მოსწონთ თუ არა ერთნაირი გოგონები ტყუპ ქორეოგრაფ ძმებს და როდის უსარგებლიათ მათ ვიზუალური მსგავსებით

ქორეოგრაფი ტყუპი ძმები – გიორგი და თორნიკე ჯიბლაძეები – უკვე დიდი ხანია, ძალიან წარმატებული არიან თავიანთ საქმეში. მათი სტუდია Twincity Studio კი ერთ-ერთი საუკეთესოა.

გიორგი: ბავშვობიდან ძალიან სპორტულები ვიყავით. მშობლებს სხვადასხვა აქტივობებზე დავყავდით, რომ ფიზიკურად აქტიურები ვყოფილიყავით. 4-5 წელი კარატეთი ვიყავით დაკავებული და გარკვეული წარმატებებიც გვქონდა. კიდევ ბევრი რამ ვცადეთ, მაგრამ მერე მოტივაციას ვეღარ ვგრძნობდით. გამოგვდიოდა, კარგად ვგრძნობდით თავს, მაგრამ გვინდოდა, რაღაცას გავეგიჟებინეთ. რომ შრომობ და საათს არც კი უყურებ, იმდენად მოგწონს ეს პროცესი, ამ გრძნობის გამოცდა გვინდოდა და ზუსტად ეს დაგვემართა ცეკვის დროს. ჩვენი მიმართულება ამერიკული კულტურაა, ჩვენი ინსპირაცია კი მაიკლ ჯეკსონი და კიდევ ბევრი სხვა მოცეკვავე იყო. საქართველოში სტუდია მოვძებნეთ, სადაც შედარებით კარგად ასწავლიდნენ ცეკვას, მაგრამ მაშინ ეს მიმართულება ჩვენთან მაინცდამაინც არ იყო განვითარებული.ამ სტილს სულ 50-100 კაცი ცეკვავდა, ახლა უკვე 5 000 ადამიანი ცეკვავს და ბუნებრივია, რომ მეტად განვითარებულია. საქართველოშიც ვეძებეთ სპეციალისტი, მაგრამ ჩვენი პლუსი ის არის, რომ 18 წლიდან სისტემატურად დავდივართ უცხოეთში, მასტერკლასებზე, აქ თუ ჩამოდის უცხოელი სპეციალისტი, არც ამ შანსს ვუშვებთ ხელიდან და ჩვენი განვითარება დიდწილად ამის დამსახურებაა.

თორნიკე: თავიდან ჩვენს პატარა ოთახში ვცეკვავდით. შუქს ჩავაქრობდით, მუსიკას ვუსმენდით და იმპროვიზაციას მივმართავდით. ჩვენთვის დიდი ინსპირაცია ფილმები იყო. შემდეგ სტუდიაში პროფესიონალურად დავიწყეთ სწავლა და ნელ-ნელა წინ წავედით.

– მაშინ ეს მიმდინარეობა დღევანდელივით პოპულარული არ იყო, მშობლები წინააღმდეგები არ იყვნენ, პროფესიად რომ აირჩიეთ?

გიორგი: ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ განათლებაზეც უნდა გვეზრუნა და ამაზეც. მთელი ცხოვრებაა, ხელოვნების მხრივ ძალიან აქტიურები ვართ, მაგრამ სკოლა იქნებოდა თუ უნივერსიტეტი, ყველგან კარგად ვსწავლობდით. როდესაც ცეკვა ავირჩიეთ, მთავარ საქმედ და მთელი ჩვენი დრო მას დავუთმეთ. ეს ის პერიოდი იყო, როცა უკვე ფინანსურად დამოუკიდებლები ვიყავით და ოჯახზეც შეგვეძლო ზრუნვა. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები გვენდობოდნენ, საბოლოო ჯამში, აქცენტს მაინც სწავლაზე აკეთებდნენ. შემდეგ, როცა მიხვდნენ, რომ სწავლას არ ვაკლდებოდით, მაგრამ გულით აქ გვინდოდა ყოფნა, მაქსიმალურად დაგვიდგნენ გვერდით. შეიძლება, ითქვას, ეს პერიოდი ძალიან შეხმატკბილებულად გამოვიარეთ.

