ალა დათუკიშვილის ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა – ავარიამდე და ავარიის შემდეგ. მას გადატანილმა ტკივილებმა და განსაცდელებმა ძალიან ბევრი რამ ასწავლა და რაც ყველაზე მთავარია, ისეთ ადამიანად აქცია, რომელიც თავადაც ძალიან მოსწონს.
ალა დათუკიშვილი: მძიმე ავარიაში მოვყევი და ამის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. აბსოლუტურად ყველაფერი დამტვრეული მქონდა, გარდა მარჯვენა ხელის მკლავისა. რამდენიმე თვე კომაში ვიყავი. ერთი წელი დამჭირდა რეაბილიტაციისთვის და ამ დროის გასვლის შემდეგ ძველებურად ვეღარაფერი იქნებოდა.
მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგი, გადავწყვიტე, დუბაიში წამოვსულიყავი და აქ მეცადა ბედი. დღეს ამ ქვეყანაში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველას სხვა ქვეყანაში წასვლისკენ მოვუწოდებ, უბრალოდ, თუ სადმე საკუთარი თავის რეალიზება უკეთ შეგიძლია, ალბათ, უნდა სცადო. ჩემი წამოსვლის პირველი მიზეზი მაინც მატერიალური მდგომარეობა იყო, მე შესაბამის ანაზღაურებას ვეძებდი. მჯეროდა, რომ უფრო მეტი შემეძლო, ვიდრე საქართველოში მქონდა. თუმცა, ჩემმა ავარიამ და ფიზიკურმა მდგომარეობამაც მიბიძგა ამისკენ. ეს ცხელი ქვეყანაა, ცხელი ქვიშით და ამდენის გადატანის შემდეგ, თავს ფიზიკურადაც აქ უფრო კარგად ვგრძნობდი.
თავიდან ძალიან რთული იყო. მე და ჩემი მეგობარი ჩამოვედით და ერთად დავიწყეთ მუშაობა. როცა მარტო ცდილობ გზის გაკვალვას, ძნელია, მაგრამ შევძელი ფეხზე დავმდგარიყავი და დღეს მე ჩემი მცირე კომპანია მაქვს, რომელსაც ჩემს პატარა შვილს ვეძახი. შემიძლია, საკუთარი თავი და ოჯახი ვარჩინო. გარდა ამისა, შემიძლია, ნებისმიერ ქართველს, რომელიც აქ ამ ქვეყნის სანახავად ჩამოდის, გვერდით დავუდგე. თუ ტურის განმავლობაში ხუთი ადგილის ნახვა აქვს გათვალისწინებული, მე ათს ვაჩვენებ და ამის მიღმაც დავეხმარები, თუ რამე დასჭირდება.
– მარტო ერთი ხელი მქონდა მთელიო, თქვით. ასეთი ავარიის შემდეგ სხვა ქვეყანაში წასვლაზე ფიქრიც კი დიდ გამბედაობას მოითხოვს. როგორ გადადგით ეს ნაბიჯი?
– იმ მდგომარეობაში, როგორშიც მე ვიყავი, იმაზეც კი ვერ ვფიქრობდი, რომ ფეხზე დადგომას შევძლებდი. რომ არა ჩემი ოჯახი, ამას ვერც მოვახერხებდი. როგორც გითხარით, ჯერ კომაში ვიყავი, კომიდან გამოსვლის შემდეგ კი ძვლის სიმსივნე დამიდასტურდა, რაც ჩემი ოჯახისთვის აბსოლუტური შოკი იყო. მე ორი პატარა ძმა მყავს გარდაცვლილი. წარმოიდგინეთ, ჩემმა მშობლებმა მანამდე ორი შვილი დაკარგეს და ერთიღა დავრჩი ცოცხალი, თუმცა, მეც ასეთ საშინელ მდგომარეობაში ვიყავი.
ალბათ, მამა გურამ ოთხოზორიას ბევრი იცნობს. მასთან მქონდა ძალიან ხშირი საუბარი. ერთი დღე არ დავუტოვებივარ. მისი წყალობით ჩემს თავში იმხელა რწმენა ვიპოვე, რომ შევძელი, იმედი დამებრუნებინა. მე ორი შვილი მყავს, მათ და ჩემი მშობლების გამო აუცილებლად კარგად უნდა ვყოფილიყავი.
ჩვენ თითქმის ყველაფერი გავყიდეთ ჩემი მკურნალობის ხარჯების დასაფარად. მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივი ექიმი მყავდა, ლუხუმი ჭანტურია, საოცარი ადამიანი, რომელიც ზედმეტად ერთ კაპიკს არ მახდევინებდა, მკურნალობის პროცესი მაინც დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული.
