თემურ წიკლაური 79 წლის გახდებოდა. ქართველებისთვის ძვირფასი არტისტი, ოთხი წლის წინ, კოვიდის მიერ გამოწვეულმა გართულებებმა იმსხვერპლა.
ქეთევან წიკლაური ფეისბუქზე წერს, რომ მის იუთუბ არხზე ატვირთა ფილმი, რომელშიც ახალგაზრდა თემური თამაშობს. ბევრმა არც კი იცით, რომ ეს გუგული მგელაძის 1969 წლის ფილმია – “სინათლე ჩვენს ფანჯრებში”, სადაც მომღერალი ნოდარის – ბელაფონტეს როლს ასრულებს.
ფილმის გადაღებები უმეტესად სოხუმში მიმდინარეობდა, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე. სცენარის ავტორი ცნობილი კინოდრამატურგი სულიკო ჟღენტია. თემურ წიკლაური პარტნიორობას უწევს – დოდო აბაშიძეს (ალექსანდრე), ასევე გრიგოლ წიტაიშვილს (გერასიმე), თამაზ თოლორაიას (ბიძინა). ფილმში მონაწილეობენ მსახიობები – რუსუდან კიკნაძე (ტატა), ლეილა ყიფიანი (მარინე), ლალი მესხი (ლია), ნანული პირველი (გალინა).
გუგული მგელაძე: ნოდარის (ბელაფონტე) როლზე სხვა მსახიობი მყავდა შერჩეული, მაგრამ თემური რომ გავსინჯე, ძალიან მომეწონა. სრულიად ახალგაზრდა, ახალბედა და ნიჭიერი იყო. სინჯებზეც არაჩვეულებრივად ითამაშა…
ფილმს როცა ვიღებდი, ანსამბლ „ციცინათელაში“ მღეროდა. მისი ხელმძღვანელი გადაღებებზე არ უშვებდა, რადგან მის გარეშე იქ ვერაფერს აკეთებდნენ. ანსამბლი თითქმის ერთი წელი უმოქმედოდ იყო. ამის გამო „ციცინათელას“ ხელმძღვანელი ჩემზე გულნატკენი გახლდათ. ერთხელ მითხრა, – მანახეთ ეგ ფილმი, ღირდა კი, ერთი წელი რომ გაგვაჩერეთო? რომ ნახა, თქვა – ღირდაო,“ – ამბობდა რეჟისორი, როდესაც მას ამ თემაზე ეკითხებოდნენ.