ფინანსების გარეშე რომ ვერ ვიარსებებთ, ამაზე არ ვდავობთ, თუმცა საკუთარ შემოსავლებს ყველა ჩვენებურად განვკარგავთ. ამჯერად, გავიგოთ, როგორ ახერხებს ამას მსახიობი ჯანო იზორია.
ჯანო იზორია: არ დავიწყებ ფილოსოფოსობას და პირდაპირ ვიტყვი, რომ გინდა თუ არა, ფული საჭიროა და მის გარეშე ამ სამყაროში ვერ იარსებებ. თუ ფული არ გაქვს, ვერცერთ იდეას ვერ განახორციელებ, ვერ იცხოვრებ. რომ გაქვს და გემოვნებიანად დახარჯავ, ხეირიან საქმეში მოიხმარ და თუ რამე ისეთს გააკეთებ, შენს ქალაქს ან, სულაც, ქვეყანას დარჩება, ამას რა სჯობს?! ბანალურად გამოდის, მაგრამ მინდა, ჩემს ქვეყანაში ყველას იმდენი ფული ჰქონდეს, რამდენიც ბედნიერებისთვის სჭირდება, მინიმუმ, არსებობისთვის აუცილებელი მაინც. ბედნიერება ფულის გარეშეც არსებობსო, გვესმის ხოლმე, მაგრამ ფულიც გეხმარება საკუთარი თავის თუ სხვების გაბედნიერებაში. სხვისთვის „პაჩკებით“ ფულის ჩატენვა არ ნიშნავს ბედნიერებას, ეს სულ არ მგონია სწორი, მაგრამ არის რაღაცები, რაც იცი, რომ ამა თუ იმ ადამიანს ძალიან გაუხარდებოდა ან ძალიან სჭირდება. ფული თუ გექნება ხომ აჩუქებ, ხომ შეუქმნი საჭირო პირობას? გინდა თუ არა, ამას ფული სჭირდება. ბავშვობაში ძალიან მაგარ მდგომარეობაში ვიყავი: კარალიოკის ფოთლებით ვთამაშობდით ფულობანას. ეგ იყო ჩვენი ფული და რაც გვინდოდა, იმას ვყიდულობდით ერთმანეთის მაღაზიებში (იცინის). აუ, მაშინ იმდენი ფული მქონდა, თავზესაყრელად (იცინის). აი, მაშინ ვიყავი მდიდარი: მომინდებოდა და ტალახისგან გაკეთებულ ტორტს ვიყიდდი, მომინდებოდა, იმავე მასალის ნამცხვარს (იცინის). ჩვენს თაობას მაგარი თამაშები გვქონდა (იცინის).
– პირველი ხელფასი გახსოვს?
– ფილმში ავიღე ჰონორარი. ეს იყო რეზო ჩხეიძის ფილმი. მერე უკვე ფოთის თეატრში ავიღე პირველი ხელფასი, ორი კაპიკი (იცინის). მაშინ უკვე სტუდენტი აღარ ვიყავი, თორემ ჩემი სტუდენტობის დროს სად ვიმუშავებდი. დღეს არის ამის საშუალება – შეგიძლია, პარალელურად საქმე გქონდეს და მეც ვიქნებოდი სწავლის პარალელურად მაგალითად, ბარმენი. არც მიმტანობას ვითაკილებდი. მოპედი ისედაც მიყვარს და მყავს კიდეც ფოთში. საღამოს ჩემი მოპედითაც წავიმუშავებდი, მაგრამ ჩემი სტუდენტობის დროს სად უნდა გემუშავა, საშინელება იყო ამ მხრივ. მერე უკვე ჩემი შემოსავალი რომ გამიჩნდა, ნაკლებად ვაწუხებდი ჩემს მშობლებს.
– მნიშვნელოვანი შენაძენისთვის ფულის დაგროვება შეგიძლია?
