მართალია, ულამაზესი სიმღერების ავტორ-შემსრულებელი, გიგა კვენეტაძე წლებია, რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, მაგრამ ცდილობს, როგორც კი თავისუფალი დრო აქვს, თავის საყვარელ სამშობლოში ჩამოვიდეს, მშობლიური ქვეყნის ჰაერი ღრმად ჩაისუნთქოს, მოეფეროს ახლობლებს, ნათესავებს და დადებითი ენერგეტიკით ისე დაიმუხტოს, რომ უკან დაბრუნებულს, დიდხანს გაჰყვეს.
გიგა კვენეტაძე: საქართველოში, ნახევარი წელია, არ ვყოფილვარ და მთელი სულით და გულით მენატრება ჩემი ქვეყანა, მეგობრები, ახლობლები. ხომ იცით, ქართველ კაცს ერთი კვირაც რომ გავიდეს თავისი ქვეყნიდან, ნოსტალგია ეწყება. საქართველოში რომ ჩამოვდივარ, სხვანაირად ვსუნთქავ, სხვა ენერგიით ვიმუხტები. ივლისის დასაწყისში ჩამოვალ და ორი თვე ვიქნები. ყველაზე ცხელ დღეებს ჩემს უსაყვარლეს სამშობლოში გავატარებ და ჩემს საყვარელ ხალხს ყველა კუთხეში ჩავეხუტები. წელს მთელი საქართველო უნდა მოვიარო, კონცერტებიც უკვე დაგეგმილია. ასე რომ, ყველაფერი მიყვარს ქართული და რაც საქართველოს შეეხება. განსაკუთრებით მიყვარს მეგობრული შეკრებები და მათთან ერთად ჩემი დაბადების დღის აღნიშვნა. თუმცა, ამ უკანასკნელს ბოლო წლებია, ვეღარ ვახერხებ.
– ახლახან დაბადების დღე გქონდა, 45 წლის გახდი. ვიცი, ახლობელ ადამიანებთან ერთად აპირებდი მოლხენას, თუმცა, ვერ მოახერხე, რადგან საავადმყოფოში აღმოჩნდი. რა მოხდა?
– დიახ, ერთ-ერთ ქართულ რესტორანში ვაპირებდი დაბადების დღის გადახდას და სამწუხაროდ, ჯანმრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოში ამოვყავი თავი და ვეღარ შევძელი. 6 მაისს, ჩემს დაბადების დღეს, საოპერაციო მაგიდაზე შევხვდი. კენჭის გავლა დამემართა, გაიჭედა და სასწრაფო ოპერაცია დამჭირდა, რომ თირკმელი არ დაზიანებულიყო. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ახლა ვხუმრობ, ჩემს დაბადების დღეს, განსხვავებულად, ნარკოზში შევხვდი-მეთქი (იცინის). თუმცა, ცოლ-შვილი დამხვდა პალატაში, სიურპრიზი გამიკეთეს და ტორტი მომართვეს. ძალიან გამახარეს. სხვათა შორის, ჩემი დაბადების დღე ყოველთვის გამორჩეულად მიყვარდა. ბავშვობაში მშობლებიც ყოველთივის აღმინიშნავდნენ ჩემს დღეს. თან, გიორგობა დღეა და რაღაცნაირად განსაკუთრებულად ვეფერები ჩემი ოჯახისა და ახლობლების წრეში. იმ ტენდენციას, რომ ამბობენ: რაღა დროს დაბადების დღის გადახდაა, ვბერდებითო, არ ვეთანხმები და ვბრაზდები. მოკლედ, ვცდილობ, ყველა ჩემი დაბადების დღე აღვნიშნო. თუმცა ბოლო ორი წელია, არ მიმართლებს – შარშან დედა გარდაიცვალა და წელს საავადმყოფოში ამოვყავი თავი. წელს 45 წლის გავხდი და ყველაფერი წინ არის, ჯერ რა დროს სიბერეა? (იცინის). სხვათა შორის, ერთადერთი ჩემი დაბადების დღე, რომლის გახსენებაც არ მინდა, იყო შარშანდელი, როცა 26 აპრილს დედა გარდაიცვალა და 6 მაისს, ჩემს დაბადების დღეს, გზაში, შევხვდი –საქართველოდან მოსკოვში მოვდიოდი და განადგურებული ვიყავი.
– ისეთი განსხვავებული დაბადების დღე თუ გქონია, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება?