თორნიკე: მშობლებისგან თანადგომა გვქონდა, ჩვენც სულ ვცდილობდით, რომ სწავლა და ჩვენი მაშინდელი ჰობი ერთმანეთისთვის შეგვეთავსებინა. მერე ეს პროფესია იმდენად შეგვიყვარდა, როცა მის გარეშე ვცადეთ ცხოვრება, მივხვდით, რომ ბედნიერები არ ვიყავით, ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ ეს საქმე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მასში მთელი გულისა და სულის ჩადება შეგვეძლო. მაშინ საკუთარი სტუდიის გახსნისა და მისი გაპიარების პრეცენდენტიც კი არ იყო, მაგრამ ამ საქმის სიყვარულმა ესეც შეგვაძლებინა.

გიორგი: მთავარია, პროფესია მოცეკვავე არ აგვერიოს სტუდიის ფუნქციონირებაში. შეიძლება, დღესაც პრობლემა იყოს მოცეკვავის პროფესიით თავის რჩენა. რაც არ უნდა ლამაზად ვხატოთ მე და ჩემმა ძმამ, რეალობა ისაა, რომ თუ მხოლოდ მოცეკვავის პროფესია გაქვს, ძალიან გაგიჭირდება თავის შენახვა. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ თუ სიმართლე გვინდა, ეს უნდა ვთქვათ. თუ მოსწავლეები არ გყავს, თუ სტუდია არ გაქვს, თავს ვერ გადაირჩენ. იმედია, ამ მხრივ, უკეთესობისკენ შეიცვლება მდგომარეობა. ჩემი და ჩემი ძმის მიზანი ეს იყო, ამ მხრივ გზა გავკვალეთ და მიხარია. სამწუხაროდ, იმდენად ვერა, რომ მოცეკვავე ძალიან მაღალანაზღაურებადი იყოს, მაგრამ ახლანდელი მდგომარეობა ძალიან განსხვავდება 10 წლის წინანდელისგან. 13 წლისები ვიყავით, ცეკვა რომ დავიწყეთ და სტუდია რვა წლის წინ, 21 წლის ასაკში გავხსენით.

– რამდენად დაგეხმარათ წარმატების მიღწევაში ის, რომ ტყუპები ხართ?

თორნიკე: დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს წარმატებაში, ამას ნამდვილად არ უარვყოფთ. უშუალოდ ცეკვის მხრივაც რომ მივუდგეთ, ორი სხვადასხვა აგებულების მქონე ადამიანისგან ნაკლებად გამოვა ისეთი იდეალური სინქრონი, როგორიც იდენტური აღნაგობის მქონე ტყუპებს შეიძლება, ჰქონდეთ. ჩვენს შემთხვევაში ცეკვა უფრო ჰარმონიულია და შესრულება გაცილებით ლამაზი გამოდის. ეს ძალიან დაგვეხმარა. თუმცა, არასდროს გვიფიქრია, რომ ჩვენი წარმატების საფუძველი ეს უნდა გამხდარიყო, ეს მხოლოდ ბონუსია.

– ვიზუალურად, რა თქმა უნდა, დიდი მსგავსებაა თქვენ შორის, მაგრამ ისეთიც არა, რომ გარჩევა შეუძლებელი იყოს.

– კი და რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო მარტივი ხდება ჩვენი გარჩევა. ზოგადად, ვიდეოებში არ ჩანს, მაგრამ მე უფრო კარგი ტიპი ვარ (იცინის).

გიორგი: ვეთანხმები (იცინის).

– ერთმანეთის ხასიათზე რას იტყვით?

თორნიკე: გიოს უფრო მკაცრი ხასიათი აქვს. მკაცრი და შრომისმოყვარეა. პირდაპირია, რაც ვფიქრობ, რომ მისი პლუსია. ეს ძალიან ხშირ შემთხვევაში ბიზნესშიც გვეხმარება. ბიზნესს ეხება საქმე, პროექტებს თუ სხვა რამეს, პირდაპირობა და საკუთარი აზრის დაფიქსირების უნარი, ხშირად გადამწყვეტია. სამწუხაროდ, ცხოვრება ყოველთვის სამართლიანი არ არის. თუ პირდაპირ არ იტყვი სათქმელს, შეიძლება, ყველა თავზე დაგაჯდეს. ამიტომ ეს გიორგის პლუსია. თუმცა, მინუსიც ესაა, რადგან ზოგჯერ პირდაპირობა არ არის სასიამოვნო, შეიძლება, უხეშადაც გამოვიდეს.