– აუფ (იცინის). ძალიან ცუდად მაქვს საქმე მაგ ამბავში. ვერა, ვერ გამომდის.ერთადერთი მანქანის შესაძენად მომიწია ნებისყოფის გამოვლენა. ეგეც აქეთ-იქით სირბილმა და ტანჯვამ მაიძულა. ტანჯვა იყო, აბა, რა, ფოთსა და თბილისს შორის დავდიოდი, მატარებელი, „მარშუტკა“, ავტობუსი, მატარებელი, „მარშუტკა“, ავტობუსი და ზოგჯერ ავტოსტოპი. ვიფიქრე, რომ როგორღაც უნდა დამეყენებინა საშველი და იაფფასიანი, მაგრამ რამე მეყიდა. ამ ქვეყანაში მსახიობებს არ გვაქვს იმის ბედნიერება, რაღაც პროექტიდან უცებ იმდენი ფული ჩაგითვალონ, რომ გავარდე და მაშინვე იყიდო მანქანა, ბინა ან რამე მსგავსი. არ არის ეგრე, ამიტომ გარკვეული დრო დამჭირდა, ფული რომ შემეგროვებინა. რას ეძახიან, შოპინგი რომ გიყვარს? შოპაჰოლიკი? მოკლედ, ტანსაცმლის მუსუსი ვარ (იცინის). დიდხანს არ ვეძებ, თვალი მაქვს გაწვრთნილი და მაღაზიაში რომ შევდივარ, რამდენი ნივთიც არ უნდა იყოს, უცებ მოვავლებ თვალს და ერთი შეხედვით მივხვდები, რა უნდა „დავითრიო“ (იცინის). ერთი სტაფილოსფერი პალტო მაქვს, იციან ჩემებმა მისი ამბავი (იცინის). საკმაოდ ძვირიან მაღაზიაში შევამჩნიე და ძალიან მომეწონა. განსაკუთრებით ფერმა მიმიზიდა, ხარისხიც კარგი ჰქონდა. არ მქონდა მაგის ფული და ვიფიქრე, რომ ფასდაკლებას დაველოდებოდი. რადგან მე მინდოდა, ეს ფასდაკლება მეორე დღეს ხომ არ იქნებოდა?! შეიძლებოდა, ამ მოლოდინში თვე ან მეტი გასულიყო. არადა, ჩემი ზომა მხოლოდ ერთი ცალი იყო დარჩენილი. ჰოდა, ავდექი და ამ პალტოს კვირაში ორჯერ ვაკითხავდი და უკან ვკიდებდი, რომ სხვას არ ენახა და მანამ არ ეყიდა, სანამ ფასი არ დაიწევდა (იცინის). მერე ჩემი ტელეფონი ჩაიწერეს კონსულტანტებმა და მწერდნენ ხოლმე, როცა ფასი იკლებდა. მეც ველოდი,სანამ იმ ნიშნულამდე ჩამოვიდოდა, რამდენის გადახდასაც მე შევძლებდი(იცინის). ჩვენს ქვეყანაში კეთილ ხალხს რა გამოლევს, ერთმა გოგომ მითხრა, გაკვირდებით და იმდენჯერ მოხვედით ამ პალტოს „გადასამალად“, არ შეიძლება, მაგრამ მე დაგეხმარებით, რომ არ გაიყიდოს, ოღონდ რომ დაიკლებს აუცილებლად უნდა იყიდოო. ოღონდ დაიკლოს და ვიყიდი, აბა, რას ვიზამ-მეთქი (იცინის). მართლაც, კარგად რომ დაიკლო, უნდა გენახათ, როგორი გიჟივით მივვარდი (იცინის). მოვისხი ჩემი სტაფილოსფერი პალტო და გამოვედი ბედნიერი. ერთხელ კიდევ ბავშვისთვის მომეწონა ფეხსაცმელი და იგივე გავაკეთე. რა ვქნათ, ხელფასიდან ხელფასამდე ამბავი გვაქვს ხოლმე და შუაში გვიმთავრდება შემოსავალი, ამიტომ გიწევს ადამიანს რაღაცების მოფიქრება(იცინის).
– იღბლიანი ხარ მოგების მხრივ ან ფული თუ გიპოვია ოდესმე?
