რა არის ადამიანის წარმატების განსაზღვრელი – იღბალი თუ შრომისმოყვარეობა?! ამ საკითხზე საკუთარ გამოცდილებას ტელეწამყვანი მარიტა ჯანაშია გაგვიზიარებს.
მარიტა ჯანაშია: შრომისმოყვარეობა და იღბალი – ორივე ძალიან მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად. მე ვფიქრობ, რომ ჩემს ცხოვრებაშიც ორივეს გარკვეული წვლილი მიუძღვის. ვერც იმას ვიტყვი, რომ თავდაუზოგავად ვშრომობდი ან ყველაფერში გამიმართლა, უფრო, ამ ორის მეგობრობის შედეგია ის ყველაფერი, რაც აქამდე გამიკეთებია.
– საერთოდ, შრომისმოყვარე ადამიანი ხარ?
– შრომისმოყვარე ვარ, მაგრამ ისეც მომხდარა, რომ დამიწყია საქმის კეთება, მაგრამ შუა გზაზე შემიწყვეტია. შეიძლება, დამინახავს, რომ იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ამ საქმეს ვაკეთებ, ეს არ აინტერესებს. ეს – იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლობას განვიხილავ. სხვა შემთხვევაშიც, შეიძლება, უბრალოდ, შუა გზაზე მიხვდე, რომ ამ საქმისგან არაფერი გამოვა და ამიტომ მისთვის დროის ხარჯვა აღარ ღირს. როცა ვხედავ, გამოდის, რა თქმა უნდა, არ დამეზარება საქმის კეთება. არც მე და მგონია, არც არავის. საქმემ უნდა გაგრძნობინოს, რომ მომავალი აქვს. თუ ეს არ მოხდა, იმედგაცრუება გაპაუზებს. ბევრი საქმე დამიწყია დიდი ენთუზიაზმით, მაგრამ იმედგაცრუების გამო მიმიტოვებია. მე ვფიქრობ, ეს არ არის კარგი თვისება, მაგრამ ალბათ, ადამიანური მომენტია. ეს არ ნიშნავს, რომ სირთულეს გავურბივარ. პირიქით, სირთულეების არ მეშინია. ვიცი, რომ ეს გარდაუვალია და მასთან გამკლავება უნდა შეძლო, თუ გინდა, წარმატებას მიაღწიო, მაგრამ ამას აზრი უნდა ჰქონდეს, ანუ, წყლის ნაყვა არ უნდა გამოგივიდეს. ათჯერ თუ არ გამომივა, მეთერთმეტედ ვცდი, თუ ამას აზრი ექნება.
– მოდელის კარიერა პატარა ასაკიდან დაიწყე. მაშინ თუ იბრძოდი მიზნისთვის თუ დინებას მიჰყვებოდი?
– ჩემი ხასიათის ცუდი თვისებაა ის, რომ ერთდროულად მინდა ბევრი რამის კეთება, რაც ძირითადად, არ გამოდის. როდესაც მოდელობა დავიწყე, მინდოდა უნივერსიტეტშიც მესწავლა, სხვა ინტერესებიც მქონდა. ახლა ტელევიზიაში ვმუშაობ, მაგრამ სხვა საქმეებითაც ვარ დაკავებული და ვცდილობ, ყველაფერს ერთად გავუმკლავდე. სამწუხაროდ, დრო არასდროს არის საკმარისი, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ თუ სურვილი გაქვს, ბევრი რამის მოსწრებას შეძლებ. მოდელობის პარალელურად, ძალიან მინდოდა დიზაინის სწავლა და ვისწავლე კიდეც. ამ მიმართულებითაც ვმუშაობდი, მაგრამ შემდეგ ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა და ამან ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი დაიკავა. საერთოდ, ჯობს, ერთი საქმე დააყენო რელსებზე და მერე დაიწყო მეორე. აი, ეს მე რამდენჯერმე შემეშალა – ყველაფრისთვის ერთად ვცდილობდი ფუნდამენტის ჩაყრას. ამას თავისი მიზეზი აქვს, არ მინდა, ასაკში რომ შევალ, სინანულის განცდა მქონდეს და რამეზე გული მწყდებოდეს, ეს რატომ არ გავაკეთე-მეთქი (იცინის).
