“ყველა ოცნება ერთი ერთში ამიხდა”

როგორია მსახიობ ანა ამილახვარის წარმატების გზა, რა დაეხმარა მას მიზნების მიღწევაში და როგორ ცდილობს, კიდევ უფრო განვითარდეს, ამას მისგან შევიტყობთ.

ანა ამილახვარი: იღბლიანი ადამიანი ვარ, მაგრამ ყველა ჩემი წარმატება შრომისმოყვარეობისა და ძალიან ბევრი წვალების წყალობით მოვიდა. ლანგრით მორთმეული ჩემს ცხოვრებაში არაფერია.

იღბლიანი ვარ იმიტომ, რომ რაზედაც ვოცნებობდი, საკუთარ თავს, პრაქტიკულად, ყველაფერი ავუსრულე. ყოველთვის მინდოდა, მსახიობი ვყოფილიყავი და თეატრალურში რომ უფასოზე ჩავაბარე, ეს დიდი გამარჯვება და იმავდროულად, იღბალიც იყო.

ვოცნებობდი, რუსთაველის თეატრის მსახიობი ვყოფილიყავი და ზოგადად, ძალიან მინდოდა დიდ სცენაზე ვმდგარიყავი. უკვე წლებია, ამ თეატრის მსახიობი ვარ და ჩვენი ქვეყნის ეროვნული თეატრის დიდი სცენიდან არ ჩამოვსულვარ, რაზეც ამ ქვეყანაში ყველა მსახიობი ოცნებობს. ეს ძალიან დიდი წარმატება და იღბალია. მე წილად მხვდა ეს ბედნიერება.

სუხიშვილებში ცეკვაზე ვოცნებობდი. იცით, ეს როგორი ოცნება იყო? ძალიან შორეული, მაგრამ მაშინ მოვხვდი ანსამბლში, როდესაც ვერაფრით წარმოვიდგენდი – 26 წლის ასაკში. ეს შედეგი ძალიან დიდი, ტოტალური შრომის ფასად მოვიდა. ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი მომენტი იყო, რომელსაც სიამოვნებით ვიხსენებ. ის, რომ ილიკო და ნინო სუხიშვილებმა ჩემი წარმოუდგენლად დიდი შრომა დაინახეს, ჩემთვის უზარმაზარი გამარჯვება იყო, ეს იღბლის დამსახურებაცაა. ხუთ თვეში ხუთი წლის სამუშაო შევასრულე. 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდი, ლამის სხეული გადავწვი, მაგრამ ნამდვილად ღირდა.

თუმცა, მერე არჩევანის გაკეთება მომიწია სუხიშვილებსა და რუსთაველის ეროვნულ თეატრს შორის. რა თქმა უნდა, ვერ ვუღალატე ჩემს მთავარ ოცნებას, ჩემს პროფესიას და სუხიშვილებიდან წამოვედი.

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვოცნებობდი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მოხვედრაზე. ვგიჟდებოდი ამ პროექტზე და აქაც იღბალმა ითამაშა დიდი როლი. თუმცა იღბალიც ჩემმა განვლილმა გზამ განაპირობა. რუსთაველის თეატრის სცენაზე შესრულებული როლებით დამინახეს და შანსი მომცეს. ვერ გავიმარჯვე, რაც ძალიან მინდოდა, მაგრამ ისე ვიასპარეზე, რომ დღემდე ბევრი ადამიანი გამოხატავს სიყვარულს და ჩემს მონაწილეობას ძალიან ღირსეულად აფასებენ. ამ საქმეშიც არანორმალური შრომა ჩავდე.

ძალიან მინდოდა, საკუთარი თავი წამყვანის ამპლუაში გამომეცადა და აი, უკვე წამყვანიც ვარ. ჩემში პოტენციალი ჩვენმა მთავარმა პროდიუსერმა, თამარ მაჭავარიანმა დაინახა და შანსი მომცა, რომელიც მიმაჩნია, რომ გავამართლე. ამ ამპლუაში ძალიან დატვირთულ და საიმედო ადამიანად ვიქეცი. ესეც დიდი გამართლებაა.

– ერთ-ერთ ეთერში თქვი, როცა რაღაც ძალიან მინდა, წარმოვიდგენ და მართლა ისე ხდებაო.

