“შენ თუ შენი ქვეყნის ისტორიას გადახედავ, მარტო სისხლზე ვართ დაფუძნებულები, არაფერი არ გვქონია, რითაც გავიხარებდით და ეს იქნება ის, რაც ეროვნულ დღესასწაულს გამოიწვევს“ – ასე მიმართავს მსახიობი ჯაბა კილაძე საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს უმნიშვნელოვანესი თამაშის წინ. აღნიშნული შესახებ კილაძემ TST სპორტთან ისაუბრა.
“ეს თამაში ჩემთვის ყველა ის ბრძოლაა, რაც გაგვიმართია – დიდგორიც, შამქორიც, ბასიანიც, ამიტომ ეს უნდა გააკეთონ. მერე რა რომ კვარაცხელია არ არის, პროფესიონალები გვყავს და ფეხბურთის თამაში შეუძლიათ. მთავარია გაითავისოთ, რომ დღეს ქვეყანას სჭირდება თქვენი გამარჯვება, როგორც მწყურვალს წყალი უდაბნოში.
ერთმა კვარაცხელიამ გამოიწვია, რომ საფეხბურთო სკოლებში ადგილები აღარ არის – თქვენ შეგიძლიათ მომავალ თაობაში მენტალურად იმხელა ცვლილება მოახდინოთ, რომ მთელი ქვეყანა ამას დაგიფასებთ ცხოვრების ბოლომდე, თქვენ ეს უნდა გაითავისოთ პირველ რიგში.
ის არ უნდა მოხდეს, რაც მოხდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან. რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის მეტოქე, ბუცი არ მეცვას თუ გინდა, დგახარ, შენი ქვეყნის მაისური გაცვია, ჰიმნი გესმის, დამთავრდა მეტი აღარ გინდა მოტივაცია, იმ მომენტში რამდენი წუთიც მოედანზე იქნები, უნდა იყო ლულიდან გავარდნილი ტყვია, შენი სისხლი და ყველაფერი უნდა ჩაიდოს ამაში, სხვანაირად არ გამოდის“, – ამბობს ჯაბა კილაძე.