“ისეთი გოგონა რომ მყოლოდა, როგორსაც ვხატავ, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი”- რა საჩუქარი გამოუგზავნა სამყარომ მხატვარ ანი მაღლაკელიძეს”

ანი მაღლაკელიძე გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოჩნდა ქართულ შოუბიზნესში, როგორც დამწყები ახალგაზრდა რეჟისორი და კლიპების ავტორი. დღეს კი სხვა სფეროშია, სადაც მისი სავიზიტო ბარათი პატარა, თმაგაწეწილი, კუდრაჭა გოგონები არიან, რომლებიც ყვავილებისა და პეპლების გარემოცვიდან გვიმზერენ – ეს მისი ნახატებია.

ანიმ ამ ბავშვური სამყაროს ხატვა ორსულობისას დაიწყო და, უკვე 12 წელია, მისი ,,კოკროჭინები” ბევრ ოჯახში ბინადრობენ და ადამიანებს, დიდებს თუ პატარებს, სიხარულს ანიჭებენ, ბავშვობის სათუთ მოგონებებს აღუძრავენ. როგორც ანიმ ,,სარკეს” უთხრა, სამყარომ დიდი საჩუქარი გამოუგზავნა, რომელზეც ქვემოთ გვიამბობს.

მხატვრისთვის ოჯახის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ქმრის, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელ დათო მესხიშვილის და 11 წლის შვილის, გიორგის, პრაქტიკული რჩევები ეხმარება.

– ანი, 15 წლის წინ კლიპების გადაღებაში დგამდით წარმატებულ ნაბიჯებს, გვახსოვს თქვენი არაერთი საინტერესო ნამუშევარი. ახლა კი თქვენი ნახატებით ხართ პოპულარული. როგორ მოხდა ეს ცვლილება?

– ბავშვობიდან ვხატავდი, პედაგოგიც მყავდა, მაგრამ შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში ნაკლებად ვიყავი ამ საქმით დაკავებული. წლების შემდეგ ისევ იმ პედაგოგმა, ტრისტან თეთრაძემ, ხელახლა მაყიდვინა საღებავები, ტილო და დამაბრუნა მხატვრობაში. ზეთის საღებავებით დავიწყე თავიდანვე ხატვა და ეს მასალა ჩემთვის ძალიან საყვარელია. პირველი ნახატი ზეთში ასანთის ღერებით გავაკეთე.

რა თემატიკითაც გავხდი ცნობადი სამხატვრო სფეროში, ჩემთვის ცოტა სასწაულთან ასოცირდება. რამდენი ადამიანი ხატავს და რამდენია ნიჭიერი, მაგრამ ხშირად ვერ ახერხებ საზოგადოების ყურადღების მიქცევას. როდესაც შოუბიზნესში სიტუაცია შეიცვალა და მომღერლები ნაკლებად ფიქრობდნენ ახალ სიმღერებსა და კლიპებზე, მაშინ დავიწყე ახალი საქმის ძებნა. გარკვეული პერიოდი რადიოშიც ვიმუშავე. ხატვა კი ორსულობისას დავიწყე.

– პატარა კუდრაჭა გოგონები როგორ “გესტუმრნენ” და დარჩნენ თქვენს მხატვრულ სამყაროში?

– როდესაც დიდი ტილო დავხატე და გამოფენაზე გავიტანე, საზოგადოების რეაქციით ყველაფერს მივხვდი. შემდეგ სოციალურ ქსელში დავდე და დიდი ინტერესი მოჰყვა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ჩემი დახატული ბავშვების იდენტიფიცირებას ახდენდნენ – ზოგი საკუთარ თავს ამსგავსებდა, ზოგი შვილებს. რომ გადახედოთ, ჩემი ბავშვები თითქოს ერთი ტიპაჟი არიან, მაგრამ მათში ყველა საკუთარ თავს პოულობს.

სულ მაქვს შეგრძნება, რომ სამყარომ დიდი საჩუქარი გამომიგზავნა. ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა აკეთებ ისეთ საქმეს, რომელსაც სულ დადებითი ემოციები ახლავს.

– ძირითადად ვინ არიან თქვენი ნახატების და თქვენი პერსონაჟების თაყვანისმცემლები?

– ქალებიც, მამაკაცებიც და ბავშვებიც. თითოეულ ნახატში დიდ ენერგიას ვდებ. არასოდეს ვხატავ ცუდ ხასიათზე ყოფნისას. ბევრი დასამშვიდებლად ხატავს ხოლმე, მე კი, როცა ძალიან კარგ ხასიათზე ვარ, მაშინ ვჯდები ტილოსთან. მაქვს დღეები, როდესაც საერთოდ ვერ ვეკარები საღებავებს. ძალიან მიხარია, რომ ჩემი ნახატები მთელ ქვეყანას მოედო, ბევრი საზღვარგარეთ მიაქვთ. ყოველთვის ვიღებ ხოლმე ჩემი ნახატების მფლობელებისგან უკუკავშირს და ის მუდამ დადებითია.

