მსახიობ ლაშა გურგენიძისა და მისი მეუღლის, თაკო მჭედლიშვილის იუმორისტული ვიდეოები სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და ბუნებრივია, რომ ინტერესი წყვილის რეალური ცხოვრების მიმართაც იზრდება.
თაკო მჭედლიშვილი: სოციალურ ქსელებში ჩვენს ყოველდღიურობას არ ვაქვეყნებთ, ძირითადად, იუმორისტული კონტენტი გვაქვს. რაც შეეხება რეალობას, დღის განმავლობაში ჩვენ-ჩვენი საქმეებით ვართ დაკავებული. მე სტანდარტული რეჟიმი მაქვს, დილიდან 7 საათამდე ოფისში ვმუშაობ, ლაშას ზუსტად 7 საათზე ეწყება სპექტაკლი და ამიტომ, დროში ძალიან აცდენილები ვართ (იცინის).
– როდის ასწრებთ ერთად ყოფნას?
– სამუშაო დღეებში, ძირითადად, ვერ ვასწრებთ. ლაშა რომ სახლში მოდის, მე უკვე დასაძინებლად ვემზადები და ჩვენი კომუნიკაცია გამარჯობა-ნახვამდისით შემოიფარგლება (იცინის). ლაშას შაბათ-კვირასაც აქვს სპექტაკლები, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ამ დღეებში მე დილიდანსაღამომდე სახლში ვარ და უფრო მეტ დროს ვატარებთ ერთად. თეატრის გარდა, ლაშა იმდენ რამესაა მოდებული და იმდენი საქმე აქვს, რომ მართლა ძალიან ცოტა დრო რჩება. სხვათა შორის, ამას თავისი პლუსიც აქვს. ბევრს უკითხავს, არ განიცდი, ასეთი დაკავებული რომ არისო? პირიქით, მომწონს. ყოველთვის ვამბობდი, გათხოვება არ მინდა-მეთქი, ჩემთვის პირადი სივრცის არქონა ძალიან დიდი დისკომფორტია. ახლა სამსახურიდან სახლში რომ ვბრუნდები, რამდენიმე საათი მარტო ყოფნა ძალიან მჭირდება და მიხარია, რომ ამის საშუალება მაქვს (იცინის). მე და ლაშა ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, უკვე წლებია, ერთად ვართ და ზუსტად ვიცით, რა გვწყინს და რა გვიხარია, თუმცა, ამის მიუხედავად, დროის ნაკლებობის გამო, ჩვენი ურთიერთობა თითქოს სულ ახალია. არ გვბეზრდება, პირიქით, სულ გვენატრება ერთმანეთი. მოკლედ, მე ეს ყველაფერი ძალიან მომწონს (იცინის). თუმცა, ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ იმ მცირე დროშიც, რომელსაც ერთად ვატარებთ, ლაშა იმდენს მაძლევს, რომ სავსე ვარ და ემოციებით დატენილი, ანუ დანაკლისის გრძნობა არ მრჩება. გარდა ამისა, დასასვენებლადაც ერთად დავდივართ, ვმოგზაურობთ, საერთო სამეგობრო გვყავს და აქედან გამომდინარე, ყველაფერი კარგად გვაქვს.
– ჰგავხართ იმ წყვილებს, რომლებსაც განასახიერებთ?
– თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ არა. ამ ბოლო პერიოდში, ძირითადად, ეჭვიანი ცოლის როლში ვარ ხოლმე (იცინის). სინამდვილეში, ძალიან მშვიდი ვარ და ერთი შემთხვევაც კი არ მახსენდება, რომ ლაშაზე მეეჭვიანოს. ალბათ, ეს ლაშას დამსახურებაცაა, არ მაძლევს საბაბს. თუ ვინმე გამოიჩენს მის მიმართ ყურადღებას, კომპლიმენტს ეტყვის და ასე შემდეგ, არც ამის გამო ვეჭვიანობ. მე მგონია, რომ როცა ადამიანს ბოლომდე ენდობი, მისდამი სხვების მიერ გამოჩენილი ყურადღებაც არ გიქმნის პრობლემას. პირიქით, ეს ჩემთვისაც სასიამოვნოა. ესე იგი, ჩემი საყვარელი ადამიანი სხვასაც მოსწონს, სხვა ქალებისთვისაც სასურველია, მაგრამ ვერ მივართვი (იცინის). ლაშას ისე ვენდობი, როგორც საკუთარ თავს, ვიცი, რომ ძალიან ძვირფასი ვარ მისთვის, როგორც ისაა ჩემთვის და საერთოდ, ჩვენი სიყვარულია ორივესთვის ძალიან ძვირფასი. ამიტომ წამიერი გატაცებებით არ დავანგრევთ ამ გრძნობას. ლაშასგანაც არ მახსოვს რამეზე ეეჭვიანა.