– ერთი ერთში ასრულდა რუსთაველის თეატრში ჩემი ოცნების კადრი. ბავშვობაშიც და მოზარდ ასაკშიც ვხედავდი კადრს, როგორ გამოვდივართ რუსთაველის დიდ სცენაზე აპლოდისმენტებზე ხელიხელჩაკიდებული მე და რობერტ სტურუა. იმ მომენტში, როცა ეს რეალურად მოხდა, გაცოცხლდა კადრი, რომელიც მანამდე ჩემს წარმოსახვაში არსებობდა. ერთი ერთში ახდა ჩემი ოცნება. ყველა ოცნება, რომელსაც მე ჩემს გონებაში ვაფორმირებდი, რეალობად იქცა. ამიტომ ვამბობ, რომ სურვილებთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ის ნეგატიურიც არსებობს. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ არასდროს უნდა ვიყოთ კმაყოფილები იმით, რასაც მივაღწიეთ და საკუთარ თავს ფეხის ფეხზე გადადების უფლება არ უნდა მივცეთ. რაღაც იწყება და მთავრდება, ამის შემდეგ ახალი უნდა დავიწყოთ და საკუთარ თავს ყოველთვის უნდა ვკითხოთ, ახლა რა გვინდა, რისთვის ვართ მზად. სამყარომ ჩვენზე უკეთ იცის, როდის რისთვის ვართ მზად და ზუსტად იმ მომენტში გვაძლევს იმას, რაც საჭიროა, მაგრამ ამისთვის ყოველი დღე უნდა ვემზადებოდეთ, საკუთარ თავთან ვმუშაობდეთ, ვსწავლობდეთ და ასე მივუახლოვდებით იმ კვანძს, რასაც ჩვენი ოცნებების რეალიზება ჰქვია.

– მიზნის მისაღწევად; ბევრ შრომასთან ერთად, შეგიძლია, დიდ მსხვერპლზე წახვიდე?

– მსხვერპლის გარეშე არაფერი გამოდის. მსხვერპლია კატორღული შრომა, რომელიც გამიწევია. ძალიან ბევრ რამეზე მითქვამს უარი, ძალიან ბევრზე, რაც დიდ კეთილდღეობასაც მომიტანდა, მაგრამ მე ჩემს მიზანს ყოველთვის ვწირავ საკუთარ თავს. გარანტია იმისა, რომ მიზანს მიაღწევ, რამდენად დიდი მსხვერპლიც არ უნდა გაიღო, არავის გვაქვს, მაგრამ მაინც ყველაფერი უნდა გააკეთო.

– რაში არ გაგიმართლა, რაში მიიჩნევ თავს წარუმატებლად?

– ადამიანის ფანტაზიის უნარი უსაზღვროა. ის წარმატება, რომელიც მე დღეს მაქვს, ჩემს ფანტაზიასთან შედარებით, არაფერი არ არის. მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს და გააჩნია, საიდან შევხედავთ. ამ ქვეყნის მასშტაბიდან და ჩემ მიერ გაწეული შრომიდან გამომდინარე, რაც მივიღე, იმის გამო მადლიერი და ბედნიერი ვარ. დიახ, მიმაჩნია, რომ ძალიან გამიმართლა, მაგრამ ნეგატიური მხრიდან თუ შევხედავთ, ვიტყვი, რომ მინდოდა, კიდევ უფრო დიდი მასშტაბის არტისტი ვყოფილიყავი. ვიმუშავებდი მსოფლიოს ყველაზე მაგარ რეჟისორებთან, წავიდოდი და ევროპულ კინოში გავშლიდი ფრთებს. დიდი სიამოვნებით ვიშრიალებდი კანის კინოფესტივალზე ჩემ მიერ შესრულებული დიდი თუ პატარა როლებით. თუმცა, ამ ეტაპზე ასე არ არის. ისიც არ არის გამორიცხული, რომ ასეც მოხდეს, ეს არავინ იცის, იქნებ ამისკენაც მივდივარ, მთავარია მე თვითგანვითარებაზე არ ვთქვა უარი და რაც მაქვს, იმით არ დავკმაყოფილდე. არ ჩავთვალო, რომ ეს ჩემი მაქსიმუმია. როცა ვიტყვი, რომ ეს ჩემთვის საკმარისია, მაშინ დამთავრდება ჩემი ოცნებები და სიურპრიზები ცხოვრებისგან. არ მინდა, ისე, გარდავიცვალო, დანაკლისის შეგრძნება მქონდეს, რომ ჩემი სიზარმაცის გამო რაღაც ვერ გავაკეთე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შრომისმოყვარე ადამიანი ვარ, სიზარმაცეც მახასიათებს. რა სჯობს მზეზე წამოწოლას და განცხრომაში ყოფნას, გართობას, მაგრამ შეიძლება, ამან ისე ჩამითრიოს, რომ საერთოდ ყველაფერი დამაკარგვინოს. ჩემი მთავარი ოცნება ისაა, რომ რა ნიჭი და შესაძლებლობაც ღმერთმა მომცა, ის მაქსიმალურად გამოვიყენო. ყოველთვის ახალგაზრდა ვერ ვიქნები და ყოველთვის ამდენი ენერგია ვერ მექნება.

