითაც, რომ თუ ადამიანები მიცნობენ, მიცნობენ ისევ და ისევ ჩემი პროფესიით. სადაც მივდივარ, ყველგან თბილად მექცევიან და მგონია, რომ ეს ძალიან მაგარი ამბავია. ფულად ჯილდოებსა და პრემიებზე არასდროს მიოცნებია, უცხო ადამიანების სითბო და გაღიმებული სახეებია ყველაზე მნიშვნელოვანი და მე მათ ემოციებს ორმაგი სითბოთი ვპასუხობ. მოკლედ, მთელი ცხოვრება იმას ვაკეთებ, რასაც ჩემი პროფესია მოიცავს, მე სხვა საქმით არასდროს დავკავებულვარ და თუ შეიძლება, ამით ვიამაყო, ვამაყობ.