დედას მამას ნაჩუქარი რამდენიმე ბეჭედი ჰქონდა და მათი გაყიდვაც მოუწია. მათ შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული იყო. მხოლოდ 32 ანალოგი არსებობდა მთელი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. ეს ბეჭედი რომ გაყიდა, მაშინ ვთქვი: მე ისე კარგად გავხდები, რომ ამ 32-იდან ერთ-ერთს აუცილებლად ვიპოვი, ვიყიდი და დედას დავუბრუნებ-მეთქი. უფლის წყალობით, რამდენიმე წლის წინ ამის გაკეთება შევძელი.
დასაწყისში ვთქვი, რომ მომხდარის შემდეგ ძველებურად ვეღარაფერი იქნებოდა. დიახ, მე მაშინ დავინახე ცვლილებების აუცილებლობა. ჩემი ოჯახი გვერდით მედგა, კიდევ ბევრი კეთილი ადამიანი აღმოჩნდა ჩემ გარშემო, მაგრამ ისეთი ადამიანებიც დავინახე, ვინც დაცემულთან ურთიერთობას ერიდებოდნენ. თუმცა მე ყველას მადლობელი ვარ, მათი დამსახურებაც არის ჩემი დღევანდელი მდგომარეობა.
– ყავარჯენი, ფაქტობრივად, აქ გადავაგდე, თუმცა, ოჯახმა დაინახა, რომ უკვე შემეძლო, ფეხზე დგომა. თან, სჯეროდათ, რომ ამ ქვეყანაში უკეთ გავხდებოდი. საქართველოში რომ ჩამოვდივარ, დღემდე მაწუხებს ტკივილები, აქ ეს ტკივილები არ მაქვს. როცა გაიგეს, რომ ჩემი ჯანმრთელობისთვისაც აჯობებდა, აქ ვყოფილიყავი, გაუადვილდათ ამ აზრთან შეგუება. თან, მე არასდროს დამიტოვებია ჩემი სამშობლო წლობით. ყველასი მესმის – წლების განმავლობაში ვერ ბრუნდება ემიგრაციიდან და ყველაზე მეტად მათ უნდათ ამის გაკეთება, მაგრამ მგონია ხოლმე, მე რომ ჩემი სამშობლო და ჩემი წინანდალი დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვნახო, ვერ ვიცოცხლებ. წელიწადში ორჯერ-სამჯერ აუცილებლად ჩამოვდივარ საქართველოში. ემიგრანტების სადღეგრძელოს რომ ამბობენ, მეგობრები მეხუმრებიან, ეს შენ არ გეკუთვნისო (იცინის). ჩემი იდენტობა ჩემს სახლსა და ჩემს ოჯახს უკავშირდება და თუ ეს ფუნდამენტი მომეშალა, ფეხზე მყარად ვეღარ დავდგები.
– როგორც ვხვდები, საკმაოდ რისკიანი ხართ.
– მე მარტოხელა დედა ვარ. სამწუხაროდ, ოჯახი დამენგრა. როცა მარტოხელა დედა ხარ, რისკიანიც ხდები. ცდილობ და იბრძვი იმისთვის, რომ შვილებმა შენი მარტოხელობა არ იგრძნონ.
– ამიტომ თავისთვის დეპრესიის უფლება აღარ მიგიციათ?
– იმ ერთი წლის განმავლობაში დეპრესიაც იყო. დიდი დეპრესია და უკვე ყოფილი მეგობრებისგან მიღებული გულისტკივილები რწმენამ დამაძლევინა. მართლმადიდებლურ რწმენას შეუძლია, ფეხზე დაგაყენოს. რამდენიმე ფსიქილოგთანაც მქონდა შეხება. თურმე, ძალიან რთულია, ადამიანის სულს ჩასწვდე და უმკურნალო. თავად თუ არ უმკურნალე შენს თავს, სხვას ეს გაუჭირდება. ყველას ვეუბნები – არ იყოთ დამოკიდებული წამლებზე. როგორ ცუდადაც არ უნდა გამიგონ ფსიქოლოგებმა, ვიტყვი, რომ მათი ჩარევა ჩემს ცხოვრებაში საშინელება იყო, რამაც უფრო დამიმძიმა დეპრესია. ასე ვიყავი მანამ, სანამ რწმენამ არ ამომიყვანა უმძიმესი მდგომარეობიდან. ფიზიკური ვარჯიში, სუფთა ჰაერზე სეირნობა და რწმენა – მხოლოდ ეს შველის ადამიანს.
– როგორ აარჩიეთ ქვეყანა, სადაც უნდა წასულიყავით?