გიორგი: ჩემი ძმა იდეალური ადამიანია. ათი თავით მჯობს. რომ არ მგავდეს, ვერ დავიჯერებდი, რომ ჩემი ძმაა და მით უმეტეს, ჩემი ტყუპისცალი. დიპლომატია, სერიოზული. ნებისმიერ ქვეყანაში წარმატებით გაართმევდა თავს ელჩის პასუხისმგებლობას. ყველას უყვარს და მართლა მიმაჩნია, რომ შინაგანად ჩემზე ბევრად კაი ტიპია.

– ფიზიკური მსგავსებით არ გისარგებლიათ?

თორნიკე: ბუღალტრიას ვსწავლობდით უნივერსიტეტში. ეს არცერთის ძლიერი მხარე არ იყო, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მე ცოტათი მეტი ვიმეცადინე, ვიდრე ჩემმა ძმამ. საბოლოოდ, ალბათ, ჩემი ძმა ჩაიჭრებოდა და დავეხმარე, ანუ მის მაგივრადაც მივედი და ჩავაბარე, ისე, რომ ლექტორი ვერ მიხვდა.

– ერთნაირი გოგოები მოგწონთ?

– არა მგონია, გოგოებში ერთნაირი გემოვნება გვქონდეს. ასე რომ იყოს, ძალიან გაგვიჭირდებოდა და მგონი, ამაში გაგვიმართლა. ყველაფერი კარგადაა, არ ინერვიულოთ (იცინის).

– საკმაოდ პოპულარულები ხართ…

გიორგი: მგონი, არც ამდენად. ვერ ვიტყვით, რომ ბავშვობიდან მოყოლებული პოპულარობაზე ვოცნებობდით. ყველაზე სასიამოვნო ისაა, რომ ვინც ცეკვაში ერკვევა, იმან გაგვიცნო. ჩვენც სულ ცეკვით ვცდილობთ თავის წარმოჩენას და არა სხვა თემების წინ წამოწევით.

– გოგონებში არ გრძნობთ პოპულარობას?

თორნიკე: ჩვენი მხრიდან ძალიან ჯეიმს ბონდური იქნება, რომ დავიწყოთ, კი, ყველა გოგო გიჟდება ჩვენზო (იცინის). თავმდაბლურად ვიტყვით იმას, რომ ყურადღება, არ დაგვკლებია, რომ საკმარისია, რა დოზითაც არის და მადლობა ყველა იმ გოგოს, ვინც ყურადღება გამოიჩინა (იცინის).

– თუ არ ვცდები, ერთ-ერთის შეყვარებული, ასევე, მოცეკვავე და საკმაოდ ცნობილი გოგონა, ანი ლოლაძეა.

– კი, ნამდვილად ეგრეა, ანი ჩემი შეყვარებულია. მთავარი ის არის, რომ პროფესიაშიც და პირადშიც დღევანდელი დღით ვცხოვრობთ და დღეს მეც და ჩემი ძმაც ორივე მხრივ ბედნიერები ვართ.

– ანუ, ორივე დაკავებულები ხართ…

გიორგი: მე არ ვარ დაკავებული, მაგრამ ბედნიერი ვარ (იცინის). ცხოვრებაში ის ეტაპი მაქვს, რომ ურთიერთობისკენ არ მივისწრაფვი. სერიოზულ ურთიერთობას ჯერ არ ვაპირებ, სხვა გეგმები მაქვს ამ ეტაპზე.

– ამ ამბავს სხვა გეგმები ხომ არ უშლის ხელს?

– ჩემს შემთხვევაში, კი. განვსხვავდებით მე და თოკა-მეთქი, ხომ ვამბობ (იცინის). სერიოზულმა ურთიერთობამ რაღაცებში შემიშალა ხელი და ახლა უკეთ ვარ, ვიდრე მაშინ. სანამ უკეთესად ვიქნები, ასე იქნება, თუ არადა მერე შევქმნი ოჯახს.

– თორნიკე, შენთვის ოჯახის შექმნა უახლოესი მომავლის პერსპექტივაა?

თორნიკე: მე და ჩემი ძმა უფრო ევროპული გაგებისკენ ვიხრებით. როცა ადამიანი პროფესიულად ჩამოყალიბებული ხარ, ფინანსურად გამართული და ასე შემდეგ, მერეა ყველაზე სწორი ამ საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადადგმა, რასაც ოჯახის შექმნა ჰქვია. ამ ეტაპზე არ ვაპირებ, მაგრამ ჩემს თავსაც და ჩემს ძმასაც, ვუსურვებ, რომ „ჰეფი ენდისთვის“ ოჯახი შევქმნათ.