ჟურნალისტი და მოდელი მია მაჩაბელი მომღერალ გიორგი ძოწენიძის მეუღლეა. ის თავიანთი სიყვარულის ისტორიისა და ოჯახური ცხოვრების შესახებ ჩვენს მკითხველს უამბობს.
მია მაჩაბელი: მე და გიორგი, სანამ ერთმანეთს გავიცნობდით, მანამდეც შევხვედრივართ ერთმანეთს. თუმცა, ეს ძალიან ადრე იყო და უბრალოდ, სახეზე დამამახსოვრდა. შემდეგ, პანდემიის დროს, სოციალური ქსელების საშუალებით დავიწყეთ მიწერ-მოწერა და ასე დავახლოვდით.
– მანამდე, როგორც მომღერალს, არ იცნობდი?
– მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით ჟურნალისტი ვარ, სამწუხაროდ, ტელევიზორს არასდროს ვუყურებ და მის შესახებ არ ვიცოდი. სახეზე საერთო სამეგობროდან მახსოვდა, მაგრამ არ ვიცოდი, ვინ იყო. მერე აღმოვაჩინე, რომ მისი რამდენიმე სიმღერა მცოდნია, მაგრამ გიო რომ მღეროდა, ის არ ვიცოდი.
– შეყვარებულობისკენ როდის წავიდა ურთიერთობა?
– რომანტიკული წყვილი ხართ?
– სიმართლე რომ ვთქვა, რომანტიკით არცერთი არ გამოვირჩევით. ჩვენს ურთიერთობაში რომანტიკული მომენტებიც არის, მაგრამ ხშირად – არა და როცა არის, ისიც გარემოს დამსახურებით, ჩვენი – ნაკლებად (იცინის). გიორგიც არ არის რომანტიკული და ეს ჩემთვის ძალიან კომფორტულია, რადგან რომანტიკული ვახშმები და მსგავსი რამეები დიდად არც მე მხიბლავს.
– ქორწილის დღე როგორ გახსენდება?
– ძალიან გამორჩეული დღე იყო, თუმცა, ქორწილს ვერ დავარქმევ, ხელი მოვაწერეთ და ძალიან ვიწრო წრეში აღვნიშნეთ, პანდემიის პერიოდის გათვალისწინებით. ამ დღეს პასუხისმგებლობის შეგრძნება დიდია, მაგრამ გიორგი იმდენად ჩამოყალიბებული და მიზანსწრაფული ადამიანია, რომ მის გვერდით თავს თავიდანვე ძალიან მშვიდად ვგრძნობდი. ამიტომ არ ვნერვიულობდი, ჩემში მხოლოდ დადებითი ემოციები იყო. ჯვარი ჩვენი შვილის – ანიტას ნათლობაზე დავიწერეთ.
– როგორი აღმოჩნდა ოჯახური ცხოვრება?
– ოჯახური ცხოვრება მართლა სასწაულია, სამმაგი და ათმაგი ბედნიერებაა, ვიდრე შეყვარებულობის პერიოდი. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა დილით იღვიძებ და გვერდით საყვარელი ადამიანი გვხვდება – ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. თუმცა, თავიდან რთული იყო. პანდემიის გამო 24 საათი სახლში ვიყავით. გარეთ რომ ვერ გავდიოდით, გვიჭირდა. ჩვენ ძალიან გვიყვარს სტუმრიანობა, სადმე წასვლა ან სახლში ახლობლების მიღება. მაშინ, ამ მხრივ, ძალიან შეზღუდულები ვიყავით და ამიტომაც იყო რთული. პანდემია რომ დამთავრდა, დაიწყო ჟრიამული და მხიარულება (იცინის).
– გიორგი როგორია სახლში?
– იშვიათად, რომ სახლში ერთად დავემთხვეთ. გიორგი ძალიან კარგი მამა და მეუღლეა. ყველანაირად მეხმარება. თუ ისე ხდება, რომ მე არ მცალია, ყველაფერს თვითონ აკეთებს. თუმცა, საერთოდ, საქმეებს ერთად ვაკეთებთ. ისე არ არის, რომ ჩვენს ოჯახში მხოლოდ მე ან მხოლოდ გიორგი ვაკეთებდეთ საქმეს, ორივე – თანაბრად. ყველანაირად ვცდილობთ, ერთმანეთს გვერდით დავუდგეთ. ასეა სახლის საქმეებშიც და ასეა ანიტას აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებშიც. ორივე ყველაფერში თანაბრად ვიღებთ მონაწილეობას, მაგრამ იმას ვაღიარებ, რომ გიორგის ნამდვილად უფრო გემრიელი ხელი აქვს და საჭმელების კეთება კარგად გამოსდის (იცინის). არ ვიტყვი, რომ ჩემი ცუდია, მაგრამ გიორგის მომზადებული ბევრად უკეთესია (იცინის). თუმცა, ძალა ერთობაშიაო, ხომ ამბობენ და ერთად უფრო კარგად გამოგვდის (იცინის).