– იმ წლებში ახალი დაწყებული იყო ტურისტული ბიზნესი საამიროებში. დუბაი წელს 52 წლის ხდება. მისი ტურისტული ბიზნესი ყველაზე ახალგაზრდაა. მაშინ ბუმი იყო, ყველგან პალმის კუნძულის ფოტო შეგხვდებოდათ. ამან გადაგვაწყვეტინა აქ ჩამოსვლა. შემდეგ გავიგე, რომ ეს პალმის კუნძული ქართველი ინჟინრის – ოთარ ზალდასტანიშვილის შექმნილია. ამიტომაცაა, რომ დღეს იქ ქართველები ძალიან მიღებული ვართ. დუბაიში რომ ჩამოვედი, იმის თანხა არ მქონდა, რომ ბიზნესი დამეწყო, ამიტომ ტურისტულ სფეროში დავიწყე მუშაობა.
– ჩახვედით და როგორ აეწყვეთ?
– დასაწყისი ურთულესია. თანხაც არ გვქონდა, დამსაქმებელს უნდა დავეკმაყოფილებინეთ საცხოვრებელი ფართით, სადაც ერთად რამდენიმე ადამიანი ვცხოვრობდით. ამ დროს მე ძალიან მიყვარს მარტოობა და წერა, რასაც დიდ დროს ვუთმობ. ძალიან რთულია სხვადასხვა ეროვნების ადამიანებთან ერთად ცხოვრება. თავიდან არც მაღალი ხელფასი გვქონდა. აქ რომ ჩამოვედი, ინგლისურიც არ ვიცოდი, არამცთუ არაბული. თუმცა, როცა ძალიან ბევრს შრომობ და ძალიან გინდა, ფეხზე დადგე, ახერხებ კიდეც და ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა.
– ავარიის შემდეგ რეაბილიტაცია მოახერხეთ, მაგრამ შემდეგ მძიმე დიაგნოზი დაგისვეს. ამას როგორ უშველეთ?
– სახლში რენტგენის ორი ფოტო მაქვს. ერთზე 17-გან მაქვს ფეხი დამტვრეული და ზუსტად იქ არის განვითარებული ძვლის სიმსივნე. მეორე ფოტო გადაღებულია ზუსტად ერთი დღის შემდეგ. დიდი ლოცვის და განსაკუთრებული რწმენის წყალობით, მასზე ასახულია მხოლოდ დამტვრეული ფეხი, მაგრამ იქ არ არის არანაირი სიმსივნე. ეს იყო ძალიან დიდი სასწაული ჩემს ცხოვრებაში. ამაზე საუბარიც კი ძალიან მიჭირს. მამა გაბრიელის საფლავზე მივედი ამ მდგომარეობაში მყოფი, დედას უკვე გამოტირებული ვყავდი, მაგრამ მეორე დღეს სასწაული მოხდა. თელავის საავადმყოფოში დამიდგინდა ეს დიაგნოზი, მეორე დღეს თბილისში სიმსივნის ცენტრში მივედი, დამაწვინეს და ხელახალი გამოკვლევა გამიკეთეს. პასუხებმა აჩვენა, რომ სიმსივნე არ მქონდა. ვერ ვიტყვი, რომ ექიმები შეცდნენ. ისეთი საშინელი ტკივილები მქონდა, კედლებზე გავდიოდი. ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო, მაგრამ მეორე დღეს სასწაული მოხდა, ყველაფერი შეიცვალა. ახლა რაც არ უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, შემდეგში აქ ლოცვისას მოსმენილ ფრაზას ვამბობ ხოლმე – მადლობა, ღმერთო, ყველაფრისთვის, რაც მაქვს და მადლობა ყველაფრისთვის, რაც არ მაქვს. უფლის ყველაფრისთვის მადლობელი უნდა იყო. მე ასეთი მებრძოლი და რეალიზებული არასდროს ვყოფილვარ. ყოველთვის მერჩივნა, მეორეხარისხოვანი როლი მომერგო და საკუთარ თავზე ნაკლები პასუხისმგებლობები ამეღო. ძალიან დამთმობი ვიყავი. ახლა სულ სხვა ადამიანი ვარ და მომწონს ჩემი თავი. მინდა, ჩემი შვილები მგავდნენ ისეთს, როგორიც ახლა ვარ.
– ახლა უკვე საკუთარი ბიზნესი გაქვთ ტურიზმის სფეროში. ეს ამბავი როგორ დაიწყო?
