“27 წელი არ ვიყავი ნამყოფი აფხაზეთში, წარმოუდგენელი იყო იქ მოხვედრა და ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა ამის შესაძლებლობა მომცა…..“

„მიამბე აფხაზეთზე“ გვიზიარებს ექიმის, მანანა მგალობლიშვილის ემოციურ ამბებს აფხაზეთის, მშობლიური მხარის შესახებ:

„სოხუმში რომ არის ზღვა, თითქოს სხვანაირი სურნელი აქვს. ჩემთვისაც მიფიქრია, ნუთუ მეჩვენება-მეთქი. ვეთანხმები იმ აზრს, რომ ეს არის დეენემის დონეზეა შესისხლხორცებული, როცა იქაური საზომით ზომავ ყველაფერს.

მამაჩემი იყო აფხაზეთში ფსიქიატრიის ფუძემდებელი, ბიძინა მგალობლიშვილი. მან შექმნა უამრავი სიახლე თავის საქმიანობაში. მათ შორის დააარსა პირველი და უკანასკნელი მუზეუმი ფსიქიატრიაში, რომელიც თავის კლინიკაში დააფუძნა.

მან სოხუმი არ მიატოვა, ეს იყო შეგნებული ნაბიჯი. ვერ დატოვა შესისხლხორცებული მიწა. ვერც წარმომიდგენია, აქ რომ გადმოსულიყო, როგორ უნდა ეცხოვრა სოხუმის გარეშე, არ ვიცი… მას ძალიან უყვარდა  თავისი სტუდენტები. ახლა რომ ვიყავი სოხუმში, შემთხვევით შევხვდი ერთ მამაკაცს, რომელმაც მითხრა, რომ მამაჩემის სტუდენტი იყო. ძალიან თბილად მელაპარაკა, მამაჩემი გაიხსენა და აღნიშნა, როგორ უყვარდათ თავიანთ სტუდენტებს“.

სიუჟეტში წარმოდგენილია მანანა მგალობლიშვილის კადრები სოხუმიდან: „როცა სოხუმში წავედი, 27 წელი არ ვიყავი ნამყოფი. წარმოუდგენელი იყო იქ მოხვედრა, რაღაცით ვიყავი ძალიან ბედნიერი და რაღაცით ძალიან უბედური. მაინც ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა ამის შესაძლებლობა მომცა, რომ ჩავიდე სოხუმში და ისევ, 27-28 წლის წინ დავიარო ქუჩები, ვნახო ის, რასაც ვნატრობ ამდენი წელია. შეიძლება, მე ვერ მოვესწრო, მაგრამ ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში…“