– საკუთარი თავით ყველაზე დიდი კმაყოფილება რომელ საქმეში გქონია?
– ძალიან კარგად ვგრძნობ თავს თეატრში, ტელევიზიაში და ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს პოდიუმზე. ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ისაა, რომ თეატრში არ დავფუძვნდი. ამის გამო ბებიასაც ვაწყენინე. ძალიან უნდოდა, ეს გამეკეთებინა, მაგრამ ახლა ვეღარაფერს შევცვლი. ტელევიზია, კიდევ ჩემი სხვა საქმე და რაც მთავარია, ჩემი პატარა შვილი – ამ ყველაფერთან ერთად თეატრი, რომელიც ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, აღარ გამოვა. თუ თეატრს ირჩევ, ის უნდა იყოს შენთვის ნომერ პირველი. ალბათ, ამას რომ ვერ შევძლებდი ამიტომაც ვერ გავბედე ამ ნაბიჯის გადადგმა, რასაც ახლა ვნანობ.
– არის რამე, რაშიც თავს უიღბლოდ მიიჩნევ?
– საერთოდ, მარტივად არაფერი გამოდის, მაგრამ არა მგონია, ეს უიღბლობა იყოს. ამ სიტყვის ცოტა მეშინია. „მე ხომ ბედი არ მაქვს“, „მე ხომ იღბალი არ მაქვს“ – საერთოდ არ მიყვარს ამ სიტყვების თქმა. შეიძლება, უიღბლობა საერთოდ არაფერ შუაში იყოს, უბრალოდ, ასე დალაგდეს მოვლენები. იყო მომენტები, როცა არ გამიმართლა, მაგრამ ეს უიღბლობისთვის არასდროს დამიკავშირებია. ვიღაცისთვის რაც მარტივია, შეიძლება, ჩემთვის რთული იყოს და პირიქით. რამდენი ადამიანიცაა, იმდენნაირი ვარიანტია, ეს ცხოვრების კანონზომიერება მგონია.
– ოჯახისთვის უფრო მეტს შრომობ თუ კარიერისთვის?
– ჩემი ოჯახი არის ყველაზე დიდი სტიმული ჩემი კარიერისთვის. ჩემი ოჯახი შრომას არ მოითხოვს, პირიქით, ის ჩემთვის დიდი სტიმულია. ჩემი ქმარი, შვილი, დედა, მამა და ასე შემდეგ არიან ჩემთვის ტრამპლინები. ამიტომ ეს ორი გამიჯნული არ მაქვს. ჩემი ქმარი აბსოლუტურად ყველაფერში გვერდით მიდგას და მეხმარება ფსიქოლოგიურად თუ ყველა სხვა ასპექტით. მას აბსოლუტურად ყველაფერს ვეკითხები და მის გარეშე არცერთ გადაწყვეტილებას არ ვიღებ. ის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარია და ეს ძალიან მიხარია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ გყავს გვერდით. ბევრ რამეს განსაზღვრავს, შენ გვერდით მყოფი ადამიანი შენი საყრდენი და ბიძგია თუ ის, ვინც უკან გხევს. საბედნიეროდ, თემო ჩემთვის დიდი მოტივატორია, ამაში ნამდვილად გამიმართლა. ძალიან მეხმარება ჩემი შვილიც. რაც ის გამიჩნდა ყველაფრის მიმართ უფრო დიდი სტიმული მაქვს, ვიდრე აქამდე. თუ ადამიანს უნდა, მთელი თავისი დრო დაუთმოს ოჯახს, ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა და ყველას არ შეუძლია. მე, მაგალითად, დღის პირველ ნახევარში ჩემს შვილთან არ ვარ, იმიტომ რომ ვმუშაობ. ამ დროს ძალიან მენატრება და მინდა, მასთან ყოფნა, ბედნიერებაა მასთან მთელი დროის გატარება, ამიტომ აპლოდისმენტების ღირსია დედა, რომელიც მთელ დროს შვილთან ერთად ატარებს, მაგრამ არც ისაა დასაძრახი, როდესაც გინდა, შენი საქმე გქონდეს.