– რისკიანი ხარ?

– რა თქმა უნდა, ვარ. ვინც არ რისკავს, ის ვერაფერს იგებს. ვინც საკუთარი ნაჭუჭიდან და კომფორტის ზონიდან არ გამოდის, ვერასდროს ვერაფერს მიაღწევს ცხოვრებაში, ვერც პირად ურთიერთობაში და ვერც პროფესიაში. ასეთი ადამიანი, უბრალოდ, დაკარგავს თავის ცხოვრებას.

მე ძალიან კარგად მაქვს გაანალიზებული, რომ უნდა გადაეშვა რაღაცებში, უნდა გარისკო. მიუხედავად იმისა, რომ რისკიანი ვარ, საკუთარი თავით მაინც უკმაყოფილო ვარ, რადგან ამაზე მეტად რისკიანიც უნდა ვიყო. უკეთესი შედეგისთვის მეტი მჭირდება. საკუთარ თავს ვებრძვი, ვეუბნები, რომ არ უნდა ვიფიქრო იმაზე, თუ როგორ განმსჯიან, როგორ გამაკრიტიკებენ. კრიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, ის უნდა მიიღო, მაგრამ არ უნდა დაგანგრიოს, სხვანაირად სცენაზე ვერ გახვალ. სცენაზე შიშველი უნდა გახვიდე, საკუთარ თავში კომპლექსების დასანგრევად უნდა გახვიდე. მე ყოველ ჯერზე, ყველა როლის შესრულებისას ვაკვირდები საკუთარ თავს და ვცდილობ, გავიგო, ვინ ვარ. როგორი ვარ, სად ვიპრანჭები და სად ვარ ბუნებრივი, სად როგორ როლს ვირგებ. ადამიანები მილიონი ნიღბით ვცხოვრობთ და ამ ნიღბებს გაანალიზება სჭირდება, რომ ის ჩვენს იდენტობად არ მივიწებოთ. მე წარმოდგენაც არ მაქვს როგორი ვარ, მთელი ჩემი ცხოვრება ამის ანალიზს ემსახურება – ანალიზს საკუთარი თავის აღმოსაჩენად. შენს თავზე დიდი მსაჯული არავინ გეყოლება, თუ დაბრმავებული არ ხარ.

– პირად ცხოვრებაში რამდენად იღბლიანი აღმოჩნდი?

– ერთი, რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ ყველა მიმართულებით ყველაფერი ისე ვერ გექნება, როგორც შენ გინდა. თუ ამას არ ეგუები, მაშინ უბედურებაში გადადიხარ, სიკეთეს ვეღარაფერში ხედავ. არ შეიძლება, ყველაფერში წარმატებული იყო. ერთი მხრივ, ძალიანაც იღბლიანი ვარ იმიტომ, რომ საოცარი შვილი მყავს. მადლობა ღმერთს მისთვის. ძალიან დიდი სიყვარულის შედეგია ჩემი შვილი და მადლიერი ვარ იმის, რაც იყო. ამ სამყაროში ყველაზე მეტად სიყვარული მჭირდება და დიახაც, იღბლიანი ვარ იმიტომ, რომ მე ვიცი, რას ნიშნავს იყო შეყვარებული. უამრავი ადამიანი არსებობს, რომელსაც არასდროს განუცდია ეს გრძნობა და მე ეს ვიგრძენი ტოტალურად. ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ, დანარჩენი ყველაფერი დეტალებია და ეს დეტალები შეადგენენ ცხოვრებას. ცხოვრება კი საათივით აწყობილი არ არის და მით უმეტეს, როცა საქმე ორი ადამიანის ურთიერთობას ეხება, გაცილებით რთულია. რაღაც მომენტში შენ უფრო მეტად გიყვარს, რაღაც მომენტში მას უფრო მეტად უყვარხარ, ზოგჯერ ზუსტად ერთ ტალღაზე ხართ, მაგრამ მერე იშლებით ისე, რომ გძულთ, მაგრამ სადღაც მაინც გიყვართ ერთმანეთი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც ადამიანს აფორმირებს, თავისი ტკივილებით, დრამებითა და ბედნიერებით. ყოველ ჯერზე, როცა მარცხდები და ფსკერისკენ ეშვები, ზუსტად მაშინ იბადები თავიდან და ესეც აუცილებელია. ურთიერთობაშიც ძალიან დიდი რისკია საჭირო, ვინ მოგცემს რამის გარანტიას? ვერავინ, მაგრამ მაინც დგამ ნაბიჯს, იმიტომ რომ ასეთია ცხოვრება.