– მხატვრისთვის, ხელოვანისთვის მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს ერთ თემატიკით შემოსაზღვრული, არტისტები გაურბიან დაშტამპვას, მუდმივად ძიებაში არიან. თქვენ გაკმაყოფილებთ თქვენი სტილი, იპოვეთ საკუთარი თავი თუ წინ კიდევ ბევრი გზა და სიახლეების პოვნის მცდელობა გაქვთ?

– ეს ყველა შემოქმედის ცხოვრებაში არის. ბუნებით ძალიან ემოციური ვარ და, ბუნებრივია, მეც მაქვს აღმაფრენები და ცუდი პერიოდებიც. მგონია, რომ რაც ტრიალებს ჩემში, ჯერ გარეთ არ გამოსულა. ყოველთვის ძიებაში ვარ, სულ მინდა, რაღაც შევცვალო. ერთ ადგილზე კმაყოფილად ყოფნა არ შემიძლია. ღმერთს ვთხოვ, რაც კი სამყარომ მომცა, იმის გადმოტანა შევძლო ჩემს შემოქმედებაში.

– არის თემები, რომლებსაც არ ეხებით თქვენს შემოქმედებაში?

– ძალიან ვერიდები გარკვეული მოვლენების თუ შინაარსის ნეგატიურ კონტექსტში გადმოტანას, რადგან ენერგიების მჯერა. არ მინდა, ჩემმა გადადგმულმა თუნდაც პატარა ნაბიჯმა ვინმე დააზიანოს. სევდიანი და აგრესიული თემები შეიძლება თავში მომდის კიდეც, მაგრამ ტილოზე არ გადმომაქვს.

– ყოფილა შემთხვევა, რომ დაგიხატავთ და შემდეგ გაგინადგურებიათ?

 არ გამინადგურებია, მაგრამ გადამიხატავს. ერთი ჩვევა მაქვს – თუ ტილოს დიდი ხანი ვუყურებ, გამორიცხულია, არ გადავაკეთო.

– გამოდის, რომ ამ საყვარელმა პატარა არსებებმა, რომლებსაც ხატავთ, მნიშვნელოვნად შეცვალა თქვენი ცხოვრება, რეჟისორობას კი დაემშვიდობეთ.

– სამყაროში უბრალოდ არაფერი იკარგება. ჩემი პროფესია კი არ დაკარგულა, რაღაცნაირად ამ საქმეში ინტეგრირდა. ხშირად ვეხები კინოს თემატიკასაც, მაქვს დახატული ჩემი ფუფალა. ამ პატარა, საყვარელმა პერსონაჟებმა მართლაც შეცვალეს ჩემი ცხოვრება. ბევრი კომპლექსისა და ჩარჩოსგან გამათავისუფლეს.

 ოჯახის წევრებისთვისაც ახლობელი არიან თქვენი პერსონაჟები?

 ძალიან. მეუღლეც და შვილიც მნიშვნელოვნად არიან ჩართულები ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაში. მართალია, ხანდახან ჩემს ბიჭს ბეზრდება ხოლმე სულ ყვავილები და გოგონები, მაგრამ პირველი შემფასებლები სწორედ ისინი არიან.

– როგორია თქვენი ოჯახური იდილია?

– 12 წელია, ერთად ვართ და წლებთან ერთად ერთმანეთისადმი უფრო მეგობრულები და თანამოაზრეები გავხდით. უფრო ნაკლებად გვჭირდება რამის ახსნა, წლებთან ერთად უფრო ერთნი გავხდით. ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს, გვიყვარს ერთად მოგზაურობა, ერთად ვაშენებთ სახლს და ბაღს. გვიყვარს ერთმანეთის საქმეების გაზიარება.

მეუღლე ჩემთვის ძალიან საინტერესო მრჩეველია, რადგან მეტად საინტერესო გონება აქვს. მე სულ დავფრინავ და საკმაოდ არაპრაქტიკული ხედვები მაქვს, დათოს კი შეუძლია, მოკლე დროში უფრო რეალური სურათი დამანახოს. ჩემნაირ ემოციურ ტიპს ასეთი პრაქტიკული და თავის სფეროში გამოცდილი ადამიანი ნამდვილად სჭირდება. დათო ჩემი საიმედო დასაყრდენია.

– შვილიც ხატავს?

– ხანდახან. ალბათ ჩვენს სახლში დიდი დოზით რომ არის საღებავები, ფუნჯები და ნახატები, იშვიათად უჩნდება ამის სურვილი. მას უფრო მათემატიკა და ფეხბურთი აინტერესებს. გიორგი 11 წლისაა და მთლიანად ფეხბურთით არის მოცული.

– თქვენი ნახატების მთავარი გმირები უმეტესად პატარა გოგონები არიან. ეს თქვენს ქვეცნობიერ სურვილს ხომ არ ასახავს, რომ გინდოდათ, გოგონას დედა ყოფილიყავით? მით უმეტეს, ხატვა ორსულობისას დაგიწყიათ.

– ვგიჟდები პატარა გოგონებზე. ისეთი გოგონა რომ მყოლოდა, როგორსაც ვხატავ, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი. კი, ძალიან მინდოდა, რომ გოგოც მყოლოდა, მაგრამ უსაზღვროდ ბედნიერი ვარ იმით, ვინც მყავს და ეს გიორგია.