– სიახლეების მიმართ როგორი განწყობა გაქვს, გიყვარს თუ ცოტა გაშინებს?
– ძალიან მიყვარს სიახლეები და პირველ რიგში, აღფრთოვანებას განვიცდი, მაგრამ მერე მოდის შიშიც – ვაიმე, რა იქნება? ნეტავ, როგორ შევძლებ? მგონია, რომ ეს ძალიან ბუნებრივია. ალბათ, ყველა ასეა, როცა სიახლესთან აქვს საქმე. შეიძლება, საკუთარ თავში დარწმუნებული იყო, მაგრამ მღელვარება და შიში პასუხისმგებლობის თანხმლები შეგრძნებები მგონია.
– რას არ გააკეთებ არასდროს, რამდენად დიდი წარმატების მოლოდინიც არ უნდა გქონდეს?
– ასეთი რამ ბევრია. ძალიან არ მიყვარს ორპირობა და ქვეშქვეშობა. არც სხვა ადამიანს გადავახტები თავზე არასდროს. რაც არ უნდა კარგი დაპირება იდგეს მეორე მხარეს, ამას არ გავაკეთებ. არასდროს ვიქნები მლიქვნელი. ვერ მოვიტყუები და ვერ მოვაჩვენებ თავს ვინმეს, რომ მისდამი კეთილგანწყობილი ვარ, თუ ეს ასე არ არის. სხვათა შორის, ამის გამო ცხოვრებაში ძალიან ბევრჯერ წამიგია. ნუ დააფიქსირებ შენს აზრს ზედმეტად, ნუ მოიშიშვლებ ხანჯალს და იყავი შენთვის მშვიდად – ასე ყველაფერი გაცილებით კარგად იქნება, მაგრამ არ შემიძლია ასე მოქცევა, რის გამოც ბევრჯერ წამიგია, თუმცა, წარსულში რომ დავბრუნდე, ისევ ისე მოვიქცეოდი. არაფერს შევცვლიდი, რადგან ასეთი ხასიათი მაქვს და ამიტომ ვარ ეს ადამიანი. სხვანაირი რომ ვყოფილიყავი, სხვა ადამიანი ვიქნებოდი. რაღაც მომენტში შეიძლება, რამე „გავატარო“, მაგრამ საბოლოო ჯამში, იმას, რაც ჩემთვის მიუღებელია, რეაქციის გარეშე ვერ დავტოვებ. ამიტომ მირჩევნია, თუ რამე არ მომწონს, მაშინვე ვთქვა. ზოგადად, კონფლიქტური ადამიანი არ ვარ, პირიქით, ოღონდ კონფლიქტს ამარიდა… მაგრამ ზოგჯერ ისეთ უსამართლობას წააწყდები, რომ ვერ გაჩუმდები, გამორიცხულია. შეიძლება, მე საერთოდ არაფერ შუაში არ ვიყო, მაგრამ როცა ასეთ რამეს ვხედავ, მაინც ვერ ვჩერდები (იცინის). შეიძლება, იმასაც ვაცნობიერებდე, რომ აზრი არ აქვს, მაგრამ მე მაინც უნდა ვთქვა, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა და არ მივესალმები. სხვანაირად არ შემიძლია, რამდენად „მოგებიანიც“ არ უნდა იყოს ჩემი სიჩუმე. ასევე, არ შემიძლია, ადამიანს პირში ვუცინოდე და ზურგს უკან ვლანძღავდე, ეს კატეგორიულად არ შემიძლია.
– როგორი იყო პატარა მარიტას ოცნებები და რამდენად ახლოსაა ახლანდელი რეალობა მაშინდელ წარმოდგენებთან?
– ბავშვობაში ყველაფერზე ვოცნებობდი, რასაც კი გავეცნობოდი (იცინის). ძირითადად, მინდოდა ტელევიზია, მსახიობობა და ის ყველაფერი, რაც ეკრანს უკავშირდება, თუმცა, საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს ვარ და ყოველთვის მეტი მინდა. მგონია, რომ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი. 31 წლის ვარ, მაგრამ არასდროს არ არის გვიან იმისთვის, რომ საკუთარი ძალები რამე ახალში მოსინჯო.