– თქვენ შორის რომელს უფრო კარგი იუმორი აქვს და სოციალურ ქსელში ვინ უფრო აქტიურია?
– სხვათა შორის, ლაშა ბრაზდება ხოლმე იმიტომ, რომ არ მეცინება ამ ვიდეოების გადაღებისას (იცინის). იუმორისტული ვიდეოებია და წესით, უნდა მეცინებოდეს, მაგრამ, რა ვქნა, არ მეცინება. რამეზე რომ გაგეცინოს, შენთან ახლოს უნდა იყოს, რამე საერთოს ხედავდე პერსონაჟთან და ასეთი ცოლი იმდენად განსხვავდება ჩემგან, დიდად არ მეცინება. ანუ, ეს არ ნიშნავს, რომ იუმორის გრძნობა არ მაქვს (იცინის). ლაშა უფრო აქტიურია. მე ყველა ვიდეოში ძალით ვარ შემოყვანილი (იცინის). მოდი, ადექი, გადავიღო, – მეტყვის ხოლმე, არადა ძალიან მეზარება (იცინის). ეგ კი არა, ახლა სამოგზაუროდ ვიყავით, ძალიან ბევრი ფოტო გადავიღეთ და ისიც კი მეზარება, რომ ეს ფოტოები გამოვაქვეყნო (იცინის). ლაშასთვის ეს საქმე პროფესიასავით გახდა და დამატებითი შემოსავლის წყაროდ იქცა.
– როგორ გახდით ინფლუენსერები?
– მე არ მივიჩნევ ჩემს თავს ინფლუენსერად. ჩემს პირად გვერდებზე არაფერს არ ვდებ, ლაშასთან ვარ შემოკედლებული (იცინის). მან პანდემიის პერიოდში დაიწყო. მაშინ მე სახლიდან ძალიან ბევრს ვმუშაობდი. თვალს ვახელდი, კომპიუტერს ვშლიდი, მუშაობას ვიწყებდი, საღამოს ვხურავდი და ვიძინებდი. ლაშას მეტი დრო ჰქონდა, რადგან თეატრები დაიხურა. ძალიან აქტიური ადამიანია და მისი სახლში გამოკეტვა წარმოუდგენელი იყო, ამიტომ სულ რაღაცას აკეთებდა. წითელ ჯვარში გაწევრიანდა და მოხუცებს ეხმარებოდა, გადაცემა გააკეთა და „სთენდაფ მონოლოგებსაც“ დებდა. ნელ-ნელა ეს საქმე სამსახურივით ექცა და მეც, მინდა-არ მინდა, ამიყოლია (იცინის).
– რამდენად საიმედო შემოსავლის წყაროა ეს საქმიანობა?
– ამაზე დამოკიდებული ვერ იქნები. ანუ, ეს ვერ იქნება ერთადერთი შემოსავლის წყარო. მით უმეტეს, ლაშას ორი შვილი ჰყავს, ჩვენც ჩვენი პატარა, ორკაციანი ოჯახი გვაქვს, მაგრამ საჭიროება ბევრია, ამიტომ ამას ვერ დაეყრდნობი, თუმცა არაჩვეულებრივი დამატებითი შემოსავლის წყაროა. მაგის ხათრით ვიღებ ხოლმე მეც ვიდეოებს (იცინის). მაგრამ, თვითონ უნდა იყო ძალიან აქტიური. კომპანიებს თანამშრომლობისთვის რაღაც იდეები უნდა შესთავაზო. თვითონაც ძალიან ბევრი კომპანია გვიკავშირდება სხვადასხვა შემოთავაზებით, მაგრამ ესეც შენს აქტიურობაზეა დამოკიდებული. ყოველდღიური რეჟიმში არ უნდა მოდუნდე.
– როგორ რეაგირებთ კრიტიკულ კომენტარებზე?