– ვმუშაობდი და ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა. უცხო ქვეყანაში ხელფასზე რომ მუშაობ, წლები გჭირდება ბიზნესის წამოსაწყებად, რომ ფული დააგროვო. მით უმეტეს, ამ ქვეყანაში ძალიან ძვირია ლიცენზიის ყიდვა, რომ საკუთარი საქმის წამოწყება შეძლო. წლების განმავლობაში, ქართველები რომ ჩამოდიოდნენ, მიკავშირდებოდნენ და ტურებთან დაკავშირებით რჩევებს მეკითხებოდნენ. მერე, როცა ამათი ისტორია კარგად შევისწავლე, გარემოც კარგად ავითვისე და აქაურობა საქართველოსავით გავიცანი, ჩემს თავს უფლება მივეცი, ამდენი წლის ნაშრომისთვის ფორმა მიმეცა და შემექმნა ტურისტული კომპანია „AG Luxurg Tours“. მადლობა ღმერთს, აქტიურად ვმუშაობ. საქართველოდან ჩამოსული ტურისტების 100 პროცენტიდან 90 ჩემთან მოდის. მაქსიმალურად ვცდილობ, აქაურობა ყველას ისეთი ვაჩვენო, როგორიც არის – თავის ტურისტული სანახაობებით, სილამაზით, სიმდიდრით და ამის მიღმა ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებით, რაც ძალიან მოსწონთ ხოლმე.
– რა სხვაობებია ჩვენ შორის, ყველაზე მეტად რასთან გიჭირთ შეგუება?
– აქ სხვანაირი ხალხია. ამათ ომი და უბედურება არ უნახავთ, გაჭირვება არ გამოუცდიათ და ამიტომ ძალიან სუფთა გულის, ალალი ადამიანები არიან, რაც ძალიან მომწონს მათში. აქაურობა მეც შევიყვარე და ამ ხალხმაც ძალიან შემიყვარა. წარმოდგენა იმის შესახებ, რომ აქ ქალი იჩაგრებოდა, ძალიან მცდარი აღმოჩნდა. ამ ქვეყანაში ქალს ძალიან დიდი ძალა აქვს. კაცის ძალა იმით წარმოჩნდება, რამდენად შეძლებულია მის გვერდზე მყოფი ქალი, იქნება ეს დედა, და თუ მეუღლე. თუმცა არის რაღაცები, რასაც ქართველები ვერასდროს შევეგუებით. მქონდა შემთხვევა, რომ ჩემს ერთ-ერთ აქაურ მეგობარს მოვეწონე. მეუბნება, თუ შეიძლება ოჯახის შექმნაზე ვიფიქროთო. ვუთხარი, რომ მე ორი შვილის დედა ვარ, უკვე დიდი ვარ და კიდევ შვილების გაჩენაზე ვეღარ ვიფიქრებ. შენ კი ასეთი ადამიანი გჭირდება-მეთქი. მიყურებს და მეკითხება, მარტო ეგ არის პრობლემაო? მარტო კი არა, ეს ძალიან დიდი პრობლემა არის-მეთქი და არა, მე მაგისთვის სხვა ცოლს მოვიყვანო, მიპასუხა (იცინის). ეს არის მენტალიტეტი, რომელსაც ამდენი წლის შემდეგაც ვერ ვეგუები (იცინის).ეს რომ მითხრა, სიცილი დავიწყე და ვერ მიხვდა, რა მაცინებდა. თუმცა ახალ თაობაში აღარ არის ასეთი წესები, მათ მხოლოდ ერთი ცოლი მოჰყავთ.
– შვილები თან წაიყვანეთ?
– აქ სწავლა ძალიან ძვირია და ამას ვერ გავწვდებოდი. ამიტომ, ძირითადად, არდადეგებზე მომყავდნენ. ბიჭი ახლა ამთავრებს სკოლას, გოგო უკვე 24 წლისაა და მევიოლინეა. ცოტა ხნის წინ ამერიკის უნივერსიტეტში აბსოლუტური დაფინანსებით მოეწყო და მუშაობს კიდეც. ძალიან ბედნიერი ვარ ამის გამო. აქ იყო მოწვეული სამუშაოდ რამდენიმე თვით. აქ ღონისძიებებზე ძალიან კარგ თანხებს იხდიან, მაგრამ ჩემმა შვილმა გადაწყვიტა, რომ კონსერვატორიის შემდეგ სწავლა მაგისტრატურაზე გაეგრძელებინა. ვკითხე, დათმობ ასეთ სამსახურს და ხელფასს-მეთქი? სამსახურშიც, ალბათ, ეგონათ, რომ ხელფასი არ აკმაყოფილებდა და გაორმაგება შესთავაზეს, მაგრამ მან მაინც უარი თქვა და ამერიკაში წავიდა სწავლის გასაგრძელებლად. ძალიან ვაფასებ მის გადაწყვეტილებას და ბედნიერი ვარ ჩემი შვილების გამო.