– გიორგი ამბობდა, ჭურჭლის რეცხვა მე მიყვარსო…
– გიორგისთვის განტვირთვაა, როცა მაგალითად, პროდუქტებს ამზადებს, ჭრის, ასუფთავებს… ჭურჭლის გარეცხვაც საჭმლის მომზადების თანამდევი პროცესია. თუ ანიტასთან გიორგია, მე ვაკეთებ, თუ არადა – პირიქით. მაქსიმალურად ვცდილობთ, ანიტამ ეკრანთან ძალიან ცოტა დრო გაატაროს. ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვის სწორად აღზრდა და განვითარებაა. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ სამსახურიდან რომ მოვალ, გიჟივით სამზარეულოში შევდივარ და გიორგის საჭმელს ვუმზადებ, ბავშვზე ვზრუნავ და გიორგი რომ მოდის, სხვა საქმეებს ერთად ვაკეთებთ.
– თქვენთვის გამორჩეულ დღეებს როგორ აღნიშნავთ?
– ხელს ჩავკიდებთ და ქალაქგარეთ გავდივართ. განსაკუთრებულ დღეებს ვიწყობთ, რაც იშვიათია გიორგის რეჟიმიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, დროის დეფიციტი გვაქვს. ამიტომ, როცა თავისუფალი დრო გვაქვს, სულ ვცდილობთ, ქალაქიდან გავიქცეთ და დრო ბუნებაში გავატაროთ.
– დედობამ შეგცვალა?
– დედობამ შემცვალა იმ დღიდანვე, როცა გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. ვიგრძენი, რომ იმ დღიდანვე გავხდი დედა. სასწაული შეგრძნება იყო. ახლა მე და გიორგი ბევრს ვიცინით ხოლმე, როცა ჩვენი შვილის დაბადების პირველ წუთებს ვიხსენებთ. გიო მშობიარობას დაესწრო და როცა ანიტა დაიბადა, რა თქმა უნდა, ტიროდა. გულზე რომ დამაწვინეს, მე და გიო ვეფერებოდით და ვცდილობდით, დაგვემშვიდებინა. ვეუბნებოდით: ნუ ტირი, შენთან ვართო და თურმე, პირიქით, უნდა იტიროს ბავშვმა (იცინის).
– როგორი დედა ხარ?
– თავიდან ძალიან მშიშარა დედა ვიყავი – ზედმეტად აგრესიულად მზრუნველი დედები რომ არიან, ყველას თვალში რომ ხვდებიან, ასეთი. ერთხელ ანიტა სიმაღლიდან ჩამოვარდა და ტუჩი გაიხეთქა. რომ მივხვდი, გული მიმდიოდა, ზუსტად მაშინ, გიორგიმ მითხრა: მია ახლა მაგის დრო არ არის, თავს უნდა შემოუძახოო. იმ მომენტში მივხვდი, რომ ემოციურობა გვერდით უნდა გადამედო. ახლა, პირიქით, მაქსიმალურად მშვიდი ვარ. გიორგიმ მასწავლა, რომ მშვიდად უნდა მივყვე მოვლენებს. რამდენჯერაც ემოციები გამოვხატე, ბავშვმაც უფრო განიცადა, როცა წყნარად ვამშვიდებ, თვითონაც ანალოგიური განწყობა აქვს. მაგალითად, თუ წაიქცა, „ვაიმე დედას“ აღარ ვეუბნები, წამოვაყენებ და მარტივად ვაწყნარებ.
– გიორგი როგორი მამაა?
– გიორგი სასწაული მამაა. მინდა, რომ ყველა ბავშვს გიორგისნაირი მამა ჰყავდეს. მაქსიმალურად უთმობს დროს. დღის განმავლობაში სამი საათი რომ ჰქონდეს თავისუფალი, სამივე ანიტასია. მასთან ერთად მისხელა ხდება და ყველაფერს უსრულებს. ძალიან მზრუნველია. მისთვის ძალიან ჩვილიც დამიტოვებია და აბსოლუტურად ყველაფერი ისე გაუკეთებია, ბევრი ძიძა რომ ვერ შეძლებს. დამხმარე არ გვყავს, ანიტას დაბადების დღიდან მასთან მხოლოდ მე და გიორგი ვართ და ყველაფერს დამოუკიდებლად ვახერხებთ.
– ერთმანეთზე არ ეჭვიანობთ ხოლმე?
– არცერთი არ ვართ ეჭვიანი. მე პირიქით, ძალიან მომწონს, როდესაც ვხედავ, რომ გიორგის მიმართ ინტერესს გამოხატავენ. მასში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული და ამიტომ არ ვეჭვიანობ. საკუთარ თავშიც ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული და გიორგისაც არაფერი აქვს საეჭვიანო. ძალიან ცუდი ქცვევაა ეჭვიანობა, საკუთარ თავს ღრღნი. ასე რატომ უნდა მოიქცე, შენი თავის მტერი ხომ არ ხარ?! ეჭვიანობა ჩემთვის ძალიან დიდი სისულელეა. ქალებს ვეტყოდი, რომ არ იეჭვიანონ (იცინის). ზოგჯერ მეც მიფიქრია: მია, რატომ არ ეჭვიანობ? არ მეეჭვიანება და იმიტომ. როცა ვხედავ, გიორგი როგორი თვალებით მიყურებს, როგორ უნდა ვიეჭვიანო? მაშინ ძალიან დაუნახავი უნდა ვიყო. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მეც ბევრ კომპლიმენტს ვიღებ, ანალოგიურად – გიორგიც და ეს დისკომფორტს არ გვიქმნის, პირიქით, ორივეს ძალიან გვიხარია, რომ ხალხში დადებით ემოციებს ვიწვევთ.