– მოგებით იღბლიანი ვარ, აბა, რა, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალში ისეთი საჩუქარი მივიღე, რომ „შაყირით“ უგვირგვინო მეფეს მეძახდნენ (იცინის). ხალხმაც გაიხარა ამით, რამაც მე ყველაზე მეტად გამახარა. მართლა გასაოცრად კარგი საჩუქრები მივიღე და ყველასი ძალიან მადლიერი ვარ. თუმცა, ეს მაინც შრომისა დაწვალების ფასად მოვიდა. ისიც ძალიან კარგია, შრომას რომ გიფასებენ, მაგრამ შენ რომ უსაქმურად ზიხარ და ციდან თავისით ცვივა, ეგეთი რამე არ დამმართნია. ერთი ამბავი გადაგვხდა მე და ჩემს მეგობარს, დათო ტორჩინავას: სტუდენტები ვიყავით და სასექტემბროდ ჩამოვედით, რომ თეატრალურისთვის რამე გვეყიდა. მაშინ ჩვენ არ ვმუშაობდით და ოჯახი გვარჩენდა. სტუდენტი უნივერსიტეტისთვის რომ მოდიხარ დედაქალაქში, კი გატანენ ნაგროვებ ფულს. მეც ზოგი ბებიამ შემიგროვა აფხაზეთში, დეიდამ მაჩუქა, ბიძიამ, დედამ და ასე შემდეგ. ეს ფული მაქვს და ლილოში მივდივართ „გასაზმანად“ (იცინის). აღმოჩნდა, რომ სწავლა ოქტომბრამდე გადაიდო. ძალიან გაგვიხარდა და გადავწყვიტეთ, ისევ ფოთში დავბრუნებულიყავით, მაგრამ მანამდე ლილოში წავედით, ვიყიდეთ, რაც გვჭირდებოდა და წამოსასვლელად „მარშრუტკაში“, უკან დავსხედით. დავიხედე ძირს და ვხედავ, დიდი საფულე აგდია. უკან ჩვენ გარდა არავინაა, მხოლოდ წინ სხედან. ეს ის დრო არ იყო, რომ ავმდგარიყავი და მეკითხა, ვინმესი ხომ არ არის ეს საფულე-მეთქი (იცინის). არა, შენი ჭირიმე, რა დროს ეგ იყო! (იცინის). ავიღე ეს საფულე და ვხედავ, კარგი გამოტენილია, სქელია. ჩავიდე ჯიბეში და აუ, ბიჭო, ათასი აზრი მომივიდა თავში. გადავწყვიტეთ, რომ უეჭველი ვაჭრებს დაუვარდათ. ამ ვაჭრებს ხომ ბევრი ფული აქვთ და ვფიქრობთ, რომ დიდ ფულს გამოვკარით ხელი. აეროპორტის ტრასა ხომ იცით, გამორიცხულია, იქ „მარშუტკამ“ გაგიჩეროს. მაგრამ ჩვენ ხომ სულსწრაფები ვართ და გადავწყვიტეთ, რომ მორჩა, ტაქსით მივდივართ ფოთში (იცინის). „პერევალზეც“ გავჩერდებით და კარგად შევჭამთ. რისი ფუფუნებაც მანამდე არ გვქონდა. სად იყო მა აჩერე- მეთქი. შეწუხდა კაცი, ვაიმე, არ შეიძლება აქ გაჩერებაო. ცუდად არის ძმაკაცი, მანქანამ აწყინა-მეთქი. ჯანდაბას,ავარიული ჩართო, გადააყენა მანქანა, იქ ვიღაცებმა კარგად აგინეს, მაგრამ ვის აინტერესებს, სახლში ტაქსით უნდა წავიდეთ „მარშუტკიდან“ ბედნიერები ჩამოვხტით, მანქანა გავუშვით, დავრჩით გზაზე მარტოები და მოვიდა სანატრელი დროც – ამოვიღეთ ჩვენი გატენილი საფულე, გავხსენით და… შიგ დახვეული ტუალეტის ქაღალდი დევს. – რაა? – დედას გეფიცები, დახვეული ტუალეტის ქაღალდი იდო, არც მეტი არც ნაკლები და სხვა არაფერი (იცინის). ვიდექით ამ ავტობანზე და სამი საათი ვეხვეწებოდით „მარშუტკებს“, რომ გაეჩერებინათ და თბილისამდე წამოვეყვანეთ. ჩამოვაღწიეთ როგორღაც და წავჩუქჩუქდით იმ ღამეს ფოთში მატარებლით (იცინის). წარმოიდგინეთ ახლა, რა ისტორიები და გეგმები ტრიალებდა უკვე ჩვენს გონებაში ამ გასიებულ საფულეს რომ ვუყურებდით და რა შეგვრჩა ხელში (იცინის).
– ვალი…
– ვიცი, რასაც მკითხავ, პირდაპირ ვიტყვი, ადამიანის ვალი ერთი ლარიც რომ მაქვს, სერიოზულად ვწუხდები, ვეღარ ვიძინებ. უბანში ნინო დეიდა მყავს, სოხუმელია. ხილ-ბოსტნის მაღაზია აქვს და მენდობა, ისე მატანს ხოლმე. ხომ ვიცი, რომ ხელფასზე უნდა მივცე ფული, მაგრამ სანამ ხელფასის დრო მოვა, ვეღარ ვისვენებ. არც ადამიანისგან მიყვარს სესხება და არც ბანკისგან. ბანკირებისა და მათი ტერმინოლოგიის მეშინია. საერთოდ არ მესმის მათი ენა. აფრიკაში ვიყავი და იქ გავიჩინე ძმაკაცები, ენის ცოდნის გარეშე, მაგრამ ამ ბანკირების ვერაფერი გავიგე. ვერ წარმომიდგენია, ვალი მქონდეს და უდარდელად ვცხოვრობდე. ღმერთმა ნუ გამიჭირვოს ისე, რომ სხვა გზა არ დამრჩეს და ფულის სესხება დამჭირდეს.