– კი, როგორ არა, 17 წლის ასაკში ჩემს დაბადების დღეს პარიზში შევხვდი – სიყვარულის ქალაქში, ძალიან ბედნიერი ვიყავი, თუმცა მარტო, მეწყვილისა და სიყვარულის გარეშე (იცინის). ახლა კი მყავს საყვარელი მეუღლე, მეორე ნახევარი და ვცდილობ, არა მარტო დაბადების დღეზე, არამედ ყოველდღიურად გავანებივრო, მის დაბადების დღეზე რომანტიკული საღამოები მოვუწყო, ვყიდულობ ყვავილებს და საჩუქარს. ზოგადად, ადვილი ცხოვრება არ გამომივლია, სავსე იყო ემოციებით, მაგრამ მიმაჩნია, რომ გამიმართლა და იღბლიანი კაცი ვარ. ძალიან გამიმართლა მეუღლეში, განსაკუთრებული ადამიანია. პირველად მოვხვდი საავადმყოფოში და ძალიან განიცადა. არადა, ჩემი მეუღლე, მარი, ისეთი ადამიანია, არ უყვარს, ემოციების ზედმეტად გამოხატვა, მაგრამ ასეთმა ადამიანმა, ისე ემოციურად განიცადა ჩემი საავადმყოფოში მოხვედრა, ასჯერ მეტად დავაფასე. ჩემთვის ჩემი ოჯახი ყველაზე მთავარია და ყველას ერთ რჩევას მივცემ: თქვენი ოჯახები დააყენეთ ყველაფერზე წინ, რადგან ოჯახი სანთლის შუქია, რომელიც მთელი ცხოვრება გზას გაგინათებთ. და მეორე ნახევრებს ეცით პატივი. თუ გადაწყვეტთ, ოჯახი შექმნათ, მაშინ მისი ერთგულიც უნდა იყოთ და საყვარელ ქალს არ უღალატოთ.
– ანუ, რაც დაოჯახდი სხვა ქალისკენ არ გაგიხედავს?
– (იცინის) გახედვით, როგორ არ გამიხედავს, მაგრამ გულში ღალატი არ გამივლია. ბევრს უთქვამს: ისეთი პროფესია გაქვს, არ გვჯერა ასე რომ ამბობო. მაგრამ, დამიჯერეთ, 9 წელია, მე და მარი ერთად ვართ და მისთვის არ მიღალატია. თუმცა, მარი ზოდიაქოთი „მორიელია“ და რა თქმა უნდა, ეჭვიანია.
– და, საბაბს რომ არ აძლევ?
– საბაბს როგორ არ ვაძლევ? სულ გასტროლებზე ვარ (იცინის). დამეხვევიან გოგოები, იღებენ ფოტოებს, მერე დებენ სოციალურ ქსელში და ეს არ არის ეჭვიანობის საბაბი, აბა, რა არის? (იცინის). ასე რომ, ეჭვიანობს და სიყვარულით მეჩხუბება.
– რომ ამბობენ, დროთა განმავლობაში სიყვარული ხუნდება, ყოველდღიურობაში, მოვალეობაში გადადის და ამიტომ ცოლ-ქმრისთვის აუცილებელია პატარ-პატარა განშორებები, რომ ერთმანეთი მოენატროთო?
– მე ამას არ ვეთანხმები და ცოლთან პატარ-პატარა განშორებების წინააღმდეგი ვარ. როცა ორი ადამიანის ცხოვრებაში ჩნდება მესამე ანუ შვილი, ერთი საათი განშორებაც კი მისთვის სტრესი და ტრავმაა. ამიტომ, ყველა წყვილი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, იბრძოლოს, ყველაფერი გააკეთოს და ოჯახი არ დაანგრიოს. სიყვარული არ ხუნდება, უბრალოდ, მას გარკვეული დროის შემდეგ „ტოკი“ უნდა მისცე, თავიდან შთაბერო სული. ამისთვის ნაბიჯები უნდა გადადგა და ყოველდღიური სტრესებისა და პრობლემების გამო არ უნდა დაივიწყოთ, რომ გვერდით გყავთ საყვარელი ადამიანი, ვისაც თქვენი ენერგია სჭირდება. ჩემი შემოქმედებითა და მუსიკით მთელი ცხოვრება სიყვარულს მივუძღვენი. რაც ცოლი მოვიყვანე და ერთად ვართ მე და მარი, ყველა ჩემს სიმღერაში, კონკრეტული ისტორიაა ჩადებული და მას უკავშირდება. ვფიქრობ, პატარ-პატარა ნაპერწკლები ყოველდღიურადაა საჭირო, რომ სიყვარული არ განელდეს და გაუფერულდეს.