– ძალიან იშვიათად, რომ უარყოფითი კომენტარი დაგვიწერონ. ორად ორი მასშტაბური შემთხვევა მახსენდება. პირველი, როდესაც ლაშამ ხელი მთხოვა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალზე. მაშინ რაღაც კუთხით გავუგე ამ ხალხს, ვინც უარყოფით კომენტარებს გვიწერდა. იმიტომ, რომ დაიბნენ, ვერ ხვდებოდნენ, რა მოხდა. იცოდნენ, რომ ცოლ-ქმარი ვიყავით და ხელის თხოვნა რაღა შუაში იყო, ვერ გაიგეს. სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან ვხალისობ ხოლმე ასეთ კომენტარებზე და მაგ დღეს განსაკუთრებულად ბევრი ვიცინე.
მეგობრებთან ერთად ვიყავით და ჩემმა მეგობარმა ეს კომენტარები ტელევიზორის ეკრანზე გაუშვა (იცინის). ზოგი წერდა, საწყალი ეს გოგო, სახლში ზის და პირდაპირ ეთერში უყურებს მისი ქმარი სხვა გოგოს როგორ სთხოვს ხელსო (იცინის). საქმე იმაშია, რომ ჩვენ სამი წელი ვიყავით შეყვარებულები. მერე, რომ მივხვდით, გვინდოდა ჩვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაწყებულიყო, ხელი მოვაწერეთ და ერთად გადავედით საცხოვრებლად. მანამდე არც ხელის თხოვნა ყოფილა, არც ჯვრისწერა და არც ქორწილი. ლაშა სულ მეუბნებოდა, ისეთ დროს გთხოვ ხელს, საერთოდ რომ არ ელოდები, შეიძლება, უკვე შვილებიც გვყავდესო (იცინის). მართლა მოულოდნელი გამოვიდა. „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალში სცენაზე რომ ამიყვანა, ვერ მივხვდი, რა ხდებოდა და ძალიან შემეშინდა. დავიძაბე, ვაიმე, ხომ არ უნდა მაცეკვოს-მეთქი (იცინის). მერე, ჩვენი საყვარელი მუსიკა რომ ჩაირთო, გონს მოვეგე, მივხვდი, რაც ხდებოდა, არადა მანამდე ისე მინდოდა ისევ ჩემს ადგილას დავმჯდარიყავი… (იცინის) მერე იყო ქორწილიც. ნეგატიური კომენტარების მეორე შემთხვევა ქორწილს უკავშირდება. რამდენიმე დღის შემდეგ, რომელიღაც გვერდმა ჩემი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით „ქართველი პატარძალი“. იქ ამბავი ატყდა… ძირითადად, 60 წელს ზემოთ ასაკის ქალბატონები აქტიურობდნენ. თან მეცინებოდა და თან ვფიქრობდი, რატომ, რა დაგიშავეთ-მეთქი. წერდნენ: ფუ, რას ჰგავს, ეს ქართველი პატარძალი ვერ იქნება, ეს შემარცხვენელია ქართველი პატარძლების, ლავიწი როგორ აქვს ამოგდებული, უეჭველი ყველაფერი გაკეთებული აქვს, ყველა ქირურგის აწყობილია და ათასი სიგიჟე. თუმცა, დამცველებიც გამოჩნდნენ, შემიძლია, მისი ბავშვობის ფოტო დავდო და ნახავთ, რომ არაფერი აქვს გაკეთებულიო და ასე შემდეგ. მოკლედ, საოცრებები ხდებოდა (იცინის). დადებითი იქნება კომენტარი თუ უარყოფითი, შენთვის ის რამეს რომ ნიშნავდეს, მაშინ მისი ავტორიც მნიშვნელოვანი უნდა იყოს შენთვის ან უნდა ეთანხმებოდე.
– რით ხართ დაკავებული?
– გრაფიკული დიზაინერი ვარ და ბოლო ექვსი წელია, ამ მიმართულებით ვმუშაობ. თავდაპირველად სარეკლამო კომპანიაში ვიყავი, რამაც დიდი გამოცდილება მომცა, საერთაშორისო ბრენდებთან მქონდა შეხება და ახლაც საერთაშორისო კომპანიაში ვმუშაობ. ყველაზე მეტად ხატვა მიყვარს, მაგრამ ყოველდღიური რუტინით იმდენად დაკავებული ვარ, რომ ამისთვის დრო აღარ მრჩება. იმედი მაქვს, მალე ყველაფერი ისე დალაგდება, რომ ამასაც მოვახერხებ.